№167აგ-15 5 თებერვალი, 2016 წელი
ტ-ი ა 167აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ტ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ა. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით ა. ტ-ს ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ტ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
2015 წლის 21 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. ტ-ა, რომელმაც 2015 წლის 8 ივლისის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ა. ტ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა ა. ტ-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ა. ტ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება კი განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით, ანალოგიური კვალიფიკაციით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია იგივე სასჯელი - რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ა. ტ-ს მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტიის გათვალისწინებით - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა) სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ახალი რედაქცია) სანქციის ფარგლებშია. ამდენად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის კატეგორიის თვალსაზრისითაც არ შემსუბუქებულა და არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. ტ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ა. ტ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე