საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-148-417-08 20 მარტი, 2008წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ი-ძის საკასაციო საჩივრის გაუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 3 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ჯ. შ-ძემ მოპასუხეების _ ნ. ფ-ავას, ა., ბ. და მ. ი-ძეების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება ქ. ბათუმში, ...ის ქ. ¹36-ში ლიტერი “ა”-ს II სართულის ¹23, 24, 25, 26, 27, 31, 33 და 35 ოთახებიდან (ს.ფ. 5).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. შავაძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ფ-ავა, ა. ი-აძე, ბ. ი-აძე და მ. ი-აძე გამოსახლებულ იქნენ ჯ. შ-აძის საკუთრებაში რიცხული ქ. ბათუმში, ...ის ქ. ¹36-ში მდებარე სახლმფლობელობის ლიტერი “ა”-ს II სართულზე განლაგებული ¹23, 24, 25, 26, 27, 31, 33 და 35 ოთახებიდან, აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ჯ. შავაძეს (ს.ფ. 58-62).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-აძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ჯ. შ-აძის სარჩელის გაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 65-66).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. ი-აძის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული საქმის წარმოება შეჩერდა დ. ჩ-ოვას მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯ. შ-აძის მიმართ სადავო საცხოვრებელი ოთახების დაბრუნების შესახებ აღძრული სარჩელის გადაწყვეტამდე (ს.ფ. 103-104).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 იანვრის განჩინებით საქმეზე წარმოება განახლდა (ს.ფ. 116-118).
ამავე სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით ა. ი-აძის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება კვლავ შეჩერდა დ. ჩ-ოვასა და ა. შ-აძეს შორის 1998 წლის 7 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ა. ი-აძის განცხადების განხილვამდე (ს.ფ. 128-131).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა (ს.ფ. 138-140).
ამავე სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება დ. ჩ-ოვასა და ა. შ-აძეს შორის 1998 წლის 7 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ა. ი-აძის განცხადების განხილვამდე (ს.ფ. 165-169).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აგვისტოს განჩინებით საქმის წარმოება კვლავ განახლდა და ა. ი-აძის სააპელაციო საჩივრის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2007 წლის 19 სექტემბერს 12:00 საათზე (ს.ფ. 187-191).
აღნიშნულ სხდომაზე ა. ი-აძე არ გამოცხადდა, რის გამოც, ჯ. შ-აძის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ი-აძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი (ს.ფ. 204-208).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა. ი-აძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა (ს.ფ. 227-228).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ა. ი-აძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
აღნიშნულ განჩინებას სააპელაციო სასამართლომ საფუძვლად დაუდო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ, ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისთვის, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო მიზეზად ითვლება მხარის ავადმყოფობა, რაც დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით _ შპს “ .. ..-ის” დირექტორის მიერ გაცემული ¹411 ცნობითა და 2007 წლის 18 სექტემბრის გამოძახების ¹29181 ბარათით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2007 წლის 18 სექტემბერს ა. ი-აძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება ბინაზე, რა დროსაც, ავადმყოფის განმარტებით, იგი უჩიოდა ტკივილს ე.წ. გასტრუმში, ჰქონდა გულისრევა ღებინებით, საერთო სისუსტე. შემოწმების შედეგად ავადმყოფის წნევა იყო 120/70, ტემპერატურა _ 36,70 პულსი _ 72. დაუდგინდა დიაგნოზი: “ქრონიკული გასტრიტის გამწვავება” და მედიკამენტების სახით მიეცა “კეტანოვი” და 5 აბი ნახშირი; ქ. ბათუმის ¹1 პოლიკლინიკის დირექტორის მიერ შედგენილი მიმართვით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 19 სექტემბერს, ა. ი-აძე შპს “ .. ..-ში” იმყოფებოდა ამბულატორიულ მიღებაზე და დაუდგინდა დიაგნოზი: “ქრონიკული ბრონქიტი ასთმური კომპონენტებით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,” რისთვისაც დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობა; ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2007 წლის 19 სექტემბერს, 12:47 საათზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ფაქსის მეშვეობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა შპს “ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარება 03-ის” დირექტორის მიერ გაცემული ¹411 ცნობა, 2007 წლის 18 სექტემბერს ა. ი-აძის ავადმყოფობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების თანახმად, გარემოება, რომელიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ამასთან, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. წარმოდგენილი ცნობით და აპელანტის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ი-აძე ცნობებში მითითებული დაავადებებით _ “ქრონიკული ბრონქიტი ასთმური კომპონენტებით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება” _ დაავადებულია წლების განმავლობაში. 2007 წლის 19 სექტემბერს იგი პოლიკლინიკაში იმყოფებოდა გამოკვლევისათვის, რის შემდეგაც დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობა. ამდენად, სამედიცინო ცნობებში მითითებული გარემოებები არ შეიძლებოდა, მიჩნეულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებად, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2007 წლის 19 სექტემბერს ა. ი-აძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ფაქსის მეშვეობით გადმოგზავნილი ცნობის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე შემოსვლის შემთხვევაშიც, იგი გაზიარებული ვერ იქნებოდა, რადგან აღნიშნული ცნობით ირკვეოდა, რომ ა. ი-აძესთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა სხდომის წინა დღეს _ 2007 წლის 18 სექტემბერს და ცნობა არ შეიცავდა მონაცემებს 2007 წლის 19 სექტემბრისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან საჩივრის ავტორმა სასამართლოს ვერ წარუდგინა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული სამედიცინო ცნობა, რითაც დადასტურდებოდა 2007 წლის 19 სექტემბერს მისი ავადმყოფობისა და გადაადგილების შეუძლებლობის ფაქტი და ამასთან, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, ამდენად, ა. ი-აძის საჩივარი იყო უსაფუძვლო და ვერ დაკმაყოფილდებოდა.
საჩივრის ავტორის მითითება, რომ მისი წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის მთავარ სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით, საპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ა. ი-აძის წარმომადგენელს _ მ. მ-ილს, მის მიერ მითითებულ მისამართზე _ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹11-ში გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომელიც ფოსტიდან დაბრუნდა ჩაუბარებელი, წარწერით _ “არასწორი მისამართი.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას სასამართლო უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა სასამართლოს არ აცნობა წარმომადგენლის ზუსტი მისამართი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ილს საქმეში მითითებული მისამართი შეცვლილი ჰქონდა, რის თაობაზეც სასამართლოსათვის არ უცნობებია და ამდენად, მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა უნდა მიჩნეულიყო არასაპატიოდ (ს.ფ. 278-285).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-აძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება მოითხოვა. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს წარმოადგენდა სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობის შემდეგ, რომელიც, მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული დროსათვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული (ს.ფ. 291).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის განჩინებით ა. ი-აძეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და კანონის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა (ს.ფ. 296-297).
2008 წლის 10 მარტს ა. ი-აძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობით და მოითხოვა განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის ერთი თვით გაგრძელება, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. კასატორის მითითებით, მოკლე საკასაციო საჩივარში მან განმარტა, რომ სრული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად ესაჭიროებოდა საქმის მასალების გაცნობა, რისი საშუალებაც დღემდე არ მისცემია. ასეთის შემთხვევაში კი იგი წარმოადგენს სრულ საკასაციო საჩივარს შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან, კასატორის მითითებით, მის ოთხსულიან ოჯახში მხოლოდ მას აქვს შემოსავალი _ პენსია, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ერთდროულად გადახდა არ შეუძლია. კასატორმა შუამდგომლობასთან ერთად წარმოადგინა სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ბათუმის განყოფილების 2008 წლის 27 თებერვლის ცნობა, რომლის მიხედვითაც იგი იღებს წელთა ნამსახურების გამო თვეში 55 ლარის ოდენობით პენსიას (ს.ფ. 304-305).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ა. ი-აძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი შუამდგომლობით კასატორი მოითხოვს, ერთი მხრივ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, მისი ოდენობის შემცირებას ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, ხოლო მეორე მხრივ _ მისთვის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობის მიცემას და აღნიშნულის შემდეგ, სრული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად ხელახალი საპროცესო ვადის _ ერთი თვის განსაზღვრას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი ოდენობის შემცირების მოთხოვნის ნაწილში არ არის საფუძვლიანი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. ამასთან, ამავე კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მოცემულ შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და შემწეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, ა. ი-აძე ვერ მიუთითებს “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების რომელიმე საფუძველზე. კასატორი ასევე ვერ ასაბუთებს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის გამო სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაწილში ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ან შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა არ არის დასაბუთებული კასატორის სრული ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ი-აძის შუამდგომლობა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. მართალია, თავდაპირველად წარმოდგენილ მოკლე საკასაციო საჩივარში ა. ი-აძე მიუთითებდა, რომ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს წარმოადგენდა მას შემდეგ, რაც გაეცნობოდა სხდომის ოქმს, რომელიც მას, მოთხოვნის მიუხედავად, არ მიუღია, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს. კასატორს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი სასამართლო სხდომის ოქმი მოითხოვა მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსაგან და ვერ მიიღო. უფრო მეტიც, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მსგავსი შუამდგომლობა მას დაყენებული ჰქონდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში მას არც საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის მოუმართავს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით ან კონკრეტული საქმის მასალის გადაცემის შუამდგომლობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული საპროცესო ვადა კანონით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რაც განპირობებულია იმით, რომ კასატორმა სწორედ აღნიშნულ ვადაში უნდა უზრუნველყოს საკასაციო საჩივრის შედგენისათვის აუცილებელი ფაქტობრივი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი არგუმენტების მოპოვება, შეკრება და საკასაციო საჩივრის აღნიშნულ ვადაში შედგენა. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებაში დეტალურად იქნა განხილული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთა საფუძველზეც სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა 2007 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამდენად, კასატორს აღნიშნული განჩინების გაცნობის შემდეგ ჰქონდა საკმაო დრო, რათა წარმოდგენა შექმნოდა იმ მტკიცებულებების არსებობის შესახებ, რომელთა გაცნობის აუცილებლობასაც იგი მიუთითებს საკასაციო საჩივრის შესადგენად. აღნიშნული განჩინებით კასატორს ნათლად განემარტა, რომ განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრება მას შეეძლო ერთი თვის ვადაში. აქედან გამომდინარე, კასატორს იმთავითვე უნდა უზრუნველეყო შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, საქმის მასალების, მათ შორის, სასამართლო სხდომის ოქმებისა და მის მიერ საკასაციო საჩივრის შედგენის მიზნით საჭიროდ მიჩნეული ნებისმიერი მასალის გაცნობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის განჩინებით კასატორს ასევე განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა განსახილველად. აღნიშნული განჩინების გზავნილი კასატორს 2008 წლის 26 თებერვალს ჩაბარდა, მაგრამ დღემდე მას არ შეუვსია განჩინებაში მითითებული ხარვეზი.
ის გარემოება, რომ ა. ი-აძემ დღემდე არ წარმოადგინა სრულყოფილი საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით, გამორიცხავს მისთვის სახელმწიფო ბაჟის შესავსებად ხარვეზის ვადის გაგრძელებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ი-აძემ ვერ უზრუნველყო საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში საკასაციო საჩივრის დანიშნული ხარვეზის შევსება, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ი-ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
2. ა. ი-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.