საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-507(კ-24) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,მ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 3 მაისს შპს ,,მ...მ“ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ,,ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2022 წლის 6 იანვრის №10-08/10 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის № NHA 3 23 00332724 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით.
ასევე, 2023 წლის 3 მაისს შპს ,,მ...მ“ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ,,ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის № 10-08/831 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის № NHA 5 23 00330746 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით.
ამასთან, 2023 წლის 22 მაისს შპს ,,მ...მ“ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ,,ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2021 წლის 16 ივლისის № 11-2ვ-2204 მიღება-ჩაბარების აქტის (2021 წლის 24 სექტემბრის № 10/9021 გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა მა. მ-ის, გ. დ-ის, თ. ჯ-ის, მ. ვ-ეის, ე. ჭ-ის, ნ. ყ-ის, ნ. მ-ეის, თ. ბ-ის, ვ. შ-ის, მ. რ-ეის, რ. ქ-ეის, თ. ს-ის, ე. პ-ის, მ. მ-ის, მე. მ-ის, ლ. კ-ეის, ს. გ-ის, ნ. ბ-ას, ნ. შ-ის, ნ. ს-ეის, მ. ს-ის, კ. გ-ის, ლ. ბ-ეის, თ. მ-ის, რ. ხ-ის, ნ. ღ-ის, ს. ბ-ეის, ვ. ფ-ის, ე. ჯ-ის, შ. ქ-ის, გ. წ-ისა და მ. ნ-ის (სულ 32 პირი) მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების შემცირების ნაწილში; ასევე, მითითებული 32 პირის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 აპრილის № NHA 3 23 00401862 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, შპს ,,მ...ს“ სარჩელები, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ერთ წარმოებად გაერთიანდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,მ...ს” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №10-08/831 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის № NHA 5 23 00330746 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოახდინოს ამ შემთხვევებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 4 913.11 ლარის შპს ,,მ...სთვის“ ანაზღაურება; ბათილად იქნა ცნობილი ,,ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2022 წლის 6 იანვრის № 10-08/10 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის № NHA 3 23 00332724 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოახდინოს ამ შემთხვევებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 21 403 ლარის შპს ,,მ...სთვის“ ანაზღაურება. შპს ,,მ...ს” სარჩელი, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2021 წლის 16 ივლისის № 11-2ვ-2204 მიღება-ჩაბარების აქტის (2021 წლის 24 სექტემბრის № 10/9021 გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის შესახებ მა. მ-ის, გ. დ-ის, თ. ჯ-ის, მ. ვ-ეის, ე. ჭ-ის, ნ. ყ-ის, ნ. მ-ეის, თ. ბ-ის, ვ. შ-ის, მ. რ-ეის, რ. ქ-ეის, თ. ს-ის, ე. პ-ის, მ. მ-ის, მე. მ-ის, ლ. კ-ეის, ს. გ-ის, ნ. ბ-ას, ნ. შ-ის, ნ. ს-ეის, მ. ს-ის, კ. გ-ის, ლ. ბ-ეის, თ. მ-ის, რ. ხ-ის, ნ. ღ-ის, ს. ბ-ეის, ვ. ფ-ის, ე. ჯ-ის, შ. ქ-ის, გ. წ-ისა და მ. ნ-ის (სულ 32 პირი) ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; შპს ,,მ...ს“ სარჩელი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 აპრილის № NHA 3 23 00401862 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; შპს ,,მ...ს“ სარჩელი, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის მითითებულ 32 პირზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ. შესაბამისად, იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,მ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-9, მე-14, მე-15 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ სამედიცინო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე უარი ითქვა იმ საფუძვლით, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩატარებული კვლევები არ შეესაბამება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 17 მაისის № 01-155/ო ბრძანების 8.3.6 პუნქტით განსაზღვრულ დებულებებს. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, მომსახურებაზე (კვლევებზე) გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის საფუძველი ამ მომსახურების მიზანშეწონილობისა და ,,გაიდლაინით“ განსაზღვრული პერიოდულობით საჭიროების საკითხი გახდა, რამდენადაც ჩაითვალა, რომ შპს ,,მ...ში“ პაციენტების მიმართ კვლევები ჩატარდა ,,გაიდლაინით“ გათვალისწინებულზე მეტი სიხშირით, რითაც ხელოვნურად მოხდა ხარჯებისა და შესაბამისად, დაფინანსების გაზრდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა განმახორციელებლის უფლების განმსაზღვრელ ნორმებს, როდესაც მის კომპეტენციად მხოლოდ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება მიუთითა. აღნიშნული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” დანართი №1-ის მე-14 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან - ასეთის არსებობის შემთხვევაში; ,,პროგრამის” დანართი №1-ის მე-16 მუხლის თანახმად, რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო გეგმური და არაგეგმური ფორმით; რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. ამდენად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება ხდება ,,პროგრამის” დანართი №1-ის მე-14 მუხლის ფარგლებში, რაც არ გულისხმობს პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში), აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირებას კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციათა ფარგლებში და პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა საფუძველი, უარი ეთქვა მოსარჩელისათვის შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებაზე იმ პირობებში, როდესაც მიწოდებული ინფორმაცია დაემთხვა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და გაწეული სამედიცინო მომსახურება აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის კომპონენტის დაფინანსების მეთოდოლოგია ითვალისწინებს მომსახურების ანაზღაურებას სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტის შემთხვევაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯით, რაც არ გამორიცხავს ამ დაწესებულების მხრიდან ხარჯების ფიქტიურად დაფიქსირების და მათი გაზრდის ინტერესს. ამისთვის არსებობს სწორედ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (ახალი კორონავირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა მოზრდილ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში), რომელიც განსაზღვრავს ჰოსპიტალიზებული შესაძლო COVID-19-ით პაციენტებისთვის საჭირო ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს, ასევე, დადასტურებული COVID-19-ით პაციენტების ჰოსპიტალური მართვისა და მონიტორინგისთვის საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩამონათვალს და ჯერადობას მსუბუქად/საშუალოდ, მძიმედ და კრიტიკულად მძიმედ მიმდინარე დაავადების დროს. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ამ კვლევების გაიდლაინთან შესაბამისობის შემოწმება არ წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების ხარისხში ჩარევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ,,მ...ს” მიერ განხორციელდა პაციენტების მკურნალობა და კვლევების ჩატარება. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2022 წლის 6 იანვრის №10-08/10 და 2022 წლის 29 აპრილის №10-08/831 გადაწყვეტილებებით, შპს ,,მ...ს“ 2021 წლის სექტემბრის და დეკემბრის თვეების საანგარიშგებო პერიოდებზე ანგარიშგებაში წარდგენილი ლაბორატორიული გამოკვლევის ხარჯის, კომპონენტის ანაზღაურების წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ანაზღაურებაზე სააგენტოს მხრიდან ეთქვა უარი, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული ,,2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2022 წლის 6 იანვრის №10-08/10 და 2022 წლის 29 აპრილის №10-08/831 გადაწყვეტილებები შპს ,,მ...ს“ მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრებით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის №NHA 3 23 00332724 და №NHA 5 23 00330746 გადაწყვეტილებებით, შპს ,,მ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებებში მიეთითა, რომ ანგარიშგებებში კლინიკის მხრიდან წარმოდგენილი ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯები, კომპონენტის ანაზღაურების წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად არ ანაზღაურდა იმ საფუძვლით, რომ პაციენტებზე ჩატარებული ლაბორატორიული და/ან ინსტრუმენტული კვლევები არ შეესაბამებოდა ახალი კორონავირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა მოზრდილ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) N8.3.6 თავის მიხედვით, სხვადასხვა სიმძიმის შესაბამისად განსაზღვრული კვლევების ჩატარების პერიოდულობასა და რაოდენობას და წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა ჩატარების საჭიროება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სწორედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2022 წლის 6 იანვრის №10-08/10 და 2022 წლის 29 აპრილის №10-08/831 გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის №NHA 3 23 00332724 და №NHA 5 23 00330746 გადაწყვეტილებების კანონიერება. ასევე, მათი თანმდევი მოთხოვნაა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების მოპასუხისთვის ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. აღნიშნული პროგრამის მე-9 მუხლის (სადავო სამართლურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე, შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი (შემდგომში – მონიტორინგი); დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; ზ) პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი (შემდგომში - კონტროლი); თ) მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (შემდგომში − რევიზია). აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, ხოლო „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს – რეგულირების სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული პროგრამის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგულირების სააგენტოს მიერ რევიზია ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებში რევიზია ითვალისწინებს: ა) ანაზღაურებული შემთხვევების სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას; ბ) მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმებას. მითითებული მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კი, რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითად ანალოგიურ ნორმებს ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული ,,2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები“. კერძოდ, აღნიშნული პროგრამების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები (თუ ცალკეული პროგრამებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას. აღნიშნული პროგრამების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროგრამების ზედამხედველობას ახორციელებენ შესაბამისი პროგრამის განმახორციელებლები და/ან რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ ცალკეული პროგრამის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) მონიტორინგი; დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; ზ) პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი (შემდგომში -კონტროლი); თ) მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას დადგენილების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ", „გ", „ე“ და „ვ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (შემდგომში – რევიზია). აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, ხოლო „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს – რეგულირების სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული ,,2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული პროგრამების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგულირების სააგენტოს მიერ რევიზია ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებში რევიზია ითვალისწინებს: ა) ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას; ბ) მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმებას. მითითებული მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კი, რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი/წარმომადგენლები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირი/პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, შპს ,,მ...ს“ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება სააგენტოს მხრიდან არ აუნაზღაურდა იმ საფუძვლით, რომ პაციენტებისთვის ჩატარებული ლაბორატორიული და/ან ინსტრუმენტული კვლევები არ შეესაბამებოდა ახალი კორონავირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა მოზრდილ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) N8.3.6 თავის მიხედვით, სხვადასხვა სიმძიმის შესაბამისად განსაზღვრული კვლევების ჩატარების პერიოდულობასა და რაოდენობას და წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა ჩატარების საჭიროება.
საკასაციო სასამართლო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14, მე-16 მუხლებსა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული ,,2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-15, მე-18 მუხლებზე მითითებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება არ გულისხმობს პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში), აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირებას კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციათა ფარგლებში და პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია უფლებამოსილება დაადგინოს გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი. მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში წარმოდგენილი არ არის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოს - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნა. ამასთან, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს პაციენტებისთვის სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი. ამდენად, გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოს დასკვნის არარსებობისა და კლინიკის მხრიდან პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დადასტურების პირობებში, არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 21 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (487.95 ლარიდან) – 187.95 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ასევე, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 21 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (487.95 ლარის) დარჩენილი ნაწილის - 300 ლარის და 2024 წლის 16 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 015.80 ლარის, ჯამში 1 315.80 ლარის 70% - 921.06 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 21 ივნისის N17775 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (487.95 ლარიდან) – 187.95 ლარი (ას ოთხმოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი), როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ასევე, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 21 ივნისის N17775 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (487.95 ლარის) დარჩენილი ნაწილის - 300 ლარის და 2024 წლის 16 ივლისის N20677 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 015.80 ლარის, ჯამში 1 315.80 ლარის 70% - 921.06 ლარი (ცხრაას ოცდაერთი ლარი და ექვსი თეთრი), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე