ას-156-484-09 14 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ. სანიკიძე
კასატორი _ გ. ჟ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ ........ “ (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ. წ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონოდ დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჟ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ ........ “ მიმართ უკანონოდ დარიცხული დავალიანების _ 1496,20 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის აპრილში მოსარჩელემ მოქალაქე ბ-გან შეიძინა ქ. თბილისში, .......... შესახვევის ¹13-ში მდებარე სახლი, რომელიც იყო საცხოვრებლად უვარგისი და არ ჰქონდა ელექტროენერგიის ჩამრთველები. ასევე არ იყო დამონტაჟებული ელექტრომრიცხველი. სარემონტო სამუშაოები დაასრულა 2006 წლის დეკემბერში და შემდეგ გადავიდა სახლში საცხოვრებლად. მოგვიანებით გ. ჟ-ას სს “ .........-დან” მიუვიდა ვინმე ბ-ას სახელზე შედგენილი ელექტროენერგიის დარიცხვის ქვითარი სადავო დავალიანების მითითებით. მოსარჩელისათვის უცნობია, თუ ვინ არის ქვითარში აღნიშნული პიროვნება და რატომ დაერიცხა მისი დავალიანება გადასახდელად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე სს “ ........-ს” ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ დადებული ჰქონდა დ. ბ-ას სახელზე, რომლის ახალი მესაკუთრით შეცვლის თაობაზე განცხადება საზოგადოებას დროულად არ წარდგენია. დასახელებულ მისამართზე 2007 წლის 2 აპრილიდან გადასახადის გადახდა ხდებოდა მრიცხველის ჩვენების შესაბამისად, მანამდე კი გადასახადები ირიცხებოდა უმრიცხველოდ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 5 ოქტომბრის ¹22.21.1110 დადგენილების საფუძველზე, 1999 წლის ივნისიდან _ სემეკის 1999 წლის 16 ივნისის ¹29 გადაწყვეტილების თანახმად, 2002 წლის იანვრიდან 2007 წლის 2 აპრილამდე კი _ სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მესამე დანართის პირველი ნაწილის მიხედვით. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ იგი წლების მანძილზე სადავო სახლში არ ცხოვრობდა. გ. ჟ-ას სარჩელი ნაწილობრივ ხანდაზმულია, ვინაიდან ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვა ხდებოდა პერიოდულად 1999 წლიდან, მათ შორის, 2002 წლის განმავლობაში, როცა მოსარჩელემ სახლი შეიძინა. ამ პერიოდში დაფარულია დავალიანების ნაწილი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აბონენტისათვის ცნობილი იყო სადავო გადასახადის თაობაზე, სარჩელით კი სასამართლოს მიმართა 2008 წელს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჟ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისთვის უკანონოდ დარიცხული 1625 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გ. ჟ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: 2002 წლის 6 აპრილს მოსარჩელე გ. ჟ-ასა და დ. ბ-ის რწმუნებულ მ. ბ-ის შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისში, ........... პირველი შესახვევის ¹13-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და 172,15 კვ.მ შენობა-ნაგებობებზე. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2002 წლის 22 მაისს და გ. ჟ-ა აღირიცხა მესაკუთრედ. 2007 წელს სახლს ელექტროენერგიის გადასახადი ერიცხებოდა უმრიცხველოდ. აღნიშნულ მისამართზე აღრიცხული აბონენტი 2002 წლის მარტსა და აპრილში სარგებლობდა UშAID-ის დახმარებით და დარიცხული გადასახადი იფარებოდა ამ პროგრამით გათვალისწინებული თანხით. 2002 წლის 5 აპრილის მდგომარეობით სადავო სახლს ერიცხებოდა ელექტროენერგიის დავალიანება 7,96 ლარი, ხოლო 2002 წლის 27 მაისის მდგომარეობით, ანუ იმ დროს, როცა მოსარჩელე უკვე აღრიცხული იყო სახლის მესაკუთრედ _ 21,09 ლარი. აღნიშნული პერიოდიდან 2002 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით ელექტროენერგიის საფასური გადახდილია ნაღდი ანაგარიშსწორებით ექვსჯერ. 2007 წლის 2 აპრილს დაიდგა ¹........ მრიცხველი, რის შემდეგაც გადასახადის დარიცხვა წარმოებდა მისი ჩვენების შესაბამისად. 2004 წლის 3 მაისის მდგომარეობით ........... პირველი შესახვევის ¹13-ში აბონენტად აღრიცხული იყო დ. ბ-ა და ამ პერიოდისათვის ელექტროენერგიის გადასახადის დავალიანება შეადგენდა 842,22 ლარს. 2006 წლის 6 დეკემბრით დათარიღებული ქვითარი ¹....... აბონენტზე გამოწერილია დ. ბ-ას სახელზე, მაშინ, როცა აღნიშნული აბონენტის ნომრით აღრიცხულია მოსარჩელე. ქვითრის მიხედვით, დავალიანება შეადგენს 1496,20 ლარს. 2002 წლის 22 მაისიდან 2007 წლის 2 აპრილამდე, მრიცხველის დადგმამდე, აღნიშნულ მისამართზე სს „........-ში“ აბონენტად რეგისტრირებული იყო დ. ბ-ა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო პერიოდში საცხოვრებელი სახლის მფლობელი იყო არა დ. ბ-ა, არამედ გ. ჟ-ა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბინის შეძენის შემდეგ 2006 წლის 6 დეკემბრამდე მას დაერიცხა ელექტროენერგიის გადასახადი 1496,20 ლარის ოდენობით. სს „.......-ის“ ქვითრებით სასამართლომ დაადგინა, რომ აბონენტის ნომერი იყო ........., ხოლო შემდეგ შეიცვალა .......-ით, თუმცა მიიჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებას საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან ქვითრებით დადგენილია, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება ერიცხებოდა ქ. თბილისში, .......... პირველ შესახვევში მდებარე ¹13 ბინას. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის @¹10 დადგენილების მე-3, მე-14 მუხლით და ჩათვალა, რომ გ. ჟ-ა 2002 წლის 22 მაისიდან აღირიცხა რა ბინის მესაკუთრედ, ამ დროიდან სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდა სს „........-თან“ და, შესაბამისად, მის წინაშე წარმოეშვა უფლება-მოვალეობები. პალატის მოსაზრებით, უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ. ჟ-ა 2006 წლის 6 დეკემბრამდე არ ცხოვრობდა ბინაში და არ მოიხმარდა ელექტროენერგიას. გ. ჟ-ას ახსნა-განმარტებით სასამართლომ დაადგინა, რომ სახლის შეძენისას იქ მრიცხველი არ იდგა, ამდენად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ ელექტროენერგიის გადასახადი დაერიცხებოდა უმრიცხველოდ. ასეთ პირობებში, მას უნდა მიემართა სს „.........-თვის“ რათა ეცნობებინა, რომ ბინაში არ ცხოვრობდა და მოეთხოვა ელექტროენერგიით მომსახურების შეწყვეტა. პალატის მითითებით, მოსარჩელეს სს „........-თვის“ განცხადებით არ მიუმართავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2002 წლის 22 მაისიდან 2006 წლის დეკემბრამდე ბინაში არ იყო ელექტროგაყვანილობა და არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ეკისრება მოსარჩელეს, რაც მან ვერ დაასაბუთა. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, რომ ბინა საცხოვრებლად იყო უვარგისი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მრიცხველის 2006 წლის 5 დეკემბერს და არა 2007 წლის 2 აპრილს დამონტაჟების შესახებ მოსარჩელის ახსნა-განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც, აღნიშნული ვერ დაადასტურებს, რომ 2006 წლის დეკემბრამდე მოსარჩელე ელექტროენერგიას არ მოიხმარდა. პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული გარემოება ვერ დგინდება ვერც 2007 წლის იანვრის განცხადებებითა და ელექტროენერგიის დავალიანების გადახდის ამსახველი მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, რომ მას დ. ბ-ას დავალიანება უკანონოდ გადაეწერა, ვინაიდან სადავო პერიოდში სს „........-თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში გ. ჟ-ა იმყოფებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, სს „........-ის“ ქვითრებში აღნიშნულ მისამართზე აბონენტად მითითებული იყო დ. ბ-ა, მაგრამ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა ბინის მფლობელს და, შესაბამისად, სს „........-თან“ არსებული ხელშეკრულების მხარე ვერ იქნებოდა, სადავო დავალიანება კი ერიცხებოდა ქ. თბილისში, .......... პირველ შესახვევში მდებარე ¹13 ბინას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ჟ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორისათვის უკანონოდ დარიცხული 1764 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის ¹10 დადგენილების მე-3 მუხლი. სასამართლომ დაადგინა, რომ კასატორი სს “.........-ის” ხელშემკვრელი მხარე 2002 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ ამ შემთხვევაში 1994 წლიდან 2002 წლამდე მოპასუხესთან სამართლებრივ ურთიერთობაში უნდა ყოფილიყო ბ-ი. შესაბამისად, დავალიანების არსებობისას ქვითარი უნდა შედგენილიყო სწორედ მის სახელზე, რაც არ მომხდარა. საგულისხმოა, რომ ბ-ა არასოდეს ყოფილა სადავო სახლთმფლობელობის მესაკუთრე. სასამართლომ მნიშვნელობა არ მიანიჭა ბ-ას სააბონენტო და მრიცხველის ნომრებს მაშინ, როცა სს “........-თან” ურთიერთობისას აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემები გადამწყვეტია. პალატამ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი სს “........-ის” ბეჭდიანი ქვითარი, რომელზეც დაფიქსირებულია მრიცხველის დაყენების თარიღი _ 2006 წლის 5 დეკემბერი და ასევე ის გარემოება, რომ 2006 წლის 6 დეკემბერს ბ-ას სახელზე გაგზავნილ ქვითარში მიეთითა კასატორის სააბონენტო ¹......... და ბ-ას მრიცხველის ¹......... . ნიშანდობლივია, რომ 2006 წლის ნოემბრამდე არც ერთი ქვითარი კასატორს არ გადაუხდია, ამავე წლის დეკემბერში კი გადაიხადა ¹........ მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დარიცხული თანხა, რაც ადასტურებს, რომ მრიცხველი დამონტაჟდა 2006 წლის დეკემბერში, ამასვე ადასტურებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ინგლისურენოვანი გრაფიკი. სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ ელექტროენერგიის ერთთვიანმა დანახარჯმა შეადგინა 268 ლარი და მტკიცებულებათა სწორი შეფასების შედეგად დაედგინა, რომ ყოველივე მიმართული იყო კასატორისათვის თანხის უკანონოდ დარიცხვისაკენ. პალატამ არასწორად განმარტა სემეკის 2001 წლის ¹10 დადგენილების მე-20 მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ გ. ჟ-ას სადავო სახლში 2006 წლის ნოემბრამდე ცხოვრებისა და ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში მოპასუხე აუცილებლად შეუწყვეტდა მას ელექტროენერგიის მიწოდებას. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა კასატორის მიერ წარდგენილ სანოტარო წესით დამოწმებულ ცნობაზე, რომ 2006 წლის ოქტომბრამდე სადავო სახლში არავის არ უცხოვრია. სააპელაციო პალატამ ასევე არ იმსჯელა, თუ რატომ შეიცვალა აბონენტის ¹........ ¹........-ით. სინამდვილეს არ შეესაბამება მოპასუხის განმარტება, რომ ნომრები შეიცვალა მთელი თბილისის მასშტაბით 2007 წელს ბაზის შეცვლის გამო, ვინაიდან კასატორმა წარადგინა მისი მეზობლის, .......... პირველი შესახვევის ¹11-ში მცხოვრები აბონენტის ........-ის ქვითარი, რომლითაც დასტურება, რომ 2005-2007 წლებში მას სააბონენტო ნომერი არ შეცვლია. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 6 აპრილის ქვითრით კასატორს 1 თვის დანახარჯი _ 268 ლარი ხელახლა დაერიცხა და ეს ის თანხაა, რასაც სააპელაციო სასამართლო 2006 წლის 5 დეკემბრის ხელნაწერი ქვითრებით გადასახდელად აფიქსირებს. პალატას არ შეუფასებია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ 2007 წლის იანვარში გ. ჟ-ამ მესამეჯერ მიმართა სს “........-ს” მის მიერ დამონტაჟებული მრიცხველის ანათვალის მიხედვით შედგენილი ქვითრის მისაღებად. მოპასუხემ ამავე წლის მაისში გაუგზავნა ქვითარი, სადაც აბონენტის ნომრის გაყალბებით ვინმე ბ-ას 1642 ლარამდე დავალიანება იყო ასახული. სასამართლომ არ იმსჯელა გ. ჟ-ას მიერ წარდგენილ სს “.........-დან” მოპოვებულ ქვითარზე, რომ ბ-ა ცხოვრობდა ........ ქუჩაზე, კასატორის შორიახლოს და 15 წლის წინ გარდაიცვალა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2002 წლის 6 აპრილს მოსარჩელე გ. ჟ-ასა და დ. ბ-ის რწმუნებულ მ. ბ-ის შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისში, .......... პირველი შესახვევის ¹13-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და 172,15 კვ.მ შენობა-ნაგებობებზე. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2002 წლის 22 მაისს და გ. ჟ-ა აღირიცხა მესაკუთრედ. მითითებულ მისამართზე 2007 წლის 2 აპრილს დაიდგა ¹........ მრიცხველი, რის შემდეგაც გადასახადის დარიცხვა წარმოებდა მისი ჩვენების შესაბამისად, ხოლო ამ პერიოდამდე უმრიცხველოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ჟ-ამ ზემოხსენებული სახის პრეტენზია ნაწილობრივ წარმოადგინა, კერძოდ, დასაბუთებულია კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება გ. ჟ-ას სახლში მრიცხველის 2007 წლის 2 აპრილს დამონტაჟების თაობაზე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს “.......-ის” წარმომადგენლის განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით _ სს “.......-ის” მიერ გაცემული ქვითრით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, .......... შესახვევის ¹13-ში მდებარე სახლში მრიცხველი დამონტაჟდა 2006 წლის 7 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია აბონენტ გ. ჟ-ას ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 50), რომლითაც ირკვევა, რომ ხსენებულ აბონენტს 2006 წლის 4 დეკემბერს, 2007 წლის 3 იანვარს, 1 თებერვალს, მარტსა (ზუსტი თარიღი არ იკითხება) და 2 აპრილს ელექტროენერგიის საფასური დაერიცხა უმრიცხველო დარიცხვის წესით.
ამდენად, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებანი და გამოარკვიოს, თუ რა წესით უნდა გამოანგარიშებოდა 2006 წლის 7 დეკემბრიდან 2007 წლის 23 აპრილამდე პერიოდში გ. ჟ-ას ელექტროენერგიის გადასახადის ოდენობა, კერძოდ, გადასახადი გამოთვლილია უმრიცხველო დარიცხვის წესით, ხოლო საქმის მასალებით ირკვევა მრიცხველის დამონტაჟების ფაქტი. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ უნდა განისაზღვროს გ. ჟ-თვის დასაკისრებელი თანხის ზუსტი ოდენობა.
რაც შეეხება გ. ჟ-ას საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას დანარჩენ ნაწილში, იგი დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული, კერძოდ:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ გ. ჟ-ას მიერ სადავო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის კანონიერების გარკვევისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, აღნიშნულ პერიოდში იმყოფებოდა თუ არა გ. ჟ-ა სს “.......-თან” სახელშეკრულებო ურთიერთობაში და მოიხმარდა თუ არა ელექტროენერგიას.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ესა თუ ის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხარეთა შორის დადებული გარიგების, ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრებისა და კანონით რეგლამენტირებული სხვა გარემოებების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რა ფაქტობრივი გარემოება, რომ 2002 წლის 22 მაისიდან გ. ჟ-ა აღირიცხა ქ. თბილისში, ....... შესახვევის ¹13-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ, ამ დროიდან მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის ¹10 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვით მომხმარებელმა, რომელსაც სურს სს “.......-გან” ელექტროენერგიის მიღება, უნდა დადოს ხელშეკრულება სემეკ-ის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად არ გაიზიარა გ. ჟ-ას მითითება, რომ იგი 2006 წლის 6 დეკემბრამდე სადავო ბინაში არ ცხოვრობდა, ვინაიდან სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის ¹10 დადგენილების მე-14 მუხლი ადგენს, რომ თუკი მომხმარებელი დროებით ტოვებს საცხოვრებელ სახლს, მას შეუძლია მიმართოს სს “........-ს” განცხადებით და მოსთხოვოს ელექტროენერგიით მომსახურების შეწყვეტა საცხოვრებელ სახლში არყოფნის პერიოდში. მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება განუახლდება მოთხოვნისთანავე. მითითებული ნორმა არეგულირებს მომხმარებელსა და “.......-ს” შორის ისეთ ურთიერთობას, როდესაც მომხმარებელი ვალდებულია, გააფრთხილოს კონტრაჰენტი, რომ იგი გარკვეული დროის განმავლობაში არ გეგმავს სახლში ცხოვრებას და სურს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეჩერება _ ელექტროენერგიის მიწოდების აღნიშნული პერიოდისათვის შეწყვეტა. ზემოხსენებული ღონისძიება მომხმარებლისათვის წარმოადგენს ელექტროენერგიის ზედმეტად დარიცხვისაგან თავდაცვის მექანიზმს, რითაც განსახილველ შემთხვევაში გ. ჟ-ას არ უსარგებლია. საფუძვლიანია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ გ. ჟ-ას განმარტებით, სადავო სახლის შეძენისას ელექტროენერგიის მრიცხველი დამონტაჟებული არ იყო, გ. ჟ-ას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის დარიცხვა მოხდებოდა უმრიცხველო პრინციპით და მოწინააღმდეგე მხარისათვის მიმართვით უნდა მოეთხოვა სახლში არყოფნის დროს ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, გ. ჟ-ამ სათანადოდ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ 2006 წლის 6 დეკემბრამდე იგი სადავო სახლში არ ცხოვრობდა და არც ელექტროენერგიას არ მოიხმარდა, რისი მტკიცების ტვირთიც კასატორს ეკისრებოდა. კასატორს ამ მხრივ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო მის მიერ მითითებული მტკიცებულების საფუძველზე კი (2007 წლის განცხადებები, ელექტროენერგიის დავალიანების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები) ზემოხსენებული ფაქტი არ მტკიცდება.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აბონენტის ნომრის შეცვლა, ისევე, როგორც სს “.......-ის” ქვითრებში გ. ჟ-ას ნაცვლად დ. ბ-ას მითითება, კასატორის სადავო ვალდებულების არსებობაზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვა ხდებოდა ერთსა და იმავე მისამართზე _ ქ. თბილისში, ........... შესახვევის ¹13-ში მდებარე სახლზე. მოცემული ურთიერთობის სპეციფიურობიდან გამომდინარე (ელექტროენერგია მიეწოდება კონკრეტულ მისამართზე არსებულ შენობა-ნაგებობის მფლობელს მის მფლობელობაში არსებული ნივთის ჯეროვნად გამოყენებისათვის), გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილს, რაც თავისთავად არ გულისხმობს აბონენტის ვინაობის უგულებელყოფას, მაგრამ ამ უკანასკნელი მონაცემების უზუსტობა არსებით გავლენის ვერ მოახდენს ვალდებულების შესრულებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.