Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-248(კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ლ.ც-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 14 მაისს ლ.ც-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო მითითების გაცემით, რომლითაც დარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ას ქუჩა N9-ში, ს.კ ... მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის რიგი დარღვევებით. მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, მუნიციპალური ინსპექციის 6.02.2018წ. დადგენილებით ლ.ც-ი დაჯარიმდა 2 000 ლარით მე-2 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. ზემოაღნიშნული დადგენილება ლ.ც-მა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №002947 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 თებერვლის №160 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ც-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით ლ.ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის №1460701 ბრძანებით, დაკმაყოფილდა ლ.ც-ის 2014 წლის 2 აგვისტოს №AR1241763 განცხადება და ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა თავდაპირველად განისაზღვრა 2014 წლის 3 სექტემბრიდან 2016 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 4 სექტემბრის №3512550 ბრძანებით, ცვლილება შევიდა ამავე სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის №1460701 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისს №17-01171952742 შეტყობინების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ლ.ც-ის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ეცნობა 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის გასვლის შემდეგ ობიექტის გადამოწმებისა და დარღვევების არსებობის შემთხვევაში, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის №ბ-19/01172542576-17 ბრძანებით, ლ.ც-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში (ს/კ № ...) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი) ექსპლუატაციაში მიღებაზე.

2017 წლის 3 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ლ.ც-ის მიმართ შედგენილი №002947 მითითების თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №9-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის №1460701 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის დარღვევით. კერძოდ, მითითების დანართის თანახმად, გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: 1. ნაწილობრივ შეცვლილი იყო კარების და ფანჯრების საპროექტო მდებარეობა, მათი ნაწილის ზომა და ვიზუალი; 2. +2.8 ნიშნულთან, „ა-ბ“ მონაკვეთში დამატებული იყო რიგელი და გაზრდილი აივნის ფილის სისქე; 3. „2-3“ მონაკვეთში დამატებით მოწყობილი იყო ორი ღიობი; 4. გაზრდილი იყო სარდაფის სართულის სიმაღლე; 5. „2-3“ მონაკვეთში კედლებს მონაცვლებული ჰქონდა ადგილი. ლ.ც-ის მიეცა 20-დღიანი ვადა ზემოაღნიშნული დარღვევების გამოსასწორებლად.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 7.12.2017წ. №002947 შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ლ.ც-იმა არ შეასრულა მითითებით გათვალისწინებული პირობები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების წამყვანი სპეციალისტის 2018 წლის 6 თებერვლის №86 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ლ.ც-იმა არ შეასრულა მითითებით განსაზღვრული მოთხოვნები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქ სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №002947 დადგენილებით, მოქალაქე ლ.ც-ი დაჯარიმდა 2 (ორი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №9-ში, №... საკადასტრო კოდზე II კლასის შენობა-ნაგებობის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი) პროექტის დარღვევით მშენებლობისათვის. ზემოხსენებული დადგენილება ლ.ც-იმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის) მე-4, მე-15, 25-ე და 45-ე მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედ "მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4, მე-3, მე-20, 62-ე, 63-ე, 70-ე და 94-ე მუხლებზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ლ.ც-ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, სადავო დადგენილების გამოცემის დროს არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის №1460701 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ნებართვა იყო მოქმედი. ამდენად, მას შეეძლო შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის მიხედვით დასრულება, ზედამხედველობის სამსახურს კი არ ჰქონდა მისი დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღების სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის შეტყობინებით ლ.ც-ს ეცნობა, რომ 45 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ობიექტი გადამოწმდებოდა და დარღვევების არსებობის შემთხვევაში, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დაიწყებოდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება. სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ 3 თვეზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიმართ შედგა მითითება, ხოლო სადავო დადგენილების გამოცემამდე, კვლავ გადამოწმდა ობიექტი და შემდეგ გამოიცა დაჯარიმების შესახებ დადგენილება. ამდენად, მოსარჩელეს სამშენებლო სამუშაოების უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობა ჰქონდა თითქმის 7 თვე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებაა მშენებლობის მიმდინარეობის კონტროლი და იგი არ გულისხმობს მხოლოდ მშენებლობადამთავრებული ობიექტის კანონშესაბამისობის შემოწმებას, არამედ მოიცავს მშენებლობის მიმდინარეობის პროცესის კონტროლსაც.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის №ბ-19/01172542576-17 ბრძანებით, ლ.ც-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში (ს/კ №...) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი) ექსპლუატაციაში მიღებაზე, ხოლო მითითება, შემოწმების აქტი და სადავო დადგენილება მიღებულია აღნიშნული ბრძანების გამოცემის შემდგომ, ე.ი. ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ც-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ ზედამხედველობის ორგანოს მითითების შესრულება იყო თუ არა საფრთხისშემცველი აშენებული შენობა-ნაგებობის მდგრადობის და უსაფრთხოების კუთხით. საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილებით განსაზღვრულია დასაშვები ცვლილებები, რომლის ფარგლებში განხორციელებული მშენებლობები არ გამხდარა სხვა ინდივიდუალური სახლების მესაკუთრეების დაჯარიმების საფუძველი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან +2.8 ნიშნულზე აივნის ფილის ქვეშ დამატებით მოწყობილია რიგელი არა “ა-ბ” მონაკვეთში, არამედ “ბ-გ” მონაკვეთში. კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ მუნიციპალურ ინსპექციას უფლება ჰქონდა ძალაში მყოფი უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული, მშენებლობის ნებართვის მოქმედების პერიოდში იგი დაეჯარიმებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ.ც-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №002947 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 თებერვლის №160 ბრძანების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში, ს/კ №... უძრავი ქონების მესაკუთრეა ლ.ც-ი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის №1460701 ბრძანებით, ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 3 სექტემბრიდან 2016 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით. ზემოაღნიშნულ ბრძანებაში სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი ბრძანებებით ორჯერ განხორციელდა ცვლილებები და საბოლოოდ მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებში შევიდა ცვლილება და უძრავი ნივთის მისამართად განისაზღვრა: ქ. თბილისი, ...ას ქუჩა №9.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის №17-01171952742 შეტყობინებით, ქ.თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ლ.ც-ის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ეცნობა 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის გასვლის შემდეგ ობიექტის გადამოწმებისა და დარღვევების არსებობის შემთხვევაში, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის №ბ-19/01172542576-17 ბრძანებით, ლ.ც-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში (ს/კ №...) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი) ექსპლუატაციაში მიღებაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 3.11.2017წ. ლ.ც-ის მიმართ შედგენილი მითითებით სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №9-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის №1460701 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის დარღვევით. კერძოდ, მითითების დანართის თანახმად, გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: 1. ნაწილობრივ შეცვლილი იყო კარების და ფანჯრების საპროექტო მდებარეობა, მათი ნაწილის ზომა და ვიზუალი; 2. +2.8 ნიშნულთან, „ა-ბ“ მონაკვეთში დამატებული იყო რიგელი და გაზრდილი აივნის ფილის სისქე; 3. „2-3“ მონაკვეთში დამატებით მოწყობილი იყო ორი ღიობი; 4. გაზრდილი იყო სარდაფის სართულის სიმაღლე; 5. „2-3“ მონაკვეთში კედლებს მონაცვლებული ჰქონდა ადგილი. სამართალდამრღვევს განესაზღვრა 20 დღიანი ვადა შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 7.12.2017წ. შემოწმების აქტის თანახმად, ლ.ც-იმა არ შეასრულა 2017 წლის 3 ნოემბრის №002947 მითითებით გათვალისწინებული პირობები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების წამყვანი სპეციალისტის 2018 წლის 6 თებერვლის №86 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა ლ.ც-ის მიერ 2017 წლის 3 ნოემბრის №002947 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 6.02.2018წ. №002947 დადგენილებით, ლ.ც-ი დაჯარიმდა 2 (ორი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №9, №... საკადასტრო კოდზე II კლასის შენობა-ნაგებობის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი) პროექტის დარღვევით მშენებლობისათვის. დაჯარიმების შესახებ დადგენილება ლ.ც-იმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 თებერვლის №160 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

იმავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა; ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; გ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე: ა.ა) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით.

ზემოაღნიშნული კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მითითების გაცემამდე 45 კალენდარული დღით ადრე ატყობინებს დამრღვევს.

უნებართვო მშენებლობა უკანონობის საფუძველს ქმნის, უნებართვო მშენებლობა გულისხმობს მშენებლობას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის - სამართლებრივი დოკუმენტაციის გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის არსებითი დარღვევით. სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევაში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით დამკვეთს მისთვის დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან დარღვევით შესრულების შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად.

ამავე დადგენილების 94-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა არის მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების კონტროლი, ასევე უნებართვო ან კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა და მასზე კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება.

განსახილველ შემთხვევაში, ლ.ც-ის დაჯარიმება განაპირობა მის მიერ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის №1460701 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებამ. კასატორის მთავარი არგუმენტი მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მერიის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ დაჯარიმების დროისთვის გააჩნდა ძალაში მყოფი ნებართვა, რომლის მიხედვით მშენებლობის დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2018 წლის 8 სექტემბერი. შესაბამისად, მას შეეძლო დარჩენილ ვადაში შეთანხმებული პროექტის შესაბამისად შენობა-ნაგებობის დასრულება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო პერიოდში მოქმედ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის „რ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რომელსაც სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწ.). მითითება განმარტებულია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (კოდექსის მე-15 მუხლის „ღ“ ქვ.პ.), ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება გულისხმობს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას (კოდექსის მე-15 მუხლის „ტ“ ქვ.პ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ უტყუარად უნდა დაადასტუროს იმ გარემოებათა არსებობა, რომელთაც განაპირობეს კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენა, ამასთან სავარაუდო სამართალდარღვევა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს. შეფარდებული მუხლის საფუძველზე პირის სანქცირებისათვის, პირველ რიგში, მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადასტურდეს ფაქტის არსებობა, ხოლო შემდეგომ - სავარაუდო სამართალდამრღვევის კავშირი ფაქტთან (სუს 2020 წლის 23 ივლისის Nბს-53(კ-20) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას მასზედ, რომ სამშენებლო ზედამხედველობის პროცესი მოიცავს არამხოლოდ დასრულებული შენობა-ნაგებობის სანებართვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენას, არამედ მიმდინარე მშენებლობის პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენას და სამართალდამრღვევისთვის შესაძლებლობის მიცემას დარღვევების გამოსასწორებლად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ.ც-ის მიმართ მითითების გაცემიდან სამ თვეზე მეტი დრო იყო გასული სანამ სამართალდამრღვევ პირს ადმინისტრაციული ორგანო დააჯარიმებდა, თუმცა კასატორს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში და არც დღევანდელი მდგომარეობით (საწინააღმდეგო დაშვების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა) არ გამოუსწორებია მითითებით განსაზღვრული დარღვევები. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქ. თბილისში, ...ას ქ. N-9-ში მდებარე ს/კ №... უძრავი ქონება ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ლ.ც-იმა ვერ წარმოადგინა სადავო დადგენილებაში სამართალდარღვევად მითითებული გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, სახეზეა არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის №1460701 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რასაც ასევე ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხული, სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირის ახსნა-განმარტება (იხ. 10.11.2021 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 256-260), რომლის თანახმად, +2.8 ნიშნულთან, „ა-ბ“ მონაკვეთში დამატებულია რიგელი და გაზრდილია აივნის ფილის სისქე, ხოლო „2-3“ მონაკვეთში დამატებით მოწყობილია ორი ღიობი.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიერ განხორციელებული სამუშაოები მიეკუთვნებოდა "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 62-ე მუხლით გათვალისწინებულ სამშენებლო დოკუმენტის დასაშვებ ცვლილებებს, რომლებიც არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გამოიკვლიეს მის მიერ განხორციელებული სამუშაოების აუცილებლობა შენობა-ნაგებობის მდგრადობის და უსაფრთხოების კუთხით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, გარდა ახსნა-განმარტებისა კასატორმა ვერ წარმოადგინა წონადი და რელევანტური მტკიცებულებები, რაც მის პოზიციას გაამყარებდა. ამდენად, კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო შედავება, რაც გააქარწყლებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ.უ-ას ლ.ც-ის საკასაციო საჩივარზე 19.02.2025წ. N... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ.უ-ას (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს ლ.ც-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება;

3. თ.უ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს ლ.ც-ის საკასაციო საჩივარზე 19.02.2025წ. N... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა