Facebook Twitter

ას-144-486-07 26 ივლისი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ყ-ი-პ-ა

წარმომადგენელი _ მ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – რეზო ბ-ე

წარმომადგენელი _ დ ვ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ აუცილებელი გზის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის პირველ სექტემბერს რეზო ბ-მ სარჩელით, ხოლო 2005 წლის 28 სექტემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. ყ-ი-პ-ს მიმართ და მოითხოვა აუცილებელი გზის აღდგენა და, შესაბამისად, აღნიშნული გზის გადამღობი უკანონოდ აგებული კედლისა და შენობის დანგრევა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, რ. ბ-საგან ანდერძისმიერი მემკვიდრეობით მიიღო ქონება, მათ შორის, ქობულეთში, ... ქუჩა ¹207-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე აშენებული სახლი, რომელიც საჯარო გზას უკავშირდებოდა მ. ყ-ის გზის გავლით. მეზობელთან უთანხმოების გამო, მ. ყ-მა გადაკეტა აღნიშნული გასასვლელი გზა, რის გამოც მოსარჩელის სახლი აღმოჩნდა იზოლირებული საჯარო გზისგან. აღნიშნულის გამო, რ. ბ-ე სარგებლობდა ... (...) ¹92-ში მდებარე ...ის კოლმეურნეობის კუთვნილი სახლის ეზოს გავლით, რომელიც მისი სახლის ეზოსა და საჯარო გზის ერთადერთი დამაკავშირებელი იყო. აღნიშნული ასახულ. რ. ბ-ის სახლის ტექ-პასპორტის ნახაზებში და რომელსაც ადასტურებენ მეზობლები და ტექაღრიცხვის სამსახურის უფროსი. 1995 წელს ... ¹92-ში მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინა მ. ყ-მა, რომლის მემკვიდრე ნ. ყ-ი-პ-მ ამჯერადაც გადაკეტა საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. ბ-მ მოითხოვა უკანონოდ აგებული შენობის დანგრევა და აუცილებელი გზის აღდგენა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ყ-ი-პ-ს დაევალა ... ქუჩიდან მთელ სიგრძეზე რ. ბ-ის საცხოვრებელ სახლთან არსებული მისასვლელი გზის აღდგენა და ამ მიწის ნაკვეთზე გზის გადამღობი კედლისა და მინაშენის დანგრევა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რ. ბ-სგან ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე რ. ბ-მ მიიღო სამკვიდრო ქონება, მათ შორის ქ.ქობულეთში, ...… ქ. ¹207-ში (ყოფილი ... ქუჩა) მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც აღირიცხა მოსარჩელის სახელზე და გაიცა ტე.კური პასპორტი. რ. ბ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან კოლმეურნეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გასწვრივ მთელ სიგრძეზე არსებობდა ... ქუჩაზე (დრეისთვის ... ქუჩა) გასასვლელი, კერძოდ, ზღვაზე გამავალი გზა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით, ადგილზე დათვალიერების ოქმითა და მხარეთა ახსნა-განამრტებებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ რ. ბ-ის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი აუცილებელი გზა არსებობდა ... ქ. ¹92-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან და სწორედ ამ გზით ხდებოდა რ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ ავტოფარეხში მანქანის შეყვანა, რომელიც ბეტონის ღობით გადაკეტა ნ. პ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-ი-პ-ს წარმომადგენელმა მ. ქ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილევლად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასრულყოფილად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არ განიხილა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც დაარღვია საპროცესო ნორმები. კასატორის აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და არასრულად გამოიყენა იგი, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ ამ მუხლის პირველ ნაწილს და არც უმსჯელია კომპენსაციის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის ულებები შეზღუდულ. ან კანონით, ან ხელშეკრულებით (სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანადაა იზოლირებული საჯარო გზებისაგან, ანდა მისი დიდი ნაწილია. ამგვარ მდგომარეობაში ან კიდევ საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც.

180-ე მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი თმენის ვალდებულება არაა უსასყიდლო ვალდებულება. დატვირთული მიწის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, რაც მხარეთა შეთანხმებით ერთჯერადი გადახდითაც შეიძლება გამოიხატოს.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ რ. ბ-ის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი აუცილებელი გზა არსებობდა ... ქ. ¹92-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან. აღნიშნული გზა ამჟამად გადაკეტილია ბეტონის ღობით. ამდენად, დადგენილია, რომ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა კომპენსაციაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან ასეთი მოთხოვნა მოპასუხეს არ განუცხადებია. კასატორი უფლებამოსილია, მოსარჩელესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში მოითხოვოს კომპენსაცია საერთო სასარჩელო წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ყ-ი-პ-ს წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.