Facebook Twitter

№503აგ-15 26 თებერვალი, 2016 წელი

გ-ე ლ, 503აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განაჩენით მსჯავრდებული ლ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 137–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ლ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაემატა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მსჯავრდებულ ლ. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 12 სექტემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 137–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. გ-ს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ლ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ლ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 12 სექტებმრიდან.

2015 წლის 29 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ. გ-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

შუამდგომლობის ავტორი ახლად გამოვლენილ გარემოებად და განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მის მიმართ განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსათვის ცნობილი იყო ე.წ. დაზარალებულის პირველი ჩვენება, რომელიც მან 2010 წლის 9 სექტემბერს, დაკითხვისას განაცხადა. შუამდგომლობას მან დაურთო დაზარალებულ ნ. ფ-ს არასრული დაკითხვის ოქმის ქსეროასლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა ლ. გ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება; საქმის ხელახლა გამოძიება და განხილვა; სამართლიანი განაჩენის დადგენა ან/და შეკრებითი სასჯელისგან გათავისუფლება.

ამასთან, კასატორმა წარმოადგინა დაზარალებულ ნ. ფ-ს დაკითხვის ოქმის ქსეროასლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოკლებულია შესაძლებლობას, სამართლებრივი შეფასება მისცეს კასატორის მიერ წარმოდგენილ, დაზარალებულ ნ. ფ-ს დაკითხვის ოქმს და, შესაბამისად, იმსჯელოს მსჯავრდებულ ლ. გ-ს ბრალეულობაზე.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქმის ხელახლა არსებითად განხილვის თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ამის უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ლ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ლ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე