Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-412 (კ-25) 14 ივლისი, 2025 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.მ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხის 18.03.2022 წლის MIA 5 22 00709505 წერილობითი პასუხის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ...ის განყოფილების რიგითი პოლიციელის თანამდებობიდან 19.11.1999 წლიდან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ...ის განყოფილების რიგითი პოლიციელის თანამდებობიდან 19.11.1999 წლიდან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.05.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მოსარჩელემ 05.06.2020 წელს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის ... განყოფილებაში მისი რიგითი პოლიციელის თანამდებობაზე დანიშვნისა და შემდგომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებების გადაცემა.

2.2. აღნიშნული განცხადების პასუხად, მოპასუხემ 16.06.2020 წელს MIA 0 20 01320782 წერილით მიმართა მოსარჩელეს და გადაუგზავნა ...ის ... განყოფილების უფროსის 28.12.1995 წლის №… ბრძანება შს ორგანოებში სამუშაოდ მიღების შესახებ, 01.06.1997 წლის №… ბრძანება ...ის ... №...ის შესახებ, 07.07.1997 წლის №… და ამავე წლის 16 ივლისის №… ბრძანებები საყვედურის გამოცხადების შესახებ, ასევე 01.02.1998 წლის №… ბრძანება ...ის ჯგუფში ...ის შესახებ.

2.3. ...ის ... განყოფილების უფროსის 28.12.1995 წლის №… ბრძანების თანახმად, მოსარჩელე მიღებულ იქნა შს ...ის ... განყოფილებაში რიგითი პოლიციელის თანამდებობაზე 10.12.1995 წლიდან.

2.4. მოსარჩელემ 01.09.2020 წელს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მიუთითა, რომ 05.06.2020 წლის განცხადების პასუხად არ გადასცემია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ როგორც სიტყვიერად განუცხადეს, გათავისუფლების ბრძანება ვერ იქნა მოძიებული, ამდენად, მან კვლავ მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების გადაცემა ან წერილობითი ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ გათავისუფლების ბრძანება ვერ იქნა მოძიებული.

2.5. აღნიშნული წერილის პასუხად, მოპასუხის 07.09.2020 წლის MIA 0 20 02100965 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოში მისი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ვერ იქნა მოძიებული.

2.6. მოსარჩელემ 18.11.2020 წელს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა წერილობითი ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, რომელი წლიდან რომელ წლამდე მუშაობდა (კონკრეტული თარიღების მითითებით) შს ...ის ... განყოფილებაში რიგითი პოლიციელის თანამდებობაზე.

2.7. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მოპასუხემ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება (სამსახურებრივი შემოწმება), რომლის ფარგლებშიც ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 30.11.2020 წლის №13729 წერილით დეპარტამენტს ეცნობა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში დაცული მონაცემთა ბაზის შესაბამისად, მოსარჩელე მსახურობდა №… სამხედრო ნაწილში 27.10.1986 წლიდან 22.11.1988 წლამდე. ...ის რაიონის სამხედრო კომისარიატში აყვანილია აღრიცხვაზე 23.11.1988 წელს, ხოლო 1989 წლიდან მოხსნილ იქნა აღრიცხვიდან ...ის რაიონში ჩაწერის გამო. 08.11.2000 წლიდან კვლავ აყვანილია სამხედრო აღრიცხვაზე ...ის რაიონული კომისარიატის მიერ, ...ის რაიონში ჩაწერის გამო. 09.11.2000 წლიდან 25.12.2007 წლამდე გადაყვანილი იქნა შს სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე. 08.09.2008 წლიდან დღემდე იმყოფება შს სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 09.12.2020 წლის №14150 წერილით კი, მოპასუხეს განმეორებით ეცნობა, რომ მოსარჩელე 1995-1998 წლებში არ იმყოფებოდა ...ის რაიონის სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე. ასევე, წერილში დამატებით მიეთითა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში დაცულ მონაცემთა ბაზაში მოსარჩელის შესახებ სხვა რაიმე სახის ინფორმაცია არ იძებნება, მათ შორის მისი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში 1995-1998 წლებში მუშაობის შესახებ.

2.8. მოპასუხის ეკონომიკური დეპარტამენტის 03.12.2020 წლის MIA 1 20 02809014 წერილის თანახმად, მოსარჩელის შესახებ დოკუმენტაცია (სახელფასო უწყისები, ფულადი უზრუნველყოფის პირადი ბარათები) შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საარქივო მასალებში არ ინახება.

2.9. მოპასუხის ადმინისტრაციის 25.12.2020 წლის MIA 4 20 02995309 წერილის თანახმად, დპდ ყოფილი თანამშრომლის - მოსარჩელის 1995-1998 წლებში მუშაობის დადასტურების და მისი შს ორგანოდან დათხოვნის ბრძანება, რომელიც შესაძლოა გამოცემული იყო 1998 წლიდან 2000 წლამდე პერიოდში, აგრეთვე, მოსარჩელის შს პირადი საქმის სხვა სამსახურების მიერ გამოთხოვის ან არქივიდან გატანის შესახებ ინფორმაცია, საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის განყოფილებაში არ მოიძებნა.

2.10. მოპასუხის შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 28.12.2020 წლის MIA 1 20 03019146 წერილის საფუძველზე, მოპასუხის ინსპექტირების სამმართველოს გადაეგზავნა სამმართველოში მოძიებული, ყოფილი თანამშრომლის - მოსარჩელის მიმართ 28.12.1995 წლიდან 2000 წლის ჩათვლით პერიოდში შრომითი ანაზღაურების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (ხელფასის გაცემის და დარიცხვის უწყისები): 1996 წლის VII, VIII, IX, X, XI, XII თვეების ხელფასის გაცემის უწყისები (ხელმოწერილი); 1997 წლის I თვის ხელფასის გაცემის უწყისი (ხელმოწერილი); 1997 წლის VII, VIII, IX თვეების ხელფასის დარიცხვის უწყისები; 1998 წლის IV, V, VI, VII თვეების ხელფასის გაცემის უწყისები (ხელმოწერილი). ამავე წერილში მიეთითა, რომ მოსარჩელის პირადი საქმის სხვადასხვა სამსახურების მიერ გამოთხოვისა და გადაგზავნის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოში ვერ იქნა მოძიებული.

2.11. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 28.12.2020 წლის №93/123 წერილის თანახმად, მოსარჩელის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურში არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება.

2.12. მოპასუხის მიერ 04.02.2021 წელს მომზადდა MIA 8 21 00259860 ცნობა დეპარტამენტში ჩატარებული მოსარჩელის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ. ცნობაში მიეთითა, რომ მოძიებული შრომითი ანაზღაურების მასალებით ვერ დასტურდებოდა მოსარჩელის უწყვეტი შრომითი მოწყობა. აგრეთვე, ვერ დადგინდა შს ორგანოებიდან დათხოვნის ზუსტი თარიღი და საფუძვლები. ამრიგად, სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოძიებული მასალები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ განისაზღვროს მოსარჩელის შს ორგანოებიდან დათხოვნის ზუსტი თარიღი და საფუძვლები, რათა გამოიცეს შესაბამისი დოკუმენტი.

2.13. მოპასუხის 25.02.2021 წლის MIA 9 21 00458833 წერილით მოსარჩელეს 18.11.2020 წლის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მოპასუხის შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოში მოსარჩელის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ვერ იქნა მოძიებული, ხოლო მოპასუხის ინსპექტირების სამმართველოს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოძიებული მასალები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ განისაზღვროს მოსარჩელის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ზუსტი თარიღი და საფუძვლები, რათა გამოიცეს შესაბამისი დოკუმენტი.

2.14. მოსარჩელემ 01.02.2022 წელს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის ... განყოფილებიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების მოსაძიებლად. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ღონისძიებები კვლავ უშედეგო აღმოჩნდებოდა, მოსარჩელემ მოითხოვა შესაბამისი აქტის გამოცემა 15.05.2000 წელს საკუთრების დაცვის პოლიციის ...ის განყოფილებიდან მისი დათხოვნის თაობაზე.

2.15. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მოპასუხემ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც დეპარტამენტმა 17.02.2022 წელს MIA 0 22 00413797 წერილით მიმართა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს. წერილში მიუთითა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა სამსახურებრივი შემოწმება შსს ყოფილი თანამშრომლის - მოსარჩელის შსს ორგანოში მუშაობის დადასტურებასთან დაკავშირებით. მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი და შედეგების შესახებ ეცნობა ადრესატს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მიერ განმეორებით მოხდა აღნიშნული საკითხის ხელახლა განხილვის შესახებ განცხადების წარმოდგენა. წერილში ასევე მიეთითა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსარჩელე ...ის რაიონის სამხედრო კომისარიატში აყვანილია აღრიცხვაზე 23.11.1988 წელს, ხოლო 1989 წლიდან მოხსნილ იქნა აღრიცხვიდან სხვა რაიონში ჩაწერის გამო. 08.11.2000 წლიდან კვლავ აყვანილია სამხედრო აღრიცხვაზე ...ის რაიონული კომისარიატის მიერ, ...ის რაიონში ჩაწერის გამო. 09.11.2000 წლიდან 25.12.2007 წლამდე გადაყვანილი იქნა შს სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე. 08.09.2008 წლიდან დღემდე იმყოფება შს სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე. აღნიშნულიდან და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს ეთხოვა ზემოაღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და სამხედრო სააღრიცხვო ბარათის დამოწმებული ქსეროასლების მოპასუხისთვის გადაგზავნა.

2.16. აღნიშნული წერილის პასუხად, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა 21.02.2022 წელს წერილით მიმართა მოპასუხეს და გადაუგზავნა სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ჩანაწერების დამოწმებული ქსეროასლები. მათ შორის, გადაგზავნილი იქნა ...ის დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსის წერილი (კომისარიატში რეგისტრაციის თარიღი: 19.11.1999 წელი), რომლითაც იგი მიმართავს ქ. ...ის რაიონის სამხედრო კომისარს, ...ის დაცვის პოლიციის განყოფილების ყოფილი თანამშრომლების, მათ შორის, მოსარჩელის (№…) სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მოთხოვნით.

2.17. მოპასუხის 18.03.2022 წლის MIA 5 22 00709505 წერილობითი პასუხით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოპასუხის ინსპექტირების სამმართველოს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით ვერ დადასტურდა მოსარჩელის უწყვეტი შრომითი მოწყობა, ვერ დადგინდა შს ორგანოებიდან დათხოვნის ზუსტი თარიღი და საფუძვლები, რის გამოც შეუძლებელია სამსახურებრივი შემოწმების შედეგების გარდა სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემა.

2.18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა პირმა - ბ.ჭ-ემ განმარტა, რომ იგი 1991 წლიდან მუშაობდა ქალაქის პოლიციაში, შემდეგ 1993 წლიდან 2008 წლამდე დაცვის პოლიციაში, იყო ... და შემდეგ სამსახურის უფროსი ქალაქ ...ში. მოწმემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე იყო ...ში ...ში, რომელიც ეკუთვნოდა შპს „...ას“, შემდეგ გადავიდა ...ში „...ას“ ...ის ...ში, იყო ასევე ...ის „ ...იც“, ...ზე. მოწმემ განმარტა, რომ არ ახსოვდა მოსარჩელის სამსახურიდან წასვლის ზუსტი დრო, თუმცა დაახლოებით ეს იყო 1999 წლის ნოემბერ-დეკემბერი ან 2000 წლის დასაწყისი. მოწმის განცხადებით, წასვლის მიზეზი იყო ის, რომ გაუქმდა „...ას“ ობიექტი, სხვა ობიექტი ვერ იქნა აყვანილი ...ზე და მოსარჩელეს მოუწია სამსახურის დატოვება. ასევე - კიდევ ერთმა მოწმემ - ე.გ-ემ განმარტა, რომ 01.01.1995 წლიდან მუშაობდა დაცვის პოლიციაში, პირველად ამ დღეს გავიდა სამსახურში, ქალაქ ...ში. მოწმემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეც იმ წელს მივიდა სამუშაოდ დაცვის პოლიციაში. მოწმის განმარტებით, ისინი გარკვეული პერიოდი ერთად მუშაობდნენ ...ზე „...“. მოწმემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან წასვლის მიზეზი არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ ეს იყო 1999 წლის შემოდგომაზე, ოქტომბერში ან ნოემბერში.

2.19. სასამართლომ მიუთითა, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, ასევე მიუთითა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტზე, მითითებული კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 23.03.2005 წლის N266 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება“. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მითითებული დებულების პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, აღნიშნული დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ დასტურდებოდა მოსარჩელის მოპასუხის ...ის განყოფილების რიგითი პოლიციელის თანამდებობიდან 19.11.1999 წლიდან გათავისუფლების ფაქტი, რაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი იყო.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასტურდებოდა მოსარჩელის რიგითი პოლიციელის თანამდებობიდან 19.11.1999 წლიდან გათავისუფლების ფაქტი. მან ყურადღება გაამახვილა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 21.02.2022 წლის წერილის დანართზე, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ...ის დაცვის პოლიციის განყოფილების ყოფილი თანამშრომლების, მათ შორის, მოსარჩელის (№...) სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა. სწორედ მოცემული წერილის კომისარიატში რეგისტრაციის თარიღი: 19.11.1999 წელი იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიჩნეული მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ...ის განყოფილების რიგითი პოლიციელის თანამდებობიდან განთავისუფლების თარიღად, რაც მართებულია, რამეთუ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა თავისთავად მოიაზრებდა მოსარჩელის იმ პოზიციიდან განთავისუფლებას, რომელიც მას ეკავა შსს დაცვის პოლიციაში.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი უკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ...ის განყოფილებაში კონკრეტული დროის პერიოდში მოსარჩელის რიგითი პოლიციელის თანამდებობაზე საქმიანობის ფაქტის დადასტურებას, რამეთუ მოპასუხესთან დაცული არ არის შესაბამისი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება მასზე, რომ საქმის მასალებით დგინდება მოსარჩელის რიგითი პოლიციელის თანამდებობიდან 19.11.1999 წლიდან გათავისუფლების ფაქტი, რაც ქმნის გასაჩივრებლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.

10. საქმეზე დადგენილია, რომ 05.06.2020 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის ... განყოფილებაში მისი რიგითი პოლიციელის თანამდებობაზე დანიშვნისა და შემდგომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებების გადაცემა. აღნიშნული განცხადების პასუხად მოპასუხემ 16.06.2020 წლის MIA 0 20 01320782 წერილით მოსარჩელეს გადაუგზავნა ...ის ... განყოფილების უფროსის 28.12.1995 წლის №... ბრძანება შს ორგანოებში სამუშაოდ მიღების შესახებ, 01.06.1997 წლის №... ბრძანება ...ის ... №...ის შესახებ, 07.07.1997 წლის №... და 16 ივლისის №... ბრძანებები საყვედურის გამოცხადების შესახებ და 01.02.1998 წლის №... ბრძანება ...ის ჯგუფში ...ის შესახებ. მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ბრძანება ან რაიმე ინფორმაცია მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ გადაუცია.

11. ამის შემდგომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მისთვის გადაცემისა და მისი დათხოვნის თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემის მოთხოვნით. საბოლოოდ, მოპასუხის 18.03.2022 წლის MIA 5 22 00709505 წერილობითი პასუხით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოპასუხის ინსპექტირების სამმართველოს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით ვერ დადგინდა შს ორგანოებიდან დათხოვნის ზუსტი თარიღი და საფუძვლები, რის გამოც შეუძლებელია სამსახურებრივი შემოწმების შედეგების გარდა სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემა.

12. საკასაციო პალატა იზიარებს და კასატორს დასაბუთებული შედავება არა აქვს წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს მიერ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 21.02.2022 წლის წერილისა და მისი დანართის (...ის დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსის წერილი. მისი კომისარიატში რეგისტრაციის თარიღი: 19.11.1999 წელი) საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებთან, ერთობლიობაში შეფასების შედეგად დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ...ის განყოფილების რიგითი პოლიციელის თანამდებობიდან გათავისუფლდა 19.11.1999 წლიდან. ეს არის დრო, როცა ...ის დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსმა ქ. ...ის სამხედრო კომისარს მიმართა ...ის დაცვის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების, მათ შორის მოსარჩელის (სიითი №...), სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მოთხოვნით (ს.ფ.77-78; 81).

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირადი საქმის სათანადოდ შენახვის უზრუნველყოფა დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენს. ...საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების სრულყოფილი შესწავლისა და ურთიერთშედარების გარეშე დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მასთან დაუცველობაზე მითითება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული არ არის გამოწვეული მოსარჩელის ბრალით (სუსგ №ბს-1338(2კ-19), 03.12.2020წ.).

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სასკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სუსგ №ბს-81(კ-25), 08.05.2025წ; ასევე, შდრ. სუსგ №ბს-707(კ-19), 17.09.2020წ.). კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პოლიცია არის სამართალდამცავი გასამხედროებული სახელმწიფო ორგანო, რომელიც დეპარტამენტის სახით შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და უზრუნველყოფს სახელმწიფოში არსებული კანონიერების რეჟიმის განუხრელ დაცვას. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, პოლიციის სამსახურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტში ფუნქციონირებენ სამმართველოების და განყოფილებების სახით. რეგიონებში და ადგილებზე პოლიციის სამსახურები სტრუქტურულად შედიან შინაგან საქმეთა რაიონულ, საქალაქო, რეგიონულ სამმართველოებსა და განყოფილებებში.

16. პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი გაწერილი იყო მითითებული კანონის 22-ე მუხლში, კერძოდ: პოლიციის თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვდნენ: ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მიხედვით; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადებისას, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება; გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის; ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო; ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისთვის; ზ) შტატების შემცირებისას; თ) სახელმწიფო ხელისუფლების, მმართველობის, პროკურატურის ორგანოებში, სასამართლოში არჩევის ან დანიშვნისას; ი) საკუთარი სურვილით; კ) ფიცის გატეხის, პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელისთვის; ლ) დანაშაულის ჩადენისათვის – კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; მ) კორუფციული სამართალდარღვევისათვის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. შესაბამისად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა თავისთავად მოიაზრებდა მოსარჩელის იმ პოზიციიდან განთავისუფლებას, რომელიც მას ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ...ის განყოფილებაში.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2024 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

თამარ ოქროპირიძე