Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-537(კ-25) 02 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონული; მესამე პირები (ასკ 16.2) - ნ.თ-ი, ე.ბ-ა ა.ბ-ის უფლებამონაცვლე), ვ.ა-ი, ა.ძ-ე);

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 10 იანვარს ე.კ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2020 წლის 07 აგვისტოს N... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2020 წლის 29 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების (რეგისტაციის შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 13 დეკემბრის N... გადაწყვეტილების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა.ბ-ი. ამავე სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა.ძ-ე. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვ.ა-ი. ამავე სასამართლოს 2022 წლის 07 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, მესამე პირის (16.2) ა.ბ-ის უფლებამონაცვლეებად დადგინდა ნ.თ-ა და ე.ბ-ა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ე.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ე.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-5, მე-8, მე-9 მუხლები და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში ე.კ-ის საკუთრების უფლების გაუქმებას წინ უძღოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისს Nბს-243(კ-19) გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია ე.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველზე - ყ.ბ-ის სახელით ვ.ა-ზე 2017 წლის 19 მაისს გაცემულ მინდობილობაზე, რომლის ნამდვილობა საეჭვო გახდა სარეგისტრაციო სამსახურში ა.ბ-ის მიერ წარდგენილი გარდაცვალების მოწმობის შინაარსის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც ყ.ბ-ი გარდაცვლილია 2017 წლის 13 აპრილს (მინდობილობის გაცემამდე, ერთი თვით ადრე). საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტების არსებობა ჰქმნიდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად რეგისტრაციის შესახებ №... (05.10.2017წ.) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს, რაც განხორციელდა კიდეც.

რაც შეეხება სადავო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2020 წლის 29 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებას, მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი და დადგენილად მიიჩნია, რომ ე.კ-ის სახელზე რეგისტრაციის გაუქმებას მოჰყვა მანამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ კვლავ დარეგისტრირდა ყ.ბ-ი; თავის მხრივ, ყ.ბ-ის გარდაცვალების გამო, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ა.ბ-ის საკუთრების უფლება და დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არ არსებობდა 2020 წლის 29 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 13 დეკემბრის N... გადაწყვეტილებაზე მსჯლობის ნაწილში, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილი, ამავე კოდექსის 185-ე, 201-ე მუხლები და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2020 წლის 07 აგვისტოს N... და N... გადაწყვეტილებები, შესაბამისად კანონიერად მიიჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 13 დეკემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში უარის თქმის თაობაზე და იმის გათვალისწინებით, რომ არ დადგინდა გასაჩივრებული ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების უკანონობა, მხარეს უარი ეთქვა აპელაციის მითითებული ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე.კ-ის მიერ.

კასატორი დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის Nბს-243(კ-19) გადაწყვეტილებაზე, ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის დეპარტამენტის ქონების მართვის სამსახურის სამცხე - ჯავახეთის ოფისმა არ გამოიკვლია და არ დაადგინა რომელი დოკუმენტი იყო ყალბი, კერძოდ, გარდაცვალების მოწმობა თუ მინდობილობა.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით კასატორი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2020 წლის 07 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით დაუსაბუთებლად გაუქმდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ისევ ყ.ბ-ის საკუთრებად, შემდგომ კი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ა.ბ-ის სახელზე და გაიცა ახალი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე.კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების N244 მოწმობით ირკვევა, რომ ყ.ბ-ს საკუთრებაში გადაეცა სასოფლო - სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 1800 კვ.მ, მდებარე ბორჯომის რაიონი, სოფელი ... .

დადგენილია, რომ N244 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ყ.ბ-ის საკუთრების უფლება.

დადგენილია, რომ ვ.ა-სა და ე.კ-ეს შორის, 2017 წლის 2 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 05 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა ე.კ-ის საკუთრების უფლება. დადგენილია, რომ სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთვოდა რუსეთის ფედერაციაში ნოტარიუს ა.ზ-ას მიერ გაცემული №... (19.05.2017წ.) მინდობილობა, რომლითაც ყ.ბ-ი ვ.ა-ს ანიჭებდა საქართველოში, ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის განკარგვის უფლებამოსილებას.

დადგენილია, რომ 2018 წლის 30 იანვრის №... განცხადებით ა.ბ-ის წარმომადგენელმა ზ.მ-მა მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 05 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა და მისი გაუქმება. განცხადებაში აღიშნული იყო, რომ №... (26.09.2017წ.) განცხადებას დართული, ყ.ბ-ის მიერ ვ.ა-ის სახელზე გაცემული მინდობილობა იყო ყალბი, რადგან ყ.ბ-ი გარდაიცვალა 2017 წლის 13 აპრილს, ხოლო მინდობილობა გაცემული იყო 2017 წლის 19 მაისს.

ყ.ბ-ის გარდაცვალების მოწმობის ასლის მიხედვით, გარდაცვალების თარიღად მითითებულია 2017 წლის 13 აპრილი, ხოლო ნოტარიუს ა.ზ-ას მიერ 2017 წლის 2 ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ყ.ბ-ის მიერ ვ.ა-ის სახელზე გაცემული №... (12.05.2017 წ.) მინდობილობა ნოტარიუს ა.ზ-ას მიერ დამოწმებული არ ყოფილა.

დადგენილია, რომ ყ.ბ-ის შვილმა - ა.ბ-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. პროცესის მიმდინარეობისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 09 თებერვალს მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით შემდგომი რეაგირებისათვის, ამავდროულად ყ.ბ-ის წარმომადგენელმაც ვ.ა-მაც მიმართა განცხადებით საქართველოს პროკურატურას ა.ბ-ის მიერ დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით შემდგომი რეაგირებისათვის. ა.ბ-ის სარჩელი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.ბ-ის მიერ, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ა.ბ-ის მხრიდან გასაჩივრებული იქნა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისს Nბს-243(კ-19) გადაწყვეტილებით ა.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ოქტომბრის რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადაო საკითხთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილების თანახმად, რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 05 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება მიღებულია ყ.ბ-ის სახელით ვ.ა-ზე 2017 წლის 19 მაისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურში ა.ბ-ის მიერ წარდგენილი გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, ყ.ბ-ი გარდაცვლილია 2017 წლის 13 აპრილს, ამასთან, ამ დოკუმენტებიდან რომელიმეს სიყალბის თაობაზე ინფორმაცია საქმეზე არ იყო წარმოდგენილი. ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტების არსებობა ჰქმნიდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 05 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს.

მოცემული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 07 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, გაუქმდა რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 05 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება და აღდგა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული მდგომარეობა, კერძოდ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ კვლავ დარეგისტრირდა ყ.ბ-ი.

დადგენილია, რომ 2020 წლის 7 აგვისტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება №... სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ე.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2020 წლის 13 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, ვ.ა-სა და ე.კ-ეს ეცნობათ, რომ წარსადგენი იყო ყ.ბ-ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც მინდობილ პირს უფლება ექნებოდა, განეხორციელებინა უძრავი ნივთის გასხვისება. მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, 2020 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, 2020 წლის 26 ოქტომბრის №... სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომლითაც ა.ბ-მა, როგორც ყ.ბ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილმა) საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი ... (საკადასტრო კოდი: ...), დარეგისტრირდა ა.ბ-ის საკუთრების უფლება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის მიერ 2020 წლის 07 აგვისტოს N... გადაწყვეტილება (რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე გაუქმდა ე.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია) და 2020 წლის 29 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება (რომლითაც უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ა.ბ-ის საკუთრების უფლება) მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 13 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებში მსჯელობის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2020 წლის 07 აგვისტოს N... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2020 წლის 29 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების (რეგისტაციის შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 13 დეკემბრის N... გადაწყვეტილების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერების შეფასება, ასევე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლიანობა. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დავას იწვევს ის გარემოება, თუ რამდენად კანონიერად გაუქმდა ე.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბორჯომის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1800 კვ.მ მწის ნაკვეთზე, ამასთანავე, რამდენად კანონიერი იყო ამავე ტერიტორიაზე ა.ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. თანმდევად, შესაფასებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილებების კანონიერებასთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის შედეგის სისწორე, რომლითაც ე.კ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულსამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება - მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის "თ" ქვეპუნქტით კანონმდებელმა განმარტა შემდეგი: რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ სააგენტოს ერთ - ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია, ხოლო ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მასში ცვლილება, წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის "კ" პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, "ლ" პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაციის, ასევე მასში ცვლილების განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს. შესაბამისად, "რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები", ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების (სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას) გამოკვლევაც, იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია კონკრეტულად ამ დოკუმენტების ან/და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობის დასადგენად. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები.

საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის მიერ, 2020 წლის 07 აგვისტოს მიღებული N... გადაწყვეტილებით გაუქმდა ე.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში ე.კ-ის საკუთრების უფლების გაუქმებას წინ უძღოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისს Nბს-243(კ-19) გადაწყვეტილება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილდა ე.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველზე, კერძოდ, ყ.ბ-ის სახელით 2017 წლის 19 მაისს ვ.ა-ის სახელზე გაცემულ მინდობილობაზე, რომლის ნამდვილობა საეჭვო გახდა სარეგისტრაციო სამსახურში ა.ბ-ის მიერ წარდგენილი გარდაცვალების მოწმობის შინაარსის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც ყ.ბ-ი გარდაცვლილია 2017 წლის 13 აპრილს (მინდობილობის გაცემამდე, ერთი თვით ადრე). საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტების არსებობა ჰქმნიდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად რეგისტრაციის შესახებ №... (05.10.2017წ.) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს, რაც განხორციელდა კიდეც. მითითებული ჩანაწერის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ შედავებას, რომ საკასაციო სასამართლოს დავალებას წარმოადგენდა რომელიმე დოკუმენტის - მინდობილობის ან გარდაცვალების მოწმობის სიყალბის დადგენა. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს კომპეტენციას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმდენად რამდენადაც ურთიერთგამომრიცხავი იყო ერთის მხრივ გამსხვისებლის სახელზე გაცემული მესაკუთრის მინდობილობა და მეორეს მხრივ, ყ.ბ-ის გარდაცვალების თარიღი, დაუშვებელი იყო საკუთრების უფლების უტყუარობა დაფუძნებოდა ამგვარ ორაზროვან დოკუმენტაციას. საკასაციო პალატა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საჯარო მმართველობის განხორციელება ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, ქმედების განხორციელებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების ფორმით. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში საჯარო - სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება ეფუძნება კანონს და მიზნად ისახავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრულ მიზანს - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვას. აღნიშნული დებულებების დაუცველობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის და რეალაქტის სამართლებრივი შედეგის გაუქმების საფუძველია. პალატა, აქვე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2).

არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არსებობის პირობებში, ასევე საკასაციო საჩივარში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2020 წლის 07 აგვისტოს N... გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა ე.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბორჯომის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2020 წლის 29 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებაზე (რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ა.ბ-ის საკუთრების უფლება) მსჯელობის ნაწილში, საკასაციო პალატა აღნიშნულ ნაწილშიც ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 23-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით ბათილად იქნება ცნობილი ან არარად იქნება აღიარებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად ცნობილი/არარად აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ ე.კ-ის სახელზე რეგისტრაციის გაუქმებას მოჰყვა მანამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ კვლავ დარეგისტრირდა ყ.ბ-ი. თავის მხრივ, ყ.ბ-ის გარდაცვალების გამო, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ა.ბ-ის საკუთრების უფლება. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ არ არსებობს 2020 წლის 29 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები. აღნიშნული მსჯელობის საპირწონე შედავება კასატორის მიერ არ წარმოდგენილა.

საკასაციო საჩივრის ფარგლებში, პალატა ასევე შეაფასებს გასაჩივრებულ განჩინებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 13 დეკემბრის N... გადაწყვეტილებაზე მსჯელობის ნაწილში რომლითაც, განმცხადებელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გადაწყვეტილებების კანონიერებასთან დაკავშირებით ე.კ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2020 წლის 07 აგვისტოს N... და 2020 წლის 29 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილს, ამავე კოდექსის 185-ე, 201-ე მუხლებს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის Nბს-180-177(კ-15) გადაწყვეტილება). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2020 წლის 07 აგვისტოს N... და 2020 წლის 29 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებები, შესაბამისად კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 13 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც ე.კ-ეს უარი ეთქვა მითითებულ აქტებთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

რაც შეეხება კასატორის შედავებას განჩინების იმ ნაწილზე რომელიც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე უარის თქმის ნაწილს, საკასაციო პალატა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლზე აპელირებით მიუთითებს, რომ თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ არ არის დადგენილი გასაჩივრებული ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების უკანონობა, რაც გაზიარებულია საკასაციო პალატის მიერ, შესაბამისად მართებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება შედავებულ ნაწილშიც.

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. აღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულ იქნა კანონის სრული დაცვით და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებაში გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეგისტრაციის გაბათილებისათვის საჭიროა ბევრად მეტი და მყარი მტკიცებულებების არსებობა, ვიდრე განსახილველ შემთხვევაშია წარმოდგენილი. პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ე.კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ე.კ-ის (პ/ნ...) საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 10 აპრილს გადახდილია (...; საგადახდო დავალება...) სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მასვე უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

3. ე.კ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 10 აპრილს გადახდილი (...; საგადახდო დავალება ...) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე