Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-568(კ-23) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (ასკ-ის 16.2 მესამე პირები)– შპს „მ...“ , შპს „ა...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ქ-ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი

მესამე პირი (ასკ-ის 16.2)- ნ. გ-ე (ა. ც-ეის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 20 ოქტომბერს ნ. ქ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მისმა მამკვიდრებელმა (რ. ჩ-ემ) ა. ც-ეისგან 26.11.2007წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა უძრავი ქონება ს/კ ..., რომელიც წარმოადგენს 150 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (...). ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რ. ჩ-ეის სახელზე გასცა მშენებლობის N54 ნებართვა, რომლის საფუძველზეც განახლდა ადრე არსებული ბენზოგასამართი სადგური. რ. ჩ-ეის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღო მოსარჩელემ, რომელმაც უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დაზუსტების მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა რეგისტრირებულ მონაცემებთან (ს/კ ...) ზედდების გამო.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრში წარდგენილ N... განაცხადზე 2019 წლის 19 მაისის ნახაზით დადგენილი გადაფარვის ნაწილში შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა: საჯარო რეესტრის სააგენტოს 2015 წლის 8 ივნისის N..., 2016 წლის 18 ივნისის N..., 2017 წლის 6 იანვრის N..., 2017 წლის 5 იანვრის N..., 2014 წლის 10 ნოემბრის N..., 2014 წლის 19 დეკემბრის N..., 2014 წლის 25 დეკემბრის N..., 2015 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილებები. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება დაარეგისტრიროს ნ. ქ-ის უძრავი ქონება N... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო მონაცემების მიხედვით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ნ. ქ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შემდეგი გადაწყვეტილებების მოქმედება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... (08.06.2015) გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... (18.06.2016) გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... (06.01.2017) გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... (05.01.2017) გადაწყვეტილება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირებად ჩაებნენ შპს “ა...” და შპს “მ...”.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაება კ. ც-ე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კ. ც-ეის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა. ც-ე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრში წარდგენილ N... განაცხადზე 2019 წლის 19 მაისის ნახაზით დადგენილი გადაფარვის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 8 ივნისის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ივნისის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 იანვრის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 ნოემბრის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 დეკემბრის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 დეკემბრის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ნ. ქ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში უძრავი ქონების დარეგისტრირება N... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო მონაცემების მიხედვით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს “მ...მ” და შპს “ა...მ”, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ა. ც-ეის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. გ-ე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით შპს „მ...ს“ (ს/ნ ...) და შპს „ა...ს“ (ს/ნ ...) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ჩ-ემ ა. ც-ეისგან 26.11.2007წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინაქ. ლანჩხუთში, ...ს ქუჩა ქ. N1-ში მის საკუთრებაში, არსებული 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. რ. ჩ-ემ 10.11.2007წ. განცხადებით მიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მშენებლობის ნებართვა ...ის 2 სვეტ წერტილზე. საპროექტო დავალებით ირკვევა, რომ ობიექტია - ...ი 2 სვეტწერტილზე (რეკონსტრუქცია); სიმძლავრე - 500 ავტომანქანის გამართვა 24 სთ-ში (მსუბუქი); სამარაგო რეზერვუარი - 20მ3 მოცულობის; განთავსების ადგილი - ქ.ლანჩხუთი, ...ს ქუჩა N1; მიწის ნაკვეთის ფართი - 150 მ2; საპროექტო ობიექტები -საოპერატორო, სამარაგო რეზერვუარი 20 მ3 (არსებული), გასამართი მოედანი,ზეთდამჭერი, ტუალეტი 1 ადგილზე, წყლის სამარაგო ავზი.

საჯარო რეეტრის 18.03.2019წ. ამონაწერის თანახმად, სარეგისტრაციო ზონა - ლანჩხუთი, კოდი 27, სექტორი, ლანჩხუთი, კოდი - ..., კვარტალი N..., ნაკვეთის N..., ფართით 150 კვ.მ. (დაუზუსტებელი), მისამართი - ლანჩხუთი, ...ს ქუჩა N3, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, მესაკუთრედ რეგისტრირებულია ნ. ქ-ი. ნ. ქ-იმა 28.05.2019წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ლანჩხუთში, ...ს ქუჩა N3-ში მდებარე უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის 31.05.2019წ. N... გადაწყვეტილებით N... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის (ს/კ. ... მესაკუთრე შპს "მ...", ს/ნ. ..., შპს ,,ა...", ს/ნ. ...) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარმოსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ ეთანხმებოდა წარმოედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 4 ნოემბერს კ. ც-ემ N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ ლანჩხუთში, ...ის ჩიხის N2-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

10.11.2014 წლის N... გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 10.11.2014 წლის ამონაწერით ქ.ლანჩხუთში, ...ის ჩიხის N2-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1632.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, ს/კ ... საკუთრების უფლებით აღირიცხა კ. ც-ეის სახელზე.

რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის 19.12.2014 წლის N... გადაწყვეტილებით კ. ც-ეის მოთხოვნა ცვლილებების განხორციელების თაობაზე დაკმაყოფილდა და 19.12.2014 წლის ამონაწერით ქ.ლანჩხუთში, ...ის ჩიხის N2-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1632.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, შენობა-ნაგებობა საერთო ფართით - 279.80 კვ.მ., ს/კ-ით ... საკუთრების უფლებით აღირიცხა კ. ც-ეის სახელზე.

19.12.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით კ. ც-ემ შპს “მ...ს” საკუთრებაში გადასცა ქ. ლანჩხუთში, ...ის ქუჩა, ჩიხი N2-ში მდებარე უძრავი ქონება ს.კ .... საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 25.12.2014 წლის N... გადაწყვეტილებით შპს ,,მ...ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა შპს “მ...”.

რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს 19.03.2015წ. N... გადაწყვეტილებით შპს ,,მ...ს“ მოთხოვნა უძრავ ნივთზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების თაობაზე დაკმაყოფილდა.

რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს 08.06.2015წ. N... გადაწყვეტილებით შპს ,,მ...ს“ მოთხოვნა უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე დაკმაყოფილდა.

8.06.2015 წლის ამონაწერით ქ.ლანჩხუთში, ...ს ქუჩის N136-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 2240.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - ...; ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1 განაშენიანების ფართით 370 კვ.მ., სართულიანობა 3; N2 განაშენიანების ფართი 41 კვ.მ., სართულიანობა 3; N3 განაშენიანების ფართი 48 კვ.მ., სართულიანობა 3; N4 განაშენიანების ფართი 194 კვ.მ., სართულიანობა 2, ს/კ-ით ..., საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,მ...ს’’ (ს/ნ. ...) და შპს ,,ა...ს“ (ს/ნ. ...) სახელზე. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 05.01.2017 წლის N... გადაწყვეტილებით შპს ,,ა...ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა დ 05.01.2017 წლის ამონაწერით შევიდა ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში წარდგენილი საკადასტრო ნახაზის შესაბამისად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის N... გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ს.კ ... უძრავი ქონების მონაცემებში (მესაკუთრეებად მიეთითნენ: შპს “მ...” და შპს “ა...”).

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შპს “მ...ს” გენერალური დირექტორისადმი მიმართულ კ. ც-ეის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამზომველის მიერ დაშვებულია შეცდომა და ნახაზში, როგორც კ. ც-ეის საკუთრება შეტანილია ნ. ქ-ის საკუთრებაში არსებული ქალაქ ლანჩხუთში, ...ს ქუჩის N3-ში მდებარე ...ის ტერიტორიის ნაწილი, დაახლოებით 25 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია ავზები. ზემოაღნიშნულის გამო მან მოითხოვა ნახაზში ცვლილების შეტანა და ამჟამად უკვე შპს ,,მ...ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნა ნ. ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან, რადგან მიწის ნაკვეთებს შორის საზღვარი გადის სწორედ ავზების ბოლოს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა “საჯარო რეეტრის შესახებ” საქართველოს კანონის 4.1, 3.6 და 3.61 მუხლებზე, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, “სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებისას არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე, 96-97-ე მუხლების მოთხოვნები, რაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა ქმნიდა დაინტერესებული პირის - ნ. ქ-ის N... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად რეგისტრაციის განხორცილების საფუძველს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს “მ...მ” და შპს “ა...მ”, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორთა განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით მოწესრიგებული საჯარო რეესტრის სისრულისა და უტყარობის პრეზუმფცია, ასევე მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის დათქმა, რომლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც. სასამართლოებმა მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილეს იმ პირობებში, როდესაც მესამე პირთა სახელზე რეგისტრაციის საფუძვლად მყოფი უფლებადამდგენი დოკუმენტები სადავოდ არ ყოფილა გამხდარი. კასატორთა მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სარეგისტრაციო მონაცემებისა და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა. მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ ავზები განთავსებული იყო კ. ც-ეის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, რადგან ბენზინგასამართ სადგურს რეგულაციებიდან გამომდინარე არ ყოფნიდა საკუთარი ფართი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „მ...ს“ და შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივარი.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ...ს“ და შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ N... განაცხადზე 2019 წლის 19 მაისის ნახაზით დადგენილი გადაფარვის ნაწილში შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა: საჯარო რეესტრის სააგენტოს 2015 წლის 8 ივნისის N..., 2016 წლის 18 ივნისის N..., 2017 წლის 6 იანვრის N..., 2017 წლის 5 იანვრის N..., 2014 წლის 10 ნოემბრის N... 2014 წლის 19 დეკემბრის N... 2014 წლის 25 დეკემბრის N..., 2015 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილებები. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხის დავალდებულება მის მიერ რეესტრში წარდგენილი ნახაზის შესაბამისად დაარეგისტრიროს ნ. ქ-ის საკუთრების უფლება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ქ-ის მამკვიდრებელმა (რ. ჩ-ემ) ა. ც-ეისგან 2007 წლის 26 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით ლანჩხუთში, ...ს ქუჩაზე მდებარე 150 კვ.მ.მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით მიიღო საკუთრებაში. რ. ჩ-ეს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 14.12.2007წ. N54 ნებართვით მიეცა ბენზოგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2007 წლის N3 პროექტზე (ობიექტი: ...ი ორ სვეტწერტილზე (რეკონსტრუქცია), რომლის თანახმად, მშენებლობის ადგილი: ქ. ლანჩხუთი, ...ს ქუჩა N1, დამკვეთი: რ. ჩ-ე). განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ ...ი ორ სვეტწერტზე 20 მ3 სამარაგო რეზერვუარით განთავსებულია დამკვეთის საკუთრებაში არსებულ 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. სამშენებლო მოედანი მდებარეობს საავტომობილო მაგისტრალის ფოთი-თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. გზის ღერძიდან ...ის გასამართ სვეტებამდე მიღებულია ზომა 19 მ, ხოლო სამარაგო რეზერვუარამდე 23 მ. საოპერატორო შენობა: ერთ სართულიანია, ზომით 7,3 X 2,9. ერთქანობიანი სახურავით. ხანძარმედეგობით წარმოადგენს მესამე კატეგორიის შენობას, სამარაგო რეზერვუარები არსებულია და შედგება 2X10მ3 ავზისაგან, რომელიც ჩამარხულია მიწაში, ობიექტის წყალმომარაგებისათვის გამოყენებულია 2 ტონა ტევადობის წყლის ავზი, ნავთობპროდუქტებით დაჭუჭყიანებული წყლისათვის ეწყობა ბენზინ და ზეთ დამჭერები.

საპროექტო დავალებით ირკვევა, რომ ობიექტია - ...ი 2 სვეტწერტილზე (რეკონსტრუქცია); სიმძლავრე - 500 ავტომანქანის გამართვა 24 სთ-ში (მსუბუქი); სამარაგო რეზერვუარი - 20მ3 მოცულობის; განთავსების ადგილი - ქ.ლანჩხუთი, ...ს ქუჩა N1; მიწის ნაკვეთის ფართი - 150 მ2; საპროექტო ობიექტები - საოპერატორო, სამარაგო რეზერვუარი 20 მ3 (არსებული), გასამართი მოედანი, ზეთდამჭერი, ტუალეტი 1 ადგილზე, წყლის სამარაგო ავზი.

საჯარო რეესტრის 26.03.2009წ. და 15.11.2019წ. ამონაწერებით ქ. ლანჩხუთში, ...ს ქ. N3-ში მდებარე უძრავი ქონების (დაზუსტებული ფართი 150 კვ.მ) მესაკუთრე არის ნ. ქ-ი.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით ქალაქ ლანჩხუთში, ...ის ქუჩა, N2 ჩიხში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ფართობი:1632 კვ.მ და შენობა-ნაგებობა) დარეგისტრირდა კ. ც-ეის საკუთრების უფლება. სააგენტოს 2014 წლის 19 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა (დაზუსტდა შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 279.80) რეგისტრირებულ მონაცემებში. სააგენტოს 2014 წლის 25 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით შეიცვალა უძრავი ქონების მესაკუთრე და უძრავი ქონება აღირიცხა შპს “მ...ს” სახელზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილებით შეიცვალა მიწის ნაკვეთის სტატუსი და გახდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. 2015 წლის 8 ივნისის N... გადაწყვეტილებით მოხდა ორი უძრავი ქონების გაერთიანება და უძრავ ქონებას (2240კვ.მ) მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: .... სააგენტოს 2016 წლის 18 ივნისის N... გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა მესაკუთრეთა გრაფაში და მესაკუთრეებად მიეთითნენ შპს “ავ...” და შპს “მ...”. სააგენტოს 2017 წლის 5 იანვრის N... გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება და მესაკუთრეებად აღირიცხნენ შპს “მ...” და შპს “ა...”. სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის N... გადაწყვეტილებით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად დაზუსტდა რეგისტრირებული მონაცემები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნ. ქ-ის ინტერესს შეადგენს თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის შესაბამისად, რადგან მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაშია მესამე პირების საკუთრებაში დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო-სამართლებრივი უფლებები. კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

საკასაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა (სუსგ №ბს-367-363(კ-12), 28.02.2013წ.).

“საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგემვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი. ზემოაღნიშნული არ გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციით გათვალისწინებული უძრავი ნივთის ნამდვილ მდებარეობასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადით განსაზღვრული უძრავი ნივთის მდებარეობას შორის შეუსაბამობის დაშვებას, სხვა პირთა საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე მუხლის 62 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეეტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაცია, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.

“საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემების და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს, რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის ვალდებულებას აწესებს ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები.

"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 6.2 მუხლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა. ზემოაღნიშნული კანონის 6.3 მუხლის თანახმად, სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია შეცვალოს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემები და შეუსაბამოს ისინი ნივთის ფაქტობრივ მდებარეობას, მათ შორის შეამციროს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართობი.

ამდენად, რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობის არსებობის დადგენის შემთხვევაში არ გამოირიცხება რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების შესაძლებლობა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია დაზუსტებული მონაცემების კორექტირებაც. ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს აგრეთვე კასატორთა სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლების ძალაში ყოფნის ფაქტი.

საგულისხმოა, რომ კ. ც-ემ (მარეგისტრირებელ ორგანოში საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმდგენმა პირმა) შპს “მ...სადმი” მიმართული წერილში აღნიშნა, რომ ამზომველის მიერ დაშვებულია შეცდომა და ნახაზში, როგორც კ. ც-ეის საკუთრება შეტანილია ნ. ქ-ის საკუთრებაში არსებული ქალაქ ლანჩხუთში, ...ს ქუჩის N3-ში მდებარე ...ის ტერიტორიის ნაწილი, დაახლოებით 25 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია ავზები. მითითებულ წერილში კ. ც-ემ მოითხოვა ნახაზში ცვლილების შეტანა და ამჟამად უკვე შპს ,,მ...ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნა ნ. ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან, რადგან მიწის ნაკვეთებს შორის საზღვარი გადის სწორედ ავზების ბოლოს.

საქმეში დაცული მესამე პირის ა. ც-ეის 23.03.2021წ. N2659 განცხადებით ირკვევა, რომ მისი ძმის - კ. ც-ეის კუთვნილი მიწის ნაკვეთი გამიჯნული იყო ავზების განთავსების ადგილიდან ამორტიზირებული მავთულბადის ღობით. ...ის საწვავის ჩამოსასხმელი ორი სვეტი და ოპერატორის ჯიხური დამონტაჟებული იყო რკინის კონსტრუქციაზე, სვეტებს საწვავი მიეწოდებოდა სწორედ ზემოაღნიშნული რეზერვუარებიდან. 2007 წელს მან ...ი მიყიდა რ. ჩ-ეს, რომელმაც მოახდინა ...ის რეკონსტრუქცია და ნაცვლად რკინის კონსტრუქციისა დადგა კაპიტალური შენობა, ამასთან განაახლა ინვენტარი, ხოლო რეზერვუარებისთვის ხელი არ უხლია, მხოლოდ შეცვალა რეზერვუარებიდან საწვავის ჩამოსასხმელ სვეტებამდე დამაკავშირებელი მილები. მას დანამდვილებით შეუძლია იმის თქმა, რომ დღემდე ავზები განთავსებულია სწორედ იმ ადგილას სადაც ისინი თავად ჩადო ოთხმოცდაათიან წლებში და მათი ადგილმონაცვლეობა არ მომხდარა.

მოწმეთა განმარტებებით (რ. გ-ა, ამ. ც-ე) 1994-95 წლებში გაკეთდა ...ი და ამ დროს მოხდა ავზების დამარხვაც, მას შემდეგ ეს ავზები იქ არის.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ საქმეში დაცული 11.12.2007წ. გენ-გემის თანახმად, შეთანხმებულია ავტოტექმომსახურების ადმინისტრაციული შენობა და მასთან დაკავშირებული ობიექტები, მათ შორის, რეზერვუარები 10მ3 მოცულობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან და სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას (სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 25-ე მუხ.). ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სადავო რეგისტრაციების განხორციელებისას წარდგენილი აზომვითი ნახაზები შეუსაბამო იყო სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან და ფაქტობრივ მდგომარეობასთან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე როგორც კ. ც-ეის, ასევე შპს "მ...ს" და შპს "ა...ს" საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრში, ფაქტობრივად, არსებობდა მომიჯნავე უძრავ ქონებაზე ჩანაწერი მოსარჩელის საკუთრების უფლების შესახებ. შესაბამისად, საჯარო რეესტრი ვალდებული იყო, ჯერ კიდევ კ. ც-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში გამოეკვლია უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მესაკუთრეთა არსებობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ზუსტად უნდა განესაზღვრა მოსარჩელისა და მესამე პირების საკუთრების ადგილმდებარეობა, კოორდინატები, კონფიგურაცია და საზღვრები. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურს ადმინისტრაციული წარმოების დროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეედარებინა რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის კოდი, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა და განესაზღვრა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრები, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს არ განუხორციელებია. მოცემულ შემთხვევაში რეესტრი ცალმხრივად დაეყრდნო მესამე პირთა მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებს, რამაც გამოიწვია რეგისტრირებული მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა. აღსანიშნავია, რომ მესამე პირებს არ წარმოუდგენიათ მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის და საზღვრების დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება.

საკასაციო სასამართლო საქმეში დაცული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორთა მოსაზრებას მასზედ, რომ ნ. ქ-ის საკუთრებაში მყოფი ...ის ავზები ყოველთვის კ. ც-ეის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრებში მდებარეობდა.

აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში დაცული მოწმეთა ახნა-განმარტებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ სადავო ტერიტორია წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. აღსანიშნავია, რომ ნ. ქ-ის მამკვიდრებლის სახელზე გაცემული ბენზოგასამართი სადგურის რეკონსტრუქციის ნებართვის პროექტი მოიცავდა ბენზინის რეზერვუარებს 10 მ3 მოცულობით, ასევე, კ. ც-ე (აზომვითი ნახაზის წარმდგენი პირი) პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოების თაობაზე, რომ აზომვითი ნახაზის უსწორობის გამო, მის საკუთრებაში მოექცა ნ. ქ-ის უძრავი ქონება, რამაც განაპირობა შპს "მ...ს" საკუთრების უფლების ცდომილებით რეგისტრაცია. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებმა გარდა ახსნა-განმარტებისა ვერ წარმოადგინეს სათანადო/განკუთავნადი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მათი და კ. ც-ეის მიერ წარდგენილი აზომვითი საკადასტრო ნახაზები შესაბამისია მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივ მდებარეობასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას მასზედ, რომ უძრავი ქონების თავდაპირველი რეგისტრაცია (კ. ც-ეის საკუთრებად აღრიცხვა) განხორციელდა არასწორი ნახაზის საფუძველზე, რის შემდგომაც უძრავი ნივთზე წარმოებული შემდგომი რეგისტრაციებიც ასევე არ შეესაბამება კანონს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსზე მითითებით მათი საკუთრების უფლების პრიორიტეტულობის მინიჭების თაობაზე. კეთილსინდისიერი შემძენის, როგორც უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტის თავისებურება სწორედ იმაში ვლინდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, უპირატესობა ენიჭება კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლებას იმ პირის საკუთრების უფლებასთან მიმართებით, რომელიც პრეტენზიას აცხადებს უძრავ ქონებაზე, რაც გამოწვეულია ამ პირის მიერ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვით. სხვაგვარად რომ ითქვას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისათვის უპირატესობის მინიჭებით უზრუნველყოფილია კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლების დაცვის პრიორიტეტულობა მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონება გასულია მისი ნამდვილი მესაკუთრის საკუთრების ფარგლებიდან. გამომდინარე იქიდან, რომ შემძენის კეთილსინდისიერება ძირეულად უკავშირდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას, კეთილსინდისიერება სამოქალაქო-სამართლებრივი გაგებით, პირს იცავს მხოლოდ საკუთრების უფლებადაკარგულ ნამდვილ მესაკუთრესთან მიმართებით მხოლოდ მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე აღარ არსებობს ნამდვილი მესაკუთრის უფლების თაობაზე ჩანაწერი.

საკასაციო პალატას არაერთგზის აღუნიშნავს, რომ სხვაგვარი ვითარებაა მაშინ, როდესაც უძრავი ქონების ნამდვილ მესაკუთრეს არ დაუკარგავს საკუთრება სადავო ნივთზე. შესაბამისად, მის მიმართ კვლავ არსებობს საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ სადავო უძრავი ქონება არ გასულა მისი საკუთრების ფარგლებიდან და მასზე კვლავ ვრცელდება ნამდვილი მესაკუთრის უფლება. ამავდროულად, მასთან ერთად იმავე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში თანაარსებობს იმ პირის უფლება, რომელმაც კანონიერი გზებით შეიძინა საკუთრება ამავე უძრავ ქონებაზე. მართალია, შემძენი ასეთ დროს არის კეთილსინდისიერი, ზოგადად, უძრავი ქონების შეძენის ფაქტის მიმართ, თუმცა მხოლოდ აღნიშნული არ კმარა სადავო უძრავ ქონებაზე სამოქალაქო-სამართლებრივი გაგებით კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტისათვის განმტკიცებული გარანტიების წარმოშობისათვის, რამდენადაც უძრავ ნივთს არ დაუტოვებია ნამდვილი მესაკუთრის საკუთრების ფარგლები. იმ შემთხვევაში კი, როდესაც საჯარო რეესტრში ერთმანეთის პარალელურად თანაარსებობს როგორც ნამდვილი მესაკუთრის, ასევე, ქონების შემდგომი შემძენის საკუთრების უფლება, პრობლემურია არა შემძენის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი, არამედ უშუალოდ კონკრეტული უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია. შესაბამისად, კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის შესაძლებლობა გამოირიცხება თავად განხორციელებული რეგისტრაციის უკანონობიდან გამომდინარე. ნამდვილი მესაკუთრის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში არსებობის ფონზე, საჯარო რეესტრის რეგისტრაცია ამავე ქონების სხვა პირის საკუთრებაში მოქცევის შესახებ ბათილია, რამდენადაც სწორედ მარეგისტრირებელი ორგანოა სარეგისტრაციო ჩანაწერების ხელშეუხებლობის გარანტი და სწორედ მის ვალდებულებას წარმოადგენს მესაკუთრის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, ამ ქონების სხვა მესაკუთრის თანასაკუთრებაში პარალელურად მოქცევის პრევენციის კუთხით. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელის სახელზე არსებობს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელიც ძალაშია, ხოლო სადავოდ გამხდარი რეგისტრაციებით მოსარჩელის საკუთრების უფლება უკანონოდ შეილახა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს "ა...ს" საკასაციო საჩივარზე 05.05.2023წ. N871 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, ხოლო შპს "მ...ს" საკასაციო საჩივარზე 05.05.2023წ. N132 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს "მ...ს" (ს/ნ ...) და შპს "ა...ს" (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი თითოეულს - 105 ლარის ოდენობით, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლისმე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "მ...ს" და შპს "ა...ს" საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

3. შპს "მ...ს" (ს/ნ ...) და შპს "ა...ს" (ს/ნ ...) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე 05.05.2023წ. N132 და 05.05.2023წ. N871 საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, თითოეულს 105-105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა