¹ას-15-353-09 7 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი –შპს «ს. ს. ე.» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ზ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სარჩოს გადახდის აღდგენა
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 20 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა ვ. ზ-ძემ მოპასუხედ შპს «ს. ს. ე.» მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დავალებოდა შეწყვეტილი სარჩოს – 200 ლარის გადახდის აღდგენა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1982 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ელექტროგადაცემის ქსელებში, 1983 წლის 10 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა - მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა, გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი და 1983 წლიდან ღებულობდა სათანადო დახმარებას. 2007 წლის 9 ივნისის წერილით ეცნობა, რომ მოპასუხე, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53-ე დადგენილების საფუძველზე აღარ იყო ვალდებული, მოსარჩელისთვის სარჩო გადაეხადა, ხოლო შპს «ს. ს. ე.» აღმასრულებელი დირექტორის 2007 წლის 26 დეკემბრის ¹03/01-6875 წერილით მას განუმარტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48-ე ბრძანებულება გაუქმებულია და, მოქმედი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53-ე დადგენილების თანახმად, მოპასუხე აღარაა ვალდებული, მოსარჩელეს გადაუხადოს სარჩო.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ შპს «ს. ს. ე.» გადაწყვეტილება მისთვის დანიშნული სარჩოს გადახდის შეწყვეტის შესახებ არის კანონსაწინააღმდეგო, ვინაიდან მოპასუხე საწარმოდან გათავისუფლდა საწარმოო ტრავმის მიღებასთან დაკავშირებით პენსიაზე გასვლის გამო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ზ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა გადაუხდელი სარჩოს - 2200 ლარის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს დავალებოდა მისთვის შეწყვეტილი სარჩოს – 200 ლარის გადახდის აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ზ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ზ-ძე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ზ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. ზ-ძეს შპს «ს. ს. ე.» აღუდგა ყოველთვიური სარჩოს მიღება 2007 წლის 1 აპრილიდან 200 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. ზ-ძემ სხეულის დაზიანება მიიღო შრომითი მოვალეობის შესრულების დროს, მაგრამ არ გაიზიარა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად დამდგარი ზიანის განხილვა, როგორც დელიქტური ვალდებულება, რადგან შესაბამისი ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტური სუბიექტური სამოქალაქო უფლების დარღვევის შედეგად და იგი ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს, გამომდინარე იქიდან, რომ მიზნად ისახავს არაქონებრივი სიკეთისთვის (სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილი იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მუშაკისთვის მიყენებული ზიანის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა, შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად (იმ დროს მოქმედი კანონით), აგრეთვე ზიანის ვალდებულება ეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, რომლებიც მატერიალურად პასუხისმგებელი არიან მუშებისა და მოსამსახურეებისთვის მიყენებული ზიანის გამო, რაც გამოწვეულია შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მათი დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ვნებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების სახით სარჩოს გადახდით და შემდეგში 2002 წელს მის მიმართ ვალდებულების არსებობის აღიარებით, მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანებაში თავისი ბრალეულობის საკითხი, ანუ მხარემ შესრულებით (თანხის გადახდა) ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულება დაადასტურა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა 1983 წლის 11 იანვრის უბედური შემთხვევის აქტი, სადაც უბედური შემთხვევა მიჩნეულია ვ.ზ-ძის გაუფრთხილებელ ქმედებად. უბედური შემთხვევის მიზეზად მითითებულია სამუშაო ადგილის გაფართოება და უსაფრთხოების წესების 4.5 პუნქტის დარღვევა. არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უბედური შემთხვევის აქტში ჩამოთვლილია პერიოდები, როცა მოსარჩელემ გაიარა ინსტრუქტაჟი. ბოლო თარიღად მითითებულია 1982 წლის 7 მაისი, როცა განმეორებითი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდა დაზარალებულს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განჩინებით შპს «ს. ს. ე.» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ვ. ზ-ძემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს «ს. ს. ე.» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
შპს «ს. ს. ე.» დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - (300 ლარის) 70% _ 210 ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.