ას-136-479-07 25 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ც-ა
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა დაბრუნება იმავე სასამართლოში.
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ჯ-ი არის თბილისში, ... მესამე მ\რ, კორპუსი ¹..., არასაცხოვრებელი 145,76 კვ.მ ფართის მესაკუთრე. 2006 წლის 28 მარტს მან სარჩელი აღძრა ნ. ც-ს მიმართ და მოითხოვა ზემოთ მითითებული ფართიდან ნაწილიდან 30 კვ.მ ფართის მისი გამოსახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და ნ. ც-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა 30 კვბმ არასაცხოვრებელი ფართი მდებარე თბილისი, ... მესამე მ\რ, კორპუსი ¹... .
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-მ და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ იგი არ ფლობს რ. ჯ-ს საკუთრებაში არსებულ არასაცხოვრებელი ფართის ნაწილს. შესაბამისად, ჯ-ი არ იყო უფლებამოსილი გამოეთხოვა მისი მფლობელობიდან ფართი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ც-ს სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ ნ. ც-ა ფლობს რ. ჯ-ს საკუთრებაში არსებულ 30 კვ.მ ფართს. რაც დადასტურებულია საქმეში წაღდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერზე დართული გეგმით, საიდანაც დგინდება, რომ რ. ჯ-ზე გაცემული ფართიდან ოთახები ¹3,4,5 დაკავებული აქვს ნ. ც-ს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-მ.
კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორის განმარტებით სასამართლომ არ გაანალიზა საქმეში წარდგენილი დოკუმენტაცია, საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დგინდება, რომ ფართის 467 კვ.მ-დან ჯ-ს საკუთრებაა 145 კვ.მ-მდე ფართი, 170 კვ.მ ირიცხება მ-ს სახელზე. ხოლო დანარჩენი ფართი არავის სახელზე არ არის დარიცხული. აქედან შენობის მარცხენა ფლიგელში 20 კვ.მ არის მისი საკუთრება, ხოლო სადავო ფართის მიმდებარე 40 კვ.მ ფართი არის ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე და მასზე არავის საკუთრება რეგისტრირებული არ არის. ამ მოტივის გათვალისწინებით ითხოვდა კასატორი სააპელაციო სასამართლოში ექსპერტიზის დანიშვნას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო დაეყრდნო აზომვით ნახაზს, რომელიც მხარემ წარადგინა და რომელიც მისი აზრით არ არსებობს. ნახაზში მითითებული ოთახების ნომერაცია ასახავს მისი განმარტებით მის საკუთრებას და მხარე ამ დანომრილი ფართიდან ითხოვს მის გამოძევებას. კასატორის აზრით, საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არსად ფიქსირდება იზოლირებულად გამოყოფილი ფართი და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით არასწორად გამოიტანა სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოებანი, რომ ნ. ც-ა ფლობს რ. ჯ-ს საკუთრებაში არსებულ 30 კვ.მ. ფართს. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დაადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერზე დართულ გეგმაზე დაყრდნობით. პალატის მითითებით აღნიშნული გეგმით დგინდება, რომ რ. ჯ-ზე გადაცემული ფართიდან ოთახები ¹3, 4,5 დაკავებული აქვს ნ. ც-ს, უნდა აღინიშნოს რომ ს.ფ. 10-ზე განთავსებული გეგმიდან შეუძლებელია დადგინდეს აღნიშნული ფართის რ. ჯ-ზე კუთვნილების ფაქტი. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ქსეროასლს, საიდანაც შეუძლებელია ამოიკითხო მითითებული ინფორმაცია. ამასთან ამ დოკუმენტზე არ არის მითითებული, რომ იგი წარმოადგენს საჯარო რეესტრის ამონაწერის დანართს, მითუმეტეს არ დასტურდება რომ მითითებულ სადავო ფართს ფლობს ნ. ც-ა.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად მესაკუთრე უფლებამოსილია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. იმ შემთხვევაში კი, როდესაც შეუძლებელია დადგინდეს ის გარემოება არის თუ არა სადავო ფართი მოსარჩელის საკუთრებაში აღნიშნული ნორმის გამოყენება დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მტკიცების ტვირთი ეკუთვნის მხარეს, რომელიც ამყარებს თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში რ.ჯ-ს მტკიცების ტვირთს შეადგენს იმის დადასტურება, რომ იგი სადავო ფართის მესაკუთრეა.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთდება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნულის გამო უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს სადავო ფართის კუთვნილების საკითხი და მხარეთა უფლებები ამ ფართთან მიმართებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვლანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ც-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.