Facebook Twitter

ას-167-505-07 30 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შ. ზ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ხ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ზ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 5 აგვისტოს მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა ქ.თბილისში, ... ქ.¹34-ის 4 კორპუსში მდებარე ¹24 ბინა და საჯარო რეესტრში აღრიცხა თავის სახელზე. მოპასუხე სადავო ბინას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს და ნებაყოფლებით არ ათავისუფლებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ მ.ხ-მა სადავო ბინა აუქციონზე შეიძინა კანონდარღვევით, რაც მან სათანადო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შ.ზ-ე სადავო ბინიდან გამოსახლდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. ზ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 5 აგვისტოს განკარგულებით ქ.თბილისში, ... ქ.¹34-ის 4 კორპუსში მდებარე ¹24 ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ხ-ის სახელზე. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ შ. ზ-ე სადავო ბინას არამართლზომიერად ფლობს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ შ.ზ-ს უფლება აქვს სამოქალაქო კოდექსის 303-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ბინაში დარჩეს დამქირავებლის სტატუსით, ვინაიდან ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილება მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრით, ამასთან, აპელანტმა ვერ დაადასტურა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება და იგი იხდიდა ქირას საბაზრო პირობების შესაბამისად. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ შ.ზ-ს სადავო ბინის მფლობელობა სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად უნდა შეუწყდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. ზ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ კასატორი სადავო ბინის არამართლზომიერ მფლობელად უკანონოდ ჩათვალა და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 303-ე მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან შ.ზ-მ სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა თავისი ნება სადავო ბინაში დარჩენილიყო დამქირავებლად და გადაეხადა შესაბამისი ქირა, რაც ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნას შეესაბამება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ შ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორ შ. ზ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.