საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №584აპ-15 ქ. თბილისი
გ-ი თ, 584აპ-15 18 თებერვალი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 მაისის განაჩენით თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 10200 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10200 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თ. გ-ს დანიშნული სასჯელი, დაკავების ვადის გათვალისწინებით, 2015 წლის 26 თებერვლიდან იმავე წლის 1 მარტის ჩათვლით, შეუმცირდა 200 ლარით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 9200 ლარი, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით თ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 9200 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თ. გ-ს დანიშნული სასჯელი, დაკავების ვადის გათვალისწინებით - 2015 წლის 26 თებერვლიდან იმავე წლის 1 მარტის ჩათვლით, შეუმცირდა 200 ლარით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 9000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ცნობად იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულ თ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით და ვადებში.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ თ. გ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი