საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-ბს-335(კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ ...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 3 ნოემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმართელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (ან საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 ოქტომბრის №10/9606 გადაწყვეტილების, „შპს „...“-ს 2021 წლის 28 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 19 ოქტომბრის №№HA 6 22 00432835 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ პაციენტის - გ.ბ-ის (პ/ნ...) მიმართ გაწეული მომსახურების საფასურის 1647 ლარის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (ან საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 ოქტომბრის №10/9606 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი "შპს „...“-ს 2021 წლის 28 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 19 ოქტომბრის №№HA 6 22 00432835 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, შპს „...“-ს სასარგებლოდ დაევალა მის მიერ პაციენტის - გ.ბ-ის მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების საფასურის 1647 ლარის სრულად ანაზღაურება.
საქალაქო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“ არის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება. 2020 წლის 25 ნოემბერს კლინიკაში მოთავსდა პაციენტი გ.ბ-ე, რომლის სტაციონარული პაციენტის №... სამედიცინო ბარათის თანახმად, დიაგნოზი განისაზღვრა - ...- ... (...), ... - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია. გ.ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ, კორონავირუსის სამკურნალოდ შეადგინა 1647 ლარი.
შპს „...მა“ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილი წესით მიმართა მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა პაციენტის - გ.ბ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 ოქტომბრის №10/9606 გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ 2020 წლის "ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2029 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას).
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4, 38-ე და 53-ე მუხლებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ პაციენტი - გ.ბ-ე წარმოადგენდა სამედიცინო შემთხვევების ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების სუბიექტს. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილების №20 დანართით განსაზღვრულ „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ პროგრამის მე-3 მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტზე, რომელის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას.
სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული პროგრამის მე-3 მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაწესებულების „ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების“ განმარტება უნდა მოექცეს ობიექტურობის პრინციპში, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, ერთიანობის პრინციპს, ნორმა და ნორმის კონკრეტული ჩანაწერი განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემურ და ლოგიკურ ჭრილში, შეუძლებელია სახელმწიფომ საკანონმდებლო ბადის შექმნით სრულად მოიცვას ყველა გათვალისწინებული კონფლიქტი, რაც შეიძლება უფლებათა შორის კოლიზიისას წარმოიქმნას. ამდენად, „ბაზაზე მკურნალობაზე მყოფ პაციენტებად“ არ უნდა იქნეს მიჩნეული მხოლოდ ის პაციენტები, რომელთაც მიმდინარე ... თუ პულმონოლოგიური ჩვენებების დროს მკურნალობის ეტაპზე გამოუვლინდათ კორონა ვირუსით ინფიცირების ფაქტი, არამედ მოიაზრება ის პაციენტებიც, რომლებიც აღრიცხვაზე არიან კლინიკაში და გარკვეული პერიოდულობით კლინიკასთან აქვთ შეხება.
პაციენტი გ.ბ-ე შპს „...ში“ მოთავსდა ... დიაგნოზით, ამასთან პაციენტს დადასტურებული ჰქონდა COVID-19. თავის მხრივ, კორონა ვირუსი თვითონ წარმოადგენდა რისკ-ფაქტორს ... პრობლემების წარმოქმნის ან არსებული ... პრობლემების გამწვავებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, პაციენტმა კლინიკას მიმართა მრავალფეროვანი ჩივილით და იგი წარმოადგენდა გადაუდებელ პაციენტს. გ.ბ-ეს ესაჭიროებოდა სტაციონარული ჰოსპიტალიზაცია, სხვაგვარად მისთვის ხარისხიანი და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელი იქნებოდა. არსებობდა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ან ლეტალურად დამთავრების რისკები. საჭირო იყო დროული ჰოსპიტალიზაცია. ამასთან, სადავო პერიოდში ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში საკმაოდ რთული იყო პაციენტის რეფერალი სხვა კლინიკაში, რადგან პაციენტების რაოდენობა ძალიან დიდი იყო და პრაქტიკულად სახელმწიფოს რესურსების სრული მობილიზება სჭირდებოდა იმისთვის, რომ დროული და ადეკვატური სერვისი მიეწოდებინა პაციენტებისთვის. სადავო პერიოდში მობილიზებულ კლინიკებში ფაქტობრივად არ იყო თავისუფალი საწოლფონდი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სადავო პერიოდში შპს „...“ არ წარმოადგენდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად შექმნილ ე.წ კოვიდ კლინიკას (მობილიზებულ კლინიკას), იგი ვალდებული იყო გაეწია შესაბამისი მომსახურება პაციენტისთვის, ვინაიდან პაციენტი მიყვანილი იყო არა კორონა ვირუსის სამკურნალოდ, არამედ მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო პროფილის შესაბამისი - ... დიაგნოზით და კორონავირუსი იყო მისი თანმხლები დაავადება, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი იყო დაწესებულებაში მყოფი პაციენტი, რომელსაც აღმოაჩნდა კორონავირუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ შპს „...“ არ წარმოადგენდა მობილიზებულ დაწესებულებას კოვიდ პაციენტებისთვის, თუმცა სასამართლოებმა მაინც დაავალეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ პაციენტ - კ.ბ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურება. კასატორი მიიჩნევს, რომ არასწორად განიმარტა კანონი. სამედიცინო შემთხვევის ინსპექტირებისას არ დადასტურდა, რომ სახეზე იყო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილების №20 დანართით განსაზღვრულ „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ პროგრამის მე-3 მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, ამავე დაწესებულების ბაზაზე მყოფი პაციენტის კოვიდით ინფიცირება. შესაბამისად სადავო შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება და პაციენტის მკურნალობისთვის გაწეული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტი - გ.ბ-ე 2020 წლის 25 ნოემბერს მოთავსდა შპს „...ს“ სტაციონარში. სტაციონარული პაციენტის №... სამედიცინო ბარათის თანახმად, შესვლისას პაციენტის დიაგნოზი განისაზღვრა - ...- ... (...), ... - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია, ... (...), ... (... ), ... (2019, 2020), ...ის გარეშე, ... ... ... ... . კლინიკური დიაგნოზი - ...- ... (...), ... - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია.
პაციენტის - გ.ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ, კორონავირუსის სამკურნალოდ შეადგინა 1647 ლარი.
შპს „...მა“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დადგენილი წესით მიმართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა პაციენტის - გ.ბ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 11 ოქტომბრის №10/9606 გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დააკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ 2020 წლის "ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემებრის №674 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას).
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, შპს „...“ შემთხვევის დადგომის პერიოდში წარმოადგენდა „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID – 19-ის მართვის” სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“-„გ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია: ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება; გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში; კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად, ექიმი ვალდებულია აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ: ა) არსებობს ოფიციალურად გაფორმებული (წერილობითი) ან სიტყვიერი შეთანხმება; ბ) გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა, ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე. ამავე კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციაა: ა) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა; ბ) დაავადებათა პროფილაქტიკა ან/და მკურნალობა ან/და პაციენტების რეაბილიტაცია ან/და პალიატიური მზრუნველობა; გ) სამეანო საქმიანობა; დ) ფარმაცევტული საქმიანობა; ვ) გვამის პათოლოგიურ-ანატომიური გამოკვლევა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; ზ) ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების განხორციელება. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია პაციენტს გაუწიოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცდა 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, რომლის მიზანიც არის მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის შექმნას ფინანსური გარანტიები სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება (პროგრამის პირველი მუხლი)
ზემოაღნიშნული პროგრამის მე-20 დანართის მე-3 მუხლი ადგენს, რომ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს (მათ შორის): გ.ა) ახალი კორონავირუსით (... -CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვას, გ.ბ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის დიაგნოსტიკას/ მკურნალობას; გ.დ) საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის/კოვიდ სასტუმროს ექიმის მიმართვის საფუძველზე, საიზოლაციო სივრცეში მყოფი (ბინაზე ან კოვიდსასტუმრო) COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიულ დიაგნოსტიკას (COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ორსულების შემთხვევაში, ამბულატორიულ დიაგნოსტიკას ემატება ექიმის კონსულტაცია); გ.ე) ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, მოთხოვნილი სამედიცინო მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე, დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ შპს „...“ არ წარმოადგენდა ე.წ. მობილიზებულ კლინიკას, ამასთან სახეზე არ იყო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილების მე-20 დანართით განსაზღვრული პროგრამის მე-3 მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევა, ვინაიდან პაციენტს კლინიკაში მოთავსებამდე ერთი დღით ადრე დაუდასტურდა კოვიდ ინფიცირების ფაქტი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები/გადაწყვეტილებები, მ.შ. ბს-479-459(კ-10) 21 ოქტომბერი, 2010 წელი; №ბს-10(კ-20) 9 ივლისი, 2020 წელი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის განმარტებაზე, განმარტების მეთოდის არჩევასა და ნორმის შინაარსის დადგენისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ნორმით რეგულირებული ურთიერთობის ხასიათი და სპეციფიკა, ასევე გასათვალისწინებელი ნორმის მიზანი, რომლის მიღწევასაც ისახავდა კანონმდებელი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით (... -CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან (COVID – 19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისთვის მნიშველოვანია შეფასდეს თუ რა იგულისხმება დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტის ცნებაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში (სუსგ ბს-848(2კ-23,)21.02.2024წ) განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, "საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არ ადგენს ტერმინის - „დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების“ განმარტებას. კანონმდებლობა არ მიუთითებს და მისგან ერთმნიშვნელოვნად არ გამომდინარეობს, რომ ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტი აუცილებლად გულისხმობს პირს, რომელიც იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ მკურნალობაზე, თუ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ამ დაწესებულების სამედიცინო სერვისის მიმღებად და როგორც წესი სარგებლობს მისი მომსახურებით, ან/და გადის სარეაბილიტაციო კურსს, იმყოფება დაწესებულების მონიტორინგის ქვეშ, გადის პერიოდულ შემოწმებას და ა.შ".
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს.
COVID-19-ის გავრცელებამ, პირველ რიგში, არსებითი საფრთხე შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას. ამდენად, საკასაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს სასამართლოთა მითითებას, ქვეყანაში სადავო პერიოდში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნულის პარალელურად სახელმწიფოს ვალდებულებაზე - პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
“პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება. თუ პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არა აქვს შესაძლებლობა აღმოუჩინოს პაციენტს ასეთი მომსახურება, იგი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს სრული ინფორმაცია, თუ სად შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება.
პაციენტი: გ.ბ-ე მოთავსდა ... დიაგნოზით, ამასთან, პაციენტს დადასტურებული ჰქონდა COVID-19. თავის მხრივ, კორონა ვირუსი თავად წარმოადგენდა რისკ-ფაქტორს ... პრობლემების წარმოქმნის ან არსებული ... პრობლემების გამწვავებისათვის. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ გ.ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებდა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობას, რადგან არსებობდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების რისკი. კლინიკამ მიიღო კოვიდ ინფიცირებული პაციენტი, მისი გადაუდებელი საჭიროებიდან, კერძოდ გულსისხლძარღვთა დაავადებების სისტემის კუთხით, რაც თავის მხრივ მოსარჩელის - კლინიკის ძირითადი სამედიცინო მომსახურების პროფილია. აღნიშნული ქმედება შესატყვისია, როგორც პაციენტების საჭიროებასთან, ასევე სადავო პერიოდში, საყოველთაოდ ცნობილ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობასთან. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული მდგომარეობით საწოლფონდი არ იყო საკმარისი და პაციენტების რეფერალი სხვა კლინიკებში იყო გართულებული. პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის და სიცოცხლის უფლება უპირატესი ღირებულებაა. აღნიშნული კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები მაღალი ხარისხით დაცვას ექვემდებარება მათ შორის პანდემიის დროსაც, როდესაც პაციენტის არჩევანის უფლება შეზღუდულია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულების ძირითადი საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, კლინიკა მოქმედებდა პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან და თავად ჯანდაცვის სისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ შპს „...“ მოქმედებდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც სამედიცინო შემთხვევა ექვემდებარებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ანაზღაურებას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს 17.04.2025წ. N10103 საგადახდო მოთხოვნით საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 20029519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.04.2025წ. N10103 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა