საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ბს-№464(2კ-24) 29 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - გ. ს-ი, ე. მ-ა, ზ. ჯ-ი, ნ. თ-ი (გ. ხ-ის უფლებამონაცვლე)
მესამე პირები - ვ. თ-ი, ვ. ც-ე, ა. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 21 აპრილს გ. ს-ის, გ. ხ-ის, ე. მ-ას, ზ. ჯ-ის, ა. ბ-ის, ვ. თ-ის და ვ. ც-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ვირტუალური უარის ბათილად ცნობა მოსარჩელეთა განცხადებებზე ქ.თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე შენობა - ნაგებობის №15 და №18 ყოფილი საერთო საცხოვრებლის 8.7 კვ.მ ფართობის (საპირფარეშოს) პრივატიზებასთან დაკავშირებით; ასევე მოითხოვა ნაძალადევის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გ. ს-ის, გ. ხ-ის, ზ. ჯ-ის და ე. მ-ას სასარგებლოდ საერთო საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემის თაობაზე ქ.თბილისში, ... ქ. 2-ში მდებარე №15 და №18 ყოფილი საერთო საცხოვრებლის 8.7 კვ.მ ფართობის (საპირფარეშოს) პრივატიზებასთან დაკავშირებით.
სარჩელის მიხედვით, ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე ერთსართულიანი საერთო საცხოვრებელი (346.84 კვ.მ) და მასზე რიცხული 2085 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2008 წელს პრივატიზებულ იქნა მოსარჩელეების მიერ. მოგვიანებით გამოვლინდა, რომ შენობის განუყოფელი ნაწილი - №15 და №18 ფართები, საერთო ფართობით 8.7 კვ.მ (საერთო სარგებლობის საპირფარეშო) შეცდომით არ იქნა პრივატიზებული და კვლავ მუნიციპალიტეტის სახელზე ირიცხებოდა. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ფართი ფაქტობრივად ოთხი ოჯახის საერთო სარგებლობაშია და წარმოადგენს პრივატიზებული შენობის ნაწილს. შეცდომის გამოსასწორებლად მათ მიმართეს ნაძალადევის რაიონის გამგეობას, თუმცა გამგეობამ უსაფუძვლოდ მოითხოვა დამატებითი დოკუმენტები და გააჭიანურა საკითხის გადაწყვეტა, ამასთან ქ.თბილისის მერიაში შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარიც არ დაკმაყოფილდა.
2020 წლის 29 ივნისს სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეების წარმომადგენელმა თ. ტ-ემ იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, ა. ბ-ის, ვ. თ-ის და ვ. ც-ის ნაწილში სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით ა. ბ-ის, ვ. თ-ის და ვ. ც-ის წარმომადგენლის თ. ტ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; სარჩელი ამირან ბერიძის, ვ. თ-ის და ვ. ც-ის ნაწილში დატოვებული იქნა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით მოსარჩელეების წარმომადგენლის თ. ტ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვ. თ-ი, ვ. ც-ე და ა. ბ-ე.
გ. ს-მა, გ. ხ-ემ, ე. მ-ამა და ზ. ჯ-მა 2020 წლის 30 ოქტომბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2020 წლის 19 თებერვლის №35-01200502472 წერილისა და 2020 წლის 09 მარტს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვირტუალური უარის ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელეებისათვის 8.7 კვ.მ ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, მოსარჩელე გ. ხ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნ. თ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის, ნ. თ-ის, ე. მ-ასა და ზ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2020 წლის 19 თებერვლის №35-01200502472 გადაწყვეტილება და მასვე დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 20 სექტემბრის №1192 ბრძანება გ. ს-ის, ე. მ-ას და სხვების წარმომადგენლის, თ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“ და აღნიშნა, რომ ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობის არსებობა ერთდროულად, მათ შორის, აუცილებელია დაინტერესებული პირი წარმოადგენდეს კანონიერ მოსარგებლეს, ხოლო ფართი, რომლის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასაც ითხოვს მხარე, შედიოდეს სახელმწიფო საბინაო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში და მხოლოდ აღნიშნული წინაპირობების შემთხვევაშია შესაბამისი რაიონის გამგებელი უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 14 თებერვალს განმცხადებლებმა ნაძალადევის რაიონის გამგეობას მიმართა ქ.თბილისში, ... ქ. №2-ში არსებული 8,7 კვ.მ საერთო სარგებლობის ფართის (საპირფარეშო) პრივატიზების საკითხზე პოზიციის დასაფიქსირებლად. გამგეობამ 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით განცხადებაზე დაადგინა ხარვეზი და დამატებითი დოკუმენტების, მათ შორის, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2008 წელს მოსარჩელეებს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ იმავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი ფართები, ხოლო სადავო 8,7 კვ.მ ფართი წარმოადგენდა პრივატიზებამდე არსებული საერთო სარგებლობის საპირფარეშოს, რომელიც ტექნიკური ხარვეზის გამო არ აიზომა და პრივატიზების მიღმა დარჩა, თუმცა მას მოსარჩელეები უწყვეტად სარგებლობდნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფართი წარმოადგენდა საცხოვრებელ ფართებთან ერთად დაკავებულ დამხმარე ფართს და მისი პრივატიზება უნდა განხილულიყო შესაბამისი სამართლებრივი წესის გათვალისწინებით. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ გამგეობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც განმცხადებლებს მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით ეთქვათ უარი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, რა გარემოებებიც სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენების წინაპირობად მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოპასუხეებმა, ასევე მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გ. ს-ის, ნ. თ-ის, ე. მ-ას და ზ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ს-ის, ნ. თ-ის, ე. მ-ას და ზ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2020 წლის 19 თებერვლის №35-01200502472 გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეებისთვის ქ.თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე შენობა- ნაგებობის ნაწილის №15 და №18 ფართობების (სულ 8.7 კვ.მ) გადაცემის შესახებ. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, კანონიერი მოსარგებლეს შეიძლება უსასყიდლოდ გადაეცეს მის მიერ დაკავებული მომიჯნავე ფართი, თუ მის გარეშე ფართით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლებელია და იგი არ წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს.
პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებთან მიმართებით ნორმის ეს პირობა დაცული იყო: სადავო 8,7 კვ.მ საპირფარეშო წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინების მომიჯნავე, განუყოფელ დამხმარე ფართს, რომლის გარეშე ბინებით სარგებლობა იყო შეუძლებელი და იგი არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ ობიექტს. ასევე არსებობს ყველა ბინათმესაკუთრის შეთანხმება მისი მოსარჩელეთა საერთო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რის გამოც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საქმის განხილვისას დადგენილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები საშუალებას აძლევდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სადავო საკითხი არსებითად გადაეწყვიტა. პალატის მოსაზრებით, ყურადსაღები იყო ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო არ უთითებდა რაიმე ისეთ გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევა და შეფასება სასამართლო წარმოებისას შეუძლებელი იყო ან/და ამგვარი გარემოების დადგენა და შეფასება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
კასატორებმა მიუთითეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნეს, რომ 2020 წლის 14 თებერვალს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ნაძალადევის რაიონის გამგეობას მიმართა ... ქ. №2-ში არსებული 8.7 კვ.მ საპირფარეშოს პრივატიზების საკითხზე. 2020 წლის 19 თებერვლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამგეობამ განცხადებაზე დაადგინა ხარვეზი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისა №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს 15 სამუშაო დღის ვადაში პრივატიზებისთვის აუცილებელი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დაავალა. აღნიშნული დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენის დავალება განპირობებული იყო პრივატიზებამოთხოვნილ ფართზე პირის (პირთა) კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტისა და განმცხადებლების უფლებამოსილების დადგენის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს მიაჩნიათ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მტკიცებულებათა სრულყოფილად გამოკვლევის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, გაურკვეველი იყო, თუ რის საფუძველზე უნდა მიეღო ადმინისტრაციულ ორგანოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება, რა გარემოებებიც 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; VaN de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 02 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“, რომლის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობა და სარგებლობა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მითითებული ნორმატიული აქტის შესაბამისად, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე.
საკასაციო პალატა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვინაიდან ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 2008 წლის 15 აპრილის განკარგულებების თანახმად, მათ შორის მოსარჩელეებს, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე საცხოვრებელი ბინები, შესაბამისი ფართების კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. თავის მხრივ, აღნიშნული განკარგულებების თანახმად, 2008 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ მათივე სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობები საცხოვრებელი ბინების გეგმასთან ერთად და გადაცემული ფართები საკუთრების უფლებით აღირიცხა ზემოაღნიშნული პირების სახელზე. ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: №...) პრივატიზება განხორციელდა სრულად მოსარჩელეებზე, თუმცა პრივატიზაციის მიღმა დარჩა №15 და №18 ფართები, საერთო ფართობით 8.7 კვ.მ, რაც წარმოადგენდა მოსარჩელეების საერთო სარგებლობის საპირფარეშოს (სველი წერტილი) და შესაბამისად, პრივატიზებული შენობა-ნაგებობის შემადგენელ ნაწილს. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს „...ის“ მიერ 2008 წელს მომზადებული ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: №...) გეგმა, რომელშიც აღნიშნულია თითოეული საცხოვრებელი ბინის მონაცემი შესაბამისი ფართების მითითებით, ასევე, სართულის ტექნიკური მაჩვენებლები, სადაც მითითებულია შემდეგი: საცხოვრებელი ფართი - 225,16 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფართი - 123,8 კვ.მ, საზაფხულო ფართი - 25,73 კვ.მ, საერთო ფართი - 383,4 კვ.მ, საერთო სარგებლობის ფართი - 8,7 კვ.მ. აქვე შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ საერთო სარგებლობის ფართის მოსარგებლენი არიან: გ. ხ-ე (უფლებამონაცვლე ნ. თ-ი), გ. ს-ი, მ. ც-ე (დღეის მდგომარეობით ზ. ჯ-ი) და ე. მ-ა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ ან/და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად კანონიერი მოსარგებლის მიერ დაკავებული მომიჯნავე ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზეც, თუკი აღნიშნული მომიჯნავე ფართობის გარეშე საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლებელია და იგი არ წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიუთითებს, რომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, შესაბამისად არ არსებობდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების დამატებითი კვლევის საჭიროება და აღნიშნული გარემოება ერთმნიშვნელოვნად, მისი უკანონოდ ცნობის საჭიროებას წარმოშობს, შესაბამისად ამ პირობებში, დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტა, პროცესუალურად შეუძლებელია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან მიმართებით ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და კასატორები დამატებით ვერ მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა