Facebook Twitter

№137აგ-15 16 თებერვალი, 2016 წელი

ღ-ი კ 137აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ღ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განაჩენით კ. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 24,260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და კ. ღ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2010 წლის 20 მარტიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ კ. ღ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ღ-ა და მისი ადვოკატების - გ. ქ-ა და ხ. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ღ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.

მსჯავრდებული კ. ღ-ი გათავისუფლდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 24,260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი -11 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2010 წლის 20 მარტიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინებით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

2015 წლის 10 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა კ. ღ-ა, რომელმაც 2015 წლის 8 ივლისის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 260–ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ კ. ღ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა კ. ღ-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განაჩენით კ. ღ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ასევე დახმარება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რისთვისაც განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. მსჯავრდებულ კ. ღ-ს ქმედება (დახმარება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ–ის 24,260–ე მუხლის მე–5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ასევე ითვალისწინებს შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ამდენად, მსჯავრდებულის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და შესაბამისად, განაჩენი ვერ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამჟამად მოქმედ კანონმდებლობასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ კ. ღ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ. ღ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ კ. ღ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე