საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-271(2კ-25) 16 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...“ (სს „ ა...ის“ უფლებამონაცვლე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ა...ის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 02 მაისს სარჩელით, შემდგომ კი დაზუსტებული სარჩელით (10.07.2019 წელი) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ, მატერიალური ზიანის - 9 930 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ა...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 9 930 ლარის ოდენობით; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის 297,30 ლარის ანაზღაურება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ღირებულების - 400 ლარის ანაზღაურება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის - ექსპერტიზის ჩატარების ღირებულების - 300 ლარის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, სს ,,...ის'' წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოწინააღმდეგე მხარე სს „ა...“ შეიცვალა უფლებამონაცვლე სს ,,...''.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, 50-ე, 72-ე, 77-ე, მე-80 მუხლები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების“ 1-ლი, მე-5 მუხლები, სადავო პერიოდში მოქმედი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბერს №17-55 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის მე-3 მუხლი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულების“ 1-ლი, მე-2 მუხლები და განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის (ყოფილი ...ის) მიმდებარედ არსებული მწვანე ნარგავების მოვლა - აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ასევე მიუთითა, რომ თბილისის ტერიტორიაზე ხემცენარეების მოვლითი ჭრის განხორციელება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებაა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N5ა-ში (ყოფილი ...ის 5ა) მოქალაქე თ.ა-ის მართვის ქვეშ მყოფ ... მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნორმით ... დაეცა ქარის მიერ მოტეხილი ხე, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანის სახურავი, წინა საქარე მინა, მარჯვენა მხარეს ორივე კარები და საყრდენი ორივე მხარეს. ასევე, მარცხენა მხარეს ორივე კარები, მარჯვენა მხარეს საფეხური, მარჯვენა მხარეს სარკე, მარცხენა წინა მაშუქი, წინა ბამპერი და ე.წ. „კაპოტი“. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ა-ეს ...-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნორმით ...დაზღვეული აქვს სს „ა...ში“. აღნიშნული დაზღვევით თ.ა-ის ავტომობილი დაზღვეულია მათ შორის ხანძრის/აფეთქების, ან საგნის დაცემის შედეგად, ან მესამე პირის ბრალით. სადაზღვევო პოლისი ....
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2019 წლის 4 ივლისის N31-01191851265 წერილის შინაარსზე, რომლითაც სს „ა...ას“ უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ როგორც მერიას, ასევე გამგეობას ინფორმაცია ჰქონდა ხესთან დაკავშირებით, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოებს მათზე დაკისრებული მოვალეობები არ შეუსრულებიათ - არ განხორციელებულა მწვანე ნარგავის მოვლა - აღდგენასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოვლითი ჭრა. რაც შეეხება მოპასუხე საბურთალოს რაიონის გამგეობის იმ მითითებაზე, რომ ხის ტოტის მოტეხა გამოწვეული იყო სტიქიური მოვლენის შედეგად და მსგავსი დაზიანება ქარის შედეგად ჯანმრთელ ხეებსაც ადგებათ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 ნოემბრის N008003019 ექსპერტის დასკვნაზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ხის წაქცევა გამოწვეული იყო ქარის შედეგად, მისი სიძველის, გადაბერების და დაზიანების გამო, შესაბამისად მიიჩნია, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის უფლებამოსილმა პირმა, 2018 წლის 12 ივნისს სწორად ვერ შეაფასა არსებული ხის დაზიანების ხარისხი და სახეზეა მოპასუხეთა მიერ დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება. აღნიშნული გარემოება კი სასამართლოს მსჯელობით ზიანის ანაზღაურების საფუძველად იქნა მიჩნეული. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერებული იყო საჯარო სივრცეში. შესაბამისად, ის გარემოება, რომ კონკრეტული ხე იგდა ბმა საკუთრებაში არსებულ ეზოში, პალატის მსჯელობით არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოების პასუხისმგებლობას, შესაბამისად, არ აქარწყლებს მათ ვალდებულებას საჯარო სივრცეების მოვლა - პატრონობასა და მათზე კერძო საკუთრებიდან მომავალი საფრთხეების აღკვეთაზე.
სააპელაციო სასამართლომ დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების, ასევე დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, უცვლელად დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ხარჯების განსაზღვრის ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაღებული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც და მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ - 300 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი აპელირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-20 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის – გამგეობის ტიპური დებულების მე-2 მუხლის "ი" ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ შესაბამის გამგეობას დაქვემდებარებული ტერიტორიის გამწვანებასთან და მწვანე ნარგავებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქის განცხადებასთან დაკავშირებით რეაგირება შედის გამგეობის კომპეტენციაში. საქმეში წარდგენილი მასალებით კასატორი დადგენილად მიიჩნევს, რომ მოქალაქის განცხადება წარდგენილი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობაში, რასთან დაკავშირებითაც გამგეობის მიერ განხორციელდა კიდეც რეაგირება. აპელირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ როდესაც საუბარია ზიანის ანაზღაურებაზე, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, არსებობს თუ არა სახეზე ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანს და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაში, კერძოდ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სწორად ვერ შეაფასეს არსებული ხის დაზიანების ხარისხი, არ განახორციელეს რეაგირება - დაზიანებული ხის სხვლა - ფორმირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული მსჯელობის გასაბათილებლად ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ იმისათვის, რომ ადგილი ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უმოქმედობით პირისათვის ზიანის მიყენებას, აუცილებელია არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განხორციელების ვალდებულება და ამ ვალდებულების განხორციელებისაგან თავის შეკავების ფაქტი. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შეეძლო მიზეზობრივი კავშირი ჰქონოდა მხარისათვის მიყენებულ ზიანთან. გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ სასამართლომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას სოლიდარულად დააკისრა ზიანის ანაზღაურება, რაც წარმომადგენლის მსჯელობით ადასტურებს გადაწყვეტილების მიღებას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მსჯელობით გამგეობა წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც გააჩნია დებულება, რომლითაც განსაზღვრულია მისი კომპეტენციები და ვალდებულებები, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა ამა თუ იმ სტრუქტურულ ერთეულებს გააჩნია დებულებები, რომლითაც განსაზღვრულია სამსახურის კომპეტენციები და ვალდებულებები. ერთი და იგივე კომპეტენცია და ვალდებულება ვერ ექნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს, შესაბამისად, ერთი კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულება ვერ ექნებოდა ერთდროულად გამგეობას და მერიის საქალაქო სამსახურს. კასატორის მსჯელობით, იმ შემთხვევაში თუ მიჩნეული იქნება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რამაც გამოიწვია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს კონკრეტულად რომელი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს კონკრეტული დაზიანებული ხის მოვლა/მოჭრა და რომელი ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობას მოჰყვა ზიანის დადგომა. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, აპელირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილზე, სზაკ-ის 207-ე და 208-ე მუხლებზე, სკ-ის 1005-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისათვის აუცილებელია ზიანის გამომწვევი ქმედება დაკავშირებული იყოს საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, იყოს მართლსაწინააღმდეგო (დარღვეული იყოს სამსახურებრივი მოვალეობა), ბრალეული, მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან და ზიანი ადგებოდეს სხვა პირს. კასატორის მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის არც ერთი ფაქტობრივი გარემოებით არ დასტურდება საბურთალოს რაიონის გამგეობის (მისი რომელიმე თანამშრომლის) მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რამაც გამოიწვია ხის ტოტის მოტეხა და ავტომანქანის დაზიანება. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ცალახად მიიჩნევს, რომ ხის ტოტის მოტეხვა გამოწვეულია სტიქიური მოვლენის შედეგად და მსგავსი დაზიანება ქარის შედეგად ჯანმრთელ ხეებსაც ადგებათ. მისივე მსჯელობით, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა მჯელობა, რომ აღნიშნული ხე მოტეხის მომენტში იყო გამხმარი და საჭიროებდა სანიტარულ ჭრას. მიიჩნევს, რომ სახეზე არ იყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც თავის მხრივ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან და წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სასამართლოს მიერ საბურთალოს რაიონის გამგეობისათვის აღნიშნული ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები. წარმომადგენელი ასევე არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მოქალაქეების მიერ გამგეობისათვის არაერთი მიმართვის განხორცილების ფაქტზე, ასევე არ ეთანხმება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაზიარებას და განმარტავს, რომ კუნძის მოტეხის მომენტისათვის არ არსებობდა მტკიცებულებები იმისა, რომ ის დაზიანებული იყო, თუმცა დაზიანებული რომც ყოფილიყო, არ ნიშნავს, რომ 6 თვით ადრე, როდესაც გამგეობისათვის მიმართვა განხორციელდა, საუბარი იყო კონკრეტულად ამ ხეზე და ის დაზიანებული იყო, რადგან შესაძლოა 5-6 თვის შემდეგ მართლაც დაზიანებულიყო. ყურადსაღებად მიიჩნევს გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის გაუთვალისწინებლობას, რომლის თანახმად, მითითებულ დღეს დაფიქსირებული იყო ძლიერი შტორმული ქარი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ფარგლებში საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელი ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 9 930 ლარის ოდენობით. სარჩელის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები. უმოქმედობამ გამოიწვია უფლებებისა და ინტერესების ხელყოფა, რამაც წარმოშვა მათი მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ... ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისით დადგენილია, რომ თ.ა-ეს, ...-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნორმით ... დაზღვეული აქვს სს „ა...ში“. აღნიშნული დაზღვევით თ.ა-ის ავტომობილი დაზღვეულია მათ შორის ხანძრის/აფეთქების, ან საგნის დაცემის შედეგად, ან მესამე პირის ბრალით.
2018 წლის 26 ოქტომბრის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-... სახაზო - საპატრულო სამმართველოს რეაგირების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის პატრულ - ინსპექტორი ა.ა-ი რადიოსადგურ „ცენტრის“ გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N5ა-ში (ყოფილი ...ის 5ა), სადაც მოქალაქე თ.ა-ის განცხადებით, მისი მართვის ქვეშ მყოფ ... მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნორმით ..., ...ის ქუჩა N5ა-ს მიმდებარედ დაეცა ქარის მიერ მოტეხილი ხე, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანის სახურავი, წინა საქარე მინა, მარჯვენა მხარეს ორივე კარები და საყრდენი ორივე მხარეს. ასევე, მარცხენა მხარეს ორივე კარები, მარჯვენა მხარეს საფეხური, მარჯვენა მხარეს სარკე, მარცხენა წინა მაშუქი, წინა ბამპერი და ე.წ. „კაპოტი“.
შპს „...“-ის ავტომანქანის დაზიანების 2018 წლის 26 ოქტომბრის აღწერის აქტით დადგენილია, რომ შპს „...“-ის მიერ განხორციელდა დაზიანებული ...-ს მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნორმით...) დათვალიერება და დასურათება. ხის დაცემის შედეგად დაზიანებული იქნა ავტომანქანის შემდეგი ნაწილები: საქარე მინა, წინა ფრთა, წინა მარცხენა ფარი, მარჯვენა კარის სარკე, მარჯვენა კარის კანტი, საქარე მინის კანტი, საქარე მინის გვერდითა კანტი, მარჯვენა საფეხური, მარჯვენა საფეხურის დუგა, მარჯვენა სახურავის კანტი, წინა მარცხენა პარკინგი, კაპოტი, უკანა ხედვის კამერა, სამაგრი შპილკები.
სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე დათვალიერების აქტით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს, სადაზღვევო კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ეცნობათ, რომ საბურთალოს რაიონში, ...ის ქუჩაზე მოძრავ დაზღვეულ ავტომობილს დაეცა ხე. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და ნახეს ქუჩაში გაჩერებული ...-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა თ.ა-ე. მძღოლის განმარტებით, საღამოს დაახლოებით 20 საათისთვის ავტომობილი მოძრაობდა ...ის ქუჩაზე (ყოფილი ...ის N5ა) ქუჩაზე და მოძრაობა გადატვირთული იყო. პიკის საათის გამო ავტომანქანები მოძრაობდნენ ნელა, რასაც ასევე აფერხებდა ქუჩის ბოლოში არსებული შუქნიშანი. დაზღვეული ავტომობილის მძღოლი განმარტავდა, რომ მოძრაობისას წინა ნაწილზე სრულიად მოულოდნელად დაეცა წაქცეული ხე. ამის გამო იძულებული იყო შეეჩერებინა მოძრაობა. წაქცეული ხე იყო საკმაოდ დიდი მოცულობის, რომელიც მათი მისვლისას ჯერ კიდევ იყო შემთხვევის ადგილზე და თითქმის ხელუხლებელი იყო. ხე იყო გამხმარი, რომელიც ქარის დროს წაიქცა და დაეცა დაზღვეულ ავტომობილს. წაქცეული ხის გვერდითი, ასევე, იდგა თითქმის იგივე მდგომარეობაში მყოფი გამხმარი ხე, ვინაიდან არსებობდა მეორე გამხმარი ხის წაქცევის რისკი, შეეცადნენ შემთხვევის ადგილიდან დაჩქარებულად მოეხდინათ ავტომანქანის შემთხვევის ადგილიდან გაყვანა. შემთხვევის ადგილზე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს დახვდა მძღოლი თანმხლებ პირთან ერთად, ავტომობილი იდგა ქუჩაში და აფერხებდა ისედაც გართულებულ მოძრაობას, ამიტომ საკმაოდ მალე გაიყვანეს ავტომობილი ქუჩიდან. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ძალიან სწრაფად გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე იმავე ეზოში არსებული საცხოვრებელი სახლში მცხოვრები რამდენიმე პირი მივიდა, რომელთაც უთხრეს, რომ გამხმარი ხის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდეს თბილისის მერიასა და გამგეობას. მათვე გადასცეს საბურთალოს გამგეობისადმი ჩაბარებული მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსახლეობის განმარტებით, ხის წაქცევის საფრთხე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიმართეს გამგეობას და მერიას ხის მოჭრისა შესახებ, თუმცა შესაბამისმა პირებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. მოსახლეობის განმარტებით, ორივე ხე იყო გამხმარი და ნებისმიერ დროს არსებობდა მისი წაქცევის საფრთხე. ორივე ხის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე და მუდმივად ელოდნენ მათ წაქცევას. ნებისმიერ ამინდში შეიძლება ხე წაქცეულიყო მისი მდგომარეობის გამო.
დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ოქტომბერს თ.ა-ემ განაცხადით მიმართა სს „ა...ას“ და მოითხოვა ხის დაცემის შედეგად ავტომანქანისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ოქტომბერს შპს „...“-ის მიერ შედგა N... დეფექტური აქტი, რომლის საფუძველზეც დაზიანებული ავტომობილის (...-ს მარკის ავტომობილის, სახელმწიფო ნორმით...) ზიანის ოდენობამ შეადგინა 9 930 ლარი; 2018 წლის 6 ნოემბრის საგადახდო დავალება ეროვნული ვალუტის გადარიცხვაზე N1-ით დგინდება, რომ სს „ა...ის“ მიერ თ.ა-ის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 3000 ლარი, გადახდის დანიშნულება - სადაზღვევო ანაზღაურება პოლისი ..., აქტი N...; 2018 წლის 10 დეკემბრის საგადახდო დავალება ეროვნული ვალუტის გადარიცხვაზე N1-ით დგინდება, რომ სს „ა...ის“ მიერ თ.ა-ის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 3000 ლარი, გადახდის დანიშნულება - სადაზღვევო ანაზღაურება პოლისი ..., აქტი N..., სახ. ნომ. ...; 2018 წლის 18 დეკემბრის საგადახდო დავალება ეროვნული ვალუტის გადარიცხვაზე N1-ით დგინდება, რომ სს „ა...ის“ მიერ თ.ა-ის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 2275 ლარი, გადახდის დანიშნულება - სადაზღვევო ანაზღაურება პოლისი ..., აქტი N..., სახ. ნომ. ...; 2018 წლის 18 დეკემბრის საგადახდო დავალება ეროვნული ვალუტის გადარიცხვაზე N1-ით დგინდება, რომ სს „ა...ის“ მიერ თ.ა-ის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 1655 ლარი, გადახდის დანიშნულება - სადაზღვევო ანაზღაურება პოლისი ..., აქტი N..., სახ. ნომ. ....
დადგენილია, რომ 2019 წლის 29 იანვარს სს „ა...ამ“ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და საბურთალოს რაიონის გამგეობას, სადაც მიუთითა, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N5ა-ს მიმდებარედ, სს „ა...ის“ მიერ დაზღვეულ ავტომანქანას დაეცა მოტეხილი ხე. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც შეადგინა რეაგირების ოქმი, სადაც მოხდა ავტომანქანის დაზიანების და ზიანის გამომწვევი მიზეზების აღწერა. დადგინდა, რომ ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია ავარიული ხის დაცემამ. ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N5ა-ში მცხოვრებმა ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აღნიშნული ხეების სხვლა - ფორმირების მიზნით არაერთხელ მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და გამგეობას, რათა თავიდან აეცილებინათ ხის დაცემის საფრთხე. სს „ა...ამ“ აღნიშნული განცხადებით მოითხოვა ინფორმაცია, თუ ვინ ახორციელებს ხეების სხვლა-ფორმირებას და აღნიშნულთან დაკავშირებით ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა.
საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N5ა, ბინა N...-ში მცხოვრებმა ნ.გ-ემ 2018 წლის 30 მაისს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგებელს, რომლითაც მოითხოვა ამავე კორპუსის ეზოსა და მის მიმდებარედ ქუჩის მხარეს არსებული მაღალი ხეების სხვლა - ფორმირება. ამავე განცხადებით განმცხადებელმა გამგეობას აცნობა, რომ ზემოთ მითითებული ხეები არის დიდი ასაკის და პერიოდულად ტყდება ტოტები.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2019 წლის 4 მარტის N31-01190632366 წერილით სს „ა...ას“ ეცნობა, რომ ნ.გ-ის განცხადების საფუძველზე, საბურთალოს რაიონის გამგეობის შესაბამისი უფლებამოსილი პირი მიერ, 2018 წლის 12 ივნისს განხორციელდა მითითებულ მისამართზე ხეების დათვალიერება და შემოწმება. ვიზუალური დათვალიერების შედეგად, რაც განხორციელდა ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N5ა-ში მცხოვრები პირების თანდასწრებით, არ დადასტურდა იქ არსებული ხეების ისეთი სახის დაზიანებების, ან დაავადებების არსებობა, რაც შეიძლება გამხდარიყო მათი წაქცევის ან გადატეხის საფუძველი და არ არსებობდა მათი აუცილებელი სხვლა-ფორმირების საჭიროება.
დადგენილია, რომ 2019 წლის 23 აპრილს და 21 ივნისს, სს „ა...ამ“ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და საბურთალოს რაიონის გამგეობას, სადაც მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N5ა-ში, სს „ა...ის“ მიერ დაზღვეულ ავტომანქანას (..., ..., სახელმწიფო ნორმით...) დაეცა მოტეხილი ხე. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც შეადგინა რეაგირების ოქმი, სადაც მოხდა ავტომანქანის დაზიანების და ზიანის გამომწვევი მიზეზების აღწერა. სადაზღვევო კომპანიამ მოახდინა ზიანის შეფასება შპს „...“-ის მიერ შედგენილი დეფექტური აქტით, ავტომანქანის აღდგენის ღირებულებამ შეადგინა 9 930 ლარი. სადაზღვევო კომპანიამ მოახდინა დაზღვეული ავტომანქანის აღდგენის ღირებულების გადახდა, შესაბამისად, მხარემ მოითხოვა შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ზიანის სახით 9 930 ლარის სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2019 წლის 4 ივლისის N31-01191851265 წერილით, სს „ა...ას“ უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე. წერილში მითითებულია, რომ საქმის წარმოების პროცესში, გამგეობის მიერ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, 2018 წლის 26 ოქტომბერს, ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე არსებული ამინდის შესახებ. სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 26 ოქტომბერს, ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა ძლიერი „შტორმული“ ქარი. შესაბამისად, აღნიშნული ხის ტოტის მოტეხა გამოიწვია ძლიერმა ქარმა და ხის ავარიულობის გამო აღნიშნული შედეგის დადგომაზე საუბარი დაუსაბუთებელია. წერილის თანახმად, ნ.გ-ის განცხადება გამგეობას სადაზღვევო ფაქტის დადგომაზე რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა მიღებული, რაც არ გამორიცხავს ასევე ამ შუალედური პერიოდის მანძილზე გარემო - ფაქტორებს შედეგად ხისთვის ახალი ზიანის მიყენების შესაძლებლობას. გამგეობამ მიიჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევა გამოწვეული არ ყოფილა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ თავის უფლებამოვალეობების არაჯეროვნად განხორციელების შედეგად. ასევე არ დგინდება გამგეობის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის საფუძველზეც სხვა მესამე პირების რაიმე ზიანი მიადგათ. საქმის არცერთი ფაქტობრივი გარემოება არ ადასტურებს საბურთალოს რაიონის გამგეობის (მისი რომელიმე თანამშრომლის) მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტს, რამაც გამოიწვია ხის ტოტის მოტეხა და ავტომანქანის დაზიანება. წერილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ხის ტოტის მოტეხა გამოწვეულია სტიქიური მოვლენის შედეგად და მსგავსი დაზიანება ქარის შედეგად ჯანმრთელ ხეებსაც ადგებათ.
სს „ა...ის“ მიმართვის საფუძველზე ჩატარებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 ნოემბრის N008003019 ექსპერტის დასკვნაში მითითებულია, რომ საკვლევად წარმოდგენილი ობიექტი - (ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N5ა) არის ერთი ძირი ვერხვის ხმელი (გადანატეხი) კუნძი, რომელიც მექანიკურად დაზიანებულია, დამსკდარია, დანეკროზებულია მერქნის ქსოვილები, რამდენიმე ადგილას აქვს ჩაღრმავებული ფუღურო. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 28 ნოემბერს სს „ა...ის“ მიერ დაკორექტირებულ კითხვაზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განმარტა, რომ „CD დისკზე წარმოდგენილი ფოტომასალის მიხედვით, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე წაქცეული ვერხვის ხე არის ხმელი, დაფუღუროებული/დამსკდარი მერქნის ქსოვილებით, შესაბამისად, წაქცევამდე მოცემული ხე იყო ხმობადი და გადაბერებული, რამაც გამოიწვია ხის მოულოდნელი მოტეხა“.
საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს რელევანტურ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულებაზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის გარემოს დაცვას, მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ლანდშაფტურ - სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონების დაგეგმარებას, მუნიციპალური მნიშვნელობის ტყის მართვას, სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის ძირითადი ფუნქციებია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში, მოვლითი ჭრის ნებართვის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში მოვლითი ჭრის განხორციელება. ამავე დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სამსახურის ერთ - ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფებია ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილება, რომლის ფუნქციებს წარმოადგენს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში, მოვლითი ჭრის ნებართვის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში განხორციელება; ასევე, ფიტოსანიტარული კვლევა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბერს №17-55 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესზე, რომლის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას, აგრეთვე მწვანე ნარგავების მოჭრა - გადარგვაზე ნებართვის გაცემისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი ან შესაბამისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო რაიონის გამგეობა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით ან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე. წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, სანიტარული ჭრა არის სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა.
აქვე გასათვალისწინებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულება“, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თბილისის რაიონის გამგეობა არის თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის – რაიონის მართვას. ამავე დებულების მე-2 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამგეობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება დაქვემდებარებული ტერიტორიის გამწვანება, მწვანე ნარგავების მოვლააღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
მითითებული საკანონმდებლო რეგულაციისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის (ყოფილი ...ის) მიმდებარედ არსებული მწვანე ნარგავების მოვლა - აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ასევე, თბილისის ტერიტორიაზე ხემცენარეების მოვლითი ჭრის განხორციელება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებაა. შესაბამისად, განსახილველ დავის საგანთან მიმართებაში პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანო - საბურთალოს რაიონის გამგეობა, ისე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც საქალაქო სამსახურები არიან მერიის ერთიანი სტრუქტურა (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად), სადავო საკითხთან მიმართებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ასევე წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს.
დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრული იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება(#ბს-648-623(2კ-13),10.04.2014წ). ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე მითითებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ხესთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა როგორც მერიას, ასევე გამგეობას, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოებს მათზე დაკისრებული მოვალეობები არ შეუსრულებიათ - არ განხორციელებულა მწვანე ნარგავის მოვლა - აღდგენასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოვლითი ჭრა. რაც შეეხება კასატორის - საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლის იმ მოსაზრებას, რომ ხის ტოტის მოტეხა გამოწვეული იყო სტიქიური მოვლენის შედეგად და მსგავსი დაზიანება ქარის შედეგად ჯანმრთელ ხეებსაც ადგებათ, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას საქმეში წარდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 ნოემბრის N008003019 ექსპერტის დასკვნაზე, სადაც მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N5ა-ში არის ერთი ძირი ვერხვის ხმელი (გადანატეხი) კუნძი, რომელიც მექანიკურად დაზიანებულია, დამსკდარია, დანეკროზებულია მერქნის ქსოვილები, რამდენიმე ადგილას აქვს ჩაღრმავებული ფუღურო. დაკორექტირებულ კითხვაზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ ასევე განმარტა, რომ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე წაქცეული ვერხვის ხე არის ხმელი, დაფუღუროებული/დამსკდარი მერქნის ქსოვილებით, შესაბამისად, წაქცევამდე მოცემული ხე იყო ხმობადი და გადაბერებული, რამაც გამოიწვია ხის მოულოდნელი მოტეხა. ასევე ყურადსაღებია სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე დათვალიერების აქტით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მივიდნენ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N5ა-ს მაცხოვრებლები, რომელთაც განმარტეს, რომ ხის წაქცევის საფრთხე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და მისი მოჭრისა შესახებ არაერთხელ მიმართეს გამგეობას და მერიას, თუმცა შესაბამისმა პირებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. მოსახლეობის განმარტებით, ორივე ხე იყო გამხმარი და ნებისმიერ დროს არსებობდა მისი წაქცევის საფრთხე მისი მდგომარეობის გამო. ყოველივე მითითებულის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ აღნიშნული ხის წაქცევა გამოწვეული იყო ქარის შედეგად, მისი სიძველის, გადაბერების და დაზიანების გამო, შესაბამისად, საბურთალოს რაიონის გამგეობის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა 2018 წლის 12 ივნისს სწორად ვერ შეაფასა არსებული ხის დაზიანების ხარისხი. ამდენად, სახეზეა მოპასუხეთა უმოქმედობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრებში ადმინისტრაციულ ორგანოთა წარმომადგენლების არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჯეროვნად არ განახორციელეს ნაკისრი ვალდებულება, რაც გულისხმობდა მათ ვალდებულებას განეხორციელებინათ მწვანე ნარგავების მოვლა - პატრონობა, მათი აღდგენა ან საჭიროების შემთხვევაში ამოძირკვა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხის უმოქმედობის, ანუ დაკისრებული ვალდებულებების განუხორციელებლობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვინაიდან ხის დაცემის შედეგად დაზიანდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც მასთან იყო დაზღვეული. კანონით დადგენილი საჯარო ვალდებულებები კი თავის თავში მოიცავს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში მოთხოვნის უფლებას, ე.ი. მხარეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მოპასუხეს უმოქმედობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინებას სრულად გასაჩივრების პირობებში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის არსებით ნაწილში მსჯელობის გაზიარებასთან ერთად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის და საექსპერტო დასკვნის მომზადებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილშიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი