№145აგ-15 16 თებერვალი, 2016 წელი
ი-ი მ, 145აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ი-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენით მ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მ. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 ივნისიდან.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალტის 2011 წლის 30 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ მ. ი-ს მიმართა შევიდა ცვლილება: მ. ი-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ორი ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ მ. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 ივნისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ი-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი. მ. ი-ი გათავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 ივნისიდან.
2015 წლის 3 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. ი-ა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ მ. ი-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა მ. ი-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და მისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკვალიფიცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განაჩენით (რომელშიც ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განაჩენით) მ. ი-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებაში. (2010 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული იყო 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, იმავე ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ამდენად, მსჯავრდებულის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და, შესაბამისად, განაჩენი ვერ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამჟამად მოქმედ კანონმდებლობასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. ი-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ მ. ი-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე