№140აგ-15 16 თებერვალი, 2016 წელი
ჰ-ი ე, 140აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ჰ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ე. ჰ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის ნაწილი - 2 წელი და საბოლოოდ ე. ჰ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ დაენიშნა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2013 წლის 20 ივნისიდან.
მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
2015 წლის 3 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ე. ჰ-ა, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ე. ჰ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა ე. ჰ-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულ ე. ჰ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის განსაზღვრული სასჯელი არ შეცვლილა, კანონის ცვლილებას არ გამოუწვევია მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ე. ჰ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე. ჰ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ე. ჰ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე