საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-386(კ-25) 17 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, საქართველოს მთავრობა, მესამე პირი (16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 27 მაისს ლ.კ-მა სარჩელით, შემდგომ კი დაზუსტებული სარჩელით (21.04.2023 წელი და 18.06.2024 წელი) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, საქართველოს მთავრობის, მესამე პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 17 დეკემბრის 21.1738.1935 განკარგულება (მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მიხედვით); ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება (მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მიხედვით); ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის 17 მაისის N30-01221372281 წერილი/გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის N1040 განკარგულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი აგეგმვითი ნახაზის მიხედვით; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 05 ივლისის N... გადაწყვეტილება; დაევალოს თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობას, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა N..., 933 კვ.მეტრის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად ს.კ-სათვის გადაცემის ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 03 ივნისის განჩინებით, ლ.კ-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სადავო უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა N6, საკადასტრო კოდი ... მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მიხედვით 933 კვ.მეტრის განკარგვა, კერძოდ, უფლებრივად დატვირთვა ან გასხვისება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმული იქნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით, ლ.კ-ის სარჩელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 17 დეკემბრის 21.1738.1935 განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 ივნისის N1040 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, ლ.კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის განჩინება და საქმე სარჩელის დაუშვებლობის ნაწილში დასაშვებობის ხელახლა შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ლ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის 17 მაისის N30-01221372281 წერილი/გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში ლ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16, 75-ე, 106-ე, 108-ე მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 29 აპრილს ...ოს მიმდებარედ (ნაკვეთი ...) არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 53 766.00 კვ.მ. (N ... ) და 87 66.00 კვ.მ. (N ... ) უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 17 დეკემბრის N21.1738.1935 განკარგულებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ქ. თბილისში, ...ოს მიმდებარედ/ ...ის ქ. N19-ის მიმდებარედ არსებული 3270 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ N...) და აღნიშნა, რომ მოცემული გადაწყვეტილებების მიღებისას დასახელებულ უძრავ ქონებაზე არ გამოკვეთილა ვინმეს საკუთრების უფლება, სადავო აქტი ასევე შედავებული არ არის არც ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით და ამგვარი ხარვეზი არც საქმის სასამართლოში განხილვის პირობებში არ დადგენილა. აღნიშნული კი, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, გულისხმობს უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემას კანონის საფუძველზე, შესაბამისი წესითა და პროცედურით.
რაც შეეხება მოცემული უძრავი ქონების ნაწილზე ლ.კ-ის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის საკითხს, პალატამ აღნიშნა, რომ მასზე მოსარჩელის უფლება არც ამჟამად და არც სადავო აქტების გამოცემის დროისათვის დადასტურებული არ იყო. მიუთითა, რომ ლ.კ-მა ვერ უზრუნველყო მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა და საკითხი ასევე უარყოფითად გადაწყვიტა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რაც მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 17 დეკემბრის 21.1738.1935 განკარგულება, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ქ. თბილისში, ...ოს მიმდებარედ/... ის ქ. N19-ის მიმდებარედ არსებული 3270 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: N...) გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. იმ პირობებში, როდესაც ლ.კ-ის საკუთრების უფლება არც მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით და არც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თვალსაზრისით არ იყო დადგენილი სადავო აქტის გამოცემის დროს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, სახეზე არ არის რაიმე წინაპირობა რაც სასამართლოს მოცემულ საკითხზე განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემდა.
რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 დეკემბრის N... გადაწყვეტილებაზე მსჯელობის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-8 მუხლები და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 17 დეკემბრის 21.1738.1935 განკარგულება, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ქ. თბილისში, ...ოს მიმდებარედ/...ის ქ. N19-ის მიმდებარედ არსებული 3270 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ N...). დასახელებული განკარგულება სასამართლოს მიერ მიჩნეულია კანონიერად. ასევე მიუთითა, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას, არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც შეაფერხებდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის პროცესს. შესაბამისად, მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა იმოქმედა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და განახორციელა რეგისტრაცია, რომლის ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის N1040 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლომ მიუთითა, რომ განკარგულების დანართ N1-ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 8 716 (რვა ათას შვიდას თექვსმეტი) ლარად საკუთრებაში გადაეცა სს „...ს“ (ს/ნ ...). აღნიშნული განკარგულების დანართი N1-ით სს „...ს“ გადაეცა ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე 2422.00 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N...), ასევე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე 675 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N... ). საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის N1040 განკარგულება მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფომ განკარგა მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული უძრავი ნივთი სადავო აქტის გამოცემის დროისათვის იყო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო - ირიცხებოდა სახელმწიფო საკუთრებად. მიუთითა, რომ სახელმწიფო, თავის მხრივ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების გათვალისწინებით, უფლებამოსილია თავისუფლად განკარგოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა „...ს“ ინვესტიციის განხორციელების პირობით. იმ არგუმენტზე, რომ სახელმწიფოს მიერ განიკარგა ლ.კ-ის დაინტერესებაში არსებული ქონება, აღნიშნულზე პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ „...სათვის“ გადაცემული უძრავი ქონება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების და N... საკადასტრო კოდით რიცხული 2422.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყოფის გათვალისწინებით, უკვე აღარ შეიცავდა სადავო 933 კვ.მ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიჩნია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის N1040 განკარგულება უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით განკარგვის თაობაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 05 ივლისის №... გადაწყვეტილება, უძრავი ნივთის დაყოფის თაობაზე, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის 17 მაისის N30-01221372281 წერილის/გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის (რომლითაც დადასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6, 933 კვ. მეტრის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად ს.კ-ისთვის გადაცემის ფაქტი) დავალების მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სახეზეა მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობები. მიუთითა წერილის/გადაწყვეტილების შინაარსზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ მსგავსი ტიპის საქმეებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩართულობა განპირობებულია პირველ რიგში სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გადაწყდეს. სასამართლოს მსჯელობით, კანონით დადგენილი ვალდებულება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის პროცესში გამგეობის ჩართულობის შესახებ მოიცავს სრულყოფილი წარმოების ჩატარებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. საარქივო მონაცემების არ ქონა, სააპელაციო პალატამ ვერ მიიჩნია უარის თქმის საკმარის დასაბუთებად და განმარტა, რომ მიუხედავად არქივის არ არსებობისა, გამგეობის როლი წინამდებარე საქმეში არ შემოიფარგლება მხოლოდ საარქივო მასალების მოძიებით. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო წერილი მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და სრულყოფილად არ არის განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოება. განმარტრა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილ პირს ადგილზე დათვალიერებით, მოწმეთა გამოკითხვით უნდა დაედგინა მიწის ნაკვეთის რეალური მდებარეობა, შეესწავლა ფაქტობრივი მდგომარეობა და ჩაეტარებინა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება ნაცვლად ზოგადი შინაარსის წერილის გაცემისა. პალატის მსჯელობით, სადავო აქტში მითითებული ის ჩანაწერი, რომ ვაკის რაიონის გამგეობას მუნიციპალიტეტის საზღვრებში ახლად შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, დოკუმენტაცია ან მასთან დაკავშირებული სხვა საარქივო მონაცემები, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხისადმი მხოლოდ ფორმალურ მიდგომაზე მიუთითებს. ამდენად, მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისმა მოხელემ ხელახლა უნდა შეისწავლოს ლ.კ-ის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემის ფაქტის დადასტურების საკითხი და ამ მიზნით გამოიყენოს სზაკ-ის 95-97-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ.კ-ის მიერ.
წარმომადგენლის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა. მიიჩნევს, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა კანონით რომლითაც არ უნდა ეხელმძღვანელა და არ იხელმძღვანელა კანონით რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა. ყურადღება გაამახვილა დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიუთითა, რომ კასატორის მამა - ს.კ-ი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-... ...ში ...ად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის თავმჯდომარემ და ...ის თავმჯდომარემ რ.კ-ამ 1984 წელს ...ის გასწვრივ გადასცა მიწის ნაკვეთი. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულს ადასტურებს როგორც მიღება - ჩაბარების აქტები, ასევე მოწმეები.
კასატორის მითითებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2020 წლის 10 აგვისტოს გაცემული N12472-2 ცნობის შესაბამისად, სადავო საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის N4173-რს დადგენილებით მოქცეულია ქ. თბილისის ადმინისტრაციის საზღვრებში. მინისტრთა საბჭოს სხვადასხვა დადგენილებებით კოლექტიურ მებაღეობებს და მათ წევრებს გადაეცათ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები უფლებამოსილი პირების ხელმოწერით და შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტებით. მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ს.კ-ზე გაცემული იქნა როგორც მიღება - ჩაბარების აქტი, ისე მებაღეობის წიგნაკი, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები არქივში (ე.წ „ ...ის“ კლუბის არქივი, სადაც მინისტრთა საბჭოს და შსს არქივი ინახებოდა) ხანძრის გამო განადგურდა. წარმომადგენლის განმარტებით, დავის საგნად ქცეული მიწის ნაკვეთი დღემდე არის ლ.კ-ის მფლობელობაში რასაც მისივე მსჯელობით ადასტურებს მოწმეები. აკონკრეტებს, რომ მითითებულ ნაკვეთზე ერთიან შემოღობვაში არის დანგრეული შენობა - ნაგებობა და მრავალწლიანი ნარგავები. მითითებულ მიწაზე აბონანტად რეგისტრირებულია შპს „ ...“. კასატორის განმარტებით, მიუხედავად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი არაერთი განცხადებისა, სადაო უძრავი ქონება განკარგულების საფუძველზე მაინც გადაეცა ქონების მართვის სააგენტოს.
კასატორი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად თვლის 2022 წლის 17 მაისის წერილის შინაარსს და გასათვალისწინებლად მიიჩნევს ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის მიერ შესაგებელში დაფიქსირებულ იმ მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამგეობას არ შეუსწავლია და გამოუკვლევია საქმის გარემოებები ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის N16-41 დადგენილების საფუძველზე დადგინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები და განხორციელდა ახალი ტერიტორიების შემოერთება. ასევე იმ მოსაზრებას, რომ ვაკის რაიონის გამგეობას არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან მასთან დაკავშირებული სხვა საარქივო (2014 წლამდე არსებული) მონაცემები, რაც საფუძვლად დაედებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დანიშნულების მიზნობრიობის შესახებ ცნობის გაცემას.
კასატორის მსჯელობით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია და შეისწავლა საქმის მასალები, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ნაცვლად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის 17 მაისის N30-01221372281 წერილი/გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. კასატორი შედეგთან ერთად ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და შეფასებას „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის გამოყენების ნაწილში და საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ.კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: საჯარო რეესტრის ამონაწერით (29.04.2009 წელი) დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 21 აპრილის N068/3973 წერილის და სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 6 აპრილის მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ოს მიმდებარედ (ნაკვეთი ...) მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 53 766.00 კვ.მ. უძრავი ქონება, 2009 წლის 29 აპრილს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე, საკადასტრო კოდი N... .
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 21 აპრილის N06-8/3973 წერილის, სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 6 აპრილის მიწის ნაკვეთის გეგმისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 24 მაისის N06-8/5867 წერილის საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ოს მიმდებარედ (ნაკვეთი ...) მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 87 66.00 კვ.მ. უძრავი ქონება, 2009 წლის 29 აპრილს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე, საკადასტრო კოდი N... .
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 22 აპრილის №664 განკარგულებით, ლ.კ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ოს მიმდებარედ, ნაკვეთი ...), საერთო ფართობი - 933.00 კვ.მ. საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიის მსჯელობით, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) არ დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ოს მიმდებარედ, ნაკვეთი ...) განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით კი დგინდება, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის განთავსებულია მშენებარე შენობა. კომისიის მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ლ.კ-ის საკუთრებაში, ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 5 აგვისტოს №1973 განკარგულებით, ლ.კ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ოს მიმდებარედ, ნაკვეთი ...), საერთო ფართობი - 933.00 კვ.მ. საკუთრების უფლების აღიარებაზე. დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 22 აპრილის №664 და 2020 წლის 5 აგვისტოს №1973 განკარგულებები მოსარჩელე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ოს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების (ს/კ N ...; N...; N...; N...) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 17 დეკემბრის N21.1738.1935 განკარგულებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ქ. თბილისი, ...ოს მიმდებარედ/...ის ქ. N19-ის მიმდებარედ არსებული 3270 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: N...).
დადგენილია, რომ 2021 წლის 20 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 22 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის N21.1738.1935 განკარგულების საფუძველზე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 3270.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი დაიყო სამ ნაწილად და დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. ... საკადასტრო კოდით 2422.00 კვ.მ, ... საკადასტრო კოდით 173.00 კვ.მ, ხოლო ... საკადასტრო კოდით - 675.00 კვ.მ.
დადგენილია, რომ 2022 წლის 16 მაისს, ლ.კ-ის წარმომადგენელმა ლ.ფ-ამ N19/01221361752-30 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას და მოითხოვა მამის - ს.კ-სთვის ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემის ფაქტის დადასტურება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის 17 მაისის N30-01221372281 გადაწყვეტილებით, ლ.კ-ს ეცნობა, რომ მიწის რეფორმა საქართველოში განხორციელდა „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა. გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები დადგინდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის N16-41 დადგენილებით. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად განხორციელდა ახალი ტერიტორიების შემოერთება, რომელთა შესახებ ვაკის რაიონის გამგეობას არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, დოკუმენტაცია ან მასთან დაკავშირებული სხვა საარქივო (2014 წლამდე არსებული) მონაცემები, რაც საფუძვლად დაედებოდა მოთხოვნილი ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დანიშნულების მიზნობრიობის შესახებ ცნობის გაცემას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილმა პირმა მიუთითა, რომ გამგეობა დელეგირებული უფლემოსილების ფარგლებში მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებით ლ.კ-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სადავო უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა N6, საკადასტრო კოდი ... მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მიხედვით 933 კვ.მეტრის განკარგვა, კერძოდ, უფლებრივად დატვირთვა ან გასხვისება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის N1040 განკარგულებით, განკარგულების დანართ N1-ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 8 716 (რვაათას შვიადთექვსმეტი) ლარად საკუთრებაში გადაეცა სს „...ს“ (ს/ნ ...). აღნიშნული განკარგულების დანართი N1-ით სს "...ას" გადაეცა ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე 2422.00 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი ..., ასევე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე 675 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი ... .
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 ივლისის N1307 განკარგულებით, ცვლილება შევიდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს "...“ სთვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის N1340 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ N1-ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 165 162 ლარად, საკუთარებაში გადაეცა სს „...ას“.
დადგენილია, რომ 2022 წლის 05 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა N882022490734 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6.
რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 05 ივლისის N... გადაწყვეტილებით, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 933.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ნაკვეთის წინა ნომერი ...), ხოლო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 1489.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ნაკვეთის წინა ნომერი ...); უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის N21.1738.1935 განკარგულება.
2022 წლის 10 მაისის სამკვიდრო მოწმობით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N220527863) დადგენილია, რომ ლ.კ-ი არის 2021 წლის 9 ნოემბერს გარდაცვლილი ს.კ-ის შვილი - პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც სრულად მიიღო ს.კ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით და პასივებით, მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში.
მეტი სიცხადისთვის საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯელობის საგანია თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 17 დეკემბრის 21.1738.1935 განკარგულების (მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მიხედვით) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების (მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მიხედვით) კანონიერება გასაჩივრებულ ნაწილში; თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის 2022 წლის 17 მაისის N30-01221372281 წერილი/გადაწყვეტილების, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის N1040 განკარგულების (მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი აგეგმვითი ნახაზის მიხედვით) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 05 ივლისის N... გადაწყვეტილების კანონიერება და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დადასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის (თბილისი, ...ის ქუჩა N6, 933 კვ.მეტრი) საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად ს.კ-სათვის გადაცემის ფაქტი. ცალსახაა, რომ წინამდებარე სარჩელის აღძვრის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე 933 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება. კასატორის მიერ დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, დასახელებული უძრავი ქონება გადაეცა მამას (ს.კ-ი) 1984 წელს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული მე-... ...ის ...ის. ს.კ-მა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების მე-... დაწესებულების კოლონიისგან, მებაღეობის წიგნაკის საფუძველზე მიღებული მიწის ნაკვეთი 1995 წელს გადასცა შვილს - ლ.კ-ის. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული უფლებადამდგენი დოკუმენტები განადგურდა ხანძრის გამო და სურს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აღირიცხოს საკუთრების უფლება.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებულია მოსარჩელე მხარის მიერ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში არ გასაჩივრებულა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ ლ.კ-ის საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
უპირველესად საკასაციო პალატა საჩივრის ფარგლებში შეაფასებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 17 დეკემბრის 21.1738.1935 განკარგულებაზე მსჯელობის ნაწილში. დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ქ. თბილისი, ...ოს მიმდებარედ/...ის ქ. N19-ის მიმდებარედ არსებული 3270 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ N... ).
საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ - საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“, რომლის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.
კოდექსის 75-ე მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ, ხოლო „დ“ და „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ. თავის მხრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე
დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების მართვის სააგენტოს ერთ - ერთ ფუნქციას განეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა - რეგისტრაციის უზრუნველყოფა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა 2009 წლის 29 აპრილს ...ოს მიმდებარედ (ნაკვეთი ... ) არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 53 766.00 კვ.მ. (N...) და 87 66.00 კვ.მ. (N...) უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 17 დეკემბრის N21.1738.1935 განკარგულებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ქ. თბილისი, ...ოს მიმდებარედ/...ის ქ. N19-ის მიმდებარედ არსებული 3270 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ N...). სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოცემული გადაწყვეტილებების მიღებისას დასახელებულ უძრავ ქონებაზე არ გამოკვეთილა ვინმეს საკუთრების უფლება, სადავო აქტი ასევე შედავებული არ არის არც ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით და ამგვარი ხარვეზი საქმის სასამართლოში განხილვის პირობებში არ დადგენილა, რაც გულისხმობს, რომ უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა განხორციელდა კანონის საფუძველზე, შესაბამისი წესითა და პროცედურით. რაც შეეხება მოცემული უძრავი ქონების ნაწილზე კასატორის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად აღნიშნა, რომ მასზე ლ.კ-ის უფლება არც მიმდინარე პერიოდში, და არც სადავო აქტების გამოცემის დროისათვის დადასტურებული არ იყო. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ.კ-მა ვერ უზრუნველყო მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა და საკითხი ასევე უარყოფითად გადაწყდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, რაც მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 22 აპრილის №664 და ამავე კომისიის 2020 წლის 5 აგვისტოს №1973 განკარგულებებზე, რომლის თანახმად, ლ.კ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ... ოს მიმდებარედ, ნაკვეთი ...), საერთო ფართობი - 933.00 კვ.მ. საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა მოცემული მიწის ნაკვეთით ფლობისა და სარგებლობის ფაქტი კანონით განსაზღვრული პირობებით, კერძოდ, ვერ დადგინდა აღიარებამოთხოვნილ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული), ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსების ფაქტი. ასევე განიმარტა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ლ.კ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. ამდენად, მითითებული სადავო აქტის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 17 დეკემბრის 21.1738.1935 განკარგულების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მართებულია, სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. იმ პირობებში, როდესაც საკუთრების უფლება არც მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით და არც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თვალსაზრისით არ იყო დადგენილი სადავო აქტის გამოცემის დროს, შესაბამისად სახეზე არ არის რაიმე წინაპირობა, რაც საკასაციო პალატას მოცემულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.
სადავო - რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 22 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის N... სარეგისტრაციო განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის N21.1738.1935 განკარგულების საფუძველზე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 3270.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორი აქტის კანონიერებას იმ არგუმენტზე დაყრდნობით ხდის სადავოდ, რომ ამ ფართობშია მისი მიწის ნაკვეთიც, შესაბამისად მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სრული ფართის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის წინაპირობები. აქვე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი დაიყო სამ ნაწილად და დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, კერძოდ, N... საკადასტრო კოდით - 2422.00 კვ.მ, N... საკადასტრო კოდით 173.00 კვ.მ, ხოლო ... საკადასტრო კოდით - 675.00 კვ.მეტრი.
საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს, საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ - სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება - მოვალეობებს, რომლის მიხედვითაც, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას. კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანხმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. დასახელებული კანონის მე-8 მუხლი განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას, კანონით დადგენილ ვალდებულებას წარმოადგენს ისეთი დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ წარმოშობენ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნას და ამასთან ერთად, ცალსახად უნდა ადგენდეს დაინტერესებული პირის უფლებამოსილებას, კონკრეტული უფლების რეგისტრაციის თვალსაზრისით.
საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 17 დეკემბრის 21.1738.1935 განკარგულება, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ქ. თბილისში, ...ოს მიმდებარედ/...ის ქ. N19-ის მიმდებარედ არსებული 3270 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ N...). დასახელებული განკარგულება სასამართლოს მიერ მიჩნეულია კანონიერად. გარდა ამისა, სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას, არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც შეაფერხებდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის პროცესს. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა იმოქმედა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და განახორციელა რეგისტრაცია, რომლის ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს.
რაც შეეხება სადავო - საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის N1040 განკარგულებას, აღნიშნულის დანართ N1-ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 8 716 (რვა ათას შვიდას თექვსმეტი) ლარად საკუთრებაში გადაეცა სს „...ს“ (ს/ნ ...). განკარგულების დანართი N1-ით სს „...ას“ გადაეცა ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე 2422.00 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი N..., ასევე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე 675 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი N... .
როგორც საქმის მასალები არის დადგენილი საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 ივლისის N1307 განკარგულებით, ცვლილება შევიდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „...სთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის N1340 განკარგულებაში და აღნიშნული განკარგულების თანახმად, პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ N1-ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 165 162 ლარად, საკუთარებაში გადაეცა სს „...ს“.
გასათვალისწინებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განჩინება, რომლითაც ლ.კ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სადავო უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა N6, საკადასტრო კოდი ... მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მიხედვით 933 კვ.მეტრის განკარგვა, კერძოდ, უფლებრივად დატვირთვა ან გასხვისება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის N1040 განკარგულებას კასატორი (მოსარჩელე) ასაჩივრებს იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფომ განკარგა მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მითითებული უძრავი ქონება თავდაპირველად შედიოდა თბილისის მუნიციპალიტეტის, ხოლო უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შემდგომ - სახელმწიფოს სახელზე რიცხულ, ...ის ქუჩაზე მდებარე ფართში. დადგენილია ის გარემოებაც, რომ 3270.00 კვ.მ უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N-6-ში საკადასტრო კოდით ... დაიყო სამ ნაწილად - ... საკადასტრო კოდით - 2422.00 კვ.მ, ... საკადასტრო კოდით 173.00 კვ.მ, ხოლო ... საკადასტრო კოდით - 675.00 კვ.მეტრი და დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „...ის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე 2422.00 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი N..., ასევე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე 675 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი N... . საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული უძრავი ნივთი სადავო აქტის გამოცემის დროისათვის იყო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო - ირიცხებოდა სახელმწიფო საკუთრებად. სახელმწიფო, თავის მხრივ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების გათვალისწინებით, უფლებამოსილია თავისუფლად განკარგოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. "პირდაპირი მიყიდვა" კი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ერთ - ერთ ფორმას, რომლის მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე - საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიციირების ან/და წარდგინების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა „...ას“. რაც შეეხება კასატორის იმ არგუმენტს, რომ სახელმწიფოს მიერ განიკარგა მის დაინტერესებაში არსებული ქონება, აღნიშნულზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ „...სათვის“ გადაცემული უძრავი ქონება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების და მიწის ნაკვეთის დაყოფის ფაქტის გათვალისწინებით აღარ შეიცავდა სადავო 933 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ამდენად უდავოა, რომ კასატორის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა არ განხორციელებულა. საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 25 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სს "...სათვის" გადაცემული უძრავი ქონება არ შეიცავდა მიწის ნაკვეთს კოდით - ..., რაც წარმოადგენს სწორედ სადავო - 933 კვ.მ მიწის ფართობს. ამდენად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის N1040 განკარგულების (უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით განკარგვის თაობაზე) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 05 ივლისის №... გადაწყვეტილების (უძრავი ნივთის დაყოფის თაობაზე) კანონიერად მიჩნევის თაობაზე.
რაც შეეხება სადავო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის 17 მაისის N30-01221372281 წერილის/გადაწყვეტილების კანონიერებას, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სწორედ ზემოაღნიშნული აქტის (17.05.2022 წლის) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობით და საკითხზე მსჯელობის შემდგომ ახალი აქტის გამოცემის დავალებით. კასატორის პრეტენზიას, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2022 წლის 16 მაისს, ლ.კ-ის წარმომადგენელმა ლ.ფ-ამ N19/01221361752-30 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ლ.კ-ის მამის - ს.კ-ისათვის ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N-6-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემის ფაქტის დადასტურება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის 17 მაისის N3001221372281 გადაწყვეტილებით, განცხადების პასუხად ლ.კ-ის ეცნობა, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებულ მიწების განაწილების სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები დადგინდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის N16-41 დადგენილებით. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად განხორციელდა ახალი ტერიტორიების შემოერთება, რომელთა შესახებ ვაკის რაიონის გამგეობას არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, დოკუმენტაცია ან მასთან დაკავშირებული სხვა საარქივო (2014 წლამდე არსებული) მონაცემები, რაც საფუძვლად დაედებოდა მოთხოვნილი ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დანიშნულების მიზნობრიობის შესახებ ცნობის გაცემას. შესაბამისად ეცნობა, რომ დელეგირებული უფლემოსილების ფარგლებში გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მხარის მოთხოვნა.
განსახილველ შემთხვევაში ლ.კ-ის მოთხოვნის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე 933 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება. სწორედ აღნიშნული ინტერესის მიღწევის მიზნით მიმართა მხარემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისაგან მოითხოვა მამის - ს.კ-სთვის ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N-6-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემის ფაქტის დადასტურება.
საკითხზე მსჯელობის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის „რ“ ქვეპუნქტით კანონმდებელმა განმარტა თუ რა შეიძლება მიჩნეული იქნეს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად, კერძოდ, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა - დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/ წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი. ამავე კანონის 41 მუხლის პირველი ნაწილის "ა", "ბ", "გ", "გ1" ქვეპუნქტების მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას; გ1) საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე გასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორის მოთხოვნას სადავო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის 17 მაისის N30-01221372281 წერილის/გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთის (თბილისი, ...ის ქუჩა N6, 933 კვ.მეტრის) საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად ს.კ-სათვის გადაცემის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, საკასაციო პალატა მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილების არგუმენტად კასატორის (მოსარჩელე) მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილ და ყურადღებაგამახვილებულ მტკიცებულებებზე, რომელთა შეფასება დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის კონკრეტული მოთხოვნის სამართლებრივ ბედს.
უპირველესად საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე (25.05.2023 წელი) მოწმის სახით გამოკითხულ რ.ლ-ის და დ.მ-ის განმარტებებზე, რომლებმაც მიუთითეს, რომ 1984 წელს სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა ს.კ-ს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული მე-...ის თანამშრომელს, რადგან იმ პერიოდისთვის მიწის ნაკვეთები გაიცემოდა მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე საბოსტნე მეურნეობისთვის იმ მოქალაქეებზე, რომელიც სოციალურად ძალიან შეჭირვებული იყო. ს.კ-ე აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა და მასზე 1985 წელს ააშენა პატარა სახლი. 1992 წელს, მიწის რეფორმის განხორციელების დროს შედგა დოკუმეტაცია. როგორც გასაჩივრებული წერილის შინაარსით ირკვევა, ვაკის რაიონის გამგეობამ საარქივო მონაცემების არ ქონაზე მითითებით უთხრა უარი განმცხადებელს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დანიშნულების მიზნობრიობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე. მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩართულობა მსგავსი ტიპის საქმეებში განპირობებულია პირველ რიგში სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით უნდა გადაწყდეს. საჯარო რეესტრში როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგვმით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის გარდა, გამგეობის უფლებამოსილებაში შედის იმის გადამოწმება, ზოგადად კონკრეტულ ფართზე არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ ტერიტორიას, რა ფაქტობრივი მდგომარეობაა ამჟამად სადავო ნაკვეთზე, მოწმეთა ჩვენებებით, მოძიებული დოკუმენტაციით ან წარმოების განმავლობაში გამოკვლეული ინფორმაციის შედეგად შესაძლებელია თუ არა დადგინდეს დაინტერესებული პირის უფლება სადავო ქონებაზე.
როგორც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტით კანონმდებლის მიერ არის გაწერილი, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით ადასტურებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, ან საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ზემოთმითითებული მოწმეები არ წარმოადგენენ არც სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს და არც საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირებს. მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ გახდება სადავო გარემოების დამდგენი მტკიცებულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის 17 მაისის N30-01221372281 წერილის/გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობისა და სადავო მიწის ნაკვეთის (თბილისი, ...ის ქუჩა N6, 933 კვ.მეტრის) საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად ს.კ-ესათვის გადაცემის ფაქტის დადასტურების შესახებ აქტის გაცემის დავალების საფუძველი.
რაც შეეხება ერთ - ერთ არგუმენტად კასატორის (მოსარჩელე) მიერ მიღება - ჩაბარების აქტ(ებ)ზე მითითებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიღება - ჩაბარების აქტს ხელს აწერს მოსარჩელის წარმომადგენელი - ლ.ფ-ა და მოწმის სტატუსით გამოკითხული პირები რაც შემდგომ დადასტურებულია ნოტარიულად. მტკიცებულებად მოშველიებული მიღება - ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილ დოკუმენტს. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მითითებული დოკუმენტი მართებულად ვერ მიიჩნიეს ოფიციალურ, უფლების დამადასტურებელ/წარმომშობ კანონიერ დოკუმენტად. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება - ჩაბარების აქტის მხოლოდ არსებობა არ გულისხმობს სათანადო შეფასების გარეშე მის ავტომატურ გაზიარებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება, ხოლო კასატორის მიერ ვერ იქნა მითითებული არგუმენტები რომელიც შესაძლებელს გახდიდა მოთხოვნის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის 17 მაისის N30-01221372281 ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის სრულად ბათილად ცნობის და საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად ს.კ-ისთვის მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N6, 933 კვ. მეტრი) გადაცემის ფაქტის დადასტურებისათვის აქტის გამოცემის დავალების საფუძვლიანობის დადასტურებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება შედავებულია მხოლოდ მოსარჩელე ლ.კ-ის მიერ, საკასაციო პალატა არ მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის კანონიერებაზე და შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის 17 მაისის N30-01221372281 წერილი/გადაწყვეტილების სადავო საკითხის ბათილად ცნობის ფარგლებში, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი