Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-505(კ-25) 8 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ.ზ-ე

მესამე პირი - შპს „ ...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ.ზ-ემ 2023 წლის 20 მარტს სარჩელით, ხოლო 2023 წლის 4 აპრილს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, დავალიანების გადახდევინების შესახებ 2023 წლის 15 თებერვლის NSP220430544/1087248 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სარჩელის მიხედვით, 2019 წლის 8 მაისის მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულებით სს „...მა“ შპს „...ს“ დაუთმო გ.ზ-ეს, თ.მ-სა და სს „...ას“ შორის 2012 წლის 30 ნოემბერს დადებული №... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები. 2022 წლის 15 აპრილს შპს „...მა“, რესპონდენტ გ.ზ-ის და თ.მ-ის მიმართ დავალიანების გადახდის შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გამარტივებული წარმოების დაწყება მოითხოვა. აპლიკანტის მოთხოვნაში მითითებულია თანხა 42610.68 ლარი (პირგასამტეხლო 19685.48 ლარი, ძირითადი 9842.74 ლარი, სარგებელი 12982.46 ლარი). გ.ზ-ემ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 2022 წლის 4 მაისს SP220430544/976228 შეტყობინებაზე 2022 წლის 19 მაისს წარადგინა პროტესტი მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით, თუმცა მის მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2023 წლის 15 თებერვალს გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP220430544/1087248 ბრძანება, იმის მიუხედავად, რომ შპს „...ს“ მიმართ მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა გ.ზ-ისა და თ.მ-ის სარჩელის საფუძველზე ვალდებულების ხანდაზმულად აღიარების მოთხოვნით და უფრო მეტიც, თ.მ-ის მიმართ მოპასუხე შპს „...მა“ ცნო სარჩელი. 2023 წლის 22 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებაზე აპელირებით, მოსარჩელემ მოითხოვა მითითებული ბრძანების (15.02.22023წ.) ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“. ამავე სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით, მოსარჩელე გ.ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 15/02/2023 წლის №SP 220430544/1087248 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მოქმედება, წინამდებარე საქმეზე დავის დასრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 15/02/2023 წლის №SP 220430544/1087248 ბრძანება.

საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ზ-ისა და თ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ხანდაზმულად იქნა აღიარებული გ.ზ-ეს და სს „...ას“ შორის, 2012 წლის 30 ნოემბრის დადებული №... საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „...ას“ 42610.68 ლარის მოთხოვნის უფლება. აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე 2023 წლის 27 იანვარს შპს „...მა“ სარჩელი ცნო, თუმცა ამის მიუხედავად, მან განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გ.ზ-ის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემა მოითხოვა, ხოლო თ.მ-ის ნაწილში მიუთითა, რომ მოთხოვნა არ გააჩნდა და ითხოვა ამორიცხვა.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მიუთითებს შპს „...ას“ მიზანზე, ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამოყენებით, გამარტივებული წარმოების გზით მოახდინოს ხანდაზმული მოთხოვნის იძულებითი აღსრულების რეჟიმს დაქვემდებარება, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგადსამართლებრივ პრინციპებს, რომ იძულებით აღსრულებას ექვემდებარება ნამდვილი, ვადამოსული, კანონით დადგენილი წესით წარმოშობილი მოთხოვნა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, გ.ზ-ეს შეტყობინება ჩაბარდა 6 მაისს და პროტესტის წარდგენისთვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დარღვევით მიმართა მოპასუხეს, თუმცა მის მიერ განცხადებაში მითითებულ იქნა იმგვარ გარემოებაზე (ხანდაზმულობაზე), რაც წარმოების დასაწყისშივე გამორიცხავდა აპლიკანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მით უფრო მაშინ, როდესაც არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, შპს „...ის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით მისი მოთხოვნის უფლება გ.ზ-ის მიმართ წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, შესაბამისად, მოპასუხის მიერ დაირღვა აპლიკანტის განცხადების შინაარსობრივი მხარის შემოწმების ვალდებულება და სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას დაირღვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლის მოთხოვნები, რადგან გ.ზ-ის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება (პროტესტის წარდგენის ვადის დარღვევის მიუხედავად) გამარტივებული წარმოების დასაწყისშივე გამორიცხავდა აპლიკანტის შპს „...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ბრძანება გამოიცა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 912, 914, 915 მუხლებისა და 917 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, აქტის გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის დარღვევას.

კასატორის განმარტებით, გ.ზ-ეს გაეგზავნა შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ და განესაზღვრა ვადა საპასუხო მოქმედების განსახორციელებლად. შეტყობინება მოსარჩელეს ჩაბარდა პირადად, 2022 წლის 06 მაისს, რაც დასტურდება „...ის“ უკუკავშირითა და თავად მოსარჩელის ხელმოწერით. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ არ განახორციელა საპასუხო მოქმედება და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოიცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითებს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შინაარსობრივი შემოწმება არ გულისხმობს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად არსებული ხელშეკრულების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობისა და ამდენად, კანონიერების/ნამდვილობის შემოწმების ვალდებულებას. დოკუმენტაციის შინაარსობრივი შემოწმების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს მხოლოდ ვადამოსული მოთხოვნის არსებობას და უფლებამოსილი არ არის გასცდეს მისი კომპეტენციის ფარგლებს, იმსჯელოს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად არსებული დოკუმენტების, მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების კანონიერებაზე, იმ პირობებში, როდესაც გ.ზ-ემ გამოიყენა მისთვის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული პროტესტის გამოხატვის უფლება (პროტესტი წარადგინა 10 დღიანი ვადის დარღვევით). აღნიშნული ქმედების განუხორციელებლობამ, სამართლებრივად ვალდებულების აღიარებაში ჰპოვა ასახვა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის №2/80-23 გადაწყვეტილება, გამოტანილ იქნა მას შემდეგ, რაც რესპონდენტს, გ.ზ-ეს, უმოქმედობით უკვე აღიარებული ჰქონდა შპს „...ის“ მიმართ არსებული ვალდებულება, რამაც ხანდაზმულობის ახალი ვადის დენა განაპირობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XVI1 თავი ითვალისწინებს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს „სპეციალური წარმოების“, კერძოდ, გამარტივებული წარმოებისთვის დადგენილ მოწესრიგებას. ამავე კანონის 912, 913 მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, აღნიშნული წარმოება გამოიყენება ვადამოსულ ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებულ საქმეებზე დოკუმენტურად დადასტურებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. განსახილველ საქმეზე სადავოა სწორედ დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 15 თებერვლის №SP220430544/1087248 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. ამავე კანონის 915 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოება თავისი არსით აპლიკანტისთვის (კრედიტორი) პროცედურის გამარტივებას ისახავს მიზნად და აღსრულების პროცედურის ეკონომიურობასა და ეფექტურობაში ვლინდება, თუმცა მატერიალური თვალსაზრისით, ამგვარი წარმოების ფარგლებში მოთხოვნის უფლების შემოწმებას არსებითი დატვირთვა გააჩნია და მოიცავს როგორც აპლიკანტის მიერ ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, გულდასმით გამოიკვლიოს აპლიკანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, პირველ რიგში კი, ყურადღება უნდა მიექცეს სახეზეა თუ არა ვადამოსული ფულადი ვალდებულება და დოკუმენტურად ადასტურებს თუ არა აპლიკანტი რესპონდენტის მიმართ მოთხოვნის უფლებას.

აღსრულების ეროვნული ბიურო, მართალია, არ ახორციელებს მხარეთა მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების ნამდვილობის თუ ბათილობის საკითხის დეტალურ შეფასებას, თუმცა გამარტივებული წარმოების პროცესისთვის დამახასიათებელი გამარტივებული პროცედურა, ასევე თავად აღსრულების ეროვნული ბიუროს ნაკლები ვალდებულებების არსებობა მას სრულად არ ათავისუფლებს წარმოების პროცესში ისეთი გარემოებების გამოკვლევის ვალდებულებისგან, რომელიც შესაძლოა ეჭვქვეშ აყენებდეს თავად კრედიტორის მოთხოვნის უფლებას.

„გამარტივებული წარმოების ფარგლებში განცხადების წარდგენისას არ ხდება სააღსრულებო ფურცლის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტის თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა, რომელიც სათანადო ორგანოს მიერ გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა კონკრეტული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები. გამარტივებული წარმოების ფარგლებში მხარე წარადგენს ხელშეკრულებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს, რომ გააჩნია ვადამოსული ფულადი მოთხოვნა. ამდენად, ასეთი წარმოებისას მოთხოვნის არსებობა ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოთა მიერ გაცემული, ოფიციალური დოკუმენტით კი არ დგინდება, არამედ კერძო პირთა მიერ წარდგენილი ინფორმაციით (სუსგ 18.07.2018წ. საქმეზე Nბს-686(2კ-19)).

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 15 აპრილს შპს „...მა“, რესპონდენტ გ.ზ-ის და თ.მ-ის მიმართ დავალიანების გადახდის შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გამარტივებული წარმოების დაწყება მოითხოვა. აპლიკანტის მოთხოვნაში მითითებულია თანხა 42610.68 ლარი (პირგასამტეხლო 19685.48 ლარი, ძირითადი 9842.74 ლარი, სარგებელი 12982.46 ლარი. თავის მხრივ მოთხოვნის საფუძველს ქმნიდა 2012 წლის 30 ნოემბერს სს „...ის“ (თ.მ-ი ძირითადი მოვალე) და გ.ზ-ეს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სესხის გადახდის გრაფიკის ბოლო გადახდად მითითებულ იქნა 2015 წლის 25 ნოემბერი. სადავო არაა ის გარემოებაც, რომ მოსარჩლეს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 2022 წლის 4 მაისს №SP220430544/976228 შეტყობინება გაეგზავნა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით და ის პირადად ჩაბარდა მას 2022 წლის 6 მაისს.

2022 წლის 19 მაისს გ.ზ-ემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საჩივრით (პროტესტი) მიმართა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, უსაფუძვლობასა და ხანდაზმულობაზე მითითებით, ასევე განცხადებაში აღინიშნა, რომ არ იყო დაფიქსირებული მეორე მოვალის - თ.მ-ის პოზიცია.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „...მა“ მოთხოვნის დასასაბუთებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინა 2012 წლის 30 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება, 2019 წლის 8 მაისისა და 2022 წლის 4 მარტის მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმებები. საქმეზე წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, გ.ზ-ისა და თ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხანდაზმულად იქნა აღიარებული გ.ზ-ეს და სს „...ის“ შორის, 2012 წლის 30 ნოემბრის დადებული №... საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „...ის“ 42610.68 ლარის მოთხოვნის უფლება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების ზოგად პრინციპებს, რომლებისგანაც გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, როგორც მმართველობითი ღონისძიების განმახორციელებელი, შესაბამისი უფლებამოსილების და კომპეტენციის მქონე სუბიექტი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფიზიკურ პირთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება, რაც მას ფართო უფლებამოსილების ფარგლებთან ერთად აკისრებს გაზრდილ პასუხისმგებლობას, საქმიანობის პროცესში განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი კვლევა და საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვანი განხორციელებისგან თავის არიდების გზით არ მოახდინოს პირთა უფლებების მომეტებული შეზღუდვა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას და განმარტავს, რომ გამარტივებული წარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიურო სრულად არ არის გათავისუფლებული კრედიტორის განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალური და შინაარსობრივი მხარის გამოკვლევისგან, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილია მხარეთა შორის იმავე სადავო საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2023 წლის 22 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/ნ205263873) დაუბრუნდეს 02.04.2025წ. №05448 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა