საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-236(კ-25) 30 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ.ს-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 10 იანვარს მ.ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მის მიმართ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ნოემბრის №1402 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. თბილისში, .... ... №8-ის მიმდებარედ არსებული 430.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ.ს-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ 2019 წლის 16 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ქ. თბილისში, .... ... №8-ის მიმდებარედ არსებულ 430.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, ხოლო სააგენტომ თავის მხრივ მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის 2021 წლის 12 ნოემბრის №1402 განკარგულებით, მ.ს-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მიზეზით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა რკინიგზასთან ახლოს და მასზე საკუთრების უფლების აღიარებას შეიძლება გამოეწვია საფრთხე რკინიგზაზე მოსალოდნელი რაიმე საგანგებო მდგომარეობის დროს და საფრთხე შეექმნა მაცხოვრებლებისთვის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, კერძოდ, არ გაითვალისწინა, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის გასწვრივ, რკინიგზის ზოლზე სხვადასხვა საფუძვლებით არსებობდა კერძო საკუთრებები.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ნოემბრის №1402 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.ს-ის მოთხოვნასთან მიმართებით.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ნოემბრის №1402 განკარგულებით მ.ს-ეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან, იგი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისთვის.
სააპელაციო პალატამ ერთი მხრივ ყურადღება გაამახვილა სს „ ...ის“ 2021 წლის 23 სექტემბრის №4495 წერილზე, რომლის მიხედვით, მოქალაქე ს-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი რკინიგზის ლიანდაგის ღერძიდან დაშორებულია მიახლოებით 10 მეტრით და რომლის თანახმად, სს „...ამ“ განმარტა, რომ რკინიგზის იმ მონაკვეთზე, სადაც განთავსებული იყო მოქალაქე ს-ის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება, მაღალი სიჩქარით ინტენსიურად მოძრაობდნენ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები და ასეთი ადგილები წარმოადგენდა მომატებული საფრთხის შემცველ ზონას, შესაბამისად სს „...ამ“ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოქალაქე მ.ს-ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერებზე, ასევე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 9 მარტის №5001542923 დასკვნაზე, რომლებიც ადასტურებდა, რომ მ.ს-ის დაკავებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ფიქსირდებოდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ იყო გადაცემული ფიზიკური პირებისათვის და რომელზეც სასაზღვრო მიჯნიდან (ღობე) სარკინიგზო ლიანდაგის ღერძამდე მანძილის სიმცირე (7.98მ-დან 8.72მ-მდე და 13.79 მ-დან 16.48 მ-მდე) არ ყოფილა საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით ან/და რომელიმე ნორმატიული აქტით არ დასტურდებოდა, რომ ის სტანდარტი, რასაც სს „...“ უთითებდა 2021 წლის 23 სექტემბრის №4495 წერილში, დაცული იყო ქალაქ ქ. თბილისში ან/და რომელიმე დასახლებულ პუნქტში. ამასთან, სასამართლოს მითითებით, ის ზიანი, რასაც მითითებული იყო დასახელებულ წერილში, შესაძლოა ავტობანებიდან და გზებიდანაც გამომდინარეობდეს. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ დასახელებული არგუმენტი არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხე მხარემ ისე უთხრა უარი მოსარჩელეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რომ სრულად არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმის გარემოებები და უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 51 მუხლის მე-2 პუნქტზე და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი ინტერპრეტაცია მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც განაპირობა საქმეზე კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება.
კომისია არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ ყოფილა შესწავლილი და გამოკვლეული გარემოებები. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი კანონისა და კანონქვემდებარე აქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. განსახილველ შემთხვევაში, როგორც დადგენილ გარემოებებს შორის აღინიშნა, საკუთრების უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული და მოქმედი ლიანდაგების გამო, კომისიამ 2021 წლის 26 ივნისს მიმართა სს „...ას“ და გამოითხოვა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, ხოლო რამდენადაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მომეტებული საფრთხის ზონას, კომისიამ დაუშვებლად მიიჩნია საკუთრების უფლების აღიარება.
ამასთან, კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირების მიმართ განსხვავებული მიდგომის დაუშვებლობაზე და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება თავისთავად ვერ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად, თანასწორობა გულისხმობს თვითნებობის აკრძალვას, თანასწორობის პრინციპი გულისხმობს თანასწორობას კანონიერებაში და არა უკანონობაში, საფრთხის შემცველ ზონაში საკუთრების უფლების აღიარება კი იქნებოდა უკანონო.
კომისიას მიაჩნია, რომ სადავო განკარგულება მიიღო იმ გარემოებათა ერთობლივი შეფასების საფუძველზე, რომლებსაც უშუალო კავშირი ჰქონდათ დავის საგანთან. კომისიამ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება - განმარტა რა ფაქტებზე დაყრდნობით გამოსცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი ფართობითა და მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისთვის და კომისიის მხრიდან სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალების ანალიზით, ცალსახად და არაორაზროვნად დგინდება, რომ კომისიამ სწორად შეაფასა გარემოებები და მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ისე გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლი, რომ არ მიუთითებია თუ კონკრეტულად რომელი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება არ იქნა შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, ხოლო თუ მას მიაჩნდა, რომ არსებობდა ისეთი დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც გამორიცხავდა საკუთრების უფლების აღიარებას, სააპელაციო სასამართლოს, როგორც ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, შეეძლო გამოეკვლია აღნიშნული გარემოება და აესახა მიღებულ გადაწყვეტილებაში. კასატორი მიიჩნევს, რომ კონკრეტული ნორმების დარღვევის გარდა, სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ნაწილობრივ იზიარებს ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, თუმცა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს მ.ს-ისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ნოემბრის №1402 განკარგულების კანონიერება და მოსარჩელის მიმართ ქ. თბილისში, .... ... №8-ის მიმდებარედ არსებულ 430.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენაც არის საჭირო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად, კერძოდ: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნისგანხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა დაქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახნად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ნოემბრის №1402 განკარგულებით მ.ს-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ... №8-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 430.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან, იგი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისთვის. კერძოდ, კომისიამ მიუთითა სს „...ის“ 2021 წლის 23 სექტემბრის №4495 წერილზე და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეუწონლად მიიჩნია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სს „...იდან“ გამოთხოვილ იქნა პოზიცია მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. საქმის მასალებში არსებული სს „...ის“ 2021 წლის 23 სექტემბრის №4495 წერილის მიხედვით, მოქალაქე ს-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი რკინიგზის ლიანდაგის ღერძიდან დაშორებულია მიახლოებით 10 მეტრით. მიწის ფართზე განთავსებულია საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რომელიც 11-12 მეტრითაა დაშორებული განაპირა რკინიგზის ლიანდაგიდან. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.07.01-89 „ქალაქთმშენებლობა“-ს 6.8-ის პუნქტის მოთხოვნის თანახმად, საცხოვრებელი განაშენიანება საჭიროა გამოცალკევდეს რკინიგზის ხაზებისაგან სანიტარულ-დამცველი ზონებით სიგანით 100 მეტრით. ათვლა ხდება განაპირა სარკინიგზო ლიანდაგის ღერძიდან იმ შემთხვევაში, როცა რკინიგზის ხაზი განლაგებულია ჭრილში ან ხორციელდება სპეციალური ღონისძიებები ხმაურისგან დასაცავად, რომლებიც უზრუნველყოფენ სამშენებლო ნორმების და წესების II-12-77-ის მოთხოვნებს, - დასაშვებია სანიტარულ-დამცველი ზონის სიგანე შემცირდეს, მაგრამ არა უმეტეს - 50 მეტრით. გარდა ამისა, განიმარტა, რომ რკინიგზის იმ მონაკვეთზე, სადაც განთავსებულია მოქალაქე ს-ის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება, მაღალი სიჩქარით ინტენსიურად მოძრაობენ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები. ასეთი ადგილები წარმოადგენს მომატებული საფრთხის შემცველ ზონას და რკინიგზაზე მომხდარმა რაიმე საგანგებო შემთხვევამ (რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ლიანდაგიდან გადასვლა, გადავარდა, ტვირთის გასროლა, დაღვრა და ა.შ.), შესაძლებელია გამოიწვიოს რკინიგზის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების და იქ მყოფი მოქალაქეების დაზიანება, დაზარალება და სხვა. ამდენად, სს „...ამ“ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოქალაქე მ.ს-ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, მ.ს-ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ფიქსირდება №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებები, რომლებიც იმყოფება კერძო პირების - ნ.ს-ის, ე.გ-სა და თ.გ-ის საკუთრებაში. საქმეში არსებული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2023 წლის 9 მარტის №5001542923 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჩრდილოეთით არსებული სასაზღვრო მიჯნიდან (ღობე) სარკინიგზო ლიანდაგის ღერძამდე მანძილი იცვლება 7.98მ-დან 8.72მ-მდე. ასევე, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით არსებული სასაზღვრო მიჯნიდან (ღობე) სარკინიგზო ლიანდაგის ღერძამდე მანძილი იცვლება 13.79 მ-დან 16.48 მ-მდე.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთების განკერძოების დაუშვებლობას, თუმცა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმ ნაწილში, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ სს „...ის“ 2021 წლის 23 სექტემბრის №4495 წერილს და სრულყოფილად არ შეუსწავლია და შეუფასებია უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა, მათ შორის არ განხორციელებულა ადგილზე დათვალიერება და არ შემოწმებულა სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული მდგომარეობა, აღნიშნული კი ადასტურებს განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების წინაპირობების არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა