¹ას-152-492-07 10 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. ნ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ზ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ზ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ნ-ის მიმართ მაღაზიიდან გამოსახლებისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ შემდეგი საფუძვლით: 1996 წელს მოსარჩელეს ამხანაგობიდან გამოეყო იზოლირებული ფართი, რომელშიც გახსნა მაღაზია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაღაზიას ერთად ამუშავებდნენ, ხოლო მოგებას გაიყოფდნენ. მოპასუხე უკანონოდ დაეუფლა სადავო ფართს და თ.ზ-ა აიძულა დაეტოვებინა კუთვნილი მაღაზია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ზ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, გ.ნ-ს დაევალა ქ.ხაშურში, ბ-ს ქუჩაზე მდებარე ¹15 მაღაზიის ამხანაგობის საზიარო საკუთრების თ. ზ-ს წილი ქონებისა და მისი საკუთრების ფლობის ხელშეშლის აღკვეთა, მოპასუხე სადავო ფართიდან გამოსახლდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ.ნ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და თ. ზ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ნ-ე ქ.ხაშურში, ს...ს ქ.¹89-ში მდებარე ხაშურის სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ხ...ის” ¹15 მაღაზიიდან გამოსახლდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ნ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღეში საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, გ.ნ-ს ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 20 მარტს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მისი გამოსწორება.
საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, გ. ნ-ს ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 20 მარტს. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში გ. ნ-მ საკასაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოასწორა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.