¹ას-160-498-07 19 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “გ...” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ს...” (მოპასუხე)
მესამე პირი – .. .. .. სამსახური
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – გაწეული ხარჯების ანაზღაურება და მიღებული სარგებლის დაბრუნება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „გ...ს“ დირექტორმა გ. ს-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ს...ს“ მიმართ და მოითხოვა ხარჯების ანაზღაურება 89604 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1994 წლის 11 ივლისს შპს „გ...სა“ და შპს „ს...ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ს...ის მუსიკალური შადრევნის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები (სულ 307 კვ.მ) იჯარით გაიცა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მეიჯარე ვალდებული იყო გადაეცა მოიჯარესათვის შენობის ფართი ტექნიკური დახასიათებისათვის და ტერიტორია ავტობუსების სადგომად, ასევე მოიჯარეც ვალდებული იყო მეიჯარესთან შეთანხმებით გაერემონტებინა იჯარით აღებული შენობა, გარდა ამისა, ხელშეკრულება ითვალისწინებდა უპირატესი შესყიდვის უფლებას, თუმცა მეიჯარეს იგი არ განუხორციელებია და აღნიშნული 43 კვ.მ ტერიტორია მოიჯარესთან შეუთანხმებლად გაასხვისა სხვა პირზე. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ხელშეკრულების ¹1 დანართში აღწერილია იჯარით გადაცემული ნაგებობების ტექნიკური დახასიათება, კერძოდ, სალაროების შენობა-ბეტონის კედელი პროფილით, მიწისქვეშა სართული სულ 84 კვ.მ და სხვა ფართები ტექნიკური მდგომარეობა - სულ 264 კვ.მ, ხოლო 43 კვ.მ კი იყო უბრალო ღია გასასვლელი. მთლიანად გაცემული ფართი იყო ნაგავსაყრელი, რის გამოც შპს „გ...ს“ მოუწია დიდი გამწმენდი და სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ფართი ფაქტობრივად გაიზარდა 264 კვ.მ-დან 468 კმ.მ-დე, ხოლო საიჯარო ობიექტის 1 კვ.მ-ით ნარჩენი ღირებულება გაიზარდა 6 ლარიდან 179 ლარამდე. აღნიშნული სამუშაოები მათ ჩაატარეს იმ მიზნით, რომ შემდგომში გახდებოდნენ მისი მესაკუთრეები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ გაწევდნენ თავიანთი ხარჯებით ამ სამუშაოებს, რაც 89604 ლარს შეადგენს. გამომდინარე აქედან, შპს „გ...მ“ მოითხოვა გაწეული ხარჯებისა და მიღებული სარგებლის დაბრუნება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ს...ს“ დაეკისრა შპს „გ...ს“ სასარგებლოდ 89 604 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...მ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 1 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელს ეთქვა უარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს „გ...მ“ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით შპს „გ...ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 1 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბერის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით „ს...ის“ წარმომადგენლის – დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “გ...ს” სარჩელს უარი ეთქვა; შპს “გ...ს დაეკისრა 2688 ლარის გადახდა შპს “ს...ის” სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შპს “გ...მ” შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინებით შპს “გ...ს” დირექტორ გ.ს-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 4 480 ლარის ჩარიცხვის ქვითრისა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო შპს “გ...ს” დირექტორ გ.ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “გ...ს” დირექტორ გ.ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინებით შპს “გ...ს” დირექტორ - გ.ს-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 166-168).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე შპს “გ...ს” დირექტორ გ.ს-ს გაეგზავნა 2007 წლის 12 მარტს (ს.ფ. 169); კასატორს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 20 მარტს (ს.ფ.170); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 4 აპრილის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “გ...ს” დირექტორის - გ.ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “გ...ს” დირექტორის - გ.ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.