საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-469(2კ-25) 25 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 7 ივნისს შპს „მ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სააგენტოს მიერ 2018 წლის 13 მარტს შედგენილი შპს „მ...ში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების N2018/13/03/02 აქტისა და შპს „მ...ს“ 2018 წლის 29 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის N04/35660 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე სარჩელში მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გასაჩივრებული შემოწმების აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით, შპს „მ...ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 მარტის შპს „მ...ში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების 2018/13/03/02 აქტის მოქმედება, მოცემულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით, საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად განისაზღვრნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, 1. შპს „მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება შპს „მ...ს“ 2018 წლის 29 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; 3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 13 მარტს შედგენილი შპს „მ...ში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების აქტი N2018/13/03/02 და დაევალათ მოპასუხეებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელესთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 13 მარტს შედგენილი შპს „მ...ში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების აქტი N2018/13/03/02 და დაევალა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-5 მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3, მე-5, მე-7, მე-9, მე-151 მუხლებზე, ასევე, ამავე პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტზე, მე-4 და მე-11 პუნქტებზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ გასაჩივრებული შემოწმების აქტის შედგენისას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც ადმინისტრაციული ორგანოს კანონით დადგენილ ვალდებულებას წარმოადგენს. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოკვლეულა და შეფასებულა შემოწმების აქტში მითითებული შემთხვევების მონაცემების უზუსტობა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, თუ მიმწოდებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და მე-11 პუნქტის თუ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას, რაც აღნიშნული ნორმების შესაბამისად, იწვევს მიმწოდებლისთვის განსხვავებული ოდენობის სანქციების დაკისრებას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დამატებით მიუთითა, რომ შერჩევითი შემოწმების დროს მოქმედი რედაქციით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი N1) მე-151 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი იყო, რომ პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ვადის განსაზღვრა მოხდა მითითებულ მუხლში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის N552 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ხოლო აღნიშნულ ცვლილებამდე, მითითებული დანართის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული წელი. სააპელაციო პალატამ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადის გავრცელდება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა 2015 წლის 27 ოქტომბრის შემდგომ (ანუ აქტის ძალაში შესვლის შემდგომ). მანამდე არსებულ სამართალურთიერთობებზე კი უნდა გავრცელებულიყო ძველი რედაქციით მოცემული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, სამწლიანი პერიოდის დარღვევის შემდეგ შემოწმებული შემთხვევები არ უნდა დაქვემდებარებოდა სანქცირებას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილში მითითება იმის შესახებ, რომ ორივე მოპასუხეს უნდა დაევალოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება აღნიშნულ სააგენტოს ეკისრება. შესაბამისად, ამ ნაწილში უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 13 მარტს შედგენილი შპს „მ...ში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების აქტი N2018/13/03/02 და დაევალოს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან დაკავშირებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ აღნიშნული შემოწმების აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, არსებობს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის N04/35660 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (შპს „მ...ს“ 2018 წლის 29 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
კასატორი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიაჩნია, რომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
კასატორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“ და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლო უთითებს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაზე, რასაც სააგენტო არ ეთანხმება. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე შპს ,,ხ...ის“ მიერ პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შესახებ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა კონტროლის მიმდინარეობისას და ამასთან, არც კანონმდებლობა ავალდებულებს სააგენტოს შემოწმება განახორციელოს სამედიცინო შემთხვევის დასრულებიდან 3 წლის გასვლამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2018 წლის 16 იანვრიდან 2018 წლის 2 მარტამდე პერიოდში განხორციელდა შპს „მ...ში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმება. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 13 მარტს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი N2018/13/03/02. შემოწმების აქტის მე-7 პუნქტში მიეთითა შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების ფაქტობრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება (შედეგები). კერძოდ, შერჩევითი შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმწოდებლის მიერ დარღვეულია პროგრამის 22-ე მუხლის მე-71 პუნქტის მოთხოვნები, N1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული მომსახურების (მ.შ. კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 21 დღის შემდეგ დაყოვნება, ... თერაპია და ...ა) და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების (გადაუდებელი თერაპია), N1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობების (გარდა ინფექციური დაავადებებისა) ანაზღაურება ხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა;
7.1. ლ. ნ-ი (შემთხვევის N..., პ/ნ ...); პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პერიოდია 19.06.2016, 12:30 - 30.07.2016, 15:00-მდე; გადმოყვანილია შპს ,,რ...დან“, სადაც იმყოფებოდა 19.06.2016, 8:28 - 19.06.2016 11:30-მდე (კოდით I დონის ინტენსიური მკურნალობა-...); ჰოსპიტალიზაციის 21ს/დღე შესრულდა 10.07.2016 წ. 8:28 სთ-ზე (21ს/დღე აითვლება I კლინიკაში შესვლიდან, ინტენსიური თერაპიის საწოლებზე მომსახურეობის უწყვეტობის პრინციპის გათვალისწინებით); კლინიკამ კოდი ...-- II - III დონის ინტენსიური ...), რომელიც ითვალისწინებს დაყოვნებას 21ს/დღეზე>, ელექტრონულად ატვირთა 10.07.2016წ. 12:30 სთ-დან, ანუ 4 სთ-ით გვიან, ანაზღაურებული თანხაა - 18 583 ლარი. პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა - 18 583 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 1 858.3 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.2. სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) გ. ს-ა (შემთხვევის N..., პ/ნ ...); პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პერიოდია 24.09.2016წ. 15:45სთ. - 22.11.2016წ. 5:30 სთ-მდე, მათ შორის ხელოვნური კოდი ... (II – III დონის ინტენსიური (...), რომელიც ითვალისწინებს დაყოვნებას = ან ), ატვირთული აქვს 09.10.2016 21:45-დან. ამასთანავე, ელექტრონულად ... - ...ის დრო მითითებულია 03.10.2016წ. 20:00 სთ - 20:10 სთ; 20:10 სთ-20:20 სთ; 20:20 სთ-20:30 სთ; 20:30 სთ-20:40 სთ, სამედიცინო დოკუმენტაციაში (...ის ოქმი – ფორმა N IV-300-11/ა) კი დაფიქსირებულია 03.10.2016 წ. 22:00 სთ - 22:10 სთ; 22:10 სთ - 22:20 სთ; 22:20 სთ-22:30 სთ; 22:30 სთ-22:40 სთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემთხვევის შესახებ მონაცემები არ ასახავს სინამდვილეს, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 31 382 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 3 138.2 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.3. მ. თ-ე (შემთხვევის N..., პ/ნ ...); ბაღდათის შპს ,,ჯ...ში“ შევიდა 09.08.2017 20:35-09.08.2017 22:50 (კოდით I დონის ინტენსიური ... - .... დაუზუსტებელი), რომელმაც განახორციელა რეფერალი ქუთაისის შპს „უ...“-ში (09.08.2017 23:25- 10.08.2017 16:00-მდე) კოდით I დონის ინტენსიური მკურნალობა ..., საიდანაც გადმოყვანილია შპს ,,მ...ში”. ჰოსპიტალიზაციიის პერიოდი 10.08.2017, 20:00 - 29.08.2017, 13:45-მდე, კოდით I დონის ინტენსიური მკურნალობა ..., ...; ჰოსპიტალიზაციის 14ს/დღე შესრულდა 23.08.2017, 20:35 (14ს/დღე აითვლება I კლინიკაში შესვლიდან, ინტენსიური თერაპიის საწოლებზე მომსახურეობის უწყვეტობის პრინციპის გათვალისწინებით); კლინიკამ კოდი ... I დონის ინტენსიური მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს დაყოვნებას > 14 ს/დ ≤ 21 ს/დ, ელექტრონულად ატვირთა 24.08.2017 4:00-დან(!); ამასთანავე ... - ...ა ელექტრონულად - 16.08.2017/ 20:20 -16.08.2017/ 20:30, აღნიშნული გადასხმის ოქმი ისტორიაში არ არის; ისტორიაში აღნიშნულ რიცხვში სისხლის გადასხმის ოქმები არის - 20:00-20:10, 20:10-20:20, 20:30-20:40, 20:40-20:50, 20:50-21:00; ანაზღაურებული თანხაა - 7 026 ლარი. პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 7 026 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 702.6 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.4. გ. ბ-ა (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პერიოდია 07.07.2016 0:50-31.07.2016 7:30-მდე; გადმოყვანილია შპს ,,თ...დან“, სადაც იმყოფებოდა 02.07.2016 0:22-07.07.2016 0:10-მდე კოდით I დონის ინტენსიური, ...; ჰოსპიტალიზაციის 21ს/დღე შესრულდა 23.07.2016 0:22 (21ს/დღე აითვლება I კლინიკაში შესვლიდან ინტენსიური თერაპიის საწოლებზე მომსახურეობის უწყვეტობის პრინციპის გათვალისწინებით); კლინიკამ კოდი ... II - III დონის ინტენსიური (...), რომელიც ითვალისწინებს დაყოვნებას 21ს/დღეზე>, ელექტრონულად ატვირთა 28.07.2016 0:50-დან(!); ანაზღაურებული თანხა 13 822 ლარი. პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 13 822 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 1 382.2 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.5. ფ. ყ-ი (შემთხვევის N..., პ/ნ ...); პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პერიოდია 01.07.2017 17:05-17.07.2017 1:30-მდე; გადმოყვანილია ხაშური შპს ,,ა...დან“, სადაც იმყოფებოდა 01.07.2017 8:40-01.07.2017 15:20-მდე, კოდით I დონის ინტენსიური მკურნალობა, ...; ჰოსპიტალიზაციის 14ს/დღე შესრულდა 15.07.2017 8:40 (14 ს/დღე აითვლება I კლინიკაში შესვლიდან, ინტენსიური თერაპიის საწოლებზე მომსახურეობის უწყვეტობის პრინციპის გათვალისწინებით); კლინიკამ კოდი ... - II - III დონის ინტენსიური (...), რომელიც ითვალისწინებს დაყოვნებას > 14 ს/დ ≤ 21 ს/დ, ელექტრონულად ატვირთა 15.07.2017 11:05-დან(!); ანაზღაურებული თანხაა - 7 794 ლარი. პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 7 794 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 779.4 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.6. ზ. გ-ი (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პერიოდია 18.11.2016 20:30–08.12.2016 16:00-მდე; გადმოყვანილია გურჯაანი, შპს ,,ჯ...იდან”, სადაც იმყოფებოდა 12.11.2016 11:25-18.11.2016 18:30-მდე კოდით I დონის ინტენსიური მკურნალობა ...; ჰოსპიტალიზაციის 21ს/დღე შესრულდა 03.12.2016, 11:25(21ს/დღე აითვლება I კლინიკაში შესვლიდან, ინტენსიური თერაპიის საწოლებზე მომსახურეობის უწყვეტობის პრინციპის გათვალისწინებით); კლინიკამ კოდი ... - II - III დონის ინტენსიური (...), რომელიც ითვალისწინებს დაყოვნებას 21 ს/დ >, ელექტრონულად ატვირთა 03.12.2016 13:30-დან(!); ანაზღაურებული თანხაა 9 443 ლარი. პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 9 443 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 944.3 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.7. მ. მ-ი (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პერიოდია 12.12.2016 16:15-30.01.2017 16:00–მდე; გადმოყვანილია ბოლნისი შპს ,,ახ...დან“, სადაც იმყოფებოდა 12.12.2016 11:55-12.12.2016 15:15–მდე კოდით I და II - III დონის ინტენსიური მკურნალობა ...; ჰოსპიტალიზაციის 21ს/დღე შესრულდა 02.01.2017 11:55 (21ს/დღე აითვლება I კლინიკაში შესვლიდან, ინტენსიური თერაპიის საწოლებზე მომსახურეობის უწყვეტობის პრინციპის გათვალისწინებით); კლინიკამ კოდი ... - II - III დონის ინტენსიური (...), რომელიც ითვალისწინებს დაყოვნებას 21 ს/დღე>, ელექტრონულად ატვირთა 02.01.2017 13:15-დან(!); ამასთანავე, ელექტრონულად ... - ...ა მოთხოვნილია - 17.01.2017 22:00 – 17.01.2017 22:10, 19.01.2017 20:00–19.01.2017 20:10, 19.01.2017 20:10-19.01.2017 20:20, აღნიშნული გადასხმის ოქმები სამედ. ისტორიაში არ არის; ანაზღაურებული თანხაა - 15 000 ლარი, პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 15 000 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 1 500 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.35. მიმწოდებლის მიერ დარღვეულია პროგრამის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) დაფიქსირებული მონაცემები შემთხვევის დაწყების და დამთავრების შესახებ არ ემთხვევა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, კერძოდ:
7.36. ს. ნ-ი (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); ელექტრონულად ჰოსპიტალიზაციის თარიღია - 28.07.2017 11:30, რასაც არ შეესაბამება ისტორიაში არსებული ინფორმაცია - ისტორიაში ყველგან შესვლის თარიღი 28.07.2017 11:00-ია; ანაზღაურებული თანხა - 465 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 465 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 46.5 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.37. ზ. ჩ-ი (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); ელექტრონულად ჰოსპიტალიზაციის თარიღია 28.07.2017 11:00, რასაც არ შეესაბამება ისტორიაში არსებული ინფორმაცია - ისტორიაში ყველგან შესვლის თარიღი 28.07.2017 11:30-ია; ანაზღაურებული თანხა - 731 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 731 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 73.1 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.38. მ. კ-ი (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); ელექტრონულად გაწერის თარიღია - 28.03.2017 17:00, რასაც არ შეესაბამება ისტორიაში არსებული ინფორმაცია, ისტორიაში ყველგან გაწერის თარიღი 28.03.2017 14:00-ია; ანაზღაურებული თანხა - 2 464 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 2 464 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 246.4 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.39. მ. კ-ე (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); ელექტრონულად ...- ...ის დრო მითითებულია 08.02.2017 21:10-08.02.2017 21:20, რასაც არ შეესაბამება ისტორიაში არსებულ ოქმში მითითებული სთ-ბი -- 08.02.2017 20:10- 08.02.2017 20:20; ანაზღაურებული თანხა - 4 654 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 4 654 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 465.4 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.40. ხ. მ-ი (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); ელექტრონულად ... - ...ის დრო მითითებულია 27.12.2016 11:00–27.12.2016 11:40, რასაც არ შეესაბამება ისტორიაში არსებულ ოქმში მითითებული სთ-ები - 27.12.2016 11:20-27.12.2016 11:40; ანაზღაურებული თანხა - 3 835 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 3 835 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 383.5 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.41. რ. ქ-ი (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); ელექტრონულად ... - ...ის დრო მითითებულია 14.12.2016 22:40–14.12.2016 23:50, რასაც არ შეესაბამება ისტორიაში არსებულ ოქმში მითითებული სთ-ები - 14.12.2016 22:40 -14.12.2016 23:10; ანაზღაურებული თანხა - 3 305 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 3 305 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 330.5 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.42. ნ. ა-ი (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); ელექტრონულად ...-...ის დრო მითითებულია 17.12.2016 21:10-17.12.2016 21:20 და 17.12.2016 21:20-17.12.2016 21:30, რასაც არ შეესაბამება ისტორიაში არსებულ ოქმებში მითითებული სთ-ები - 17.12.2016 22:10-17.12.2016 22:20 და 17.12.2016 22:20- 17.12.2016 22:30; ანაზღაურებული თანხა - 3 911 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 3 911 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 391.1 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.43. მ. ჯ-ი (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); ელექტრონულად ... - ...ის დრო მითითებულია 16.06.2017- ის 19:00-19:10, 19:10-19:20, და 19:20-19:30, რასაც არ შეესაბამება ისტორიაში არსებული 16.06.2017-ის ოქმების სთ-ები: 18:20-18:30, 18:10–18:20, 18:00-18:10; ამასთანავე, კალკულაციაში მოთხოვნილია ... 3ც, სამედიცინო ისტორიაში არის ...კვლევის 2 დასკვნა; ანაზღაურებული თანხა - 8 828 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 8 828 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 882.8 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.44. ლ. ბ-ჩ (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); ელექტრონულად 20.02.2017 16:00-20.02.2017 22:00 გადმოცემულია ...ის კოდი - ...; რასაც არ შეესაბამება სამედ. ისტორიაში არსებული ინფორმაცია, სადაც აღნიშნულ პერიოდში პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე - II-III დონის ინტენსიური მკურნალობა - .... სამედ. ისტორიაში ელექტრონულად აღნიშნული ...-ის შესაბამისი გადასხმის ოქმი არ არის; (კომენტარში კლინიკა აღნიშნავს არსებულ შეცდომას); ანაზღაურებული თანხა - 2 723 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 2 723 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 272.3 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.45. ა. კ-ა (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); ელექტრონულად ...- ...ის დრო მითითებულია 23.06.2016 17:00-23.06.2016 17:10, 23.06.2016 17:10–23.06.2016 17:20, რომელთა ოქმები სამედ. ისტორიაში არ არის; ანაზღაურებული თანხა - 3 025 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 3 025 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 302.5 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.46. მ. ლ-ე (შემთხვევის N..., პ/ნ ...); კალკულაციით მოთხოვნილია ... კვლევა 3ც, სამედ. ისტორიაში არის ... კვლევის მხოლოდ 1 დასკვნა; ანაზღაურებული თანხა - 4 124 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად ანაზღაურებული თანხა 4 124 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 412.4 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.47. ქ. ზ-ი (შემთხვევის N ..., პ/ნ ...); კალკულაციით მოთხოვნილია Ro კვლევა 2ც. სამედ. ისტორიაში არის ... კვლევის მხოლოდ 1დასკვნა; ანაზღაურებული თანხა 1 170 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 1 170 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა 117 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.
7.48. „საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ელექტრონული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს 2013 წლის 12 აპრილის N04-185/ო ბრძანების თანახმად, აუცილებელია მოსარგებლის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომრის ჩაწერა. შესაბამისად ელ. პორტალზე მითითებული ნომერი არ დასტურდება სალაროს შემოსავლების ქვითრებით (იხ. დანართი 1 - ცნობა შემთხვევები, რომლებშიც მოსარგებლის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი არ ემთხვევა პორტალზე მითითებულ ნომერს). „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ის ოდენობით.
7.49. შემოწმების დროს შერჩევით შემოწმდა მიმწოდებლის მიერ ელ. ვერსიაში დაფიქსირებული მონაცემების, კერძოდ, პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის (თანაგადახდა) ოდენობა. შედეგად გაირკვა, რომ შპს „მ...ს“ დანართი 2-ში მითითებულ შემთხვევებში არასწორად აქვს ელ. ვერსიაში პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანადაფინანსების ოდენობა მითითებული. კერძოდ, არ არის სწორად მითითებული მოსარგებლის მხრიდან დასაფარი თანხის სრული ოდენობა ქვეკომპონენტზე დადგენილი თანაგადახდის შესაბამისად. სულ აღნიშნული დარღვევა დაფიქსირდა 19 შემთხვევაში. აღნიშნულ შემთხვევებთან მიმართებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა ექვემდებარება სრულად უკან დაბრუნებას, ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ის ოდენობით.
2018 წლის 13 მარტის შემოწმების აქტის თანახმად, შემთხვევების შერჩევითი შემოწმების შედეგად მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 473 059.79 ლარი. მათ შორის, უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 357 183.02 ლარი, ხოლო დამატებითი ფინანსური ჯარიმა განისაზღვრა 115 876.77 ლარით.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 13 მარტს შედგენილი შპს „მ...ში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების აქტი N2018/13/03/02, შპს „მ...მა“ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, 2018 წლის 29 მარტს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის N04/35660 გადაწყვეტილებით, შპს „მ...ს“ 2018 წლის 29 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სადავო შემოწმების აქტის 7.9-7.34 პუნქტები და მათ საფუძველზე განსაზღვრული საჯარიმო სანქციები, ხოლო ამ პუნქტებში მითითებული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია პროგრამის მე-151 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, შემმოწმებელი ჯგუფის მიერ გადაეგზავნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სწორედ სსიპ სოციალური სააგენტოს მიერ 2018 წლის 13 მარტს შედგენილი შპს „მ...ში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების N2018/13/03/02 აქტისა და შპს „მ...ს“ 2018 წლის 29 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის N04/35660 გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული შემოწმების აქტის თანახმად, მოსარჩელისთვის საჯარიმო სანქციის დაკისრების ძირითად სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია, თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით კი, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%-ით. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, პროგრამის განმახორციელებლის მიერ თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (სუსგ №ბს-463-451(კ-13), 18.02.2014წ.; №ბს-974(2კ-19), 17.09.2020წ.)
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.)
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული შემოწმების აქტის შედგენისას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც ადმინისტრაციული ორგანოს კანონით დადგენილ ვალდებულებას წარმოადგენს. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოკვლეულა და შეფასებულა შემოწმების აქტში მითითებული შემთხვევების მონაცემების უზუსტობა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, თუ მიმწოდებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და მე-11 პუნქტის თუ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას, რაც აღნიშნული ნორმების შესაბამისად, იწვევს მიმწოდებლისთვის განსხვავებული ოდენობის სანქციების დაკისრებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-151 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს. აღნიშნული ნორმა ამგვარი რედაქციით ჩამოყალიბებული იქნა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ 2015 წლის 26 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების (N522) შემდგომ (ცვლილება ამოქმედდა 2015 წლის 27 ოქტომბრიდან). აღსანიშნავია, რომ მითითებულ ცვლილებამდე ამავე ნორმის თანახმად, კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი დადგენილია, რომ ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ,,კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას.“ (სუსგ Nბს-698-691(კ-16), 13.07.2017 წელი). ,,საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.“ (სუსგ Nბს-57-52(კ-13), 03.10.2013 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-151 მუხლში 2015 წლის 26 ოქტომბერს განხორციელებულ ცვლილებას (N522) უკუძალა არ უნდა მიანიჭოს და ხუთწლიანი შემოწმების ვადა უნდა გაავრცელოს მხოლოდ 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდგომ მომხდარ შემთხვევებზე, მანამდე არსებულ შემთხვევებზე კი უნდა იხელმძღვანელოს ნორმატიული აქტის ძველი რედაქციით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადით. შესაბამისად, სამწლიანი პერიოდის დარღვევის შემდგომ შემოწმებულ შემთხვევებზე სააგენტოს სამედიცინო დაწესებულების მიმართ პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს, ვინაიდან გასულია ხანდაზმულობის ვადა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარადაა განმარტებული მითითებული საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-1013-599(კ-05); საქმე №ბს-672-658(კ-12); საქმე №ბს-618-606(კ-12); საქმე №ბს-849-831(კ-12); საქმე №ბს-57-52(კ-13)).
საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორებს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში მითითებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტაცია წარმოდგენილი არ აქვთ. მეტიც, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებს მოსარჩელე შპს ,,ხ...სა“ და სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაზე, რაც არ წარმოადგენს მოცემული საქმის მონაწილე მხარეს და არც დავის საგანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრების დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 5 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150. ასევე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 28 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 5 ივნისის N13515 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 28 მარტის N02177 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე