¹ას-145-487-07 7 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ლ. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ს მიმართ სამკვიდროდან წილის გამოყოფისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლით: 1991 წლიდან მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ბ-თან, რა დროსაც შეეძინა ორი შვილი ე. და ლ. ბ-ები. მეუღლეები ცხოვრობდნენ მამამთილ ჟ. ბ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. 1993 წელს მ. ბ-ი გარდაიცვალა. მოსარჩელე კი ორ შვილთან ერთად კვლავ განაგრძობდა ცხოვრებას მეუღლის ოჯახში. 2000 წელს გარდაიცვალა ჟ. ბ-ი, რის შემდეგ დედამთილი – ლ. ბ-ი სადავო ბინაში ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც უარი განუცხადა. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა თავისი არასრულწლოვანი შვილების ჟ.ბ-ს კუთვნილ ქ.ქუთაისში, ... ქუჩის მეორე შესახვევში მდებარე ¹24 ბინის 1/2-ის მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
მოპასუხე ლ. ბ-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გარდაცვლილი შვილის გარდა ჰყავდა ქალიშვილიც, რომელიც ასევე იყო ჟ.ბ-ს მემკვიდრე და სადავო სახლში მ. ბ-ს შვილებთან ერთად თანაცხოვრებას არ დაუშვებდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. და ლ. ბ-ები ცნობილ იქნენ მათი ბაბუის _ ჟ. ბ-ს დანაშთი ქონების _ ქ. ქუთაისში, ... ქუჩის მე-2 შესახვევის ¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1\2-ის მემკვიდრეებად, რაზედაც გაიცა შესაბამისი სამკვიდრო მოწმობა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ბ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ლ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ე. და ლ. ბ-ები არიან მ. და მ. ბ-ების რეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული შვილები, შესაბამისად, ლ. და ჟ. ბ-ების შვილიშვილები. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მ. ბ-ი გარდაიცვალა 1998 წლის 30 იანვარს, ხოლო ჟ. ბ-ი _ 2000 წლის 8 მარტს. ლ. და ჟ. ბ-ებმა იქორწინეს 1968 წელს, სადავო ბინა კი ჟ.ბ-მა შეიძინა 1967 წლის 11 დეკემბერს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ლ. ბ-ს მოსაზრება, რომ იგი სადავო სახლის თანამესაკუთრეა, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჟ.ბ-ს სამკვიდრო ფაქტობრივად მიიღეს მისმა მეუღლემ და შვილიშვილებმა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ე. და ლ. ბ-სათვის სადავო სამკვიდროდან 1/2-ის მიკუთვნების შესახებ სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად საფუძვლიანია. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეში მისი ქალიშვილის ჩაბმის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ ირკვევა მიიღო თუ არა ამ უკანასკნელმა მამის სამკვიდრო, ამდენად, ლ.ბ-ს აღნიშნულ მოთხოვნაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის საფუძველზე კანონიერად ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ბ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლით: კასატორის აზრით სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო უკანონოდ, ვინაიდან შესაძლებლობა არ მისცა აეყვანათ დამცველი და აღეძრათ შეგებებული სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი კასატორს მისი ქალიშვილის საქმეში მესამე პირად ჩართვაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინებით ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.