საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-26(კ-25) 24 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ.გ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 25 თებერვალს რ.გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 1 თებერვლის №MES 7 21 0000048980 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის, მოსარჩელისათვის დადებითი შეფასების მინიჭების თაობაზე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 1 თებერვლის №MES 7 21 0000048980 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით, 2020 წლის 04 ნოემბერს, გარე დამკვირვებლის - შ.ფ-ის მიერ განხორციელდა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის მასწავლებლის - რ.გ-ას ...ის გარე გაკვეთილის შეფასება, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით. გარე გაკვეთილის შეფასების რუბრიკის მიხედვით, მასწავლებლის შეფასება ხდება გაკვეთილის შეფასების სქემით, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე. შეფასების რუბრიკა გამოიყენება მხოლოდ გარე საგაკვეთილო დაკვირვებისთვის. “რუბრიკაში“ დეტალურად არის აღწერილი, თუ რა სახის მიმართულებები უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა და მითითებულია ასევე შეფასების კრიტერიუმები. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 36. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 27 ქულას. შეფასების რუბრიკაში მითითებულია შეფასების კრიტერიუმები და მინიჭებული ქულები: 1. მიმართულება - სასწავლო გარემო: 1.1. ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 2 ქულა); 1.2. კლასის მართვა (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 2 ქულა); 1.3. სასწავლო რესურსი (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 3 ქულა); 2. მიმართულება - სწავლება: 2.1. მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსობრივი გამართულობა (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 2 ქულა); 2.2. მოსწავლეებთან კომუნიკაცია, ინსტრუქციები აქტივობებისთვის (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 1 ქულა); 2.3. სწავლების სტრატეგიები (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 2 ქულა); 2.4. მოტივაცია და ჩართულობა (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 1 ქულა); 2.5. სწავლების დროს შეფასების გამოყენება (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 2 ქულა); 3. მიმართულება - რეფლექსია: 3.1. რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 2 ქულა). (სულ 17 ქულა). გარე დაკვირვების შედეგად მიღებულ უარყოფით შეფასებას არ დაეთანხმა, რ.გ-ა და სააპელაციო განცხადებით მიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. რ.გ-ას სააპელაციო განცხადება განიხილა საპრეტენზიო კომისიამ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 01.02.2021 წლის №MES 7 21 0000048980 გადაწყვეტილებით გარე დამკვირვებლის შეფასება დარჩა უცვლელი. საქმის მასალებით, ასევე დასტურდება, რომ სააპელაციო განაცხადის ავტორი რ.გ-ა, საპრეტენზიო კომისიის სხდომაზე, მისი სააპელაციო განცხადების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 30.09.2019წ. №205/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „გარე დაკვირვების წესის“ მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ გარე დაკვირვების შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მასწავლებელთა სააპელაციო განაცხადებს განიხილავს საპრეტენზიო კომისია. მითითებული წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო კომისია განიხილავს საპრეტენზიო განაცხადებს და გადაწყვეტილებას იღებს გარე დაკვირვების დროს გამოყენებული ყველა დოკუმენტაციის საფუძველზე, მათ შორის გარე დამკვირვებლის მიერ შევსებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკის, მასწავლებლის მიერ წარდგენილი გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის საფუძველზე. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს გარე დამკვირვებელი და მასწავლებელი და მოისმინოს მათი მოსაზრებები ჩატარებული გაკვეთილის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს საპრეტენზიო კომისიის წევრის/წევრების ვიზიტი იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განხორციელდა გარე დაკვირვება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს ერთ - ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) საპრეტენზიო განაცხადის სრულად დაკმაყოფილების შესახებ; ბ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; გ) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 13.1-ე, 72.1-ე, 73.1-ე, 75.1-ე, 76.1-ე, 95-ე და 96.1-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ქცევის ზოგადი წესების ერთობლიობას, ადგენს ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილე მხარეების უფლებებსა და მოვალეობებს. ამავდროულად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფს განმცხადებელის, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მონაწილეობის უფლების მქონე პირის, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს და დაინტერესებულ მხარის მოლოდინს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეაგად. ადმინისტრაციული წარმოება უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების პროცესი მონაწილეობის უფლების მქონე პირის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიაზე, სამომავლოდ მის მიმართ დასადგომ სამართლებრივ შედეგებზე ობიექტური ზეგავლენის მოსახდენად. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებლად უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, კანონმდებელი იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რ.გ-ას სააპელაციო განაცხადის საფუძველზე დაწყებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სააპრეტენზიო კომისიის მიერ რ.გ-ას სააპელაციო განაცხადის განხილვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განმცხადებლის მოწვევის გარეშე და მხოლოდ გარე დამკვირვებლის შეფასებაზე დაყრდნობით, ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიულ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო. ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, კომისიის სხდომაზე რ.გ-ას დასწრების აუცილებლობის არარსებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასებით მიზნით, მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით, სხდომაზე მიიწვიოს განმცხადებელი, მოისმინოს მისი პოზიცია, დაუსვას დამატებითი კითხვები, რაც ხელს შეუწყობს სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულია განსახილველი დავის გადაწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა სამართლებრივ ნორმებს. ცენტრში შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ რ.გ-ას საპრეტენზიო განაცხადი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო კანონის შესაბამისად, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად. გარე დაკვირვების ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის N205/ნ ბრძანებით დამტკიცებული „გარე დაკვირვების წესი“. აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, გარე დაკვირვება არის უფროსი მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით, ხოლო „თ“ პუნქტის თანახმად, გაკვეთილის შეფასების რუბრიკა არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა. „წესის“ მე-13 მუხლის თანახმად, გარე დაკვირვების შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მასწავლებელთა სააპელაციო განაცხადებს იხილავს საპრეტენზიო კომისია. მე-14 მუხლის თანახმად, საპრეტენზიო კომისია განიხილავს საპრეტენზიო განაცხადებს და გადაწყვეტილებას იღებს გარე დაკვირვების დროს გამოყენებული ყველა დოკუმენტის საფუძველზე, მათ შორის, გარე დამკვირვებლის მიერ შევსებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკის, მასწავლებლის მიერ წარდგენილი გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის საფუძველზე. მოცემულ საქმეზე კომისიამ ყველა დოკუმენტი სრულყოფილად გამოიკვლია. ოქმში მითითებულია, რომ კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქმეში არსებული ყველა დოკუმენტით და გადაწყვეტილება დააფუძნა სწორედ მათი გამოკვლევის შედეგებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ცენტრმა საკმარისად არ გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, არ არის დასაბუთებული.
კასატორი თვლის რომ კომისია არის უფლებამოსილი და არა ვალდებული მოიწვიოს გარე დამკვირვებელი და მასწავლებელი და მოისმინოს მათი მოსაზრებები, ასევე განახორციელოს ვიზიტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად, კანონი არ ავალდებულებს კომისიას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოიწვიოს მასწავლებელი. ჩანაწერი საჭიროების შემთხვევაში შეფასებით კატეგორიას წარმოადგენს და მისი განმარტება ხდება დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკით, რომლიც კომისიას უკვე მრავლად აქვს. კერძოდ, კომისიის მიერ მხარეთა მოწვევა სხდომაზე ხდება მაშინ, როცა საქმეში არსებული დოკუმენტაცია ვერ იძლევა გაკვეთილის სრულყოფილ სურათს, საპრეტენზიო განაცხადში მოცემულია ისეთი ფაქტობრივი გარემოება სათანადო მტკიცებულებით, რომელიც არ იყო დაფიქსირებული გარე დამკვირვებლის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც გაკვეთილის აღწერიდან, ასევე შეფასების რუბრიკიდან ნათლად ჩანს გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესი, ის დარღვევები, რომლებმაც განაპირობა ქულების დაკლება. შესაბამისად, სახეზე არ იყო აუცილებელი საჭიროება და საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება არის ობიექტური, საქმის ყველა გარემოება კი სრულყოფილადაა შესწავლილი და განხილული.
კასატორი თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო, სათანადო მტკიცებულებებით გაემყარებინა როგორც სარჩელი, ისე საპრეტენზიო განაცხადი, ვინაიდან კომისია მსჯელობს სწორედ საპრეტენზიო განაცხადიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადს არ ახლავს სათანადო მტკიცებულებები, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, საპრეტენზიო განაცხადი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებეით. მასწავლებელი სადავოდ ხდის შეფასების რუბრიკით მიღებულ ქულებს და მიაჩნია, რომ იმსახურებდა მეტს. შესაბამისად, მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ზეპირსიტყვიერად აღწერის გზით რუბრიკის კრიტერიუმებში გაწერილი პუნქტების შესრულებაზე მითითება, სათანადო არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე, კომისიისათვის ვერ გახდება საფუძველი შეცვალოს გარე დამკვირვებლის გადაწყვეტილება. ცენტრმა შესაგებელშიც და სააპელაციო საჩივარშიც დააფიქსირა პოზიცია შეფასების რუბრიკის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. ამასთანავე, პროცესზე დაიკითხა გარე დამკვირვებელიც, რომელმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებეთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარეს არ მოუყვანია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გარე დამკვირვებლის არაობიექტურობას დაადასტურებდა. კასატორი მიუთითებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის N205/ნ ბრძანებით დამტკიცებული „გარე დაკვირვების წესის“ მე-15 მუხლზე, რომელიც შეეხება ინტერესთა კონფლიქტის საკითხს. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და არც მოსარჩელეს დაუსახელებია. ამასთანავე, გაუგებარია, რა დაინტერესება უნდა ჰქონდეს გარე დამკვირვებელს, რომ საკუთარი ვალდებულება არაჯეროვნად ან/და არაობიექტურად განახორციელოს. კასატორი ასევე მიუთითებს „წესის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-11 მუხლის მეორე პუნქტზე და აღნიშნავს, რომ გარე დამკვირვებელმა, შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. გარე დამკვირვებელი შეირჩევა გარე დაკვირვების წესის თანახმად და იგი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის კრიტერიუმებს, კერძოდ, „წესის“ მე-7 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გარე დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს აკადემიური ხარისხი და აკმაყოფილებდეს ამ მუხლის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მოთხოვნას. აღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებულია მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტების დანიშვნა გარე დამკვირვებლებად, რომლებიც უზრუნველყოფენ გარე დაკვირვების ობიექტურობის მაღალი ხარისხით ჩატარებას. ამდენად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ გარე დამკვირვებლის მიერ გაკვეთილის აღწერის ფორმაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნეს სადავოდ.
კასატორი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გარე დამკვირვებლის მიერ გაკვეთილზე დაგვიანებამ ხელი შეუშალა გაკვეთილის ნორმალურ წარმართვას. გარე დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ მას ლოდინი მოუწია, რათა გაკვეთილს დასწრებოდა. ამ გარემოებას კი მოსარჩელე სადავოდ არ ხდის. საპრეტენზიო განაცხადში მასწავლებელი დაგვიანებაზე არ აპელირებს, არ აღნიშნავს, რომ ამ ფაქტმა ხელი შეუშალა მას გაკვეთილის წარმართვაში. ადმინისტრაციული ორგანო ხელმძღვანელობს საპრეტენზიო განაცხადით და გარე დამკვირვებლის გადაწყვეტილებას ამოწმებს საპრეტენზიო განაცხადის ფარგლებში. შესაბამისად, ის გარემოება, რომელიც სადავო არ გამხდარა ვერ იქნება მოკვლევის ობიექტი. კასატორის შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ: 1.1. ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო - აღნიშნულ პუნქტში სამი ქულა იწერება, როდესაც ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პატივისცემასა და მზრუნველობაზეა აგებული, მასწავლებელი აქტიური მსმენელია. მოცემულ შემთხვევაში გაკვეთილის მსვლელობისას ხშირი იყო გადაძახილი. მოსწავლეები ჩურჩულებდნენ მთელი გაკვეთილი და არ ისმენდნენ ინსტრუქციებს. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კლასი ცალკეა და მასწავლებელი ცალკე. მასწავლებელს რეაქცია არ ჰქონდა მოსწავლეების უყურადღებობაზე. აღნიშნული კი ცალსახად უხეში დარღვევაა და გამორიცხავს მიღებულზე მეტი ქულის დაწერას. 1.2. კრიტერიუმის თანახმად, აუცილებელია რომ სასწავლო დრო სწორად იყოს გადანაწილებული და ფუჭად არ იხარჯებოდეს, ასევე მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს. მოსარჩელის მიერ ჩატარებულ გაკვეთილში კი აღნიშნული არ იკვეთება. ხშირია მოსწავლეებს შორის გადაძახილები და მათ თავად უწევთ ერთმანეთის გაჩუმება, რაზეც მასწავლებელი რეაგირებას არ ახდენს. ასევე მასწავლებელს ხშირად უხდებოდა მოსწავლეებისათვის ქცევის წესების შეხსენება, რაც ხდებოდა არაკორექტულად. აღნიშნული კი არ იძლევა მაღალი შეფასების დაწერის შესაძლებლობას. 1.3. პუნქტში მიღებული შეფასებაც ობიექტურია. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი მრავალფეროვან რესურსს იყენებს, ეს არ არის საკმარისი 4 ქულის დაწერისათვის. მოცემულ პუნქტში არსებითია არა რესურსების რაოდენობა, არამედ მისი გამოყენების მიზანშეწონილობა საგაკვეთილო გეგმაში მოცემულ მასალასთან. წინამდებარე შემთხვევაში მასწავლებლის მიერ გამოყენებული მუსიკა არ არის რელევანტური და ხმაურის ფონზე სათანადო როლი ვერ შეასრულა. როგორც გარე დამკვირვებელი აღნიშნავს, მოსწავლეებს არ მიუღიათ განმარტება, რას ემსახურებოდა გაკვეთილზე მუსიკის ჩართვა და არც დაინტერესება გამოუხატავთ. მასწავლებელს არც გაკვეთილის გეგმაში აქვს მითითებული, რომ იგი მსგავსი აქტივობის განხორციელებას აპირებდა. 2.1 პუნქტის თანახმად, საგნობრივი შინაარსის მცირე ხარვეზის გარდა, გაკვეთილის დასაწყისში დასმულ კითხვებშიც არის ხარვეზები, კერძოდ, - „რა არის ...ა?“ ან „რას ნიშნავს სილამაზე?“,- არ არის იმგვარი კითხვები, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი შეიძლება გვქონდეს. ის რაც მსჯელობის საგანი უნდა იყოს, ვერ გამოდგება წინარე ცოდნის გასააქტიურებლად. ასევე იკვეთება ხარვეზები მასწავლებლის საგნობრივ კომპეტენციაში. კერძოდ, მასწავლებელმა მოსწავლეებს წარუდგინა პიზას კოშკი, რომელზეც აღნიშნა, რომ არის ასიმეტრიული. პიზას კოშკი, როგორც ნაგებობა, არის სიმეტრიული, რჩება სიმეტრიულად თავისი ღერძის მიმართ და ის, რომ ნიადაგის გამო გადაიხარა, არ ნიშნავს, რომ ასიმეტრიულია. შესაბამისად, მიღებული შეფასებაც არის ობიექტური და გამომდინარეობს შეფასების რუბრიკიდან. 2.2 პუნქტში აუცილებელია, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის კომუნიკაცია იყოს გამართული. მასწავლებლის საუბრის ტონი არის მშვიდი, გაწონასწორებული და ზომიერი და ხელს უწყობს მოსწავლეებს ყურადღების კონცენტრაციაში. მოცემულ შემთხვევაში მასწავლებლის კომუნიკაცია მოსწავლეებთან არ არის იმგვარი, რომ რუბრიკის ამ ქვეპუნქტის შესაბამისად მიიღოს მაღალი შეფასება. კერძოდ, მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს - „რა გითხარით მე, როგორ უნდა მომმართოთ?“, „მე ნუ მიყვირიხარ შორიდან“ და ა.შ. მსგავსი ტიპისა და შინაარსის მიმართვა მოსწავლეების მიმართ რუბრიკის ამ პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე მიუღებელია. აღინიშნა, რომ გაკვეთილი ტარდება მე-4 კლასის მოსწავლეებთან, შესაბამისად, ასეთმა მიმართვებმა შეიძლება უარყოფითი განწყობა შეუქმნას მოსწავლეს, რაც თავისთავად დააკარგვინებს მას ხალისს გაკვეთილის მსვლელობისას. სამწუხაროდ, მსგავსი ტენდენცია წინამდებარე გაკვეთილის დროს შეინიშნებოდა, ვინაიდან მოსწავლეები არ იყვნენ აქტიურად ჩართული საგაკვეთილო პროცესში და ძირითადად კითხვები მხოლოდ ერთ მოსწავლეზე მიემართებოდა. ეს უკანასკნელი კი რუბრიკის 2.4 პუნქტის (მოტივაცია და ჩართულობა) მიხედვით გამორიცხავს მაღალი შეფასების დაწერას, ვინაიდან მის თანახმად საჭიროა, რომ მოსწავლეები მაღალი ინტერესით ეკიდებოდნენ მაღალ სააზროვნო კითხვებს, რაც ცალსახად არ ხდებოდა გაკვეთილზე. 2.3 პუნქტში მოცემულია სწავლების სტრატეგიები, რაც გულისხმობს რომ მასწავლებელს წინასწარ აქვს დაგეგმილი გაკვეთილის მიზნის შესაბამისი სწავლების სხვადასხვა სტრატეგია და ეფექტურად წარმართავს მათ. მოცემულ შემთხვევაში, მასწავლებლის დაგეგმილი აქტივობები გათვლილ დროში ვერ ესწრება და მოსწავლეები ვერ ახერხებენ მის დროულ დასრულებას. შესაბამისად, რთულდება განსაზღვრული მიზნების მიღწევაზე საუბარი. როგორც გარე დამკვირვებელი აღნიშნავს - „მეორე პრაქტიკული სამუშაო გულისხმობდა არქიტექტურული დეტალების დასრულებას ისე, რომ საბოლოოდ სიმეტრიული ფორმები მიეღოთ. მოსწავლეებმა აქტივობა ბოლომდე ვერ მიიყვანეს - მასწავლებელი ახალ აქტივობაზე გადავიდა. მომდევნო აქტივობაზე გადასვლა მასწავლებელმა დაიწყო ინსტრუქციით: „კარგით ახლა! საკმარისია ახლა! გადადით ახალ აქტივობაზე!“ ასევე თქვა, რომ შეეძლოთ ნამუშევარი სახლში დაესრულებინათ და თუ სურვილი ჰქონდათ, მასწავლებლისათვის გადაეგზავნათ თიმსში. ჩავთვალე, რომ აქტივობა იყო დასრულებული, რადგან ახალ აქტივობაზე გადასვლა უკვე დაანონსდა, მაგრამ მასწავლებელმა დაიწყო მოსწავლის ნამუშევრის განხილვა. მოსწავლე მას არ უსმენდა.“ როგორც ამ ჩანაწერიდან ჩანს, მასწავლებელი ვერ ახერხებს დროის ეფექტურ მართავს. ასევე მისი გადაწყვეტილებები არათანმიმდევრულია. გაურკვეველია, რატომ დაიწყო მან ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევრის განხილვა, როცა ყველა მოსწავლეს იგი შესრულებული არ ჰქონდა. ამას ჯობდა, რომ მასწავლებელი ახალ აქტივობაზე გადასულიყო, რათა ის მაინც მოსწრებულიყო. აუცილებელია, რომ ყოველი აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები გავიდნენ კონკრეტულ შედეგზე, მოცემულ შემთხვევაში კი არცერთი აქტივობის შემთხვევაში ეს არ მომხდარა. აქედან გამომდინარე მიღებული შეფასება ობიექტურია. 2.5 პუნქტი (სწავლების დროს შეფასების გამოყენება) - აღნიშნულ პუნქტში მაღალი ქულა იწერება, როდესაც მოსწავლეებისათვის მიწოდებული უკუკავშირი არის ზუსტი და გასაგები, მასწავლებელი მათ აძლევს განმავითარებელ შეფასებებს, ასევე მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული შეფასებაში. ისინი თავად აფასებენ თავის თანაკლასელებს და ამავდროულად აქტიურად ახდენენ თვითშეფასებას. სამწუხაროდ, ჩატარებულ გაკვეთილში ეს არ გამოჩნდა. მასწავლებელს არ მიუცია მოსწავლეებისათვის სათანადო შეფასება და უკუკავშირი. კერძოდ, მასწავლებლის მიერ გამოთქმული გაკვირვება - „რატომ გაგიძნელდათ? რა გჭირთ? რატომ ვერ ჰქენი? ხელის მოტორიკა უნდა ამას“ ვერ გამოდგება „ზუსტ და სპეციფიკურ“ უკუკავშირად როგორც ამას რუბრიკის ეს ქვეპუნქტი ადგენს. მსგავსი შეფასებით მოსწავლე ვერ გაიაზრებს, რას აკეთებს შეცდომით და როგორ უნდა გამოასწოროს ის შემდეგში. შესაბამისად, მიღებული ქულა ამ ქვეპუნქტში სრულ შესაბამისობაშია რუბრიკასთან. 3.1 რეფლექსია გულისხმობს მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებას (თვითშეფასებას). კერძოდ, რეფლექსიაში უმაღლესი ქულა იწერება მაშინ, როდესაც სრულყოფილად არის აღწერილი და გაანალიზებული ჩატარებული გაკვეთილი; დამაჯერებლად არის დასაბუთებული გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული აქტივობებისა და სასწავლო სტრატეგიების ეფექტურობა სასწავლო მიზნებთან და გაკვეთილის მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებით. მკაფიოდ არის ახსნილი, მოხდა თუ არა გაკვეთილის მსვლელობისას გეგმის მოდიფიცირება და რა აუცილებლობით იყო ეს განპირობებული; რეფლექსიაში მაქსიმალურად ობიექტურად არის შეფასებული გაკვეთილზე სწავლების პროცესის შემადგენელი ყველა კომპონენტი, მათ შორის, სასწავლო გარემოს, კლასის მართვა, რესურსების გამოყენება, შეფასება და ა.შ.; გამოვლენილი და ადეკვატურად არის გაანალიზებული გაკვეთილის ძლიერი მხარეები და ნაკლოვანებები; სწორად არის დასახული გამოვლენილი ხარვეზებისა, თუ პრობლემების გამოსწორების გზები. მოცემულ შემთხვევაში კი მსგავსი დეტალური გააზრება გაკვეთილის ხარვეზებთან მიმართებით, არ გვხდება: არ არის მითითებული, რომ მასწავლებელმა ვერ შეძლო სათანადო საკლასო გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეები თავისუფლად შეძლებდნენ აზრის დაფიქსირებას, კითხვების დასმას. ვერ იქნა სათანადოდ გადანაწილებული დროები ყველა აქტივობაზე. მასწავლებლის მიერ შედგენილი რეფლექსია ძირითადად მხოლოდ აღწერითი ხასიათის არის. მასწავლებელი არ აღნიშნავს ხარვეზებსა და მათი გამოსწორების გზებს. მასწავლებელი არ ცდილობს გააანალიზოს გაკვეთილის სუსტი მხარეები, როგორც ჩანს, მათ საერთოდ ვერ ხედავს. შესაბამისად, მიღებული შეფასება არის ობიექტური.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 30.09.2019წ. N205/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „გარე დაკვირვების წესზე“, რომელიც აწესრიგებს უფროსი მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასების მიზნით გარე დაკვირვებასთან დაკავშირებულ პროცესებს. ზემოაღნიშნული „წესის“ მე-2 მუხლით, განიმარტა ამ წესის მიზნებისთვის ამ წესში გამოყენებულ ტერმინების მნიშვნელობა, მათ შორის: ა) გარე დაკვირვება – უფროსი მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით; ბ) მასწავლებელი – „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის 25 პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; თ) გაკვეთილის შეფასების რუბრიკა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა; კ) კრედიტქულა – მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული; ლ) მასწავლებლის შეფასება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, რომლის საფუძველზეც ხდება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან მასწავლებლის შესაბამისობის დადგენა; მ) შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი – სქემით განსაზღვრული ტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობის შეფასების უნიფიცირებული საშუალება; ო) საპრეტენზიო კომისია – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა საპრეტენზიო განაცხადებს.
მითითებული „წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაკვეთილზე დაკვირვება მოიცავს მასწავლებლის მიერ დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესის წარმართვას, რომელსაც აკვირდება გარე დამკვირვებელი, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, გარე დამკვირვებელი ავსებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ გაკვეთილის აღწერის ფორმას. გაკვეთილის აღწერის ფორმა უზრუნველყოფს იმ ფაქტობრივი გარემოებების აღწერას, რაც უკავშირდება მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარე დამკვირვებელი აფასებს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით. „წესის“ მე-11 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გარე დამკვირვებელი აფასებს გაკვეთილს ქულებით, გაკვეთილის შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული თოთოეული კრიტერიუმის მიხედვით.
ამავე „წესის“ მე-13 მუხლის თანახმად, გარე დაკვირვების შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მასწავლებელთა სააპელაციო განაცხადებს განიხილავს საპრეტენზიო კომისია. ამასთან, „წესის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო კომისია განიხილავს საპრეტენზიო განაცხადებს და გადაწყვეტილებას იღებს გარე დაკვირვების დროს გამოყენებული ყველა დოკუმენტაციის საფუძველზე, მათ შორის გარე დამკვირვებლის მიერ შევსებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკის, მასწავლებლის მიერ წარდგენილი გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის საფუძველზე. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს გარე დამკვირვებელი და მასწავლებელი და მოისმინოს მათი მოსაზრებები ჩატარებული გაკვეთილის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს საპრეტენზიო კომისიის წევრის/წევრების ვიზიტი იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განხორციელდა გარე დაკვირვება.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ რ.გ-ა არის ზუგდიდიდ მუნიციპალიტეტის სოფ. ...ის საჯარო სკოლის ...ის მასწავლებელი. 2020 წლის 04 ნოემბერს, გარე დამკვირვებლის - შ.ფ-ის მიერ განხორციელდა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის მასწავლებლის - რ.გ-ას ...ის გარე გაკვეთილის შეფასება, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით. გარე გაკვეთილის შეფასების რუბრიკის მიხედვით, მასწავლებლის შეფასება ხდება გაკვეთილის შეფასების სქემით, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე. შეფასების რუბრიკა გამოიყენება მხოლოდ გარე საგაკვეთილო დაკვირვებისთვის. “რუბრიკაში“ დეტალურად არის აღწერილი, თუ რა სახის მიმართულებები უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა და მითითებულია ასევე შეფასების კრიტერიუმები. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 36. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 27 ქულას. შეფასების რუბრიკაში მითითებულია შეფასების კრიტერიუმები და მინიჭებული ქულები: 1. მიმართულება - სასწავლო გარემო: 1.1. ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 2 ქულა); 1.2. კლასის მართვა (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 2 ქულა); 1.3. სასწავლო რესურსი (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 3 ქულა); 2. მიმართულება - სწავლება: 2.1. მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსობრივი გამართულობა (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 2 ქულა); 2.2. მოსწავლეებთან კომუნიკაცია, ინსტრუქციები აქტივობებისთვის (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 1 ქულა); 2.3. სწავლების სტრატეგიები (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 2 ქულა); 2.4. მოტივაცია და ჩართულობა (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 1 ქულა); 2.5. სწავლების დროს შეფასების გამოყენება (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 2 ქულა); 3. მიმართულება - რეფლექსია: 3.1. რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე (მაქსიმალური ქულა 4 ქულა; მინიჭებული ქულა - 2 ქულა). (სულ 17 ქულა). საქმეზე წარმოდგენილია 2020 წლის 4 ნოემბრით დათარიღებული, რ.გ-ას მიერ ჩატარებული გაკვეთილის აღწერის ფორმა გარე დაკვირვების განხორციელებისათვის. აღწერის ფორმაში ასახულია მასწავლებლის აქტივობები და დამკვირვებლის მიერ აღნიშნულზე გაკეთებული კომენტარები. კომენტარების თანახმად: საორგანიზაციო საკითხები მოწესრიგდა დროულად. მასწავლებელი საგნობრივ შინაარსს გადმოსცემს შეცდომით. აქტიური მოსმენა, ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა არ იკვეთება. აქტიური მოსმენის ელემენტი გაკვეთილზე არ იგრძნობა. კლასის მართვის საკითხი ძალიან დაბალ დონეზე დგას. ინსტრუქციები არ არის ნათელი და გასაგები. მასწავლებელი საგნობრივ შინაარსს გადმოსცემს შეცდომით. მთელი გაკვეთილის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საგნობრივი შინაარსის არასწორად გადმოცემას, მასწავლებელი ფაქტობრივად ვერ მართავდა კლასს, სამეტყველო ენა იყო არაკორექტული. მოსწავლეები იყვნენ ინერტულები დავალების შესრულებისას. გარე დაკვირვების შედეგად მიღებულ უარყოფით შეფასებას არ დაეთანხმა რ.გ-ა და სააპელაციო განცხადებით მიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. რ.გ-ას სააპელაციო განაცხადება განიხილა საპრეტენზიო კომისიამ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 01.02.2021 წლის №MES 7 21 0000048980 გადაწყვეტილებით გარე დამკვირვებლის შეფასება დარჩა უცვლელი. საქმის მასალებით, ასევე დასტურდება, რომ სააპელაციო განაცხადის ავტორი, რ.გ-ა, საპრეტენზიო კომისიის სხდომაზე, მისი სააპელაციო განცხადების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არ ყოფილა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასებით მიზნით, მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით, სხდომაზე მიიწვიოს განმცხადებელი, მოისმინოს მისი პოზიცია, დაუსვას დამატებითი კითხვები, რაც ხელს შეუწყობს სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტას.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ რ.გ-ას სააპელაციო განაცხადის საფუძველზე დაწყებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სააპრეტენზიო კომისიის მიერ რ.გ-ას სააპელაციო განაცხადის განხილვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განმცხადებლის მოწვევის გარეშე და მხოლოდ გარე დამკვირვებლის შეფასებაზე დაყრდნობით, ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიულ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო.
საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საპრეტენზიო კომისიას არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სრულად ეყრდნობა გარე დამკვირვებლის შეფასებას. კომისიას არ მოუსმენია მასწავლებლის არგუმენტები, მასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით. სადავო წარმოების შედეგები არ ეფუძნება გარე დამკვირვებლისა და საპრეტენზიო განაცხადის ავტორის მიერ მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს. მოპასუხე მხარის მიერ მსჯელობის საგანი არ გამხდარა ის გარემოება, თუ რით იყო გამოწვეული ქაოტური საკლასო გარემო, რაც მასწავლებლის შეფასებისას ყველაზე მწვავედ იქნა აღქმული კომისიის მხრიდან. კომისიის მხრიდან არ არის გამოკვლეული და დადგენილი გარემოებები გარე დამკვირვებლის სკოლაში გამოცხადების დროსთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა გამხდარიყო საკლასო ოთახში ხმაურის გამომწვევი მიზეზი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოება წრმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასა და გამოცემასთან დაკავშირებულ წესების ერთობლიობას. წარმოების სრულყოფილად ჩატარება კი, განაპირობებს შესაბამისი აქტის დასაბუთებულობას. წერილობით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც იგი გამოიცა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნები, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე