საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-416(2კ-25) 29 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კასატორი (მოსარჩელე) - თ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. კ-ემ 2021 წლის 29 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა „ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტში სტრუქტურული რეორგანიზაციასთან დაკავშირებული გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 16 ნოემბრის №MOD 2 21 00000988 ბრძანების, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 02 დეკემბრის №MOD 821 00004006 ბრძანების ბათილად ცნობა, თ. კ-ეის სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოცემის დავალება, ასევე მოსარჩელისათვის მისი გათავისუფლების დღიდან - 2021 წლის 02 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის სხდომაზე თ. კ-ეის წარმომადგენელმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ნოემბრის №MOD 8 21 000010000 ბრძანების ბათილად ცნობაც.
სარჩელის თანახმად, თ. კ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა 2020 წლის 28 მაისიდან 2021 წლის 02 დეკემბრამდე, სამინისტროს ...ში ...ის განყოფილების ...ად; მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა რეორგანიზაცია და რეორგანიზაციის შედეგად თ. კ-ეის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება. რეორგანიზაცია მოიცავდა შტატების შემცირებას, რომელიც ითვალისწინებდა სამი მთავარი სპეციალისტის შტატის გაუქმებასა და მათ ნაცვლად ერთი ოფიცრისა და ორი ...ს თანამდებობის შემოღებას.
მოსარჩელის განმარტებით, მსგავსი რეორგანიზაცია უკვე განხორციელდა სხვა დეპარტამენტის უფროსის გასათავისუფლებლად და წარმოადგენდა იმ გამოცდილ გზას, რომლითაც ხდებოდა საჯარო სამსახურში არასასურველი კადრების მოშორება. განსახილველ შემთხვევაში, რეორგანიზაციის მიზანი იყო ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტიდან კეთილსინდისიერი თანამშრომლების თავიდან მოცილება. თ. კ-ეის განმარტებით, 2020-2021 წლებში დეპარტამენტში გახდა უკანონო ქმედებების მომსწრე - ...ში ხდებოდა ვადაგასული და ძველი პროდუქტების მიწოდება საჯარო დანაყოფებისათვის, შესაბამისად, თ. კ-ე ადგენდა წუნდების აქტებს. ნებისმიერი მსგავსი უარყოფითი აქტის შედგენის შემთხვევაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რისი მოტივიც იყო თავდაცვის სამინისტროს „პრესტიჟის“ შენარჩუნება. თ. კ-ე სარჩელში აღნიშნავდა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განიცდიდა შევიწროებას ხელმძღვანელი პირებისაგან. მათ არ სიამოვნებდათ მისი, როგორც სპეციალისტის პროფესიულ დონეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, რის გამოც არაერთხელ დაუბარებიათ სამმართველოს უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახში, სადაც მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიურ ზეწოლა, რათა ხშირად არ შეედგინა წუნდების აქტები. მოსარჩელის მოვალეობას წარმოადგენდა სამხედრო ბაზებზე სამხედრო მოსამსახურეთა კვებისა და საწყობის კონტროლი; მათ არ სიამოვნებდათ დარღვევების აღნიშვნა ამა თუ იმ ბაზაზე, რომელიც მრავლად იქნა აღმოჩენილი თ. კ-ეის მიერ. მოსარჩელის მიერ დაობებულ და ძველ პროდუქტებზე არაერთი აქტი შედგა, ასევე ორჯერ დაწერა მოხსენებითი ბარათი დეპარტამენტის უფროსის სახელზეც, რასაც შემდგომი რეაგირება არ მოჰყოლია.
თ. კ-ეის განმარტებით, 2021 წლის 16 მარტს ადგილი ჰქონდა დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს. მინისტრის მოადგილემ თ. კ-ეს ნებართვა დართო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ნაცვლად სახლში დარჩენილიყო, ხოლო შრომით ანაზღაურებას მიიღებდა ჩვეულებრივ. მის მიერ შედგენილ სამუშაო აქტებს ხელმძღვანელი ყოველ ჯერზე უსაფუძვლოდ იწუნებდა მიუხედავად იმისა, რომ ისინი სტანდარტული და კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი აქტები იყო. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სამსახურებრივი შტატის სამხედრო შტატად გარდაქმნა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ თ. კ-ე ჩამოეშორებინათ სამსახურებრივი მოვალეობისგან, რათა არ შეედგინა აქტები იმ დარღვევებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საჯარო დაწესებულებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით თ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „თ. კ-ეის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 02 დეკემბრის №MOD 8 21 00005006 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მისი სამართლებრივი შეფასებები, დამატებით საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ წარმოადგენდა აბსოლუტურ უფლებას და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელი იყო დაჰქვემდებარებოდა შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით, მათ შორის, რეორგანიზაციისას შტატების შემცირების გამო.
განსახილველ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-ე გათავისუფლებამდე იკავებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფისის ...ს ...ის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 16 ნოემბრის №MOD 2 21 00000988 ბრძანებით, 2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოცხადდა სტრუქტურული რეორგანიზაცია შტატების შესაძლო შემცირებით. აღნიშნული რეორგანიზაციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.11.2021წ. №MOD 8 21 0000100 ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 09.10.2020წ. №MOD 1 20 00000744 ბრძანებაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდა ახალი სახით. კერძოდ, ხარისხის კონტროლის სამმართველოს ...ის ხარისხის კონტროლის განყოფილებაში გაუქმდა მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1 (ერთი) სამოქალაქო თანამდებობა და განისაზღვრა სპეციალისტის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია „...“), ხოლო ამავე სამმართველოს შეიარაღების, საწვავის და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის განყოფილებაში გაუქმდა მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 2 (ორი) სამოქალაქო თანამდებობა და განისაზღვრა ოფიცრის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“) და სპეციალისტის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია ,,...“).
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე და 121-ე მუხლებზე დაყრდნობით მართებულად განმარტა საჯარო სამსახურის რეორგანიზაციის მიზნები, რომ იგი ემსახურებოდა საჯარო სამსახურის ფუნქციონირების სრულყოფას, მოსამსახურეთა შორის უფლება-მოვალეობების სწორად გადანაწილებას, ეფექტიანი და სწრაფი მმართველობის განხორციელების უზრუნველყოფას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო შეეცვალა არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოეხდინა შტატების ოპტიმიზაცია, დაემატებინა საშტატო ერთეული, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობდა მიხედულობის, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავდა კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუსგ 12.04.2018წ. №ბს-1102-1096(კ-17)). პალატამ განმარტა, რომ საკადრო საჭიროებების შეფასებისა და აღნიშნულის შედეგად საკადრო საკითხების გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობდა მიხედულების ფართო ფარგლებით, შესაბამისად იმის განსაზღვრა, კონკრეტულად რომელი შტატის/შტატების არსებობა იყო საჭირო და საკმარისი ადმინისტრაციული ორგანოს სრული, ეფექტური და მაქსიმალურად ეკონომიკური ფუნქციონირებისთვის, ადმინისტრაციული ორგანოს ფართო დისკრეციის სფეროს განეკუთვნებოდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობების განხორციელების ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა წარმოადგენდა. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, განსაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურა, თანამდებობათა დასახელება, საშტატო ნუსხა და თითოეული საშტატო ერთეულის უფლება-მოვალეობა, რათა თვითონ ჰქონდეს შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად შეაფასოს, თუ როგორი სტრუქტურის და რა სახის საშტატო ნუსხით იქნება უფრო ეფექტური სამინისტროს საქმიანობა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შესახებ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლებოდა შემოწმებულიყო მხოლოდ იმ კუთხით, თუ რამდენად იყო დაცული საკითხის ინიციირების, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი/პროცედურა, ხოლო რამდენადაც ამ კუთხით არსებითი ხასიათის დარღვევა, საქმის მასალებზე და მხარეთა ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით, საქმის განხილვისას არ გამოვლენილა, პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება 2021 წლის პირველი დეკემბრიდან თ. კ-ეის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 02.12.2021წ. №MOD 8 21 00005006 ბრძანების კანონიერების შეფასებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მიზნებისთვის მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო არსებობდა თუ არა შტატების შემცირების მოტივით თ. კ-ეის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. სააპელაციო პალატამ ამ ნაწილშიც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 13 აპრილიდან თ. კ-ეს ეკავა თავდაცვის სამინისტროს ოფისის ...ს ...ის ხარისხის კონტროლის განყოფილების ...ის თანამდებობა. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ №1 ოქმის თანახმად დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ში განისაზღვრა 13 საშტატო ერთეული, მათ შორის: სამმართველოს უფროსი - „II რანგის II კატეგორიის ხელმძღვანელი; შეიარაღების, საწვავისა და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი - III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი“; უფროსი ოფიცერი (1 ერთეული) – საშტატო კატეგორია „ვიცე-პოლკოვნიკი“; მთავარი სპეციალისტი (5 ერთეული) - III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი - III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; მთავარი სპეციალისტი (4 ერთეული) - III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. ვინაიდან მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) ცხრავე თანამდებობა დაკავებული იყო, დასაქმებული ცხრა თანამშრომლიდან 2021 წლის პირველ დეკემბრიდან უნდა გათავისუფლებულიყო სამი პროფესიული საჯარო მოხელე.
სააპელაციო პალატამ №1 ოქმის თანახმად დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს კომისიური წესით უნდა შესწავლილიყო ზემოხსენებული ცხრა მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თავდაცვის სამინისტროში სამუშაო გამოცდილების, წახალისების, სასჯელის, შეფასების, ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგები.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას განხილული იქნა სამი საჯარო მოხელის (მათ შორის, თ. კ-ეის) გათავისუფლების საკითხი. კომისიამ დაადგინა, რომ თ. კ-ეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ხშირად ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა სხვადასხვა ქვედანაყოფის წარმომადგენელთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2021 წლის პირველი დეკემბრიდან, საშტატო თანამდებობის შემცირების გამო, თ. კ-ეის მიმართ დაწყებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ გათვალისწინებული მობილობის პროცედურები, შიდა მობილობის ფარგლებში მისთვის შეეთავაზებინათ თავდაცვის ძალებში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობები, ამასთან, წერილობით ეთხოვათ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „...ს“ ხელმძღვანელობისა და საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გარე მობილობის განხორციელებაში დახმარება, ხოლო მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, სურვილის შემთხვევაში, ჩაერიცხათ მოხელეთა რეზერვში, მიეცათ კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით და გაფრთხილების ვადის დარღვევის გამო გათვალისწინებული 1 თვის თანამდებობრივი სარგო.
პალატამ მიუთითა, რომ დამსაქმებელი, თუნდაც საშტატო ერთეულების შემცირების შემთხვევაში, ვალდებული იყო, გამოეკვლია, შეეფასებინა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცხადად აესახა მოტივაცია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მან უპირატესი დარჩენის უფლების მქონე მოხელეთა გამოსავლენად. პალატამ, საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიამ, რომელსაც უნდა შეესწავლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ში დასაქმებული ცხრა მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) სამუშაო გამოცდილების, წახალისების, სახდელის, შეფასების, ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგები და მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული ჩვევების გათვალისწინებით, გამოევლინა უპირატესი დარჩენის უფლების მქონე მოხელეები, 2021 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე განიხილა შტატების შემცირების გამო დაკავებული თანამდებობიდან მხოლოდ სამი მოხელის, მათ შორის, თ. კ-ეის გათავისუფლების საკითხი. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ არ დგინდებოდა მოცემულობა, შესამცირებელ მოხელეთა შორის კონკურენციის პირობებში, თუ რა ნიშნით მიენიჭა უპირატესობა დასაქმებულ პირებს თ. კ-ესთან შედარებით. კომისიის სხდომის ოქმში მითითებული გარემოება, რომ თ. კ-ეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ხშირად ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა სხვადასხვა ქვედანაყოფის წარმომადგენლებთან, ამასთან, მის მიმართ 2021 წლის 27 ივლისს გამოყენებული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „საყვედური“, რისგანაც მოსარჩელე განთავისუფლებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2021 წლის 27 ივლისის დასკვნით, პალატის მოსაზრებით, არ ადასტურებდა მასთან მიმართებით სხვა მოხელეთა აშკარა უპირატესობას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ობიექტურად შეეფასებინა თითოეული მოხელის კვალიფიკაცია, პროფესიული უნარ-ჩვევები და მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიეღო მკაფიოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. პალატამ მიიჩნია, რომ კომისიის ოქმით ასევე არ დგინდებოდა მოხელეთა გათავისუფლებისას გათვალისწინებული იყო თუ არა მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგები.
სააპელაციო პალატის განმარტებით, შესამცირებელ მოხელეთა შორის კონკურენციის არსებობის პირობებში, მათ შორის, უპირატესის გამოვლენა წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას, რაც გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის უფრო ცხადია ის გამოწვევები, რაც მის წინაშე დგას და ნათელია, რომელი თანამშრომლის მეშვეობითაა შესაძლებელი კონკრეტული ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტა, თუმცა, ამავდროულად აღნიშნა, რომ ხსენებული არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, ნათლად და ცალსახად გამოეკვეთა დასაქმებულთა შორის არსებული უპირატესობები, რაც შესაძლებელს გახდიდა პროცესზე სასამართლო ზედამხედველობის განხორციელებას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გარემოებები, რომლებიც, შესაძლოა, ობიექტურად მართლაც არსებობდა კონკრეტული მოხელისთვის უპირატესობის მინიჭების პროცესში, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ასახული არ იყო შესაბამის აქტში და მიუწვდომელი იყო გარეშე ობიექტური დამკვირვებლისათვის, ეჭვქვეშ აყენებდა ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას. ფაქტები და გარემოებები, რომელიც არ იყო სათანადო წესით გამოკვლეული, შესწავლილი და შეფასებული, ვერ გახდებოდა აქტის მიღების საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 02.12.2021წ. №MOD 8 21 00005006 ბრძანება) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები. საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება თ. კ-ეის მიმართ აქტის გამოცემისას, ასევე არ დადგინდა, გაითვალისწინა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ გათავისუფლებისას აპელანტის პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობის ხარისხი, რა გარემოებებიც ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით საკითხის ხელახლა გამოკვლევას საჭიროებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და თ. კ-ემ.
კასატორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 16 ნოემბერს გამოიცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის №988 ბრძანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტში განსახორციელებელი სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ შტატების შესაძლო შემცირებით; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.11.2021წ. №1000 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 09.10.2020 წლის №744 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული №18 დანართი ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით; საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ეცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტში დაწყებული რეორგანიზაციის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.11.2021წ. №1221380 შეტყობინების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ს პროფესიული საჯარო მოხელეები გაფრთხილებული იქნენ რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო, შესაძლო გათავისუფლების შესახებ 2021 წლის პირველი დეკემბრიდან. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, ეს უკანასკნელი თ. კ-ეს მატერიალურად არ ჩაჰბარებია, თუმცა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შეტყობინება დაეწერა 24.11.2021წ. 09:10 საათზე, რაზეც ადამიანური რესურსების დეპარტამენტში 24.11.2021წ. შედგა შესაბამისი ოქმი.
ადამიანური რესურსების დეპარტამენტის 2021 წლის 29 ნოემბრის №1241886 შეთავაზებით თ. კ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში შესთავაზეს შემდეგი თანამდებობები: 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „...ის“ უზრუნველყოფის ასეულის სპორტული კომპლექსის ადმინისტრატორი; 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 35-ე უზრუნველყოფის ბატალიონის სარემონტო ასეულის ტექნიკური მომსახურების ოცეულის ტექნიკური დოკუმენტაციის სპეციალისტი; 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის აღმოსავლეთი ინფრასტრუქტურის სამსახურის საავარიო და სარემონტო განყოფილების სპეციალისტი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი ინფრასტრუქტურის სამსახურის VI განყოფილების (სამცხე-ჯავახეთის) საწყობის უფროსი. თ. კ-ეს ასევე ეთხოვა, რომ 2021 წლის 01 დეკემბრამდე ადამიანური რესურსების დეპარტამენტისთვის წერილობით ეცნობებინა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მითითებულ შეთავაზებას თ. კ-ე გაეცნო „ემოდის“ ელექტრონულ პროგრამაში, მაგრამ წერილობით პასუხი არ გაუცია.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 25 ნოემბრის №1235433 წერილი გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „...ს“ თ. კ-ეის დასაქმებასთან დაკავშირებით, საიდანაც შემოსული წერილით ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „...ში“ დაგეგმილი იყო საშტატო ნუსხის განახლება და სახელფასო ფონდში ცვლილებების შეტანა, შესაბამისად, დასაქმების საკითხი დარჩა დაკმაყოფილების გარეშე. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროდან 30.11.2021წ. №გ12617 წერილით გადმოგზავნილი ვაკანსიების განხილვის შემდეგ, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №199 დადგენილების მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მობილობის შეთანხმების მიზნით წერილობითი შუამდგომლობები გაეგზავნა სხვადასხვა სამინისტროებს, საიდანაც მიღებული წერილობითი პასუხებით გაირკვა, რომ გასათავისუფლებელი მოხელეების დასაქმებასთან დაკავშირებით, შეთანხმება ვერ შედგა.
2021 წლის პირველ დეკემბერს თ. კ-ეს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მიერ ეცნობა, რომ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №199 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი თანხმობის შემთხვევაში იგი ჩაირიცხებოდა მოხელეთა რეზერვში, რაზეც მან პირველ ეტაპზე განაცხადა უარი, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა თანხმობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 02.12.2021წ. №MOD 7 21 00005006 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ს ...ის ხარისხის კონტროლის განყოფილების ...ი თ. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 12 ნოემბრის №1185474 მოხსენებით ბარათზე, რომლის თანახმად, სტრუქტურულ ერთეულებში ამოცანათა და კომპეტენციათა ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ დეპარტამენტი ხარისხის კონტროლის სტანდარტების შემუშავების, ჩამოყალიბებისა და დანერგვის პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველო თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებთან. შესაბამისად, არსებული თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერებისა და სამხედრო სპეციფიკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი ხარისხის კონტროლის სამმართველოში შემოღებულ იქნა 1 (ერთი) ოფიცრის და ორი (ორი ...ს სამხედრო თანამდებობა, სადაც სასურველია, დანიშნულიყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც „სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის ნუსხის, კოდირების საკარიერო გვარეობებისა და მათ მინიჭებაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის №124 ბრძანების თანახმად მინიჭებული ექნებოდათ „ლოგისტიკის გვარეობის“ შესაბამისი კოდი. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე დაიწყო სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებდა 3 (სამი) მთავარი სპეციალისტის თანამდებობის გაუქმებას და მათ ნაცვლად 1 ოფიცრისა და 2 ...ს სამხედრო თანამდებობის შემოღებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 16 ნოემბრის №988 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ადამიანური რესურსების დეპარტამენტმა 2021 წლის 25 ნოემბერს გამართა ადმინისტრაციული წარმოება, სადაც კომისიური წესით შესწავლილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ს ცხრავე მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნული პროფესიული საჯარო მოხელეების თავდაცვის სამინისტროში სამუშაო გამოცდილება, წახალისება, სასჯელი, შეფასება, ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგები. მითითებული წარმოების ფარგლებში განხილული იქნა 3 საჯარო მოხელის, მათ შორის თ. კ-ეის გათავისუფლების საკითხი და აღინიშნა, რომ ადამიანური რესურსების დეპარტამენტში შემოსული იყო გენერალური ინსპექციის დასკვნა, სადაც ფიგურირებენ თ. კ-ე და რ. ს-ი, თუმცა მინისტრის გადაწყვეტილებით ისინი გათავისუფლდნენ დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან და მიეცათ სიტყვიერი გაფრთხილება, რათა დეპარტამენტში არსებული დაძაბულობა განმუხტულიყო და ჩამოყალიბებულიყო ჯანსაღი სამუშაო გარემო, თუმცა მდგომარეობა გამოსწორების ნაცვლად უფრო გართულდა და დაიძაბა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ს უფროსმა რ. მ-იმა განმარტა, რომ ქალბატონ თ. კ-ეის სიტყვიერი გადმოცემით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ხშირად ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა სხვადასხვა ქვედანაყოფის წარმომადგენლებთან. გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2021 წლის 1 დეკემბრიდან საშტატო თანამდებობის შემცირების გამო, თ. კ-ეის მიმართ დაწყებულიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მობილობის პროცედურები.
კასატორის წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს კანონის 110-ე, 114-ე, 105-ე მუხლების, 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით), „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ს კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თ. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2021 წლის პირველი დეკემბრიდან, 2023 წლის პირველ დეკემბრამდე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მიეცა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 (სამი) თვის ოდენობით, შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად აუნაზღაურდა გამოუყენებელი შვებულება (22 სამუშაო დღე), ამასთან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 114-ე მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილების ვადის დარღვევის გამო, მიეცა 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 2 დეკემბრის №5006 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
თ. კ-ეის საკასაციო საჩივარში გადმოცემულია სარჩელში ჩამოყალიბებული მოსაზრებები სრულად და რაიმე განსხვავებული პოზიცია მითითებული არ აქვს. მისი განმარტებით, რეორგანიზაციის მიზანი იყო ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტიდან კეთილსინდისიერი თანამშრომლების თავიდან მოცილება, რაც უკანონო რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ხოლო 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით თ. კ-ეის - საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ეის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხლი). საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული. აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის კანონიერების საკითხის გამორკვევაა, რაც სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტა საჭიროებს თ. კ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. კ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ს ...ის ...ს განყოფილების ...ის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე კანონის 103-ე მუხლის მიხედვით, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა 2021 წლის 12 ნოემბრის №MOD 7 21 01185474 მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოითხოვა დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისათვის 2021 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოცხადებულიყო რეორგანიზაცია და ხარისხის კონტროლის სამმართველო ჩამოყალიბებულიყო თანდართული ნუსხის მიხედვით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 16 ნოემბრის №MOD 2 21 00000988 ბრძანებით, 2021 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოცხადდა სტრუქტურული რეორგანიზაცია შტატების შესაძლო შემცირებით. აღნიშნული რეორგანიზაციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ნოემბრის №MOD 8 21 0000100 ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 9 ოქტომბრის №MOD 1 20 00000744 ბრძანებაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდა ახალი სახით, კერძოდ, ხსენებულ განყოფილებაში გაუქმდა მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1 (ერთი) სამოქალაქო თანამდებობა და განისაზღვრა სპეციალისტის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია „...“), ხოლო ამავე სამმართველოს შეიარაღების, საწვავის და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის განყოფილებაში გაუქმდა მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 2 (ორი) სამოქალაქო თანამდებობა და განისაზღვრა ოფიცრის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“) და სპეციალისტის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია „...“).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს მსგავსი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმებია დადგენილი. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ 08.12.2015წ, №ბს-449-442(კ-15)). ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუსგ 12.04.2018წ. №ბს-1102-1096(კ-17)).
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, რეორგანიზაციის დაწყების შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ 2021 წლის 13 აპრილიდან შეიქმნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტი. სტრუქტურულ ერთეულებში ამოცანათა და კომპეტენციათა ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ დეპარტამენტი ხარისხის კონტროლის სტანდარტების შემუშავების, ჩამოყალიბებისა და დანერგვის პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებთან. შესაბამისად, არსებული თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერებისა და სამხედრო სპეციფიკის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნდა, ხარისხის კონტროლის სამმართველოში შემოღებულიყო 1 (ერთი) ოფიცრისა და ორი (ორი) კაპრალსპეციალისტის სამხედრო თანამდებობა, სადაც სასურველი იყო, დანიშნულიყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც „სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის ნუსხის, კოდირების, საკარიერო გვარეობებისა და მათ მინიჭებაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის №124 ბრძანების თანახმად, მინიჭებული ექნებოდათ „ლოგისტიკის გვარეობის“ შესაბამისი კოდი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის მინისტრს კანონით აქვს მინიჭებული. ამდენად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 16 ნოემბრის №MOD 2 21 00000988 გასაჩივრებული ბრძანება, აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, ხოლო საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/8069-21).
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელე თ. კ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 02 დეკემბრის №MOD 8 21 00005006 ბრძანების კანონიერებასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურში, თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) შემცირებაა, რაც თავის მხრივ, გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის ფუნქციურად სრულად გაუქმებას.
განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ თ. კ-ე სწორედ რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების, მობილობის შეუძლებლობის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეფასდეს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღო თუ არა გადაწყვეტილება, რადგან სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს უნდა ეძლეოდეს შესაძლებლობა, სრულად აღიქვას მისი განთავისუფლების, ასევე, მასთან შედარებით სხვა კონკრეტული პირისთვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ში რეორგანიზაციის შედეგად, მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) ცხრა თანამდებობიდან შემცირდა სამი საშტატო ერთეული; კონკრეტულად, გაუქმდა მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 2 (ორი) სამოქალაქო თანამდებობა და განისაზღვრა ოფიცრის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“) და სპეციალისტის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია „...“). შესაბამისად, მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) საშტატო ერთეულებზე დასაქმებულ პირებს შორის წარმოიქმნა კონკურენცია ახლად შექმნილ და უკვე არსებულ საშტატო ერთეულებზე შერჩევის მიზნით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. კ-ეის გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 02 დეკემბრის №MOD 8 21 00005005 ბრძანების მიღებამდე, 2021 წლის 25 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №MOD 2 21 00000988 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, სადაც კომისიური წესით უნდა მომხდარიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ში დასაქმებული ცხრა მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) სამუშაო გამოცდილების, წახალისების, სასჯელის, შეფასების, ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესწავლა. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების პროცესში თითოეულ საშტატო ერთეულზე დასანიშნი საჯარო მოხელის შეფასება ინდივიდუალურად არ განხორციელებულა, არამედ განხილულ იქნა მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებული სამი მოხელის ზოგადი ინფორმაცია. საყურადღებოა, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ადმინისტრაციულმა ორგანომ შეისწავლა თუ არა სხვა დასაქმებულებთან შედარებით, თ. კ-ეის სამსახურიდან განთავისუფლების უპირატესობის საკითხი. რეორგანიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომისიის ოქმში წარმოდგენილია ზოგადი მსჯელობა და შესაბამისი არგუმენტაციით არ არის სათანადოდ გამყარებული, თუ რატომ მიენიჭა უპირატესობა კონკრეტულ საჯარო მოხელეებს მოსარჩელესთან შედარებით, რატომ ვერ განახორციელებდა მოსარჩელე კონკრეტული თანამდებობისთვის განკუთვნილ მოვალეობებს, რაზე დაყრდნობით მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ თ. კ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლებითა და თანამდებობაზე დატოვებული პირების შენარჩუნებით, უკეთესად იქნებოდა შესაძლებელი ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის განსაზღვრული კანონიერი მიზნის მიღწევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში მკაფიოდაა გაწერილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების პირობებში, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ხსენებული კანონის 106-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ შესამცირებელ მოხელეთა შორის კონკურენციის არსებობის პირობებში, მათ შორის უპირატესის გამოვლენა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას. გარემოებები, რომლებიც შესაძლოა ობიექტურად მართლაც არსებობდეს კონკრეტული მოხელისთვის უპირატესობის მინიჭების პროცესში, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ასახული არ არის შესაბამის აქტში და მიუწვდომელია გარეშე ობიექტური დამკვირვებლისათვის, ეჭვქვეშ აყენებს ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას. ფაქტები და გარემოებები, რომელიც არ არის სათანადო წესით გამოკვლეული, შესწავლილი და შეფასებული, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს აქტის მიღებას. თანაბარ მდგომარეობაში მყოფი და თანაბარი სამსახურებრივი დატვირთვის მქონე მოხელეებიდან, ერთ-ერთი მათგანის გათავისუფლება და მეორის დასაქმება, ბუნებრივია, ბადებს ბუნდოვანებას, რა პირობებშიც მნიშვნელოვანია აქტში აისახოს, თუ რის საფუძველზე გააკეთა ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტული არჩევანი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს იმ გარემოებას, როდესაც პირთა შორის კონკურენციის არსებობის პირობებში ვერ დგინდება, რა გახდა კონკრეტული პირისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული აქტი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაცულია კანონის წინაშე პირთა თანასწორობის პრინციპი, აქტიდან არ იკვეთება, რომ თანამშრომელთა შერჩევა და დარჩენილ საშტატო ერთეულებზე დასაქმება მოხდა პროფესიონალიზმისა და მათი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ობიექტური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას (სუსგ №ბს-1447(2კ-22), 20.06.2023წ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციის მიღმაა მოქცეული, თუმცა სასამართლო კონტროლის განხორციელებისთვის საჭიროა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული აქტების სათანადო დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 02 დეკემბრის №MOD 8 21 00005006 ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებულობის სტანდარტს. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე, რაც ქმნის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 02 დეკემბრის №MOD 8 21 00005006 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამინისტროსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ეის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა