Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-569(2კს-25) 28 ოქტომბერი, 2025 წელი ქ . თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ-ი

დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ.მ-მა 2020 წლის 4 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 22 თებერვლის №004007 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 ნოემბრის №1715 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ.მ-ი გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 22 თებერვლის №004007 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.მ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2025 წლის 27 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მ.მ-ის წარმომადგენელმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე საქმის წარმოების დასრულებამდე, განსახილველი საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინებით №3ბ/25-22 ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ №3/4504-21 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებზე, მოიხმო სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 და მე-11 ნაწილები, მიმოიხილა მათი ნორმატიული შინაარსი და აღნიშნა, რომ მიშენების ლეგალიზების საკითხის გადაწყვეტა საკვანძო მნიშვნელობის მქონეა უნებართვო მშენებლობისთვის დემონტაჟზე გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნულის შესაბამისად, დემონტაჟის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასება ეფუძნება უნებართვო მშენებლობის ლეგალიზებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურებას ან პირიქით, მის უარყოფას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე №3/4504-21 ადმინისტრაციულ საქმეზე დამდგარი სამართლებრივი შედეგი შესაძლოა განმსაზღვრელი აღმოჩნდეს განსახილველი დავის მიზნებისთვის, რაც, პირდაპირ ადასტურებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის - საქმის განხილვის შეუძლებლობის არსებობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე, ქ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, შეუძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.მ-სა და მათ შორის მიმდინარე დავის შედეგმა რაიმე ზეგავლენა იქონიოს წინამდებარე დავის შედეგზე, ლეგალიზების საკითხზე კომპეტენტურ ორგანოს არსებითად არ უმსჯელია, ამავდროულად, აღნიშნულზე არსებითი მსჯელობის შემთხვევაშიც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართზე გადასული ტერიტორია ვერ მოექცევა კანონიერ ჩარჩოებში.

კერძო საჩივრის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ სახეზე არ არის სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმის გამოყენების წინაპირობები, საქმის წარმოების შეჩერება დაიშვება მხოლოდ „საგამონაკლისო“ შემთხვევებში, თუ პრაქტიკულად შეუძლებელია ერთ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მეორე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გარეშე. ამასთანავე, აღნიშნულ საქმეზე წარმოების განახლება ვერ მიაყენებს მოსარჩელეს გამოუსწორებელ ზიანს, №3/4504-21 ადმინისტრაციულ საქმის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალება ლეგალიზაციასთან დაკავშირებული განცხადების განხილვა და არა მასზე უცილობლად დადებითი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო პალატის შეფასების საგანს შეადგენს სააპელაციო პალატის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ №3/4504-21 ადმინისტრაციულ საქმეზე მიმდინარე წარმოების დასრულებამდე წინამდებარე №3ბ/25-22 ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოების შეჩერების კანონიერება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორთა მხოლოდ იმ შედავებებზე, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება მათი მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქმის წარმოება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში შესაძლებელია შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომლის არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა. საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს შემთხვევებს, როდესაც სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და ვითარებას, როდესაც სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატიური შემთხვევებისას სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეჩერების საფუძველი საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევათა რიგს განეკუთვნება. საკასაციო სასამართლოს არაერთგზის განუმარტავს, რომ მითითებული ნორმით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (სუსგ №ას-624-591-2015, 22.07.2015წ.).

მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში: სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, ასევე, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს საქმის განხილვა. ამდენად, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან“ (სუსგ ას-1062-1002-2015, 27.04.16 წ.; ას-925-865-2017, 25.09.2017წ.). ამრიგად, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს, თუკი პარალელურად სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს დავა, რომლის გადაწყვეტასაც განსახილველ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობა გააჩნია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოწმდება კერძო საჩივრის ფარგლებში, აღნიშნულ პროცესში საკასაციო პალატა განსაზღვრავს აუცილებელ კავშირს განსახილველ №3ბ/25-22 ადმინისტრაციულ საქმესა და მიმდინარე №3/4504-21 ადმინისტრაციულ საქმეს შორის, რაც შეუძლებელს ხდის მოცემული დავის განხილვა-გადაწყვეტას. აღნიშნულის გათვალისწინებით, დავის მართებულად გადაწყვეტა საჭიროებს განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მ.მ-ის სასარჩელო მოთხოვნათა შინაარსის გაანალიზებას.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.მ-მა 2020 წლის 4 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 22 თებერვლის №004007 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 ნოემბრის №1715 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2018 წლის 10 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მ.მ-ის მიმართ შედგა №004007 მითითება, სადაც სამართალდარღვევად მიეთითა ქ. თბილისში, ..., ...ის ქუჩა, ..., №..., ბინა №...-ზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (კაპიტალური მიშენება, საჩრდილობლის მოწყობა და ბეტონის ფილის დასხმა, ამასთან საჩრდილობელი და ბეტონის ფილა გაცდენილი იყო საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მ.მ-ს, როგორც სამართალდამრღვევს აღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში მოეხდინა ობიექტების დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით ან წარედგინა განხორციელებული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2018 წლის 24 ოქტომბერს შედგენილ იქნა №004007 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად მ.მ-მა 2018 წლის 10 სექტემბერს გამოცემული №004007 მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტის მიერ 2019 წლის 22 თებერვალს ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად შედგენილი მოხსენებითი ბარათით დადგინდა, რომ არ იქნა შესრულებული სამსახურის მიერ 2018 წლის 10 სექტემბრის №004007 მითითებით გათვალისწინებული პირობები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 22 თებერვლის №004007 დადგენილებით მოქალაქე მ.მ-ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ..., ქუჩა ..., ..., ბინა ¹5-ზე (ს/კ...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის, საჩრდილობლის მოწყობისათვის და ბეტონის ფილის დასხმისათვის (საჩრდილობელი და ბეტონის ფილა გაცდენილია საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე). ამავე დადგენილებით მოქალაქე მ.მ-ის დაევალა ქ. თბილისში, ..., ქუჩა ..., ..., №..., ბინა №...-ზე (ს/კ...), უნებართვო კაპიტალური მიშენების, უნებართვოდ მოწყობილი საჩრდილობლისა და უნებართვოდ დასხმული ბეტონის ფილის დემონტაჟი (საჩრდილობელი და ბეტონის ფილა გაცდენილია საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე).

2019 წლის 20 მარტს მ.მ-ის წარმომადგენელმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/01190792311-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 22 თებერვლის №004007 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 ნოემბრის №1715 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ.მ-ის წარმომადგენლის 2019 წლის 20 მარტის №19/01190792311-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 22 თებერვლის №004007 დადგენილება.

სააპელაციო პალატამ სადავო განჩინებაში მიუთითა, რომ იგი გაეცნო საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით №3/4504-21 საქმესთან დაკავშირებულ საქმის მასალებს და დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 15 თებერვალს ე.შ-ამ №AR1662011 განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ..., ...ის ქ. №... ჩიხი, კორპუსი №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებულ უძრავ ნივთზე უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 აპრილის №4460296 ბრძანებით ე.შ-ას 2019 წლის 15 თებერვლის № AR1662011 განცხადება დარჩა განუხილველი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 მარტის №318 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ.მ-ის 2019 წლის 05 ივნისის №19/01191562467-01 ადმინისტრაციული საჩივარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 აგვისტოს განჩინებით (ადმინისტრაციული საქმე №3/4504-21) განსახილველად იქნა მიღებული მ.მ-ის სარჩელი, მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 აპრილის №4460296 ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 მარტის №318 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის ელექტრონულად წარდგენილი №ღ1662011 განაცხადის განხილვის დავალებისა და დაკმაყოფილების მოთხოვნით.

ხსენებული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ განსახილველი №3ბ/25-22 ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში მართალია მოსარჩელე გათავისუფლდა ჯარიმისა და საურავის გადახდისაგან, თუმცა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 22 თებერვლის №004007 დადგენილებით განსაზღვრული დემონტაჟის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა დამრღვევისათვის დემონტაჟის დავალების უფლებამოსილებას. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №... დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით) მე-3 მუხლის მე-14 პუნქტისა და ამავე „წესის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დემონტაჟი გულისხმობს შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევას. ამასთან, ნიშანდობლივია ისიც, რომ პარალელური №3/4504-21 ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, არსობრივად, უკავშირდება იმ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ლეგალიზებას, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 22 თებერვლის №004007 დადგენილებით სამართალდარღვევად არის მიჩნეული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1411-ე მუხლის 1-ელი ნაწილი ადგენს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს უფლებამოსილებას განახორციელოს 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესსა და პირობებს, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადას და მისი ლეგალიზების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესი და პირობები, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესი და პირობები“ განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული (მშენებლობადამთავრებული) ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ. ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ამავე წესის მეორე მუხლის თანახმად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო, ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს აღნიშნული წესით განსაზღვრულ პირობებს. ლეგალიზება ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას (სუსგ ბს-360-357(2კ-17) 19.10.2017წ.). ლეგალიზების აქტის მიღების შედეგად უკანონო შენობა-ნაგებობა ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში და აღმოფხვრილად მიიჩნევა შესაბამისი სამართალდარღვევა (სუსგ ბს-59(კ-24), 03.07.2025წ.). აღნიშნულის მსგავს მოწესრიგებას ითვალისწინებდა ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“, რომლის 1-ელი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება, ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას.“

ზემოხსენებულის საფუძველზე, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის შეფასება მასზედ, რომ სახეზეა სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონისმიერი წინაპირობები, საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეუძლებელს, მიზანშეუწონელს ხდის აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობის ...ძელებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პარალელურად მიმდინარე №3/4504-21 ადმინისტრაციული სამართალწარმოების მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულება გამოიწვევს უკანონოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერ ჩარჩოებში მოქცევას, მათ ლეგალიზებას, ხოლო - აღნიშნული, თავის მხრივ, გადამწყვეტ ზეგავლენას იქონიებს მოცემული №3ბ/25-22 ადმინისტრაციული საქმის საბოლოო ბედზე, რომელშიც დავის საგანი სწორედ ზემოაღნიშნული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერება/უკანონობის შესწავლას, ასევე, მათგან მომდინარე სამართლებრივი შედეგების განსაზღვრას უკავშირდება. ამასთან, წინამდებარე №3ბ/25-22 ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოების ...ძელება, მოსარჩელისათვის შესაძლო უარყოფითი შედეგის მოლოდინით, საფუძველს სრულად გამოაცლის ლეგალიზების მიზნით წარმოებულ პარალელურ №3/4504-21 ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას, რომლის მიზანიც არის უშუალოდ მოცემულ №3ბ/25-22 ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელისათვის პოტენციურად დადებითი შედეგის მიღწევა (შეადარე.: სუსგ ბს-763(კს-19), 16.04.2020წ.). ლეგალიზებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღება გამოირიცხავს დემონტაჟს, ვინაიდან უკანონოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები კანონიერად ჩაითვლება ლეგალიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან, დემონტაჟის იძულებას ექვემდებარება არა კანონიერი, არამედ უკანონო ნაგებობა. ამასთან, რაც შეეხება ლეგალიზების საჯარო-სამართლებრივ ეფექტს და მნიშვნელობას დაკისრებულ ჯარიმასთან და საურავთან დაკავშირებით, აღნიშნულთან მიმართებით არსებობს საკასაციო პალატის არაერთი განჩინება (იხ. სუსგ., ბს-830 (კ-22), 18.06.2025წ. ბს-1201(2კ-24), 26.12.2024წ.; სუსგ., ბს-1292(კ-22), 18.12.2023წ.; სუსგ., ბს-360-357(2კ-17), 19.10.2017წ.), ზოგადი წესის მიხედვით, ხსენებული მიიჩნევა პირის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და ქმედების, ასკ-ის 22-ე მუხლის მნიშვნელობით, მცირე მნიშვნელოვნად მიჩნევის საფუძვლად.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ მსჯელობას არ ცვლის კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება მასზედ, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართზე გადასული ტერიტორია ვერ მოექცევა კანონიერ ჩარჩოებში“. ხსენებული გარემოება შესაძლოა იყოს მხოლოდ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომელიც აუცილებელია დადგინდეს თავად ლეგალიზების მიზნით წარმოებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში, იგი ვერ იქონიებს რაიმე არსებით ზეგავლენას სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების შეფასებაზე, რომლის ფარგლებშიც შემოწმებას ექვემდებარება მარტოოდენ ორ საქმეს შორის აუცილებელი, კონცეპტუალური კავშირის არსებობა.

დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე