საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-343 (კ-25) 18 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა „სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2025წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ.კ-ემ 15.06.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.07.2023წ. №IDP 72300001567 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ბ.კ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.2024წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ.კ-ე, თ.კ-ე, ს.ა-ა, ლ.ა-ა და ლ.ჯ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2024წ. გადაწყვეტილებით ბ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.07.2023წ. №IDP 72300001567 ბრძანება „დევნილი ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2025წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2024 წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მეუღლესთან და შვილებთან ერთად არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ოჯახის წევრებს მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში ისინი არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და მათზე არ არის გაცემული ფულადი კომპენსაცია.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, ბ.კ-ის ფაქტიური საცხოვრებელი მისამართია - ქუთაისი ...ას ქ.5ა, ბინა №..., იურიდიული მისამართია - ქუთაისი, .... ოჯახი შეფასებულია 11.00 ქულით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 1994 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 4 წევრი - 3.00 ქულა; C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „შშმპ“ - მნიშვნელოვნად გამოხატული - დ.კ-ე - 2.00 ქულა, ბ.კ-ე - 2.00 ქულა; ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი - ბ.კ-ე - 1.50 ქულა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023წ. №30 სხდომის ოქმის თანახმად, ბ.კ-ეს უარი ეთქვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფაზე იმ მიზეზით, რომ განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მეუღლის მიერ გასხვისებულ ფართში ცხოვრების გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი N7-ის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე ფასდება 1.5 ქულით. პალატის მოსაზრებით, კანონმდებლობით დამატებითი ქულის განსაზღვრის შესაძლებლობა ამ კრიტერიუმით ნიშნავს კანონმდებლის ნებას - ასეთ დევნილ ოჯახს შესაბამისი ქულების მოგროვების შემთხვევაში მიანიჭოს პრიორიტეტი. შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი ერთი მხრივ ქულა მიანიჭოს განმცხადებელს სხვის ფართში ცხოვრების გამო და მეორე მხრივ, ამავე საფუძვლით მიიჩნიოს, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ბ.კ-ის ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულება, გადახდის ქვითრები და ასევე, მოწმის სახით პირველ ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ი.გ-ა. სასამართლოს შეფასებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მეუღლეს გააჩნდა კერძო საკუთრება, რომელიც შემდგომ გაყიდა შვილებისათვის ცხოვრების პირობების უზრუნველყოფის მიზნით, არ გამორიცხავს სახელმწიფოს ვალდებულებას დევნილი პირის საცხოვრებელი ფარით დაკმაყოფილების თაობაზე.
პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ბ.კ-ე და დ.კ-ე წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. სასამართლოს მითითებით სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უნდა შეუქმნას გარემო, რომელშიც იგი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეძლებს სრულყოფილ მონაწილეობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილნი. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ასეთი პირის ინდივიდუალური საჭიროებები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შესწავლილი და შეფასებული ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებები, რათა მიეღო ყველა ზომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და არასრულწლოვანი ბავშვების უფლებების დასაცავად და ოჯახისთვის გადაეცა სათანადო საცხოვრებელი, სადაც ყველა წევრისთვის, როგორც თვითონ მოსარჩელისთვის, ასევე, სხვადასხვა სქესის სრულწლოვანი პირებისთვის შექმნილი იქნებოდა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2025წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2025წ. განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ბ.კ-ის განსახლება ამ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.
კასატორი მიუთითებს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს ფაქტობრივი საცხოვრებელი აქვს, აღნიშნული ობიექტი არ არის ნგრევადი და არ საჭიროებს მხარის დაუყოვნებლივ განსახლებას, ასევე სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რომლებმაც შეიძლება არსებითად დაამძიმონ დევნილის სოციალური მდგომარეობა, კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. მოცემულ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა განაცხადების დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ.კ-ე, მისი მეუღლე - ლ.ჯ-ე და შვილები - დ. და თ. კ-ეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც ექვემდებარებიან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და კრიტერიუმების მიხედვით დევნილი ოჯახი შეფასებულია 11 ქულით. ამასთან, ბ.კ-ე და დ.კ-ე არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ 04.07.2023წ. ბრძანებით ბ.კ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, აღნიშნულის მიზეზად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ არ არსებობდა განსახლების გადაუდებელი საჭიროება, მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.
საქმეზე დადგენილია, რომ ბ.კ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, არ გააჩნია საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი და როგორც დევნილი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, მასზე არ არის გაცემული ფულადი კომპენსაცია. ასევე დადგენილია, რომ განმცხადებელი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქირით მისამართზე - ქუთაისი ...ას ქ.5ა, ბინა №..., აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ი.გ-ა, ხოლო ქირის თანხა შეადგენს 200 ლარს თვეში, რაც დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი 07.06.2021წ. ქირავნობის ხელშეკრულებით, გადახდის ქვითრებით და მოწმის სახით პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ი.გ-ას ჩვენებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობას განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის თაობაზე, მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. დროებით, ქირის გარეშე მოსარჩელის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) სხვის საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრება არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. მართებულია სააპელაციო პალატის მითითება მასზედ, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი ერთი მხრივ ქულა მიანიჭოს განმცხადებელს სხვის ფართში ცხოვრების გამო და ამავე საფუძვლით მიიჩნიოს, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება. ასევე, მოსარჩელის მეუღლის მიერ პირად საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება შვილებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით არ გამორიცხავს სახელმწიფო ვალდებულებას დევნილი პირის საცხოვრებელი ფარით დაკმაყოფილების თაობაზე.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ თ.კ-ის შვილები ს.ა-ა და ლ.ა-ა არიან არასრულწლოვნები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვალდებულია გაითვალისწინოს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებები, რაც მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ არ იქნა მხედველობაში მიღებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2025წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი