Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-279(2კ-25) 23 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)- გ.დ-ი

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის გ.დ-ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

კასატორის საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

2022 წლის 26 აპრილს გ.დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 250 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 8 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მგზავრობის ხარჯის - 3699 ევროს ეკვივალენტი ლარისა და ექსპერიზის ხარჯის - 450 ლარის ოდენობით ანაზღაურება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საპროცესო ხარჯის, კერძოდ, ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 2500 აშშ დოლარის; დოკუმენტის თარგმანისა და ნოტარიულად დამოწმების ხარჯის - 149 ლარის, სამგზავრო ბილეთების თარგმანის - 200 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის - 340 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით გ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ.დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 600 (ექვსასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (გადახდის დროს არსებული ეროვნული ბანკის კურსით), მატერიალური ზიანის სახით - 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (გადახდის დროს არსებული ეროვნული ბანკის კურსით) და ექსპერტიზის ხარჯის - 340 (სამას ორმოცი) ლარის ანაზღაურება. საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა გ.დ-ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში კი გ.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელემ ასევე მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, ხოლო გ.დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ.დ-ის სარჩელი. საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ.დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (გადახდის დროს არსებული ეროვნული ბანკის კურსით), მატერიალური ზიანის სახით - 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა (გადახდის დროს არსებული ეროვნული ბანკის კურსით) და მატერიალური ზიანის სახით (ექსპერტიზის ხარჯი) - 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება. ასევე, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ.დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გ.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება გ.დ-მა და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს.

კასატორი - გ.დ-ი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, როგორც მორალური ასევე მატერიალური ზიანის ოდენობის ნაწილში და მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა დამდგარი ზიანის სიმძიმე, გ.დ-ის სუბიექტური დამოკიდებულება, განცდები, რეპუტაცია, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება, სისხლისსამართლებრივი პროცესების ხანგრძლივობა. კასატორი მიუთითებს, რომ ინვალიდობის მქონე პირისათვის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა აუტანელ ტკივილებთან იყო დაკავშირებული, ასევე გადაწყვეტილებაში არ არის გათვალისწინებული გ.დ-ისათვის პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა უკანონო ჩხრეკის დროს, საპატიმრო დაწესებულებაში 19 დღიანი ტანჯვა, დაუსრულებელი საქმის წარმოება სასამართლოს სამ ინსტანციაში ოთხი წლის მანძილზე, ასევე ის ფაქტი და ემოციური დამოკიდებულება, რომ უკანონო ბრალდების გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ ნახულობდა შვილს.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ გ.დ-ის მიმართ უკანონო პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქუჩაში, რამაც გამოიწვია ნეგატიური განცდები და კასატორს შეელახა პატივი და ღირსება, ასევე მოსარჩელეს პროკურატურამ წაუყენა უკანონო ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, უკანონოდ სცნეს გ.დ-ი ბრალდებულად, რითაც დაირღვა მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. კასატორი ასევე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში 29 ივნისიდან 02 ივლისამდე, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იყო ძალიან მძიმე. გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ კასატორი ვერ ახერხებდა შვილთან კომუნიკაციას, ვინაიდან აკრძალული ჰქონდა დაზარალებულ ე.ხ-სთან შეხვედრა. სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდა 4 წლის განმავლობაში, 62 სხდომა და 5 200 საათი, გ.დ-ის უდანაშაულობის დასამტკიცებლად დასჭირდა სამი ადვოკატი, რაც უკავშირდება დიდ მატერიალურ ხარჯს, მორალურ სტრესს, დახარჯულ დროს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ არასამართლიანი ოდენობით მოხდა მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ განსაზღვრული მატერიალური ზიანის ოდენობას, ვინაიდან მგზავრობის ხარჯთან მიმართებით მისი მხრიდან წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა საქმის განხილვისათვის სხდომებზე დასასწრებად განხორციელებული ფრენებისათვის გაღებულ ხარჯს, ხოლო რაც შეეხება სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული დავის ფარგლებში გაწეულ ადვოკატის ხარჯს, კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და გაურკვეველია. ასევე, გ.დ-ი არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას საპროცესო ხარჯების, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნის, დოკუმენტების თარგმანისა და ნოტარიული დამოწმების ხარჯების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ ზიანის ასანაზღაურებლად პირს ზიანი უნდა მიადგეს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის უკანონო და ბრალეული ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით პროკურატურისთვის გ.დ-ის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას და ყურადღებას ამახვილებს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად პირის გამართლებისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულმა ყველა მოქმედებამ არამართლზომიერი ხასიათი შეიძინა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედების აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებები გააჩნია. შესაბამისად, პირის გამართლების შემთხვევაშიც ვერ მიენიჭება კანონის საფუძველზე განხორციელებულ მოქმედებებს არამართლზომიერი ხასიათი. მით უფრო, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს პროკურატურის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებად.

კასატორის განმარტებით, მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.

მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა ოჯახში ჩადენილ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ძალადობის ფორმაა. ოჯახში ჩადენილი ძალადობის გამოძიება და მისი სასამართლოში განხილვა გარკვეული სპექციფიკურობით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოშივე იყო გამართლებული და მას მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში მოუწია საპატიმრო დაწესებულებაში 19 დღე ყოფნა. საქართველოს გენერალური პროკურატურა ასევე არ ეთანხმება მოსარჩელის მითითებას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შედეგად გ.დ-ის დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და რეაბილიტაციის გავლა მოუწია საზღვარგარეთ, ვინაიდან მითითებული გარემოება არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. ამდენად, კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით პროკურატურისთვის გ.დ-ის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის - 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის დაკისრებას.

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა ასევე არ ეთანხმება მისთვის მატერიალური ზიანის სახით - 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილება სრულად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. რაც შეეხება მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის დაკისრებას, საქართველოს გენერალური პროკურატურა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე განხორციელებული მოქმედებები, მათ შორის ადვოკატის აყვანა არის პირის უფლება და ამ უფლებით სარგებლობა არ უნდა იქნას გაგებული როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მიყენებულ მატერიალურ ზიანად. გარდა ამისა, მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას. მოცემულ შემთხვევაში, გ.დ-ის მიერ წარმოდგენილია ადვოკატთან დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებები, მაგრამ წარმოდგენილი არ არის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეეხება 2019 წლის 1 ოქტომბრის ქვითარს, არ დგინდება მისი საქმესთან შემხებლობა. კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს საქმის ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯის სახით 450 ლარის დაკისრებას, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების შეგროვება მისი უფლებაა, რაც არ შეიძლება გაგებული იქნას მიყენებულ ზიანად. რაც შეეხება საპროცესო ხარჯებს - ადმინისტრაციულ საქმეზე ადვოკატის მომსახურების 2 000 ლარის დაკისრებას, საქართველოს გენერალური პროკურატურა განმარტავს, რომ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების პერსპექტივა უკავშირდება სარჩელის დაკმაყოფილებას, შესაბამისად, ვინაიდან კასატორი მიიჩნევს, რომ გ.დ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს არცერთ ნაწილში, ასევე საფუძველს მოკლებულია საპროცესო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მარტისა და 15 აპრილის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ.დ-ის საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ გ.დ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის უკანონო ბრალდებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა და დაკისრებული თანხის ოდენობის გონივრულობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. ამასთან, თუკი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ქმნის, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის არაბრალეულობის პირობებშიც კი, თუკი დადასტურდება ქმედების უკანონობა და იარსებებს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მარეაბილიტირებულ გარემოებად განხილულ უნდა იქნეს პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რაც ადასტურებს, რომ პირს დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პირის დაპატიმრება/მსჯავრდება ავტომატურად უკანონოდ მიიჩნევა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 02 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით გ.დ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, რომლის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივნისის 16:40 საათიდან, ხოლო 2018 წლის 18 ივლისის განაჩენით მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა გირაოთი - 2000 ლარის ოდენობით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის განაჩენით გ.დ-ი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა. შესაბამისად, სახეზეა გ.დ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უკანონო ბრალდებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის/აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების ან უკანონო მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. „პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, სისხლის სამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ქმნის ერთგვარ დისკომფორტულ, სტრესულ სიტუაციას. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა“ (სუსგ №ბს-432-429 (2კ-17), 07.02.2019წ.).

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia) რომლის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმები (თავისუფლების აღკვეთა) არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.

განსახილველ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ოდენობის შეფასებისას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოსარჩელის უკანონო პატიმრობაში ყოფნის პერიოდს და წარდგენილი ბრალდების არსს, ნეგატიურ განცდებსა და სტრესს, რაც თან ახლავს ამ მდგომარეობას და ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას დაკისრებული ზიანის ოდენობის შეუსაბამობის თაობაზე. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელისთვის მიკუთვნებული თანხა ვერ მოახდენს მისთვის მიყენებული ზიანის სრულ კომპენსირებას, ემსახურება მხოლოდ მიყენებული უარყოფითი შედეგების შემსუბუქებას და შეუძლებელია თანხობრივად სრულად იქნეს გამოხატული ყველა ის ნეგატიური განცდა, რაც მოსარჩელეს სადავო შემთხვევაში მიადგა. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა მოხდა გონივრულ ფარგლებში.

რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის მსჯელობას გ.დ-ის მიერ მატერიალური ზიანის სახით როგორც სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის, ასევე მგზავრობის და ექსპერტიზის ხარჯის მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრების თაობაზე და დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის, რაც გამოიხატა კასატორის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სასამართლო წარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით. ადვოკატის მომსახურებისთვის ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას, უკეთუ აშკარაა, რომ პირის უფლების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია (სუსგ საქმეზე №ბს-809-805(3კ-17), სუსგ საქმეზე №ბს-432-429(2კ-17)). ამდენად, საკასაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146).

რაც შეეხება განსახილველი ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში გაწეული საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით კი, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა ადგენს კიდევ უფრო მაღალი დაცვის სტანდარტს და ხელმყოფ პირს მაშინაც აკისრებს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ქველმოქმედების სახით. საქმეში „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) „სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერი აჩვენებს, რომ ეს ასე არ იყო განმცხადებელსა და წარმომადგენლების შემთხვევაში. მაშასადამე, ადვოკატების ჰონორარები ანაზღაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. ამ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ეკისრებოდა ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა“.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატი ნონა ოტიაშვილი მოსარჩელის წარმომადგენლობას რეალურად ახორციელებდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მითითებული გარემოებებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გათვალისწინებით, ვერ გაითვალისწინებს საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითებას საპროცესო ხარჯის სახით მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული საქმეზე ადვოკატის მომსახურებისა და ექსპერტიზის ხარჯის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე და სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი თანხების ოდენობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.დ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე

ნუგზარ სხირტლაძე