№177აგ-15 16 თებერვალი, 2016 წელი
ს-ი გ, 177აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის განაჩენით გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ს-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - 250 ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მსჯავრდებულ გ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 28 ნოემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ს-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით გ. ს-ს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.
2015 წლის 3 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ს-ა, რომელმაც 2015 წლის 8 ივლისის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა გ. ს-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, მისთვის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და სასჯელის შემსუბუქება, ან დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის განაჩენით გ. ს-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება. სჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება კი განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება მუხლის სხვადასხვა ნაწილში მოექცა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვა, მართალია, მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადავიდა, მაგრამ - გასაღება - რაშიც მსჯავრდებულს ასევე მსჯავრი დაედო, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით (ახალი რედაქცია), დანაშაულის კატეგორიის ნაწილში დარჩა უცვლელი, ხოლო სანქციის ნაწილში დამძიმდა - ექვსიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
მსჯავრდებულ გ. ს-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტიის გათვალისწინებით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა) სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის (ახალი რედაქცია) სანქციის ფარგლებშია. ამდენად, მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის კატეგორიის თვალსაზრისითაც არ შემსუბუქებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე