ას-130-473-07 9 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. მ-ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ჩ-ი (მოპასუხე)
თ. გ-ი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
დავის საგანი: სარჩელში – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
შეგებებულ სარჩელში – ნ. მ-სათვის თ. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის აკრძალვა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დუშეთის რაიონის ... სამმართველოს, ც. ჩ-ისა და თ.გ-ის მიმართ და მოითხოვა გ.ჩ-სა და თ.გ-ს შორის დადებული დუშეთის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, დუშეთის რაიონის ... სამმართველოსთვის 1999 წელს მის სახელზე გაცემული ¹136 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის რეგისტრაციის ვალდებულების დაკისრება.
თ. გ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ.მ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის დუშეთის რაიონის სოფ. ... მდებარე მისი კუთვნილი ნაკვეთით სარგებლობის აკრძალვა, მათი ეზოს მიჯნაზე არსებულ ღობეში მოწყობილი შესასვლელის ამოქოლვა.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, უარი ეთქვა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებაზე, ასევე ¹136 მიწის მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული 3500 კვ.მ ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე, ხოლო თ. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 მარტის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქმეზე გამოყოფილ იქნა და შეჩერდა ნ. მ-ის სარჩელი ¹... მიღება-ჩაბარების აქტით მისთვის გადაცემული 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრში გ-ის სახელზე 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმების ნაწილში. საქმე ც. ჩ-სა და თ. გ-ს შორის 1990 წლის 5 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და თ.გ-ის შეგებებული სარჩელის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 მარტის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება ც. ჩ-ისა და თ. გ-ს შორის 1990 წლის 5 აპრილს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. მ-ის სარჩელი ც. ჩ-ისა და თ. გ-ს შორის 1990 წლის 5 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება თ. გ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დარჩა უცვლელი, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, ნ. მ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ვადის გაგრძელება დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად, რასაც დაურთო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა. ამავე სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განჩინებით ნ. მ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად, ნ. მ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ვადის გაგრძელება დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად, რასაც დაურთო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა. ამავე სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განჩინებით ნ. მ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად ნ. მ-ს საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა 2007 წლის 19 ივნისს, აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში ნ. მ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.