Facebook Twitter

ას-170-498-09 13 აპრილი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. მ-ელი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ მ. ყ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. მ-ელი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ელის მიმართ 2007 წლის 10 აპრილს დადებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ.მ-ელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 აგვისტოს განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ელმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ელმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა დავის საგნის ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის _ 1250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

2009 წლის 13 მარტს კასატორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე ინსტანციის სასამართლოში, დავის საგანი არაქონებრივია და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს 300 ლარით, ამასთან მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე მძიმე ეკონომიკური პირობების გამო. აღნიშნული შუამდგომლობის დასასაბუთებლად მ.მ-ელმა სასამართლოს წარმოუდგინა საპენსიო მოწმობისა და უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების ასლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 18 აპრილის განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დავის საგნის ღირებულება გამოითვლება არა კასაციის განაცხადის, არამედ იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს, შესაბამისად, მას გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა ხუთი დღით და დაევალა სასამართლო ხარჯების გადავადების, მისი გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება მ.მ-ელს ჩაბარდა 2009 წლის 27 მარტს, ხოლო მის წარმომადგენელ მ.ყ-შვილს ამავე წლის 26 მარტს (ტ.II, ს.ფ.76,77).

2009 წლის პირველ აპრილს, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, კასატორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარმოადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2009 წლის 31 მარტს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც მ.მ-ელი არის ასაკით პენსიონერი, ასევე წარმოადგინა კასატორის ბინიდან გამოსახლების ოქმი და ,,მ. ქ. ჯ.” მიერ გაცემული ცნობა შვილის _ მ. დ-იანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის საფუძველზე კი მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, ან მისი ოდენობის შემცირების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ელის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მასზე დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ელის საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 18 აპრილის განჩინებით გაუგრძელდა ვადა ხარვეზის გამოსწორებისათვის, დაევალა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის _ 1250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება მ.მ-ელს ჩაბარდა 2009 წლის 27 მარტს, ხოლო მის წარმომადგენელ მ.ყ-შვილს _ ამავე წლის 26 მარტს (ტ.II, ს.ფ. 76-77).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განჩინება მხარის წარმომადგენელს ჩაბარდა 2009 წლის 26 მარტს (ტ.II, ს.ფ.77). ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 27 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 31 მარტს. ამ ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. რაც შეეხება კასატორის 2009 წლის პირველი აპრილის განცხადებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი ოდენობის შემცირების თაობაზე, განცხადება წარმოდგენილია ხარვეზის გამოსწორებისათვის განჩინებით განსაზღვრული ვადის დარღვევით და ამასთან, მასში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ელის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.