Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-340(კ-25) 1 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. მ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ. მ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ზ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის №15950 ბრძანება; ბ) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ. მ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; გ) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე ზ. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე ყოველთვიურად 1300 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. მ-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. მ-ის სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის №15950 ბრძანება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი აქტი ზ. მ-ითან დაკავშირებით საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილად დადგენისა და შეფასების შედეგად. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2018 წლის 11 ივლისს მოხდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლიკვიდაცია, სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციური სამსახურს, რომელიც მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.

მოსარჩელე - ზ. მ-ი 2019 წლის 18 თებერვლის №551 ბრძანებით გადაყვანილ/დანიშნულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. თანამდებობრივ სარგოდ განესაზღვრა 1200 ლარი. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, 2019 წლის 16 თებერვალს, გამოსცა №457 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს მთავრობის, 2020 წლის 14 სექტემბრის №1778 განკარგულების თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, 2020 წლის 15 სექტემბერს №14643 ბრძანებით დაამტკიცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად და ძალადაკარგულად გამოაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანება. ბრძანების თანახმად, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში იყო 61 საშტატო ერთეული, რომელიც შედგებოდა ორი სამმართველოსაგან - საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო და საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველო. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო შედგებოდა 8 საშტატო ერთეულისგან, კერძოდ, სამმართველოს უფროსი - 1 საშტატო ერთეული, I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 5 საშტატო ერთეული, II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული. საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველო შედგებოდა 51 საშტატო ერთეულისგან, კერძოდ, სამმართველოს უფროსი - 1 საშტატო ერთეული, II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 8 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო 1300 ლარის ოდენობით), II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 40 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო 1200 ლარის ოდენობით) და ასევე II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარის ოდენობით).

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ, 2020 წლის 15 სექტემბრის №14643 ბრძანებაში, 2020 წლის 9 ოქტომბერს №15947 ბრძანებით შევიდა ცვლილება და დანართი №1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით, 2020 წლის 9 ოქტომბრიდან. აღნიშნულმა რეორგანიზაციამ გამოიწვია საშტატო ერთეულის შემცირება, კერძოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გაუქმდა ზემოაღნიშნული ორივე სამმართველო, შესაბამისად, გაუქმდა სამმართველოს უფროსის თანამდებობები, ასევე შემცირდა II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა და რეორგანიზაციის შემდგომ, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი შედგება სულ 42 საშტატო ერთეულისგან ნაცვლად 61 საშტატო ერთეულისა, კერძოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - 1 საშტატო ერთეული, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - 2 საშტატო ერთეული, I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 12 საშტატო ერთეული, ხოლო II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 27 საშტატო ერთეული. აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა 25 საშტატო ერთეულით შემცირდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ, 2020 წლის 26 აგვისტოს გამოცემულ იქნა №13604 ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებებთან ან/და შტატების მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით რეორგანიზაციის დაწყებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელე ზ. მ-ი, 2020 წლის 27 აგვისტოს, წერილობით გაფრთხილებულ იქნა რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირებიდან გამომდინარე, შესაძლო განთავისუფლება/დათხოვნის შესახებ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგდოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველოს მოსამსახურეებისთვის ცნობილი იყო, 2020 წლის 26 აგვისტოს №13604 ბრძანების მე-2 პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მომსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვროს დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპენტენციის შესაბამისობის შემოწმების შემდეგი საშუალებები: ა) პროფესიული ტესტირება, ბ) გასაუბრება. 2020 წლის 26 აგვისტოს, №13604 ბრძანების მე-6 პუნქტის თანახმად, გასაუბრებისას კანდიდატები შეფასდნენ ქულობრივი სისტემის მეშვეობით, სადაც მინიმალური ქულა იყო 1 (ერთი – არადამაკმაყოფილებელი), ხოლო მაქსიმალური - 5 (ხუთი-ძალიან კარგი), კომისიის წევრები ინდივიდუალურად აფასებდნენ კანდიდატებს.

მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული პროფესიული ტესტირებისა და გასაუბრებისას მოსარჩელე ზ. მ-ი შეფასდა 8 ქულით, ხოლო პროფესიულ ტესტირებაში - 22 ქულით, შესაბამისად, ჯამურად პროფესიული ტესტირებისა და გასაუბრების ქულა 30 ქულას შეადგენდა.

ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სულ დაინიშნა 41 მოსამსახურე, რომელთაგან მხოლოდ ერთმა მიიღო მოსარჩელე ზ. მ-იზე დაბალი (29 ქულა), თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იგი აღნიშნულ პერიოდში იმყოფებოდა ორსულობის მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 116-ე მუხლის შესაბამისად ვერ მოხდებოდა სამსახურიდან გათავისუფლება, მისი დანიშვნა თანამდებობაბაზე მოხდა კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. რაც შეეხება ზ. მ-ის მიერ მიღებული ქულის თანაბარი ქულის მქონე კანდიდატს (პროფესიულ ტესტირებაში), იყო მხოლოდ ერთი, რომელიც გასაუბრების ეტაპზე შეფასდა 15 ქულით, ხოლო ზ. მ-ი 8 ქულით. კომისიის წევრების მიერ მოსამსახურეთათვის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად, დასმული იყო ერთგვაროვანი კითხვები. გარდა აღნიშნულისა, შეფასდა მოსამსახურის პასუხი აღნიშნულ კითხვებზე, პირადი უნარ-ჩვევები, პიროვნული მახასიათებლები და პროფესიული უნარები.

საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ 2020 წლის 26 აგვისტოს №13604 ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმში, კერძოდ პროფესიული ტესტირება, მიღებული ქულა აღემატებოდა მხოლოდ ერთი მოსამსახურის მიერ მიღებულ ქულას და ტოლფასი იყო ასევე ერთი თანამშრომლის ქულისა, რომელმაც შემდგომ გასაუბრებაზე აიღო 15 ქულა. შესაბამისად, ზ. მ-ის შეფასება ობიექტურად ვერ აღემატებოდა რეორგანიზაციაში მონაწილე მოსამსახურეების თითქმის სრულ უმრავლესობას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ზ. მ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2020 წლის 9 ოქტომბრის №15950 ბრანებით. საჯარო სამსახურში, თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) შემცირებაა, რაც თავის მხრივ, გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის ფუნქციურად სრულად გაუქმებას, რაც რეალურად სახეზეა.

2020 წლის 26 აგვისტოს №13604 ბრძანების მე-2 პუნქტით განისაზღვრა ის კრიტერიუმები, რომლებითაც უნდა შეფასებულიყო კანდიდატის ვაკანტურ ადგილთან შესაბამისობა, როგორებიც იყო პროფესიული ტესტირება და გასაუბრება. აღნიშნული ბრძანება არ ითვალისწინებდა სხვა შეფასების კრიტერიუმებს და არც დამატებით ვალდებულებებს კომისიის მიმართ, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო გასაუბრების ვიდეო-აუდიო ჩაწერა ან მოსამსახურის მიმართ გამოყენებული წახალისება/დასჯის ფაქტების გათვალისწინება. პროფესიული ტესტირება დამყარებულია მთლიანად პირის ცოდნაზე, ხოლო გასაუბრების დროს შეფასდა საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად დასმული ერთგვაროვანი კითხვები, მოსამსახურეთა უნარ-ჩვევები, პიროვნული მახასიათებლები და პროფესიული უნარები, რაც პირდაპირ არის მითითებული 2020 წლის 8 ოქტომბრის ოქმში. მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა დაცული იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ. ყველა მოსამსახურეს ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობა და უფლებები ამავე პროცესში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე ზ. მ-ი 2011 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში (ს.ფ 100, 104, 106-109); ბ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 27.11.2015 წლის MOC 4 15 00007413 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ის მოვალეობის შემსრულებელი ზ. მ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2015 წლის 2 დეკემბრიდან (ს.ფ 113); გ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 17.12.2015 წლის MOC 6 15 00008171 ბრძანებით ზ. მ-ი დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე 2015 წლის 17 დეკემბრიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის 2015 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების ოქმის საფუძველზე (ს.ფ 114); დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. აღნიშნული ბრძანების თანახმად, პატიმრობის კოდექსის 71 მუხლის მე-3 ნაწილის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების შეთანხმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4511 ბრძანება. თავის მხრივ, საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველოს საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვრა 61-ით, 1) სამმართველოს უფროსი - 1 (საშტატო ერთეული) თანამდებობრივი სარგო - 2800 ლარი, 2) II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 9 (საშტატო ერთეული) თანამდებობრივი სარგო - 1300, 3) II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 48 (საშტატო ერთეული) თანამდებობრივი სარგო - 1200, 4) II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 3 (საშტატო ერთეული) თანამდებობრივი სარგო - 1100 (ს.ფ 147-149); ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა 2020 წლის 26 აგვისტოს გამოსცა ბრძანება №13604, რომლითაც დაადგინა, რომ 2020 წლის 26 აგვისტოდან დაიწყებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა სტრუქტურული ცვლილებები ან/და შტატების მოსალოდნელი შემცირება და ამის საფუძველზე მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. 2020 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელე ზ. მ-ის წერილობით ეცნობა რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო, თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე (ს.ფ 65-66, 156); ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 სექტემბრის №14643 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანება. თავის მხრივ, საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველოს საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვრა 51-ით: 1) სამმართველოს უფროსი - 1 (საშტატო ერთეული) თანამდებობრივი სარგო - 2800 ლარი, 2) II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 8 (საშტატო ერთეული) თანამდებობრივი სარგო - 1300, 3) II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 40 (საშტატო ერთეული) თანამდებობრივი სარგო - 1200, 4) II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 (საშტატო ერთეული) თანამდებობრივი სარგო - 1100 (ს.ფ 150-151); ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის №15947 ბრძანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 სექტემბრის №14643 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და დანართი №1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით, 2020 წლის 9 ოქტომბრიდან. თავის მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვრა 42-ით, 1) დეპარტამენტის უფროსი - 1 (საშტატო ერთეული) თანამდებობრივი სარგო - 3800 ლარი, 2) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე -2 (საშტატო ერთეული) თანამდებობრივი სარგო - 3600, 3) I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -12 (საშტატო ერთეული) თანამდებობრივი სარგო - 1500, 4) II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -27 (საშტატო ერთეული) თანამდებობრივი სარგო - 1300 (ს.ფ 152-153); თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის №15950 ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ი ზ. მ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2020 წლის 9 ოქტომბრიდან (ს.ფ 64); ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველოს მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის ოქმის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ტესტირებაზე დაბარებული იყო 41 მოსამსახურე - მათ შორის ზ. მ-ი, რომლებიც სრულად გამოცხადდნენ. გასაუბრებები გაიმართა 2020 წლის 14 და 15 სექტემბერს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველოს მოსამსახურეებთან გასაუბრებაზე დაბარებული იქნა 42 მოსამსახურე - მათ შორის ზ. მ-ი, რომლებიც სრულად გამოცხადდნენ. კომისიის წევრების მიერ მოსამსახურეთათვის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად დასმული ერთგვაროვანი კითხვებისა და მათ მიერ გაცემული პასუხების, პირადი უნარ-ჩვევების, პიროვნული მახასიათებლისა და პროფესიული უნარების შეფასების შედეგად, კომისიის წევრების მიერ მოსამსახურეთა შეფასება მოხდა 5 ქულიანი სისტემით (ს.ფ 157-167); კ) 2021 წლის 22 ივლისის №01/207195 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, 2020 წლის 26 აგვისტოს №13604 ბრძანების საფუძველზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სულ დაინიშნა - 41 მოსამსახურე, რომელთაგან მხოლოდ ერთმა მიიღო მოსარჩელე ზ. მ-იზე დაბალი - 29 (ოცდაცხრა) ქულა, მისი დანიშვნა მოხდა კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან იგი აღნიშნულ პერიოდში იმყოფებოდა ორსულობის მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის შესაბამისად ვერ მოხდებოდა მისი სამსახურიდან განთავისუფლება. ზ. მ-ის მიერ მიღებული ჯამური ქულის თანაბარი ქულის მქონე კანდიდატი იყო ერთი, რომელიც კომისიის წევრების მიერ მოსამსახურეთათვის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად დასმული ერთგვაროვანი კითხვებისა და მის მიერ გაცემული პასუხების, პირადი უნარ-ჩვევების, პიროვნული მახასიათებლებისა და პროფესიული უნარების შეფასების შედეგად, გასაუბრების ეტაპზე შეფასდა 15 ქულით და დასანიშნად იქნა წარდგენილი, ხოლო ზ. მ-ი შეფასდა გასაუბრების ეტაპზე 8 ქულით (ს.ფ 205).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რეორგანიზაციის საფუძვლით ზ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება, მისი თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია - 15.12.2023, №3988), რომელიც განსაზღვრავდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას და მისი სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიებს (1-ლი მუხლი). მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ზემოაღნიშნული კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეორგანიზაციამ მხოლოდ შტატის შემცირების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირის სამსახურიდან გათავისუფლება, ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა გათავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა 2020 წლის 26 აგვისტოს გამოსცა №13604 ბრძანება, რომლითაც დაადგინა, რომ 2020 წლის 26 აგვისტოდან დაიწყებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა სტრუქტურულ ცვლილებები ან/და შტატების მოსალოდნელი შემცირება და ამის საფუძველზე მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. ამავე ბრძანების მეორე პუნქტის საფუძველზე, დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების შემდეგი საშუალებები: ა) პროფესიული ტესტირება, ბ) გასაუბრება. ბრძანებით განისაზღვრა, რომ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გასაუბრებისას კანდიდატები შეფასდებოდნენ ქულობრივი სისტემის მეშვეობით, სადაც მინიმალური ქულაა 1 (ერთი-არადამაკმაყოფილებელი), ხოლო მაქსიმალური 5 (ხუთი-ძალიან კარგი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წერითი დავალება/ტესტირება საჯარო მოსამსახურეთა წერითი თუ სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა თუ პროფესიული დონისა და მათი კვალიფიციურობის დადგენას ემსახურება, გასაუბრების ეტაპზე კი, კომისიის წევრებს ეძლევათ საშუალება, დაადგინონ მოხელის ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელთა გამოვლენა წერითი დავალების შესრულების პროცესში შეუძლებელია. ამასთან, მაშინ, როდესაც გასაუბრების ოქმი არაინფორმაციული ხასიათისაა და არ იძლევა გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია თავად შეაფასოს კონკრეტული საჯარო მოსამსახურის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან, ვინაიდან აღნიშნული საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, (1) თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; (2) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუშაკის სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება (სუსგ 23.07.2020წ. №ბს-1037(კ-18)). რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დასაქმების საკითხი ასევე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიკუთვნება, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ მიზანშეწონილობის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაუბრების გზით საჯარო მოსამსახურეთა კომპეტენციის/უნარების შეფასებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება. მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა ემყარებოდეს ობიექტურ, ცხად და გამჭვირვალე პროცესსა და კრიტერიუმებს, რაც გათავისუფლებულ პირს შესაძლებლობას მისცემს, ობიექტურად და სრულად აღიქვას მისი გათავისუფლებისა და სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტესტირების შედეგების მიხედვით, ზ. მ-ი შეფასდა 22 ქულით. რაც შეეხება გასაუბრების კომპონენტს, მოსარჩელე შეფასდა 8 ქულით. დადგენილია, რომ გასაუბრების პროცესის აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და გასაუბრების სხდომის ოქმში არ არის ასახული გარემოებები (მათ შორის კითხვა-პასუხი), რომლითაც მოპასუხემ იხელმძღვანელა ზ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს. საგულისხმოა, რომ ნორმატიული აქტით დეტალურად არ არის განსაზღვრული გასაუბრების ეტაპზე მოხელის შეფასების კრიტერიუმები. ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მოხდა შეფასება, დაუდგენელია როგორ განსაზღვრა კომისიამ მოსარჩელის პროფესიული და პიროვნული მახასიათებლები. არ არის მითითებული და დასაბუთებული, თუ რა შინაარსის იყო გასაუბრება, რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭათ გასაუბრების დროს მოსარჩელესთან შედარებით უპირატესობა სხვა კანდიდატებს, რაც არ იძლევა სასამართლოს მიერ გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მოპასუხის მიერ დარღვეულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესები და დასაბუთებული აქტის გამოცემის ვალდებულება, რის გამოც სასამართლო მოცემულ ეტაპზე დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას მოკლებულია. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც მოცემულ ეტაპზე არ იძლევა სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა