Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-609(კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ე. დ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. დ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2023 წლის 9 სექტემბრის ე. დ-ასათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 20 ოქტომბრის MIA 1 23 03076069 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ე. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2023 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება ე. დ-ასათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 20 ოქტომბრის MIA 1 23 03076069 ბრძანება ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. დ-ამ.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილია მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება - კასატორის ოჯახთან გაერთიანების მიზნით საქართველოში შემოსვლა. ასევე არ ფიქსირდება ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად უდევს მოსარჩელის საქართველოში შემოსვლაზე უარის გადაწყვეტილებას. ე. დ-ა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის შესწავლის შემდეგაც სასამართლომ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, შესაბამისად, გაუგებარია სააპელაციო სასამართლომ რატომ გამოითხოვა თავიდან ინფორმაცია, იმის ნაცვლად რომ ეხელმძღვანელა უკვე არსებული ინფორმაციით. ამდენად, კასატორის მითითებით, კანონმდებლობის ინტერპრეტაციით საზღვრის კვეთის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო დაწესებულებები უგულებელყოფენ უცხოელთა უფლებებს. ამასთან, კასატორი შუამდგომლობს სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის განსაიდუმლოებას ან საიდუმლოებასთან დაშვებას, ასევე აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოების კანონიერების შესწავლას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. დ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. დ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2023 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ე. დ-ას უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ე. დ-ა (დაბ.: ... წელს, სახელისა და გვარის შეცვლამდე ი. კ-ნ) არის რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2023 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. დ-ას უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია, რომ პირი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 20 ოქტომბრის MIA 1 23 03076069 ბრძანებით, ე. დ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში (კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი), ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რის შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება საქართველოში დაშვებაზე და უკან აბრუნებს მას (კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი).

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით ამომწურავადაა განსაზღვრული საქართველოში შემოსვლაზე/ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. კერძოდ, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაწესი, რაც გულისხმობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების არ დაკმაყოფილების მოტივით, სხვა შესაძლო შემთხვევებთან ერთად, უდავოდ მოიაზრებს უფლებამოსილი ორგანოებიდან საიდუმლო მტკიცებულებების შედეგად მიღებულ ინფორმაციასაც, რომელიც მისი შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელსაც აქვს ფართო დისკრეცია, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოსარჩელისათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.

მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად კი, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოში შემოსვლის მსურველ რუსეთის მოქალაქე ე. დ-ას უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს, შემოსვლაზე უარის თქმის ნორმატიულ საფუძვლად მიეთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი. ამასთანავე, დასტურდება, რომ მოსარჩელის საქართველოში შემოსვლაზე უარი ეფუძნება გასაიდუმლოებულ ინფორმაციას.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, ქმედებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება („Al-Nashif v. Bulgaria“ §123, Chahal v. the United Kingdom“ §127, 145), დაინტერესებულს პირს უნდა შეეძლოს სათანადო საჩივრის წარდგენა, უფლებამოსილ ორგანოს უნდა ჰქონდეს რეაგირების შესაძლებლობა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პირის მიმართ განხორციელებული ქმედებები თვითნებური და დაუსაბუთებელია („Al-Nashif v. Bulgaria“ §124). ამდენად, ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ დაინტერესებული პირი შეძლებს აღნიშნული ქმედების გასაჩივრებას და საჩივრის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებებზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში, ე. დ-ასთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია. მოსარჩელეს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირის მიერ, რასაც საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული გასაიდუმლოებული ინფორმაცია. ამასთანავე, ე. დ-ას მიეცა მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისთვის ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ აისახა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ასევე დამატებით იქნა გამოთხოვილი ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ე. დ-ასათვის 2023 წლის 9 სექტემბერს საზღვრის კვეთისას საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, კანონშესაბამისად მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და თვლის, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ დისკრეციული უფლებამოსილება განხორციელებულია კანონით დადგენილი ფარგლებს გადაცილებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის არსებობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო კონტროლი სრულყოფილად განხორციელდა. მართალია, უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი და შეფასებულ იქნა სასამართლოს მიერ.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავდა აქტის დასაბუთებაში კონკრეტული მონაცემების მითითების შესაძლებლობას. სადავო აქტის დასაბუთებაში საიდუმლო მონაცემების მითითება იმთავითვე გამოიწვევდა მათ განსაიდუმლოებას, რის გამო სადავო აქტებში ან სასამართლო გადაწყვეტილებებში საიდუმლო დოკუმენტაციაში ასახული მონაცემების მითითება ვერ მოხდებოდა.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების შესახებ („დ.ა“ ქვეპ.). სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის გასაიდუმლოება ხდება მისთვის შესაბამისი საიდუმლოების გრიფის მინიჭებით (მე-9 მუხ. 1-ლი პუნქტ.). განსახილველ შემთხვევაში, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მონაცემები, რომლებიც საფუძვლად დაედო კასატორის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას, გასაიდუმლოებულია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლზე მითითებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში მასალების გაცნობის უფლება, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებასთან ერთად, არის ის პროცედურული უფლებები, რომლებიც ემსახურება დაინტერესებული პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აგრეთვე ადგენს ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ორ შემთხვევაში: როდესაც მასალები არის უშუალოდ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტები, ან როდესაც დოკუმენტებს აქვს საიდუმლო დოკუმენტის სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ღონისძიების შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის საიდუმლოების დაცვის ინტერესი აჭარბებს დაინტერესებული პირისათვის დოკუმენტაციის გაცნობის უზრუნველყოფის ინტერესს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს დოკუმენტაციის განსაიდუმლოების საკითხი, კასატორს არ მოუთხოვია სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის განსაიდუმლოება ან საიდუმლოებასთან დაშვება. შესაბამისად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას. (სუს. 2022 წლის 29 ივლისის Nბს-959(კ-21) განჩინება).

ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებზე სასამართლო კონტროლის სათანადოდ განხორციელების პირობებში, მართალია, კერძო პირის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვება არ ხდება, თუმცა სადავო გადაწყვეტილებები დაექვემდებარა სამინსტანციურ, სრულ სასამართლო კონტროლს, რა დროსაც სასამართლომ მოახდინა საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება. ასეთ დროს პირის მიერ სათანადო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება დაცვის გარეშე არ რჩება, რადგან სასამართლო აფასებს არა მხოლოდ საჯარო ინტერესს, არამედ კერძო პირის ინტერესებსაც, რის შემდეგაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორმაციის საიდუმლოების გათვალისწინებით სათანადო დასაბუთების ასახვა გადაწყვეტილების ტექსტში არ ხდება (სუს. 2022 წლის 29 ივლისის Nბს-959(კ-21) განჩინება).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო შეზღუდულია დავის ფარგლებით, რომელსაც დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელე განსაზღვრავს, ამდენად, სასამართლო მიუთითებს საკასაციო საჩივარში ე. დ-ას შუამდგომლობაზე სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის განსაიდუმლოებას, ან საიდუმლოებასთან დაშვებაზე, ასევე შესაბამისი ინფორმაციის დასაიდუმლოების კანონიერების შესწავლაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს მოსარჩელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება და არა საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების, მოსარჩელის ასეთ ინფორმაციასთან დაშვების საკითხი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია ამ მიმართულებით მსჯელობის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა სადავო ადმინისტრაციული აქტებისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს სწორედ დავის საგნის და იმ მოცემულობის ფარგლებში, რომ მოსარჩელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას საფუძვლად უდევს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. დ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. ა. გ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ე. დ-ას საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 13 მაისს №1747121975 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე

თ. ზამბახიძე