¹ას-169-506-07 2 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – კ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 22 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ. მ-მა, მოპასუხედ კ. ბ-ე დაასახელა და მოითხოვა 13310 აშშ დოლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით 2003 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელე მ. მ-სა და მოპასუხე კ. ბ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, 8155 აშშ დოლარზე; სარგებლის გარეშე, სამი თვის ვადით; ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0,2 პროცენტის ოდენობით ყოველი ვადაგაცილებული დღისათვის; ამასთან, ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით იქნა დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თბილისი, დ. თ-ის ჩიხი ¹3. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვადის დადგომისას (2003 წლის 12 დეკემბერი) მოპასუხემ არ დააბრუნა აღებული სესხი და მან მხოლოდ 2005 წლის 23 თებერვალს გადაუხადა მისი ნაწილი, 1500 აშშ დოლარი: შესაბამისად, სესხის (8155 აშშ დოლარი) დაბრუნების ვადის გადაცილებამ შეადგინა 439 დღე (2003 წლის 12 სექტემბრიდან – 2005 წლის 23 თებერვლამდე), ხოლო დარიცხულმა საურავმა 7 160, 09 აშშ დოლარი (საურავი ერთ დღეზე შეადგენს 8155 აშშ დოლარის 0,2 პროცენტს _ 16, 31 აშშ დოლარს). დარჩენილი თანხა 6655 აშშ დოლარი მოპასუხემ გადაუხადა 2006 წლის 11 იანვარს; შესაბამისად, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებამ შეადგინა 322 დღე, ხოლო დარიცხულმა საურავმა 4285,82 აშშ დოლარი (საურავი ერთ დღეზე შეადგენს 6655 აშშ დოლარის 0,2 პროცენტს – 13, 31 აშშ დოლარს).
მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 11 455, 91 აშშ დოლარის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა 11 272, 88 აშშ დოლარამდე; ამასთან, მოითხოვა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 200 აშშ დოლარი და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 180 ლარის ანაზღაურება; ასევე მოსარჩელემ მოითხოვა თანხის ამოღება იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასესხები თანხა შეადგენს 8150 აშშ დოლარს, არამედ 7000 აშშ დოლარს, რომელიც მის მიერ დაბრუნებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში; ამასთან, მის მიერ გადახდილია 5,5 პროცენტი სარგებლის სახით ყოველთვიურად 17 თვის განმავლობაში; ბოლოს, ვინაიდან მოსარჩელეს არ უნდოდა მიეღო ძირითადი თანხა, ამიტომ ის დადებული იქნა დეპოზიტზე. მოპასუხე მიუთითებდა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას სესხის სახით ნამდვილად გადაეცა 8150 აშშ დოლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე კ. ბ-ს დაეკისრა პირგასამტეხლო 4671 აშშ დოლარის გადახდა მ. მ-ს სასარგებლოდ; მოსარჩელე მ. მ-ს მოთხოვნა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 200 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა; თანხის გადახდა მოხდა კ. ბ-ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული ბინის, მდებარე ქ. თბილისი თ-ის ჩიხი ¹3-ში, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-მა და კ. ბ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. კ. ბ-ს დაეკისრა 5 608 აშშ დოლარის გადახდა მ. მ-ს სასარგებლოდ. კ. ბ-ს მ. მ-ს სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 5608 აშშ დოლარის გადახდა მოხდა კ. ბ-ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული ბინის, მდებარე ქ. თბილისი თ-ის ჩიხი ¹3-ში, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2003 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელე მ. მ-სა და მოპასუხე კ. ბ-ს შორის სანოტარო ფორმის დაცვით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მთლიანად დაუბრუნა ნასესხები თანხა 8150 აშშ დოლარი, ორ ეტაპად: 2005 წლის 23 თებერვალს 1500 აშშ დოლარი, ს.ფ. 50 და 2006 წლის 11 იანვარს 6650 აშშ დოლარი, ს.ფ. 61; ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნასესხები თანხის სამ თვეში, 2003 წლის 12 დეკემრამდე დაბრუნების შესახებ. ასევე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 12 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე 0,2 პროცენტის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის; სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ასეთი ხარჯის რეალურად გაწევის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ბ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დაადგინა არა 7000 აშშ დოლარის, არამედ – 8155 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დაეკისრა კ. ბ-ს პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად – 5 608 აშშ დოლარი. მაშინ როცა კ. ბ-ე თავის სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა რომ დაკისრებული პირგასამტეხლო _ 0,1% არასწორად და უკანონოდ იქნა მაღალი პირგასამტეხლო, რადგან მოსარჩელეს მ. მ-ს მიღებული აქვს მიპასუხისაგან 7000 აშშ დოლარის ნაცვლად – 15 600 აშშ დოლარი ძირითად თანხასთან ერთად პროცენტების სახით და გაენთავისუფლებინა მოპასუხე კ. ბ-ე მისი გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით .
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 477.95 ლარის 70% - 267.4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 267.4 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.