¹ას-143-486-07 20 ივნისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. უ-ეE (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. უ-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გ. ჩ-ს წინააღმდეგ სესხის დაბრუნების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000 წლის 15 ივნისს გ. ჩ-ს ასესხა 4500 აშშ დოლარი თვეში 7%-ის გადახდით, აღნიშნული ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხემ იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. გ.ჩხენკელმა გადაიხადა 4400 აშშ დოლარი, ამ თანხაში შედის ძირითადი თანხის ნაწილი და პროცენტი, გადასახდელად ძირითადი თანხიდან დარჩა 2935 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტის სახით კი 2728 აშშ დოლარი. ლ.უ-მ მოითხოვა მოპასუხისათვის სულ - 5663 აშშ დოლარის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ჩ-ს ლ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2935 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა როგორც ლ. უ-მ, ასევე გ. ჩ-მა.
2006 წლის 3 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, ლ. უ-ის გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ჩ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება ლ. უ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ლ. უ-ის სააპელაციო საჩივარი.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ. უ-მ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ვერ გამოცხადდა იმ მიზეზით, რომ 2006 წლის 3 ნოემბერს გახდა ცუდად, მაგრამ ფიქრობდა, რომ სასამართლო პროცესზე წასვლას მაინც შეძლებდა, რაც ვერ მოახერხა, ვინაიდან მისი მდგომარეობა გაუარესდა და მისმა შვილმა, რომელიც ექიმია, გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება შემდეგ კი წავიდა სასამართლოში, მაგრამ სასამართლო სათათბირო ოთახში იყო გასული და ვერ მოახერხა ეცნობებინა ავადმყოფობის შესახებ.
საჩივართან ერთად მან წარმოადგინა შპს „-- -- --“ მიერ 2006 წლის 15 ნოემბერს გაცემული ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ 3 ნოემბერს ლ. უ-სთან გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარება. მან აგრეთვე წარმოადგინა იმავე სასწრაფო დახმარების ¹190 და ¹207 ცნობები და .... სამკურნალო სარეალიბიტაციო რეგიონალური ცენტრიდან ამონაწერი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ლ. უ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე ლ. უ-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ვერ გამოცხადდა იმის გამო, რომ 2006 წლის 3 ნოემბერს დილიდან იყო ცუდად, მაგრამ ვარაუდობდა, რომ სასამართლო პროცესზე წასვლას მაინც შეძლებდა, რაც ვერ მოახერხა, ვინაიდან მისი მდგომარეობა გაუარესდა და მისმა შვილმა, რომელიც ექიმია, გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება. მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ შემდეგში გააუქმა, ვინაიდან მისი შვილი, რომელიც მუშაობს ამავე დაწესებულებაში ექიმად, ამთავრებდა მუშაობას და იგი წამოვიდა მასთან დასახმარებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო და კერძო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. უ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული ნორმის პირობა, რომლის თანახმად სასამართლოს უნდა შეემოწმებინა არსებობდა თუ არა გარემოება, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარის სასამართლო პროცესზე გამოცხადებისათვის.
როგორც საქმის მასალებისადან ირკვევა, შპს „-- -- --“ მთავარი ექმის მიერ გაცემულია ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ ლ. უ-მ 2006 წლის 3 ნოემბერს ორჯერ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. 09.50 საათზე ავადმყოფმა გააუქმა გამოძახება, ხოლო იმავე დღეს, 12.07 საათზე კი კვლავ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ექიმმა ფ-მ დაუდგინდა დიაგნოზი: ჰიპერტონული კრიზი, არასტაბილური სტენოკარდია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის ავადმყოფობა, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ ექიმის მიერ გაცემული ცნობის არასათანადო დოკუმენტად მიჩნევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება უნდა მისცეს ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნას, რომლის თანახმად ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროცესზე პირის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ მითითება არ გულისხმობს მხოლოდ ასეთი ჩანაწერის არსებობას. შესაძლებელია, რომ პროცესზე პირის გამოცხადების შეუძლებლობაზე მიუთითებდეს სამედიცინო ცნობაში მოყვანილი გარემოებები. სასამართლომ ერთობლიობაში უნდა შეაფასოს აღნიშნული დოკუმენტები (ს.ფ. 78-83) სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგინოს, თუ რამდენად შესაძლებელი იყო მხარის პროცესზე გამოცხადება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.