საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-497(კ-25) 6 ნოემბერი, 2025 წელიქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები - ლ.კ-ი, გ.კ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 18 აპრილს ლ. და გ. კ-ებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, არიან იძულებით გადაადგილებული პირები. 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობენ ქ.ქუთაისში, ...ის ქ. №...-ში ( ...ის(...ის) შენობაში) და მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. აღნიშნული შენობა წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს და (ლ. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შენობას დაუდგინდა ნგრევადი სტატუსი) იქ მცხოვრები დევნილების საკითხი განიხილება კრიტერიუმების გარეშე. მოსარჩელემ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის IDP 4 23 00248048 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელეების ლ. და გ. კ-ებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.კ-ისა და გ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის IDP 4 23 00248048 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ლ.კ-ისა და გ.კ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ლ. და გ. კ-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ.კ-ისა და გ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ამ წესის შესაბამისად, არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლით განსაზღვრულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ოჯახს მიენიჭება შესაბამისი ქულები.
სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ლ. და გ. კ-ები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, აფხაზეთიდან. რეგისტრირებულნი არიან ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ...ის(...ის) შენობაში. ასევე დადგენილია ისიც, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის არსებითად განხილვაზე უარი ითქვა იმ საფუძვლით, რომ ლ. და გ. კ-ების მიერ განაცხადი შევსებული იყო დახურული ობიექტიდან, კერძოდ, განაცხადში დევნილ პირებს საცხოვრებელ მისამართად მითითებული ჰქონდათ - ქ. ქუთაისი, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ... ..., რომელიც წარმოადგენდა დახურულ ობიექტს. 2021 წლის 25 ნოემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ლ.კ-ის განაცხადი შეფასდა 0.00 ქულით, ვინაიდან განმცხადებელი განაცხადს აკეთებდა დახურული ობიექტიდან.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელეების განაცხადის განხილვაზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააგენტო, ერთი მხრივ, ადასტურებს საცხოვრებელი ობიექტის ავარიულობისა და საცხოვრებლად უვარგისი პირობების არსებობას, ხოლო, მეორე მხრივ, სათანადო ყურადღებას არ ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელ ოჯახს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს (საწინააღმდეგო მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოებში). ის გარემოება, რომ მონიტორინგის განხორციელებისას გ. და ლ. კ-ები სააგენტოს წარმომადგენლებს ადგილზე არ დახვდნენ და იმ მომენტისათვის ვერ დადასტურდა ოჯახის ფაქტობრივი ცხოვრება ნგრევად ობიექტში, ვერ გადაწონის მოსარჩელის ოჯახის საჭიროებას, როგორც დევნილი დაკმაყოფილდეს მოცემულ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით, მით უმეტეს უარი ეთქვას შეფასებასა და კრიტერიუმების გამოვლენის საფუძველზე, საკითხზე მსჯელობის თაობაზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, ფორმალური საფუძვლით (დახურული ობიექტის გამო) დევნილი პირის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის განუხილველად დატოვება, მაშინ, როდესაც დევნილი ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით, ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. და გ. კ-ების საკითხი სააგენტოს არ განუხილავს, შესაბამისად, მათი განსახლების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა. მოსარჩელეთა განაცხადის სათანადო წესით შეფასება და საქმესთან დაკავშირებული სხვა გარემოებები უნდა გამოკვლეულიყო და შეფასებულიყო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. საქმის ხელახლა განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სათანადო ადმინისტრაციული წარმოება ლ. და გ. კ-ების ოჯახის განსახლების საკითხზე, ხოლო სასამართლო წარმოება ვერ ჩაანაცვლებს ადმინისტრაციულ ორგანოში ჩასატარებელ ადმინისტრაციულ წარმოებას. აღნიშნული გარემოებების გამო, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეითავსოს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქცია და სათანადო ადმინისტრაციული წარმოების გარეშე პირდაპირ დაავალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის სასარგებლოდ, დადებითი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და ზოგადად, სოციალური კატეგორიის დავიდან გამომდინარე. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის გარემოება, რომ ვინაიდან, ოჯახს განაცხადში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული აქვს ქ. ქუთაისი, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ... ...ის შენობა, რომელიც დევნილთა მონაცემთა ბაზის თანახმად, წარმოადგენს დახურულ ობიექტს, მათი ოჯახის მიერ ქ. ქუთაისში მდებარე ობიექტზე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული განაცხადი არ იქნა შეფასებული და შესაბამისად, განხილული. ამასთან, კასატორის განმარტებით, მოსარჩელეების მიერ მითითებული ფაქტობრივი მისამართის შეცვლის შემთხვევაში, ლ. და გ. კ-ების ოჯახმა, შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ სააგენტოს, რათა განხორციელდეს მათი გრძელვადიანი განსახლების საკითხის განხილვა. სასამართლოების მიერ ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არ არის გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის IDP 4 23 00248048 წერილის კანონიერება და მოპასუხის დავალება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. და გ. კ-ების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ზემოხსენებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები: ლ. და გ. კ-ები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილთა მოწმობებში მოსარჩელეების დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს იმერეთი, ქუთაისი, ...ის ქუჩა N..., სს ....
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 25 ნოემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ლ.კ-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა - ..., ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ქალაქი ქუთაისი, ...ის ქუჩა N..., ბინა N...
2021 წლის 23 სექტემბერს მოსარჩელე ლ.კ-მა შვილთან ერთად განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. განაცხადში მოსარჩელეებმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითეს - იმერეთი, ქუთაისი, . ...ის ქუჩა N....
2021 წლის 25 ნოემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ლ.კ-ის განაცხადი შეფასდა 0.00 ქულით, ვინაიდან განმცხადებელი განაცხადს აკეთებდა დახურული ობიექტიდან.
სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის NIDP 4 23 00248048 წერილით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ ვინაიდან ლ. და გ. კ-ების ოჯახს განაცხადში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული აქვს ქ. ქუთაისი, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ... ...ის შენობა, რომელიც დევნილთა მონაცემთა ბაზის თანახმად, წარმოადგენს დახურულ ობიექტს, მათი ოჯახის მიერ ქ. ქუთაისში მდებარე ობიექტზე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული განაცხადი არ იქნა შეფასებული.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს მომზადებული N006049917 დასკვნის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ის ქ. N...-ში მდებარე შენობის (... „...“) ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საჭიროა შენობას ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები დეტალური გამოკვლევის საფუძველზე დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის მიხედვით. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის 2020 წლის 10 აგვისტოს №41 ოქმის თანახმად, კომისიის სხდომაზე იმსჯელეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქუთაისსა და ზუგდიდში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების ეტაპზე იმერეთის და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მდებარე, დასახურ ნგრევად ობიექტთა განსაზღვრაზე. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისიის წევრებმა იმერეთში, ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ... განსაზღვრეს, როგორც დასახური ნგრევადი ობიექტი. ასევე კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგის სამმართველოს დაევალა კომისიაზე წარმოდგენილ ობიექტთა აღწერა, მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა დადგენის მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს საკითხის არსებითად განხილვაზე უარი ეთქვათ და სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეების მიერ განაცხადი შევსებული იყო სახელმწიფოს მიერ გაუქმებული ობიექტიდან, კერძოდ, განაცხადში დევნილ პირს საცხოვრებელ მისამართად მითითებული ჰქონდა - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. N; ... ..., რაც წარმოადგენდა დახურულ ობიექტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე მუხლის მე-3 მუხლის თანახმად, დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული სამმართველოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №7 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №8 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №9 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5–მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ა) დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №5) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
საქმის მასალებით დადგენილია და დავას არ იწვევს, ის გარემოება, რომ ლ. და გ. კ-ები რეგისტრირებულნი არიან ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა N...-ში, მდებარე ... ...ში. ლ. და გ. კ-ების, როგორც იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების ოჯახი, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული არ არის. მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ასევე ის გარემოებაც, რომ ლ. და გ. კ-ების ოჯახს შევსებული აქვს განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე და ისინი ითხოვენ ჩვეულებრივი წესით მათი განსახლების საკითხის გადაწყვეტას. მიუხედავად ამისა ,,დახურული ობიექტიდან’’ გაკეთებული განაცხადის საფუძვლით, მათი საკითხი საერთოდ არ განხილულა კომისიის წინაშე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ფორმალური საფუძვლით (დახურული ობიექტის გამო) დევნილი პირის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის განუხილველად დატოვება, მაშინ როდესაც დევნილი ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით, ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მონიტორინგის განხორციელებისას ნგრევად ობიექტში გ. და ლ. კ-ების არ ყოფნა, ვერ გადაწონის მოსარჩელის ოჯახის საჭიროებას, როგორც დევნილი დაკმაყოფილდეს მოცემულ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით, მითუმეტეს უარი ეთქვას შეფასებასა და კრიტერიუმების გამოვლენის საფუძველზე, საკითხზე მსჯელობის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი და არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში შესაძლოა მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას“ (სუსგ №ბს-326(კ-21), 22.07.2021წ.). ამდენად, აღსანიშნავია, სასამართლოს მითითება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოვლენილია მკაცრად ფორმალური მიდგომა. დახურული ობიექტიდან განაცხადის გაკეთების გამო დევნილი პირის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის განუხილველად დატოვება, მაშინ, როდესაც დევნილი ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით, ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში, და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო აქტი დევნილის ოჯახის საკითხის არ განხილვის ნაწილში, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე