Facebook Twitter

¹ ას-140-483-07 28 მაისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ფ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჭ.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჭ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ფ.-ს მიმართ ზიანის ანაზღურებისა და შპს «ს.-ის» ...-ს მოლარის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადასტურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის _ 2000 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა ა.ფ.-მ, ხოლო ლ.ჭ.-მ თავისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 6 ოქტომბერს, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ, თუმცა სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეს აპელანტი ა.ფ.-ა და მისი წარმომადგენილი თ.თოლორაია სხდომაზე არ გამოცხადდნენ. ლ.ჭ.-მ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ლ.ჭ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ჭ.-ა აღდგენილ იქნა შპს «ს.-ის» ...-ს მოლარის თანამდებობაზე, ხოლო ა.ფ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ა. ფ.-ს წარმომადგენელმა თ. თ.-მ შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 6 ოქტომბრის სასართლო სხდომის შესახებ როგორც ა. ფ.-ა, ისე მისი წარმომადგენელი თეიმურაზ თოლორაია გაფრთხილებული იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და არც აღნიშნულის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებიათ. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სასამართლო უწყება პირადად ჩაბარდა ა. ფ.-ს, ამდენად, იგი მისი წარმომადგენლისათვისაც ჩაბარებულად ითვლება. სააპელაციო პალატამ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა თ.თოლორაიას განმარტება, რომ სასამართლო უწყების ჩაბარების შემთხვევაშიც იგი ვერ გამოცხადდებოდა საქმის განხილვაზე, რადგან 2006 წლის 5 ოქტომბერს მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას ბევრი დრო დასჭირდა და არჩევნების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში იგი სხდომაზე გამოცხადებას ვერ მოასწრებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ა.ფ.-სა და მის წარმომადგენელს სასამართლო უწყება სხდომის დროის შესახებ ჩაბარდათ 2006 წლის 12 აგვისტოს, ამდენად, მათ საკმარისი დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ თავისი გამოუცხადებლობის თაობაზე დროულად ეცნობებინათ სასამართლოსათვის, რაც არ განუხორციელებიათ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ფ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა როგორც გასაჩივრებული განჩინების, ისე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლი, როდესაც დააკმაყოფილა ლ.ჭ.-ს მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული მხარემ მოითხოვა შეგებებული სააპელაციო საჩივრით, რითაც სასარჩელო მოთხოვნა უკანონოდ გაზარდა, მანამდე კი ითხოვდა ...-ში მისი მუშაობის ფაქტის დადგენას. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი პუნქტით, აპელანტ ა.ფ.-ს გამოუცხადებლობის შემთხვევაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივარი განეხილა. ამავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის _ ა.ფ.-ს გამოუცხადებლობის პირობებში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნებინა ლ.ჭ.-ს ახსნა-განმარტებებზე, ფაქტობრივად კი ლ.ჭ.-ს სააპელაციო სასამართლოსათვის ახსნა-განმარტებები არ მიუცია. სააპელაციო პალატამ დაარღვია ამავე კოდექსის 384-ე მუხლი, რადგან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლისას ლ.ჭ.-ს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გასცდა მის ფარგლებს და არ გაითვალისწინა, რომ რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა არა ლ.ჭ.-ის სამუშაოზე აღდგენის, არამედ მისი მუშაობის ფაქტის დადასტურების შესახებ. აღნიშნულით პალატამ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის, 83-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 248-ე მუხლის დარღვევით, მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, კასატორის წარმომადგენელი თ.თოლორაია 2006 წლის 5 ოქტომბერს მონაწილეობდა თვითმმართველობის არჩევნებში, ხმის დათვლის პროცედურა დასრულდა მომდევნო დღეს, რისი შედეგებიც თ.თოლორაიამ გაასაჩივრა. აღნიშნულის გამო მხარე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს სასამართლოს ვერ შეატყობინებინა. ლ.ჭ.-ის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელის მითითების თანახმად, იგი სამუშაოდან გათავისუფლდა 2003 წელს, სარჩელი კი აღძრა 2005 წლის 12 ივნისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ფ.-ს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოში ა. ფ.-ს სააპელაციო საჩივრისა და ლ. ჭ.-ს შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 6 ოქტომბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლო უწყება აღნიშნულის შესახებ კანონით დადგენილი წესით მხარეებს გაეგზავნათ და ჩაბარდა აპელანტ ა. ფ.-ს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია უწყება გაუგზავნოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, თუმცა იგი ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ უწყება ჩაბარდა მხოლოდ მხარეს ან მხოლოდ მის წარმომადგენელს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უწყება პირადად ჩაბარდა აპელანტ ა. ფ.-ს, თუმცა არც მხარე და არც წარმომადგენელი სასამართლოს მიერ დადგენილ დროს საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და არც აღნიშნულის მიზეზი სააპელაციო სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ გარემოებად ა.ფ.-ა მიიჩნევს სადავო სასამართლო სხდომის წინა დღეს _ 2006 წლის 5 ოქტომბერს მის წარმომადგენელ თ.თოლორაიას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რის შემდეგ ხმების დათვლის პროცედურა და შედეგების გასაჩივრება მომდევნო დღეს _ 2006 წლის 6 ოქტომბერსაც გაგრძელდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობდა 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოების დადასტურება, რომელიც სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს. ამდენად, კანონმდებელი მხარეს აკისრებს ვალდებულებას, დროულად აცნობოს სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს ისეთი გარემოების არსებობა, რომლის გამოც გამოუცხადებლობის მიზეზის სასამართლოსათვის დროულად შეტყობინება შეუძლებელი გახდა.

მოცემულ შემთხვევაში ა.ფ.-ა 2006 წლის 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნევს თვითმმართველობის არჩევნებში მისი წარმომადგენლის მონაწილეობას, რომლის გარეშეც იგი სასამართლოში თავისი ინტერესების დაცვას ვერ შეძლებდა, თუმცა აპელანტმა ვერ დაადასტურა ისეთი გარემოების არსებობა, რომელმაც ხელი შეუშალა ა.ფ.-ს დროულად შეეტყობინებინა სასამართლოსათვის საქმის განხილვაში მისი და თ.თოლორაიას მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ, მაშინ, როცა სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე უწყება ა.ფ.-ს ჯერ კიდევ 2006 წლის 12 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით მხარე ვალდებული იყო მხედველობაში მიეღო მომავალი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დრო და, შესაბამისად, უზრუნველეყო თავისი ინტერესების დაცვა სასამართლოში.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების დარღვევით. მითითებული ნორმების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ა. ფ.-ს სააპელაციო საჩივარი მისი გამოუცხადებლობის გამო არ დააკმაყოფილა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დააყრდნო ლ.ჭ.-ს შეგებებულ სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ ახსნა-განმარტებებს. ასევე, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ ლ.ჭ.-ს სააპელაციო სასამართლოსათვის ახსნა-განმარტება არ მიუცია, ვინაიდან ამ უკანასკნელის პოზიცია დაფიქსირებულია მის შეგებებულ სააპელაციო საჩივარში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრით ლ.ჭ.-მ მოითხოვა რა სამუშაოზე მისი აღდგენა, აღნიშნულით მან დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის დანაწესი და უკანონოდ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ.ჭ.-ა რაიონულ სასამართლოში ითხოვდა შპს «ს.-ის» თანამშრომლად აღიარებას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამდენად, ლ.ჭ.-ს ჰქონდა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, როდესაც ა.ფ.-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს, იგი უნდა დარჩეს ძალაში, ა. ფ.-ს საკასაციო საჩივარს კი უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ფ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.