საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-562(2კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. შ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის დადგენილება №000099 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის 2019 წლის 13 სექტემბრის №1357 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. შ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის №000099 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 სექტემბრის №1357 ბრძანება ნ. შ-ას 25 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
3.1. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, თუმცა სამშენებლო სამართალდამრღვევი გაათავისუფლა დაკისრებული ჯარიმისგან/საურავისგან. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ნ. შ-ას მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 29 ოქტომბერს, სახეზეა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილი სამართალდარღვევა, რომელზეც მიღებული დადგენილება არ აღსრულებულა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო განმარტავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან - ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობა დაუსაბუთებელია, კერძოდ, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება პირებზე, რომელთაც სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე. გამომდინარე იქედან, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დროში უწყვეტად განგრძობას მანამ, სანამ არ მოხდება მისი გამოვლენა, ჩადენის დროს წარმოადგენს დადგენილების გამოცემის თარიღი - 2019 წლის 15 იანვარი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სამართალდარღვევის გამოვლენა დაუკავშირა მითითების გაცემის თარიღს, რაც არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან, სამსახურის მიერ მითითების გაცემით წარმოება იწყება შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ, ხოლო სამსახურის დადგენილება, როგორც ჩატარებული წარმოების შემაჯამებელი აქტი, საბოლოოდ ადასტურებს კონკრეტული სუბიექტის მიერ სამშენებლო (მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული) სამართალდარღვევის ჩადენას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ნ. შ-აზე 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონის „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ გავრცელება უსაფუძვლოა.
კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები ცხადყოფს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, კერძოდ, არასწორად განმარტა ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც, მიღებულ იქნა სადავო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.2. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ვინაიდან, მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება გამოცემულია 2019 წლის 15 იანვრის შემდგომ, ხოლო დადგენილებით, თავის მხრივ, საბოლოოდ დგინდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სასამართლოს მითითება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით არასწორია. „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას ექვემდებარება პირი, რომელმაც სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინა. კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა საბოლოოდ დგინდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული დადგენილებით და არა მითითების გაცემით. შესაბამისად, ვინაიდან მუნიციპალური ინსპექციის №000099 დადგენილება გამოცემულია 2019 წლის 15 იანვარს, მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევაც ჩადენილად უნდა ჩაითვალოს ამ დროისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მსჯელობა, რომ ნ. შ-ას მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, არასწორია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისისა და 10 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს სამშენებლო სამართალდარღვევიდან, რასთან მიმართებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139) 36-ე მუხლზე, რომლის პირველ პუნქტის თანხმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (2); თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში (4); მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება (5); თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (9); შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისა. ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ (13).
განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი:14.11.2018წ.), მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ...ს დას. ... ქ. №... ..., ს/კ ..., წარმოადგენს ა. ა-ის საკუთრებას (ს.ფ. 127); ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სახელზე 2018 წლის 27 სექტემბერს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს განხორციელდა ადგილის დათვალიერება და შედგენილ იქნა დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილმა პირებმა მოახდინეს ქ. თბილისში, ...ს დას. ... ქ. №... ..., ს/კ ...-ის მიმდებარედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე მდებარე ორი კაპიტალური შენობის, ორი ხის ნაგებობის, კაპიტალური ღობისა და ჭიშკრის მშენებლობის დათვალიერება (ს.ფ. 79, 80-81); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 29 ოქტომბრის №000099 მითითების თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ს დას. ... ქ. №... ..., ს/კ ...-ის მიმდებარედ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობის, ორი ხის ნაგებობის, ასევე კაპიტალური ღობისა და ჭიშკრის მოწყობა. ამავე მითითებით ნ. შ-ას განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ობიექტების დემონტაჟის განსახორციელებლად (ს.ფ. 70-71); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს შედგენილ იქნა №000099 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 29 ოქტომბრის №000099 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა (ს.ფ. 72-73); ე) 2018 წლის 20 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა მოქალაქე ნ. შ-ა, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები იყო მის მიერ 8 წლის წინ, კერძოდ, ნაწილი სამშენებლო სამუშაოებისა განხორციელდა 2018 წელს, მოეწყო სველი წერტილი. მხარემ აღნიშნა, რომ დემონტაჟს ვერ განახორციელებს, ვინაიდან არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი და ამ სახლში ცხოვრობს არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად (ს.ფ. 83); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს 2019 წლის 15 იანვრის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ 2018 წლის 29 ოქტომბერს მოქალაქე ნ. შ-ას მიმართ ქ. თბილისში, ...ს დას. ... ქუჩა, №... ,...-ს, ს/კ ...-ის მიმდებარედ (GPS კოორდინატები ... ...) სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე 2 კაპიტალური შენობა-ნაგებობის, 2 ხის ნაგებობის, კაპიტალური ღობისა და ლითონის ჭიშკრის მშენებლობისთვის გაიცა №000099 მითითება. 2018 წლის 19 ნოემბერს შედგა №000099 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა. 2019 წლის 15 იანვარს ობიექტის ხელმეორედ გადამოწმებისას დადგინდა, რომ მოქალაქე ნ. შ-ას მიერ არ განხორციელდა მითითებით გათვალისწინებული ობიექტების დემონტაჟი და არ წარმოადგინა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია (ს.ფ. 74); ზ) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის №000099 დადგენილებით ნ. შ-ა დაჯარიმდა 25 000 ლარით ქ. თბილისში, ...ს დას. ... ქ. №3 ,..., ს/კ ...-ის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობის, ორი ხის ნაგებობის, კაპიტალური ღობისა და ჭიშკრის მოწყობითვის; ნ. შ-ას დაევალა ქ. თბილისში, ...ს დას. ... ქ. №3 ..., ს/კ ...-ის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, უნებართვოდ აშენებული ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და უნებართვოდ მოწყობილი ორი ხის ნაგებობის, კაპიტალური ღობისა და ჭიშკრის დემონტაჟი (ს.ფ. 15-17); თ) 2019 წლის 12 თებერვალს ნ. შ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/01190433602-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის №000099 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 სექტემბერს №1357 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. შ-ას 2019 წლის 12 თებერვლის №19/01190433602-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის №000099 დადგენილება (ს.ფ. 18-25).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის №000099 დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ნ. შ-ას არ გაუსაჩივრებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების წარმოდგენის პირობებში კი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. შ-ას სარჩელი, კერძოდ, ნ. შ-ას 25 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის №000099 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 სექტემბრის №1357 ბრძანების კანონიერების შეფასება.
საკასაციო საჩივრების ფარგლების გათვალისწინებით სადავო არ არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება და შესაფასებელ საკითხს წარმოდგენს მხოლოდ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის №4964-Iს საქართველოს კანონის საფუძველზე ნ. შ-ას 2019 წლის 15 იანვრის №000099 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან გათავისუფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამავე კანონის შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან); გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.
გათვალისწინებით იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის №000099 დადგენილებით ნ. შ-ას მიერ ჩადენილ სამართალდარღვევად მიჩნეულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ორი ხის ნაგებობის, კაპიტალური ღობისა და ჭიშკრის მოწყობა, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილი არ არის 2019 წლის 15 იანვრამდე. ასევე საყურადღებოა, რომ ნ. შ-ას მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №000099 მითითება, რომლის საფუძველზეც, შემდგომ გამოიცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის №000099 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე, ნ. შ-ა კანონის ამოქმედების დროისთვის იყო ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან (დაბადების თარიღი: ... წელი, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 03.10.2019 წლის ცნობით დასტურდება, რომ ნ. შ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ზომიერად გამოხატული სტატუსის მქონე უვადოდ (ს.ფ. 26-27), რაც იმას ნიშნავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, იგი გათავისუფლებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის №000099 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
გ. უბილავა