ას-151-479-09 11 ივნისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი _ ლ. ბ-ური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-შვილი, თ. ხ-შვილი (მოპასუხეები)
წარმომადგენელი _ მ.გ-ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ძემ და ლ. ბ-ურმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. გ-შვილისა და თ. ხ-შვილის მიმართ სესხის _ 12 000 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები არიან ცოლ-ქმარი. 2004 წლის მაისში მათ ა. ხ-შვილს ასესხეს 12 000 აშშ დოლარი, რის თაობაზე ორჯერ ჩამოართვეს ხელწერილი, თუმცა ა.ხ-შვილი ისე გარდაიცვალა, რომ თანხის დაბრუნება ვერ მოასწრო. მოპასუხეები არიან მისი პირველი რიგის მემკვიდრეები, შესაბამისად, სადავო სესხის დაბრუნების ვალდებულებაც მათ ეკისრებათ.
საქმის არსებითად განხილვამდე გარდაიცვალა მოსარჩელე გ. გ-ძე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი და სესხის ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, რადგან სათანადო რეკვიზიტებს არ შეიცავს, საეჭვოა ა. ხ-შვილის მიერ მათი ხელმოწერის ფაქტიც, ამასთან, მოპასუხეებს არა აქვთ მიღებული ა. ხ-შვილის მემკვიდრეობა და ისინი არასათანადო მოპასუხეებს წარმოადგენენ.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. გ-შვილსა და თ. ხ-შვილს ლ. ბ-ურის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 12 000 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ლ. ბ-ურის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამსესხებელი ლ. ბ-ური თავის მოთხოვნას ამყარებს სესხის გადაცემის შესახებ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის ასლებზე. პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის ასლის საფუძველზე არასწორად ჩათვალა დადგენილად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება _ ფულადი ვალდებულების არსებობა, რადგან მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის დარღვევით, საქმეში დედნის სახით არ არის წარმოდგენილი. სააპელაციო პალატამ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ აპელანტების ფულადი ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ ჩათვალა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის ასლი გ. გ-ძისა და ლ. ბ-ურის მიერ ა. ხ-შვილისათვის 12000 აშშ დოლარის სესხების შესახებ, ხოლო მეორე ხელწერილის ასლში მხარეების სახელები სრულყოფილად მითითებული არც არის. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პალატის მოთხოვნის მიუხედავად, ლ.ბ-ურმა ხელწერილების დედნები ვერ წარადგინა იმ მიზეზით, რომ ვერ იპოვა ისინი, ხოლო აპელანტების ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლ.ბ-ურმა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა სათანადოდ ვერ დაასაბუთა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით და ჩათვალა, რომ ლ. ბ-ურს მ. გ-შვილისა და თ. ხ-შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 702,50 ლარის გადახდა. ამავე კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ, ლ. ბ-ურის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, უნდა გაუქმდეს ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 იანვრის განჩინებით განხორციელებული სარჩელის უზრუნველყოფა და ყადაღა უნდა მოეხსნას ა. ხ-შვილის საკუთრებაში აღრიცხულ ქ.ბორჯომში, ... ქ.¹63-ში მე-2 სადარბაზოს მე-7 სართულზე მდებარე ¹41 ბინას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ბ-ურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა კასატორსა და ა. ხ-შვილს შორის არსებული ვალის აღიარების ხელწერილები, ვინაიდან ისინი საქმეში ასლების სახით იყო წარდგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლი ავალდებულებს რა მხარეს სასამართლოში წერილობითი მტკიცებულების დედნის სახით წარდგენას, მითითებული ნორმა ითვალისწინებს დათქმას, რომ საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეფასებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ხელწერილები მართებულად მიიჩნია სასესხო ურთიერთობის დამადასტურებლად, ხოლო სააპელაციო პალატამ დაარღვია ზემოხსენებული ნორმის დანაწესი, რის შედეგადაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. თ. ხ-შვილმა და მ. გ-შვილმა გადაუხადეს 2000 (ორი ათას) აშშ დოლარი ლ. ბ-ურს მორიგების აქტის ხელმოწერისთანავე, ხოლო დამატებით 1 000 (ათას) აშშ დოლარს თ. ხ-შვილი და მ. გ-შვილი გადაუხდიან 2010 წლის 1 იანვრამდე;
2. სარჩელის უზრუნველყოფის სახით დაყადაღებულ ა. ხ-შვილის სახელზე რიცხულ ბინას ყადაღა მოეხსნება თანხის მთლ.დ დაფარვის შემდეგ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
1. თ. ხ-შვილმა და მ. გ-შვილმა გადაუხადეს 2000 (ორი ათას) აშშ დოლარი ლ. ბ-ურს მორიგების აქტის ხელმოწერისთანავე, ხოლო დამატებით 1 000 (ათას) აშშ დოლარს თ. ხ-შვილი და მ. გ-შვილი გადაუხდიან 2010 წლის 1 იანვრამდე;
2. სარჩელის უზრუნველყოფის სახით დაყადაღებულ ა. ხ-შვილის სახელზე რიცხულ ბინას ყადაღა მოეხსნება თანხის მთლიანად დაფარვის შემდეგ.
განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
შეწყდეს საქმის წარმოება ლ. ბ-ურის სარჩელის გამო მ. გ-შვილისა და თ. ხ-შვილის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.