საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-389(კ-25) 30 ივნისი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე - პ.შ-ე
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 3 ნოემბერს პ.შ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 05 სექტემბერს ქ. თბილისში, ...ის №14-ის მიმდებარედ მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს ...-ს, სახელმწიფო ნომრით ..., დაეცა ხის ტოტი და დააზიანა ავტომანქანის ძრავის სახურავი, წინა მარცხენა ფრთა, წინა მარცხენა მაშუქი, ეკრანის მარცხენა მაშუქი, ეკრანის მარცხენა ნაწილი, წინა მარცხენა ამორტიზატორი, საჭის მართვის ღერძი, მარცხენა განივი წევა ბუნაკით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007083822 დასკვნის თანახმად, მიყენებული ზიანის ხარჯმა შეადგინა 2 288 ლარი. მოსარჩელის მითითებით, 2022 წლის 6 სექტემბერს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც 2022 წლის 07 სექტემბრის N18-01222501583 წერილით ეთქვა უარი. აღნიშნული წერილი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას დაეკისროთ პ.შ-ის ავტომანქანის დაზიანების გამო დამდგარი ზიანის - 2288 ლარისა და ექსპერტიზისთვის გაწეული ხარჯის - 138 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის საოქმო განჩინებით პ.შ-ის სარჩელისა გამო წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეში მოპასუხეებად განისაზღვრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას მოსარჩელე პ.შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 2288 ლარისა და ექსპერტიზისთვის გაწეული ხარჯების - 138 ლარის ანაზღაურება; პ.შ-ის სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-20 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპურ დებულებაზე, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულებაზე“ და ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება ქალაქ თბილისში, ... N14-ის მიმდებარედ არსებული მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ასევე, თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლითი ჭრის განხორციელება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებაა. შესაბამისად, განსახილველ დავის საგანთან მიმართებაში პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანო - ...ის რაიონის გამგეობა.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მართალია საქმის მასალებით არ იკვეთება, ტოტის ჩამოვარდნის კონკრეტული მიზეზი, თუმცა უდავოა, რომ ...ის რაიონის გამგეობის ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების მოვლის ვალდებულება ეკისრება აპელანტ ადმინისტრაციულ ორგანოს. ის ფაქტი, რომ შემთხვევას წინ არ უძღოდა შეტყობინება დაზიანებული ხის თაობაზე, ვერ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას სათანადო ყურადღება გაამახვილოს ხე-ნარგავებზე. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაიდინა მმართველობითი ღონისძიების - მოქმედების განუხორციელებლობა, არ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულება, რამაც დამდგარი ფაქტობრივი შედეგით ფიზიკურ პირს მიაყენა მატერიალური ზიანი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ქმედება, შედეგი-ზიანი და მიზეზობრივი კავშირი, პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული ნორმის შემადგენელ აუცილებელ ელემენტთაგან, თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. კონკრეტულ შემთხვევაში კი სავალდებულო წინაპირობათაგან სახეზე არცერთი არ არის. შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
კასატორის მითითებით, ზიანის ანაზღაურებისას მნიშვნელოვანია არსებობს თუ არა სახეზე ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანს და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას ზიანი მიადგა ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რაც გამოიხატა იმაში, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ განახორციელეს რეაგირება - დაზიანებული ხის სხვლა-ფორმირება. კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ ადგილი ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უმოქმედობით პირისათვის ზიანის მიყენებას, აუცილებელია არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განხორციელების ვალდებულება და ამ ვალდებულების განხორციელებისაგან თავის შეკავების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებიდან კი არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან უმოქმედობა, რომელსაც შეეძლო მიზეზობრივი კავშირი ჰქონოდა მხარისათვის მიყენებულ ზიანთან. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის გამო, მოსარჩელის სასარგებლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ის“ 2023 წლის 12 ივლისის №MIA 1 23 02000018 წერილში მითითებულია, რომ 2022 წლის 5 სექტემბერს, 00:27:01 საათზე, შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში „112-ში“ დაფიქსირდა შეტყობინება ნ.კ-ის მიერ, რომლის განცხადებით ქ. თბილისში, ... N14-ის მიმდებარედ, ხე წაიქცა და დაეცა ავტომობილს, რის გამოც ითხოვა შესაბამისი სამსახურების დახმარება.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის ... ...ის პატრულ-ინსპექტორის 2022 წლის 5 სექტემბრის რეაგირების ოქმის თანახმად, ადგილზე გამოძახებულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს პ.შ-ემ განუცხადა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N14-ის მიმდებარედ, ხეს მოტყდა ტოტი და დაეცა მის ...-ს მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით .... მოტეხილმა ტოტმა ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რომელიც გაიხსნა სამაშველო ბრიგადის დახმარებით. ავტომანქანას დაუზიანდა წინა მარცხენა ფრთა, წინა მარცხენა ფარი და ძრავის საფარი.
2022 წლის 6 სექტემბერს, პ.შ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა 2022 წლის 5 სექტემბერს, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N14-ში, მოტეხილი ხის ტოტის ავტომობილზე დაცემის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულ განცხადებას თან დაურთო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. მთავარი სამმართველოს ...ის ... ...ის პატრულ-ინსპექტორის მიერ 2022 წლის 5 სექტემბერს შედგენილი რეაგირების ოქმი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2022 წლის 7 სექტემბრის N18-01222501583 წერილით პ.შ-ეს განემარტა, რომ სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა შესაძლო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულო ბიუროს 2022 წლის 12 ოქტომბრის N007083822 დასკვნის თანახმად, 2002 წელს დამზადებულ, მაღალი გამავლობის ავტომობილ ...-ის მარკის ავტომანქანისთვის, სახ. ნომრით ..., საიდენტიფიკაციო ნომრით ..., მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს - 2 288 ლარს.
2022 წლის 18 ოქტომბერს, პ.შ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2022 წლის 7 სექტემბრის N18-01222501583 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 6 დეკემბრის N10-01223402099 წერილით ...ის რაიონის გამგეობიდან გამოითხოვა ინფორმაცია, ...ის რაიონის გამგეობაში დაფიქსირებული იყო თუ არა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N14-ის მიმდებარედ, ხის ხმობის, ან ავარიულობის თაობაზე განცხადება/შეტყობინება. ასევე, 2022 წლის 5 სექტემბერს, წაქცეული ხის გადატანასთან დაკავშირებით დაფიქსირდა თუ არა სატელეფონო ზარი და ასეთის არსებობის შემთხვევაში რა ქმედებები განხორციელდა შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან. ამავე წერილით მუნიციპალიტეტის მერიამ გამოითხოვა ინფორმაცია ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N14-ის მიმდებარედ, მწვანე ნარგავების განთავსების, მოვლის და ხის ავარიულობის თაობაზე შესაბამისი ღონისძიების გატარების შესახებ და ასევე, ხის მოჭრის, მოჭრილი თუ წაქცეული ხის გადატანა წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული სამსახურის კომპეტენციას.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 8 დეკემბრის N30-0122342649 წერილით მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ ...ის რაიონის გამგეობაში, ... N14 და მიმდებარე ტერიტორიიდან, ხის ხმობის, ან ავარიულობის თაობაზე განცხადება/შეტყობინება არ შესულა. 2022 წლის 5 სექტემბერს, მას შემდეგ რაც ხე მცენარეს მოტყდა ტოტი, 05.09.2022 წელს 01:16:55 საათზე შეტყობინება შევიდა ცხელ ხაზზე N..., რის შედეგადაც ...ის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელდა რეაგირება, დამუშავდა და გატანილ იქნა მოტეხილი ტოტი.
მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 19 დეკემბრის N64-0122353945 წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე, 2022 წლის 5 სექტემბერს დაფიქსირდა ორი სატელეფონო შეტყობინება, ქ. თბილისში, ... N14-ის მიმდებარედ მოტეხილი ხის ტოტის გატანასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინება დაუყოვნებლივ გადაეცა ...ის რაიონის გამგეობას.
2023 წლის 29 ივნისის განჩინების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა 2023 წლის 5 ივლისს სასამართლოს აცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის მიერ 2022 წლის 30 აგვისტოდან 04 სექტემბრის ჩათვლით თბილისში, ... N14-ის მიმდებარედ გადაბელვითი სამუშაოები არ ჩატარებულა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციური რანგის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. „..სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. №2/3/630 გადაწყვეტილება). საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის ზოგადი დანაწესი ემსახურება საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანოებისა თუ პირებისაგან მიყენებული ზიანის ეფექტიანი და ქმედითი ანაზღაურების ინტერესის დაცვას. აღნიშნულის დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგება კი, მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ზაკ-ის 208.3 მუხლის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, ზაკ-ის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). სამოქალაქო კოდექსის 1005.1 მუხლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, 1005.1 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლობა ადგენს საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის კი აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა, დაკავშირებული უნდა იყოს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან; ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისკენ; მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპურ დებულებაზე“, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. აღნიშნული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თბილისის რაიონის გამგეობა არის თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის – რაიონის მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”, საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის, თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტების და ამ დებულების საფუძველზე. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება დაქვემდებარებული ტერიტორიის გამწვანება, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებით (სადავო პერიოდში მოქმედი) დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი ან შესაბამისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო რაიონის გამგეობა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით ან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე. წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, სანიტარული ჭრა არის სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმის მასალებით არ იკვეთება, ტოტის ჩამოვარდნის კონკრეტული მიზეზი, თუმცა უდავოა, რომ ...ის რაიონის გამგეობის ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების მოვლის ვალდებულება ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. ის ფაქტი, რომ შემთხვევას წინ არ უძღოდა შეტყობინება დაზიანებული ხის თაობაზე, ვერ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას სათანადო ყურადღება გაამახვილოს ხე-ნარგავებზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის უმოქმედობის, ანუ დაკისრებული ვალდებულებების განუხორციელებლობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვინაიდან ხის დაცემის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა. კანონმდებლობით დადგენილი საჯარო ვალდებულებები კი თავის თავში მოიცავს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში მოთხოვნის უფლებას, ე.ი. მხარეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მოპასუხეს უმოქმედობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაიდინა მმართველობითი ღონისძიების - მოქმედების განუხორციელებლობა, არ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულება, რამაც დამდგარი ფაქტობრივი შედეგით ფიზიკურ პირს მიაყენა მატერიალური ზიანი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ შემთხვევაში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობისთვის პ.შ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე