საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-242(2კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – გ.ლ-ი
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მესამე პირი (ასკ 16.1) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 2 აპრილს გ.ლ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის გ.ლ-ის სასარგებლოდ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების, ასევე, ადვოკატის მომსახურების ხარჯის (3 000 ლარის) ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით სარჩელზე დადგენილ იქნა ხარვეზი.
2022 წლის 26 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და დააზუსტა მოპასუხეთა წრე, კერძოდ, მოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დაასახელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით მოსარჩელეს გაუგრძელდა სარჩელზე დადგენილი ხარვეზის ვადა.
2022 წლის 20 მაისს გ.ლ-იმა დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის გ.ლ-ის სასარგებლოდ 100 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის, ასევე, ადვოკატის მომსახურების ხარჯის 3 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, დარჩა უცვლელი.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 22 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს პოლიციის ... სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან, 20:23 საათზე მოხდა მისი, როგორც ...- ... „...ის“ ...ის, ადმინისტრაციული წესით დაკავება, რის საფუძველზეც, 2021 წლის 23 აგვისტოს მის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების შესაძლო ჩადენის ფაქტზე, შედგენილ იქნა #... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
მოსარჩელის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ (საქმე #4/5687-21) საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მიიჩნია, რომ გ.ლ-ის მხრიდან არ დადასტურდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ვინაიდან პოლიციის მხრიდან საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა აღნიშნულს. სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 2021 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით აღნიშნა, რომ გ.ლ-ის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ასევე, პოლიციის თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული.
ზემოაღნიშნულ დადგენილებასა და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს პოლიციის ... სამმართველოს მხრიდან მისი უკანონო დაკავებითა და მის მიმართ განხორციელებული უკანონო მოპყრობით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და შესაბამისი კანონმდებლობა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი გახდა შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი. კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებით, პოლიციის ორგანოებში დაბარებით, გადაყვანით, იძულებითი წარდგენით, ღამის საათებში დაკითხვით, უკანონო ადმინისტრაციული დაკავებით, თავისუფლებაშეზღუდულ პირობებში ყოფნით, ხელბორკილებით დაკავებისა და საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსების შედეგად, მან განიცადა უსამართლობის შიში, სულიერი ტკივილი, მას დაეუფლა უსამართლობისა და დაუცველობის განცდა, შეელახა საზოგადოებაში არსებული პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, იგი ადგილზე მყოფ საზოგადოებასთან გამოჩნდა, როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი, პოლიციამ საზოგადოებას მისი თავი წარუდგინა ასოციალური ქცევის მქონე პიროვნებად, რითიც მას, როგორც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ... „...ის“ ...ისა და ...ას, პოტენციურ ამომრჩეველთა შორის შეელახა საქმიანი რეპუტაცია, რამაც გავლენა იქონია არჩევნებში როგორც მის პირად, ასევე, პარტიის შედეგებზეც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით გ.ლ-ის სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად. ამავე განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე გ.ლ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე გ.ლ-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ლ-იმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება შეიცავს სასამართლოს დასკვნას პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ წარდგენილი ქმედების დაუდასტურებლობის შესახებ და დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნის თვალსაზრისით, აღნიშნული წარმოადგენს პასუხისგებაში მიცემული პირის მარეაბილიტირებელ გარემოებას. ამდენად, უტყუარად დასტურდება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული თავისუფლების შემზღუდველი ღონისძიების არამართლზომიერება, რაც წარმოშობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის უფლებებში აღდგენის - მისი რეაბილიტაციის საფუძვლებს.
რაც შეეხება მორალური ზიანის მოცულობას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 150 ლარის ოდენობით დაკისრება კანონშესაბამისი იყო.
საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ გ.ლ-ისათვის საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. შესაბამისად, გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ადვოკატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ხარჯის - 500 (ხუთასი) ლარის დაკისრების ნაწილში კანონშესაბამისი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ლ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე და 992-ე მუხლებზე მითითებით, კასატორი თვლის, რომ სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა თავისთავად არ გულისხმობს დაკავების უკანონობის დადასტურებას.
კასატორი ერთმანეთისაგან მიჯნავს ადმინისტრაციულ დაკავებასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას. კერძოდ, ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება სამართალდარღვევის აღკვეთას, სამართალდარღვევაზე რეაგირების მოხდენას. ადმინისტრაციული დაკავება არის უზრუნველყოფის ღონისძიება, ანუ პირის დაკავება მისი ბრალეულად ცნობის გარეშე.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლსა და 244-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დაკავება წარმოადგენს სასამართლოში სამართალდარღვევის საქმის განხილვის დაწყებამდე და სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტამდე უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ იძულებით ღონისძიებას, რომლითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენა, მისი აღმოფხვრა და მართლმსაჯულების განხორციელება. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პატიმრობას, იგი არის ადმინისტრაციული სახდელის სახე, ანუ სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, დაკავება არ არის პატიმრობა და იგი არ შეიძლება ანალოგიის სახით იქნეს გამოყენებული, ვინაიდან ადმინისტრაციული დაკავება თავისი მიზნისა და ამოცანის, განხორციელებული ჩარევის, სამართლებრივი შედეგისა და მისი ინტენსივობის თვალსაზრისით, მცირედი მნიშვნელობისაა.
კასატორი თვლის, რომ სამართალდარღვევის არარსებობა არ გამორიცხავდა პირის იდენტიფიცირების მიზნით მისი დაკავების კანონიერებას. ამასთან, სამინისტრო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დაკავება არ ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობაში, რომელიც ითვალისწინებს არა ადმინისტრაციული დაკავების, არამედ ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევაში რეაბილიტირების შესაძლებლობას.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას და განმარტავს, რომ სასამართლომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების ოდენობა უნდა დაადგინოს შემთხვევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით და სამართლიანობის პრინციპის დაცვით. ამასთან, როგორც წესი, კომპენსაცია ასეთ შემთხვევაში ატარებს მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს.
ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნევს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, არაგონივრულია მხარისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების 500 ლარის ოდენობით დაკისრება.
კასატორის - გ.ლ-ის შეფასებით, სააპელაციო პალატის მიერ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქმისადმი მიკერძოებული მიდგომით. კასატორის მითითებით, იგი, როგორც ... „...ის“ ლიდერი, ამომრჩევლებში სარგებლობს რეპუტაციით და მისი უფლების დარღვევის შედეგად შეილახა მისი, როგორც პარტიის ლიდერის უფლებები. ამასთან, გ.ლ-ი, როგორც პოლიტიკური გაერთიანება „...ის“ ..., მონაწილეობდა ადგილობრივ არჩევნებში. პოლიციის მხრიდან უკანონო ქმედებამ კი მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მას, როგორც საარჩევნო სუბიექტს და უარყოფითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.
ამასთან, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, თვითნებურად განსაზღვრა მისი მოცულობა და არ მიუთითა, თუ რა საფუძვლით იქნა შემცირებული მოთხოვნილი თანხის ოდენობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ.ლ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ.ლ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გ.ლ-ის სასარგებლოდ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების, ასევე, ადვოკატის მომსახურების ხარჯის (3 000 ლარის) ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 22 აგვისტოს 20:23 საათზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა გ.ლ-ი და მის მიმართ 2021 წლის 23 აგვისტოს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შედგენილ იქნა #... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2021 წლის 23 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს პოლიციის ... სამმართველოდან წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალა გ.ლ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების შესაძლო ჩადენის ფაქტებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით (საქმე #4/5687-21) შეწყდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება გ.ლ-ის მიმართ. დადგენილების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ.ლ-ის მიმართ არ იყო დადასტურებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2023 წლის 6 მარტის მიმართვის საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა #... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები, რომლის გაცნობის შედეგადაც დადგინდა, რომ გ.ლ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 23 აგვისტოს, სასამართლო სხდომა გაიმართა 2021 წლის 23 აგვისტოს 14:27 საათზე და დასრულდა 14:38 საათზე (სასამართლო სხდომა გადაიდო). შესაბამისად, გ.ლ-ი გათავისუფლდა ადმინისტრაციული დაკავებიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას და მის საწინააღმდეგოდ იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება შეიცავს სასამართლოს დასკვნას პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ წარდგენილი ქმედების დაუდასტურებლობის შესახებ და დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნის თვალსაზრისით, აღნიშნული წარმოადგენს პასუხისგებაში მიცემული პირის მარეაბილიტირებელ გარემოებას. ამდენად, უტყუარად დასტურდება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული თავისუფლების შემზღუდველი ღონისძიების არამართლზომიერება, რაც წარმოშობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის უფლებებში აღდგენის - მისი რეაბილიტაციის საფუძვლებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული შეფასება სრულად შეესატყვისება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის #ბს-416(კ-20) გადაწყვეტილებაში, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიმართ „დაკავების ღონისძიება განხორციელდა ფორმალურად კანონიერი საპროცესო აქტების საფუძველზე, ისინი, კანონით დადგენილი წესით, წარდგენილ იქნენ სასამართლოში, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დადგენილებებით შეწყდა საქმეთა წარმოება, სამართალდარღვევის შემთხვევების არარსებობის გამო. ამდენად, დადგენილებებით დადასტურდა მოსარჩელეთა არაბრალეულობა და წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (უკანონო დაკავება) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, ვინაიდან დადგენილების გამოტანამდე ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის, მიიჩნევიან უკანონოდ. რაც შეეხება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრების წესს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაკავების გასაჩივრებას და დაკავების უკანონოდ აღიარებას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც პირი ცნობილი იქნება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, რაც იმთავითვე არ გამორიცხავს ადმინისტრაციული დაკავების უკანონობას, ან როდესაც სადავოდ არის ქცეული ადმინისტრაციული დაკავების პროცედურა და მისი უკანონობა დამოუკიდებლად წარმოადგენს დავის საგანს ისე, რომ არ უკავშირდება საქმეზე საბოლოოდ მიღებულ გადაწყვეტილებას - საქმის წარმოების შეწყვეტას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, იკვეთება დაკავებული პირების მიმართ, ადმინისტრაციული სამართლდარღვევის საქმის სასამართლოს მიერ შეწყვეტის ანუ მათი მარეაბილიტირებელი გარემოების დადგომით მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.“
რაც შეეხება მორალური ზიანის მოცულობას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის გარემოებებს და სხვა ფაქტორებს. ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომელმაც, თავის მხრივ, მართებულად ჩათვალა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 150 ლარის ოდენობით დაკისრება.
რაც შეეხება საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, ასევე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გ.ლ-ისათვის საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. შესაბამისად, გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ადვოკატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ხარჯის - 500 (ხუთასი) ლარის დაკისრების ნაწილში კანონშესაბამისია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ.ლ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა