ას-155-494-07 1 მარტი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბორჯომის რაიონის სოფელ ... სათემო ორგანიზაცია “.. .. ..” (მოპასუხე)
დავის საგანი _ საკომპენსაციო თანხის გაცემა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. გ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ბორჯომის რაიონის სოფელ ... სათემო ორგანიზაცია „ .. .. ..“ მიმართ, რომელშიც განმარტა, რომ ბორჯომის რაიონის სოფელ ... ცხოვრობს დაბადებიდან, კომლის უფროსად რეგისტრირებული იყო მისი დ. ქ-ე გ-ე, რომლის სახელზეც აღრიცხული იყო საცხოვრებელი სახლი და სათიბი მიწის ფართობი, ქ. გ-ე გარდაიცვალა 2002 წლის 7 ნოემბერს. მის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა მემკვიდრეობით მიღებული აქვს კანონით დადგენილი წესით.
სოფელ ... საძოვრებზე „ბ...ის“ მილსადენის გავლასთან დაკავშირებულ სათემო ორგანიზაცია „ .. .. ..“ გამგეობამ შეადგინა კომპენსაციის მისაღებთა სია, სადაც შეყვანილ იქნა ქ. გ-ის კომლიც, სათემო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით კომლთა მიხედვით განაწილდა საძოვრის კომპენსაციები და თითოეულმა კომლმა მიიღო 4900 ლარი. სათიბი ფართობები განაწილდა ... საკრებულოს 2002 წლის 25 აგვისტოს ¹3 დადგენილებით, რაც ეყრდნობოდა სოფლის ყრილობის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან კომპენსაციის გაცემისას ქ. გ-ე ცოცხალი აღარ იყო, სათემო ორგანიზაციამ მის სახელზე კომპენსაცია არ გასცა, არავითარი ოფიციალური დოკუმენტი უარის შესახებ არ შეუქმნიათ, სიტყვიერად განუმარტეს, რომ ის არ არის სოფელ ... მუდმივი მცხოვრები.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს კანონის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, მისი ოჯახი აკმაყოფილებს საადგილმამულო კომლის სტატუსს და კომპენსაცია უნდა მიიღოს სხვა ძირითად კომლთა თანაბრად. გარდა 4900 ლარისა, კომლზე დამატებით განაწილდა 300 ლარიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაევალოს გასცეს საკომპენსაციო თანხა 5200 ლარის ოდენობით მის სასარგებლოდ.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბ...ის მილსადენის გავლასთან დაკავშირებით გამოყოფილი საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით, ბორჯომის რაიონის სოფელ ... სათემო ორგანიზაცია „ .. .. ..“ გამგეობას დაეკისრა 5200 ლარის გადახდა ს. გ-ის სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის რაიონის სოფელ ... სათემო ორგანიზაცია „ .. .. ..“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 იანვრის განჩინებით ბორჯომის რაიონის სოფელ ... სათემო ორგანიზაცია „ .. .. ..“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. გ-ის სარჩელს ეთქვა უარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. გ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება როგორც განჩინების ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, ასევე ამ განჩინების ასლის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაგზავნის დრო, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით ან სხვა ოფიციალური დოკუმენტით ადრესატისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 იანვრის განჩინება ს. გ-ის წარმომადგენელ დ. ა-ს პირადად ჩაჰბარდა 2006 წლის 28 თებერვალს (ს.ფ.89). ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 28 თებერვლიდან ერთი თვის განმავლობაში ანუ 28 მარტის ჩათვლით, საკასაციო საჩივარი კი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2007 წლის 9 იანვარს (ს.ფ. 95), ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, რის გამოც ს. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.