№212აგ-15 26 თებერვალი, 2016 წელი
დ-ა ი, 212აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განაჩენით ი. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა 12 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ი. დ-ა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 იანვრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2015 წლის 5 აგვისტოს მსჯავრდებულმა ი. დ-მ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი ქმედების მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ი. დ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა ი. დ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინების გაუქმება; ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულ ი. დ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რისთვისაც განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
მსჯავრდებულ ი. დ-ს ქმედება (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ–ის 19,260–ე მუხლის მე–5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ასევე ითვალისწინებს შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ამდენად, მსჯავრდებულის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და შესაბამისად, განაჩენი ვერ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამჟამად მოქმედ კანონმდებლობასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. დ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ი. დ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე