Facebook Twitter

№117აგ-15 26 თებერვალი, 2016 წელი

ს-ა გ 117აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის განაჩენით:

დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით მესტვირიშვილის შუამდგომლობა.

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ. ს-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

გ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის თანახმად - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 28 დეკემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 10 წლით – საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

2015 წლის 3 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ს-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა გ. ს-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. ამასთან, მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ მის მიმართ დაირღვა კანონი, პროკურატურამ აიძულა და აღიარებითი ჩვენება მიაცემინა მოტყუებით,

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულ გ. ს-ს მსჯავრი დაედო არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული იყო 8–დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას ასევე მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა კვალიფიცირდება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია იგივე სასჯელი - 8–დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამდენად, კანონში შესული ცვლილებით მსჯავრდებულ გ. ს-ს სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. რაც შეეხება საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ სასჯელს, იგი ასევე რჩება უცვლელად, ვინაიდან ხსენებულ მუხლში არ განხორციელებულა რაიმე საკანონმდებლო ცვლილება, მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოთხოვნა, რომ პროკურატურამ მოტყუებით შეძლო მისი დაყოლიება საპროცესო შეთანხმებაზე, ვინაიდან განაჩენის გამოტანისას სრულად იქნა დაცული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც დასტურდება საქმეში არსებული მასალებით. ამავდროულად მსჯავრდებულ გ. ს-ს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო სრულყოფილი იურიდიული კონსულტაცია, რადგან მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე