საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-304(კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ხონის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.მ-ი
მოპასუხეები – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 3 თებერვალს ლ.მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით ლ.მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
2024 წლის 25 იანვარს ლ.მ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
2024 წლის 29 აპრილს ლ.მ-მა კვლავ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ (1) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონული განყოფილების 1994 წლის 1 სექტემბრის #27 ბრძანებისა და მის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონული განყოფილების მიერ 1994 წლის 1 სექტემბერს ერთი პირის საწარმოზე - კომერციულ ფირმა „...ზე“ გაცემული #62/2-კ საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა, (2) ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის სახელზე, ქალაქ ხონის ცენტრალურ ...ში მდებარე ...ს შენობაზე (ს.კ ...) უძრავი ქონების რეგისტრაციის ნაწილობრივ - ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში 2021 წელს წარდგენილი ნახაზის მიხედვით ლ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე, (3) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 ნოემბრის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 5 იანვრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და (4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. ხონში, ...ზე, ცენტრალური ...ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების - ...ს შენობის (88 კვ.მ) ლ.მ-ის სახელზე დარეგისტრირების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 7 ოქტომბერს ლ.მ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მის მიერ 1993 წლის 28 ივნისს ჩატარებულ სახელმწიფო საწარმოთა კონკურსზე, 1 234 500 (მილიონ ორას ოცდათოთხმეტი ათას ხუთასი) კუპონად შეძენილი, ქალაქ ხონში, ...ზე, ცენტრალური ...ის ტერიტორიაზე მდებარე ...ს შენობის ( ...ში მდებარე ...ის) მის საკუთრებად დარეგისტრირება მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, მას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრმა მას მოსთხოვა „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული ინდ.მეწარმე ლ.მ-ისა და ერთი პირის საწარმო „...ის“ სამართლებრივი კავშირის დადგენა, რასაც იგი არ ეთანხმება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1993 წლის 17 აგვისტოს ფიზიკურ პირ ლ.მ-ისა (პასპორტის სერია ... #...; პ/ნ ...) და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონულ განყოფილებას შორის გაფორმდა სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის #2 ხელშეკრულება. ხონის სახელმწიფო საწარმოთა კონკურსით გაყიდვის რაიონული კომისიის სხდომის 1993 წლის 28 ივნისის #2 ოქმით, კომისიამ კონკურსში გამარჯვებულად ცნო ფიზიკური პირი ლ.მ-ი.
მოსარჩელის მითითებით, 1993 წლის 28 ივნისს კონკურსის წესით პრივატიზება ჩაუტარდა ...ში მდებარე ...ს. 1993 წლის 1 ნოემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონულ განყოფილებასა და ფიზიკურ პირ ლ.მ-ის შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. 1994 წლის 11 სექტემბერს კი გაიცა #62/2-კ საკუთრების მოწმობა ერთი პირის საწარმო - კომერციული ფირმა „...ის“ სახელზე, რომლის დირექტორი იყო ლ.მ-ი.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მიერ 1993 წლის 28 სექტემბერს გამოცემულ იქნა ბრძანება #199 „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის პრივატიზებულ ობიექტებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის უფლების დელეგირების შესახებ“, რომლის თანახმადაც, აუქციონის და კონკურსის წესით პრივატიზებულ ობიექტებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის უფლება დელეგირებულ იქნა სახელმწიფო ქონების მართვის ტერიტორიულ ორგანოებზე. ბრძანების მე-2 პუნქტით ქონების მართვის სამინისტროს დაევალა, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ეწარმოებინა სამინისტროს მიერ დამტკიცებული მეთოდიკით. მეთოდიკის მე-2 ნაწილის მიხედვით, „საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გამცემს უნდა წარედგინოს: ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება საპრივატიზაციო გარიგებათა შესახებ, პრივატიზებული საწარმოს მიღება-ჩაბარების აქტი, ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საბუთი და ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებული მთელი დოკუმენტაცია“.
მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონული განყოფილების მიერ საკუთრების მოწმობა ერთი პირის საწარმოზე გაცემულ იქნა კანონდარღვევით, მინისტრის ბრძანების საწინააღმდეგოდ.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 ნოემბრის #... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 5 იანვრის #... გადაწყვეტილება; დადგინდა ლ.მ-ის 2021 წლის 7 ოქტომბრის #... სარეგისტრაციო განცხადებაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების განახლება და მარეგისტრირებელ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ქ. ხონში, ...ზე, ცენტრალური ...ის ტერიტორიაზე მდებარე ...ის შენობა, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდება ლ.მ-ის სახელზე, ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად, რისთვისაც საჭირო გახდება ს.კ. ... უძრავ ნივთზე ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის, ზედდების ნაწილში, ძალადაკარგულად გამოცხადება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას სწორად განმარტა, რომ 1993 წლის 17 აგვისტოს სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის #2 ხელშეკრულება, როგორც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძალაში მყოფი ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ასევე, ამავე ნორმით დადგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაუსაბუთებლად არ ჩათვალა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად, მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთრების მოწმობა გაიცა ერთი პირის საწარმოზე - კომერციულ ფირმა „...ზე“, რომლის დამფუძნებელი, დირქტორი და ერთპიროვნული მესაკუთრე, ამავდროულად (საწარმოს წესდების პირველი მუხლის თანახმად), არის ლ.მ-ი. შესაბამისად, საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაშიც კი, მისი ქონების მესაკუთრედ და უფლებამონაცვლედ რჩებოდა ფიზიკური პირი ლ.მ-ი, რაზეც მიუთითებდა წესდების ბოლო მე-9 მუხლიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ერთი პირის საწარმოს - კომერციულ ფირმა „...ის“ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ არ გაუვლია რეგისტრაცია და იგი ითვლება გაუქმებულად, არ ხელყოფს ფიზიკური პირის - ლ.მ-ის უფლებას, დაირეგისტრიროს მისი მიერ კანონიერად პრივატიზებული ქონება. ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, რომ სადავო ქონების - ...ის საკუთრების უფლება გადასულია სხვა პირზე, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ სადავო შენობა ამჟამად რეგისტრირებული არ არის ვინმეს სახელზე.
რაც შეეხება მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმ არგუმენტს, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას დადგინდა ზედდება ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამასთან, მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ლ.მ-ის საკუთრებას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად განმარტა, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. ამრიგად, სადავო ...ის შენობაზე საკუთრების უფლება ავტომატურად წარმოშობს შესაბამის მიწის ნაკვეთზე (რომელზეც განლაგებულია შენობა) საკუთრების უფლებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის შეფასებით, სააპელაციო პალატამ შეფასების მიღმა დატოვა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სადავო ქონება მდებარეობს ქალაქ ხონის ცენტრალურ ...ში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განუსხვისებელ ქონებას. ამ თვალსაზრისით, კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებზე, 121-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 107-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 110-ე მუხლზე.
კასატორის განმარტებით, ერთი პირის საწარმო „...ის“ კანონით სავალდებულო რეგისტრაცია არ გაუვლია. გამომდინარე იქიდან, რომ არ დგინდება ერთი პირის საწარმო „...ის“ ხელახალი რეგისტრაციის ფაქტი, აღნიშნული სუბიექტი გაუქმებულად ითვლება. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია იმ სუბიექტის საკუთრების უფლებაზე მსჯელობა, რომელიც, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს.
კასატორის მითითებით, სახელმწიფო ქონების მართვის ხონის რაიონული განყოფილების მიერ გასხვისდა საწარმო - ...ში მდებარე ... კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის გაყიდვის უფლება სახელმწიფო ქონების ხონის რაიონულ განყოფილებას, იმ დროს მოქმედი კანონის საფუძველზე, არ ჰქონდა, ვინაიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას და გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. შესაბამისად, სადავო პერიოდში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ფიზიკურ პირზე ვერ გაიცემოდა. სახელმწიფო ქონების მართვის ხონის რაიონულმა განყოფილებამ გაასხვისა ..., ანუ საწარმო, სადაც იმთავითვე გაითვალისწინა მოსახლეობის საჯარო ინტერესი, კერძოდ, სადავო პერიოდში მხოლოდ აღნიშნული ... წარმოადგენდა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ფოტოგადაღების საშუალებას. ამდენად, განყოფილებამ ამ ფუნქციის შესრულება მისსავე დაფუძნებულ ერთი პირის საწარმო „...ას“ დააკისრა. ფიზიკურ პირს - ლ.მ-ის მომსახურების გასაწევად საჭირო ინვენტარი გადასცა ნასყიდობის ხელშეკრულებითა და მიღება-ჩაბარების აქტით. სწორედ ამ აქტის მიხედვით ინვენტარის ნაწილს წარმოადგენდა შენობა-ნაგებობა. მიწის ნაკვეთი კი ფიზიკურ პირ ლ.მ-ის სარგებლობის უფლებით გადაეცა.
კასატორის მითითებით, აღნიშნული ნათლად ჩანს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მყიდველის ვალდებულებებში, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, სხვა ვალდებულებებთან ერთად, იგი კისრულობს ვალდებულებას მიიღოს გამყიდველის მიერ გაცემული მხოლოდ შენობა-მოწყობილობა, ქონება (ფოტო-აპარატი, სადგამები და სხვა) და საბრუნავი საშუალებები. მიღება-ჩაბარების აქტით მყიდველს დაეკისრა პასუხისმგებლობა მხოლოდ შენობა-მოწყობილობაზე, ქონებასა და საბრუნავ საშუალებებზე. ამასთან, მან, როგორც ფიზიკურმა პირმა, აიღო ვალდებულება, ყიდვიდან სამი წლის მანძილზე არ შეეცვალა ობიექტის საქმიანობის პროფილი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ მას, როგორც ფიზიკურ პირს, სახელმწიფო აკისრებს ვალდებულებას, ემსახუროს საზოგადოებას და არ შეუცვალოს შესყიდულ ობიექტს თავდაპირველი ხასიათი.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წლებია სადავო შენობაში არ არსებობს ფოტო-მომსახურება და დღეის მდგომარეობით, სადავო უძრავი ქონება ამორტიზებულ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს.
კასატორი თვლის, რომ ...ის შემადგენელი ნაწილის ფიზიკურ პირზე გადაცემა ეწინააღმდეგება „დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1998 წლის 17 ივლისის დადგენილებას.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომლის თანახმად, სადავო შენობა ამჟამად რეგისტრირებული და მის მიმართ პრეტენზია არავის აქვს, მათ შორის, არც იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომელზეც განლაგებულია შენობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორი მიუთითებს, რომ შენობა წარმოადგენს მიწის განუყოფელ ნაწილს, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით ერთ მთლიან უძრავ ქონებად მოიაზრება. შესაბამისად, მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთი ითვლება მუნიციპალიტეტის ძირითად განუსხვისებელ ქონებად და წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, შენობაც მუნიციპალიტეტის საკუთრებად უნდა ჩაითვალოს.
შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ ფიზიკურ პირ ლ.მ-ის არ შეუძენია უძრავი ქონება - მიწა. მას აღნიშნული შენობა საჯარო ინტერესის განსახორციელებლად გადაეცა, რის გამოც, აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე არ შეიძლება გავრცელდეს უძრავი ნივთების გასხვისებისა და დღეს მოქმედი უძრავი ნივთების რეგისტრაციისათვის სავალდებულო წესები, ვინაიდან იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფოს მიერ მიწა გასხვისებას არ ექვემდებარებოდა და იგი სადავო პერიოდში წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით კი, არის მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონული განყოფილების 1994 წლის 1 სექტემბრის #27 ბრძანებისა და მის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონული განყოფილების მიერ 1994 წლის 1 სექტემბერს ერთი პირის საწარმოზე - კომერციულ ფირმა „...ზე“ გაცემული #62/2-კ საკუთრების მოწმობის კანონიერება, (2) ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის სახელზე, ქალაქ ხონის ცენტრალურ ...ში მდებარე ...ის შენობაზე (ს.კ...) უძრავი ქონების რეგისტრაციის ნაწილობრივ - ზედდების ნაწილში კანონიერება და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში 2021 წელს წარდგენილი ნახაზის მიხედვით ლ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე, (3) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 ნოემბრის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 5 იანვრის #... გადაწყვეტილების კანონიერება და (4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. ხონში, ...ზე, ცენტრალური ...ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების - ...ის შენობის (88 კვ.მ) ლ.მ-ის სახელზე დარეგისტრირების დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1993 წლის 17 აგვისტოს სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის #2 ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონულმა განყოფილებამ ლ.მ-ის მიჰყიდა ...ში მდებარე .... 1993 წლის 1 ნოემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონულ განყოფილებასა და ფიზიკურ პირს ლ.მ-ის შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ აღნიშნული ობიექტი შეისყიდა და ჩაიბარა ფიზიკურმა პირმა - ლ.მ-ა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ 1993 წლის 17 აგვისტოს სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის #2 ხელშეკრულება არის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტში მითითებული ძალაში მყოფი ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ასევე, სახეზეა ამავე ნორმით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლებიც მარეგისტრირებელმა ორგანომ დაუსაბუთებლად არ ჩათვალა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთრების მოწმობა გაიცა ერთი პირის საწარმო კომერციულ ფირმა „...ზე“, რომლის დამფუძნებელი, დირქტორი და ერთპიროვნული მესაკუთრე, ამავდროულად (საწარმოს წესდების პირველი მუხლის თანახმად), არის ლ.მ-ი. შესაბამისად, საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაშიც კი, მისი ქონების მესაკუთრედ და უფლებამონაცვლედ რჩებოდა ფიზიკური პირი ლ.მ-ი, რაზეც მიუთითებს წესდების ბოლო მე-9 მუხლიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ის ფაქტი, რომ ერთი პირის საწარმო კომერციულ ფირმა „...ას“ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ არ გაუვლია რეგისტრაცია და იგი ითვლება გაუქმებულად, არ ხელყოფს ლ.მ-ის, როგორც ფიზიკური პირის, უფლებას, დაირეგისტრიროს მისი მიერ კანონიერად პრივატიზებული ქონება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას დადგინდა ზედდება ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან, ხოლო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ლ.მ-ის საკუთრებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა მიწის ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. ამრიგად, სადავო ...ის შენობაზე საკუთრების უფლების დარეგისტრირებით ავტომატურად წარმოიშობა შესაბამის მიწის ნაკვეთზე (რომელზეც განლაგებულია შენობა) საკუთრების უფლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა