№171აგ-15 26 თებერვალი, 2016 წელი
ლ-ე დ, 171აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 აგვისტოს განაჩენით დ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გადაზიდვა ჯგუფურად) და მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 12 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დ. ლ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 12 აპრილიდან.
ამავე სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით დ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 10 ნოემბრის რედაქცია) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 16 წელი, 9 თვე, 5 დღე და 2 წელი, 9 თვე, 5 დღე, რის შედეგადაც საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 7 ივლისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით დ. ლ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 19 წლით, 9 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 7 ივლისიდან.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით დ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 18 წელი და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 თვე და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 9 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ მას სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული 1 წელი ორჯერ გაუნახევრდა და დარჩენილი 3 თვე უნდა შემცირებოდა ერთი მეოთხედით; გარდა ამისა, სასჯელის ათვლა უნდა დაწყებოდა დაკავების მომენტიდან - 2007 წლის 12 აპრილიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების შეცვლა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ლ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება შეიცვალა: დ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული 1 წელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ლ-ს აღნიშნული 4 თვე და 15 დღე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა;
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის - საბოლოო სასჯელის დანიშვნის ნაწილში - დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ლ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 აგვისტოს განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ნაწილი- 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. ლ-ს განესაზღვრა 13 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 7 ივლისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ლ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ლ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2015 წლის 12 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ლ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, სსკ–ის 260–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ დ. ლ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულ დ. ლ-ს ადვოკატმა ხ. ხ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და მისი სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება; ამასთან, მან საჩივარში აღნიშნა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი მსჯავრდებულ დ. ლ-ს უნდა შეხებოდა სრულად, რადგან იყო ნასამართლობის არმქონე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულ დ. ლ-ს მსჯავრი დაედო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გადაზიდვაში.
მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება კი განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით, ანალოგიური კვალიფიკაციით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია იგივე სასჯელი - რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ დ. ლ-ს მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტიის გათვალისწინებით - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა) სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ახალი რედაქცია) სანქციის ფარგლებშია.
ამდენად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის კატეგორიის თვალსაზრისითაც არ შემსუბუქებულა და არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის სრულად გავრცელებასა და მსჯავრდებულ დ. ლ-ს დარჩენილი სასჯელისაგან გათავისუფლებაზე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. ლ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ დ. ლ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე